ირანმა ნახიჩევანთან დიდი სამხედრო მანევრები წამოიწყო... - კვირის პალიტრა

ირანმა ნახიჩევანთან დიდი სამხედრო მანევრები წამოიწყო...

"ახალ საუკუნეში პირველად ირანის არმია თავს იყრის და ფართომასშტაბიან სამხედრო მანევრებს ატარებს აზერბაიჯანის ნახიჩევანისა და თურქეთის შემაერთებელი ვიწრო დერეფნის საზღვარზე..."

ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველად ირანის არმიისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის შენაერთები ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და ავიაციის თანხლებით ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას მართავენ უშუალოდ აზერბაიჯანის საზღვართან.

ოფიციალური ბაქო ცდილობს, არ დაამძიმოს რეალობა მაშინ, როცა ირანის ხელისუფლებაში ანტიაზერბაიჯანული განწყობა იზრდება, რაც გამოიხატება ირანის სამხედრო შენაერთებისა და საბრძოლო ტექნიკის გადასროლით უშუალოდ აზერბაიჯანის სამხრეთ საზღვართან.

თეირანში ამას სამხედრო სწავლებებით ამართლებენ, არადა, ბოლო ორი ათეული წელი ირანელი სამხედროები ძირითად სწავლებებს ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ რაიონებში ატარებდნენ, თუმცა მას შემდეგ, რაც ყარაბაღის ბოლო ომის შედეგად ბაქომ თავისი ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაიბრუნა და უშუალოდ ირანის საზღვართან აღმოჩნდა, თეირანის პოზიციაც უფრო ხისტი გახდა.

როგორც ჩანს, ამის მიზეზი მხოლოდ აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ ყარაბაღისკენ მიმავალი ირანული ტრაილერების მძღოლების დაკავება როდია.

"ჩვენ არ მოვითმენთ ისრაელის მეზობლად ყოფნას" - ეს მრავალისმთქმელი სიტყვები ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სახმელეთო ჯარების სარდალს, გენერალ პაკპურს ეკუთვნის, მაგრამ ირანსა და ისრაელს ხომ საერთო საზღვარი არ აქვთ?! მეტიც - მათი საზღვრები ერთმანეთისგან 1000 კმ-ით არის დაშორებული და მათ შორის ორი ქვეყნის ტერიტორიაა. მაშ, რას გულისხმობდა ირანელი გენერალი?

ლოგიკურია, რომ ირანს ძალზე აშფოთებს ისრაელის დაახლოება მის ჩრდილოელ მეზობელ აზერბაიჯანთან. სხვა რომ არაფერი, ყარაბაღის ბოლო ომში სწორედ ისრაელისგან ნაყიდმა "ჭკვიანმა იარაღმა" - კამიკაძე-დრონებმა და ტანკსაწინააღმდეგო "სპაიკებმა" ითამაშა გადამწყვეტი როლი ილჰამ ალიევის არმიის გამარჯვებაში.

შესაბამისად, ისრაელიც დაინტერესებულია, სხვა, ჩრდილოეთის მიმართულებიდან "მიუჩოჩდეს" თავის "განუყრელ" მტერს - ირანს და მეტი ინფორმაცია მოიპოვოს მისი სამხედრო პოტენციალის შესახებ.

ძნელი წარმოსადგენია, ბაქომ ისრაელს უფლება მისცეს, მისი ტერიტორიიდან ისრაელის დრონებმა წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განახორციელონ ირანის სტრატეგიულ ობიქტებზე, მაგრამ არ არის გამორიცხული, თანამედროვე შეიარაღების შესყიდვის სანაცვლოდ, აზერბაიჯანი ისრაელის სპეცსამსახურებს ირანის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დისტანციური დაზვერვის შესაძლებლობას აძლევდეს, რაც ასევე მიუღებელია თეირანისთვის.

ნახიჩევანთან ირანის არმიის თავმოყრა, თავის მხრივ, თურქეთის გაღიზიანებას იწვევს, რადგან თურქეთი ნახიჩევანს მხოლოდ ვიწრო დერეფნით უკავშირდება, არადა, 3-5 კმ სიგანის ამ სატრანსპორტო დერეფნის გადაჭრა ჩრდილოეთიდან სომხეთს და სამხრეთიდან ირანს ორიოდე საათშიც შეუძლიათ.

ნახიჩევანთან დამაკავშირებელი ეს სატრანსპორტო დერეფანი თურქეთისთვის განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობისაა, მით უმეტეს, თუკი უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გაიხსნა ზანგეზურის დერეფანიც, რის შემდეგ თურქეთს აზერბაიჯანში, მერე კი - უკვე ცენტრალურ აზიაშიც პირდაპირი გასასვლელი ექნება...

უახლესი მომავალი გვიჩვენებს, რა შედეგი გამოიღო სოჭში პუტინ-ერდოღანის პირისპირ შეხვედრამ. თუკი სირიის იდლიბში რუსეთ-თურქეთის სტრატეგიული ინტერესების დაპირისპირება გაღრმავდა, არ არის გამორიცხული, ამით ირანმაც ისარგებლოს აზერბაიჯანზე სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლის გასაძლიერებლად.