საკალათბურთო ზაფხული ცხელი იქნება! - კვირის პალიტრა

საკალათბურთო ზაფხული ცხელი იქნება!

სლოვენიის გზაზე გერმანიის გავლით

ცხელი ზაფხული გველის: 8 ივნისიდან 1 ივლისამდე ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატია, 27 ივლისიდან 12 აგვისტომდე - ოლიმპიური თამაშები, 18 აგვისტოდან კი საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ოფიციალური შეხვედრები დაიწყება.

ოლიმპიადასა და "ევრო-2012"-ს სხვა დროს შევეხებით, ახლა კი კალათბურთელებზე ვისაუბრებთ, რომელთა საზაფხულო გეგმა ფედერაციამ ამ კვირაში გამოაქვეყნა. კი ვწერდით, ჩვენი ნაკრები 18-ში იწყებსო, მაგრამ პირველი არაოფიციალური მატჩი 29 ივლისს ელის და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის დაწყებამდე 8 შეხვედრას გამართავს.

***

გეგმა მისაღებია, მაგრამ უკეთესი მეტოქეებიც შეიძლებოდა. გავიხსენოთ თუნდაც 2005 წელი, როცა ერთმანეთის მიყოლებით ამხანაგურად ვეთამაშეთ ევროგრანდებს: იტალიას, თურქეთს, გერმანიას, საბერძნეთს...

წლეულს ზეგუნდთაგან მხოლოდ გერმანელებს დავუპირისპირდებით, რომლის რიგებში სათამაშოდ ყოველთვის ულაპარაკოდ ჩადის NBA-ს ვარსკვლავი დირკ ნოვიცკი. წესითა და რიგით, იგი ალემანებს ამ ზაფხულსაც უნდა დაეხმაროს. სხვათა შორის, 2005 წელს გერმანიასთან საკონტროლო მატჩის (54:88) შემდეგ მათმა მთავარმა მწვრთნელმა დირკ ბაუერმანმა აღნიშნა: ნოვიცკის წინააღმდეგ თამაში ყველას უჭირს, მაგრამ ვლადიმერ ბოისა დირკის მეურვეობისას შესანიშნავად გამოიყურებოდა, ნოვიცკიმ მხოლოდ 15 ქულა ჩააგდოო.

გერმანიას წლეულს 13 აგვისტოს დავუპირისპირდებით, რაც ოფიციალურ შეხვედრებამდე გენერალური რეპეტიცია იქნება. მანამდე, 7-9 აგვისტოს ,თბილისში საერთაშორისო ტურნირს ვუმასპინძლებთ (საქართველო, ესტონეთი, ბელარუსი, უკრაინა). 4 აგვისტოს ავსტრიას გავეჯიბრებით, ხოლო 29-31 ივლისს ესტონეთში ვიასპარეზებთ ოთხთა ტურნირზე (ესტონეთი, საქართველო, ჩეხეთი, აშშ-ის კოლეჯების ერთ-ერთი გუნდი).

***

საქართველოს ნაკრების ამხანაგური თამაშების გრაფიკი კი ჩამოვაწიკწიკეთ, მაგრამ უფრო საინტერესოა, რისთვის ეწყობა ეს შეხვედრები, - შესარჩევი ტურნირისთვის სათანადოდ მოსამზადებლად.

ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი სლოვენიაში გაიმართება. შეჯიბრებაში 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას: მასპინძელი სლოვენია; საოლიმპიადო ბატალიებში ჩართული რუსეთი, მაკედონია, ლიტვა საბერძნეთი, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი; კიდევ 16 ნაკრები შესარჩევი ტურნირიდან, სადაც 31 გუნდი 6 ჯგუფადაა გაყოფილი. საქართველო D ჯგუფში რუმინეთთან, ბოსნიასთან, ლატვიასა და ჰოლანდიასთანაა.

მომდევნო ეტაპზე თითო ჯგუფიდან საუკეთესო დუეტი გადის. ევრობასკეტი 2013-ის საგზურს ასევე ოთხი მესამეადგილოსანი მიიღებს.

***

ასე რომ, გვაქვს კარგი შანსი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშოთ, მით უმეტეს, რომ ნაკრების კალათბურთელებმა საკმარისი გამოცდილება დააგროვეს და ზურგს კარგი საკლუბო სეზონიც უმაგრებთ.

მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით გახანგრძლივდა. დღეს გადაჭრით ძნელი სათქმელია, ვინ მოხვდება სანაკრებო თორმეტეულში, მით უმეტეს, რომ მწვრთნელი გაახალგაზრდავებაზე ალაპარაკდა. თუმცა რამდენიმე გვარის თამამად დასახელება შეიძლება: ზაზა ფაჩულია, რომელიც NBA-ში კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს; ვიქტორ სანიკიძე, რომელიც იტალიის ჩემპიონატში საშუალოდ ორმაგ დუბლს აგროვებს; თორნიკე შენგელია, რომელმაც ევროლიგაზე დიდი გამოცდილება შეიძინა; მანუჩარ მარკოიშვილი, რომელიც ევროლიგის ერთ-ერთ ტურში საუკეთესო გახდა; გიორგი შერმადინი, რომელიც ამავე შეჯიბრების მეორე ეტაპზე სარგებლიანობის მიხედვით მეოთხე იყო; ნიკოლოზ ცქიტიშვილი, რომელსაც კარიერაში ყველაზე მეტი სათამაშო დრო წლეულს აქვს, ირანის ჩემპიონატში ყველას ჯობს; გიორგი ცინცაძე, რომელიც მუხლის ოპერაციის შემდეგ "ოლიმპში" ათამაშდა; ლაშა გამყრელიძე, "ოლიმპის" ლიდერი; ვლადიმერ ბოისა, რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, მაგრამ გამოცდილებით ყველას აღემატება; ანატოლი ბოისა, რომელმაც "არმიასთან" ერთად ევროჩელენჯზე იასპარეზა.

***

რჩება ორი ადგილი, საიდანაც ერთი უცხოელმა უნდა დაიკავოს. ვინ? ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი არც ფედერაციას აქვს და არც მთავარ მწვრთნელ იგორ კოკოშკოვს, რადგან ნატურალიზებულის საკითხი ჯერ არ გარკვეულა.

თუმცა გადაჭრით ერთის თქმა შეიძლება: საქართველოს ნაკრებში ამერიკელი აუცილებლად ითამაშებს. იგორ კოკოშკოვმა ზამთარში თქვა, ვინც აქამდე გვყავდა, ჩვენთვის სასურველს წლეულსაც მათგან შევარჩევთო. ტორინ გრინი და მარკიზ ჰეინსი იგულისხმა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა: თუ ამერიკელი ჩამოგყავს, იგი უმაღლესი კვალიფიკაციისა უნდა იყოს და ზურგს დიდი გამოცდილება უნდა უმაგრებდეს (სასურველია ევროლიგაზე თამაშისა). არც NBA-მოვლილს დავიწუნებდით.

მოკლედ, ჰეინსსა და გრინზე გამოცდილი კაცი გვჭირდება. ეს კალათბურთის ფედერაციამაც იცის და როგორც შევიტყვეთ, ახალი უცხოელი ჩამოჰყავთ, ოღონდ მისი გვარი არ სახელდება. დიდია ალბათობა, შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებში ორი ნატურალიზებული იყოს და მწვრთნელს ვინც დასჭირდება, ის შეიყვანოს წინასამატჩო განაცხადში. ერთდროულად ორი უცხოელის მოედანზე გაყვანის უფლებას კი ფიბა არ იძლევა.

უნდა ვიჩქაროთ, რომ სხვებმა არ გვაჯობონ. აგერ, მეზობელი აზერბაიჯანელები როგორ მუშაობენ: ნაკრებში ორი ამერიკელი ჰყავთ და მესამესაც იმატებენ. თან ვის? - რეალელ ჯეის ქეროლს, რომელსაც ევროლიგის რეგულარულ სეზონში 52-დან 30 სამქულიანი აქვს ჩაგდებული. ასეთი მონადირე ჩვენც არ გვაწყენდა. 

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)