"რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება" - კვირის პალიტრა

"რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას სიჭინავას არავინ ეკითხება"

რატომ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები ვლადიმერ გუცაევმა, რეზო არველაძემ და გიორგი ნემსაძემ, მათ ჰკითხეთ"

ორგანიზაციამ "ჩვენი ფეხბურთი", ამ დღეებში, მიმართვა გაავრცელა, სადაც მწვავედ აკრიტიკებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და მდგომარეობის გამოსწორების გზებზე მსჯელობს. გვესაუბრება "ჩვენი ფეხბურთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი:

- ბატონო მიხეილ, sportall.ge-ზე თქვენი მიმართვა გამოქვეყნდა, შეიძლება თუ არა ეს წინასაარჩევნო ბრძოლის დაწყებად მივიჩნიოთ?

- რა თქმა უნდა. ამ მიმართვით გვინდა შევახსენოთ სფფ-ის სუბიექტებსა და საზოგადოებას ქართულ ფეხბურთში არსებული კრიტიკული მდგომარეობისა და სფფ-ის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნების აუცილებლობის შესახებ, რომელშიც მეც მივიღებ მონაწილეობას.

- მაგრამ მომავალი არჩევნები, წესით, 2015 წელს უნდა გაიმართოს. მოქმედმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "ჩაიხედა საკუთარ სინდისში" და არ აპირებს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას.

- მაპატიეთ, მაგრამ მე ვერ გეტყვით, რა დაინახა სფფ-ის პრეზიდენტმა, როდესაც "თავის სინდისში ჩაიხედა", ეს მისი პრობლემაა; თუმცა, რიგგარეშე ყრილობისა და არჩევნების ჩატარებას მას არავინ ეკითხება. ეს აღმასკომის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, აღმასკომის წევრები - სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელები სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

- იმედი გაქვთ, რომ მხარს დაუჭერენ თქვენს მოთხოვნას?

- ისინი მხარს დამიჭერენ არა პირადად მე, არამედ ქართული ფეხბურთის მომავალს. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტობის სხვა კანდიდატებიც გამოჩნდებიან. შეიძლება დღევანდელმა პრეზიდენტმაც ისევ იყაროს კენჭი, მაგრამ მჯერა, ამჯერად მაინც ისეთ კანდიდატს აირჩევენ, რომლის საფეხბურთო ხედვაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის განვითარებასთან თანხვედრაში იქნება და, რაც მთავარია, დამოუკიდებელი პოლიტიკური ზეწოლისაგან.

- როგორც წესი, ასე ხდება: მმართველი ორგანოს ხელმძღვანელთა ცვლილებას მთლიანად მენეჯმენტის შემადგენლობის შეცვლა მოჰყვება ხოლმე.

- ყოველთვის არა. ქართულ ფეხბურთს ამ მხრივ გაუმართლა, - რეგიონებში სფფ-ის წარმოადგენენ პროფესიონალები, რომლებსაც გული შესტკივათ საქმეზე. მათ დაფასება და ნდობის გამოცხადება სჭირდებათ და არა მხოლოდ ყრილობაზე საჭირო ხმების მისაღებად ჩამოყვანა. ასევე დასაფასებელია კლუბების მფლობელთა საქმიანობა, - ჩვენი ფეხბურთის ძნელბედობის დროს, როდესაც სახელმწიფოს ჯერ არ შეეძლო, შემდეგ კი არ სურდა ფეხბურთისთვის დახმარების გაწევა, მათ შეინარჩუნეს კლუბები და ამით ქართული ფეხბურთის განვითარების იმედიც.

- ვთქვათ, ჩატარდა ყრილობაც, არჩევნებიც და თქვენ აგირჩიეს. რის გაკეთებას აპირებთ?

- სხვათა შორის, ყრილობასა და არჩევნებს არც ველოდები, მე უკვე დავიწყე ამ საკითხებზე მუშაობა. ამ დღეებში ოფიციალურად მივმართავ სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და ოლიმპიურ კომიტეტს, რომ შეიქმნას კომისია, რომელიც ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას შეიმუშავებს. მათთან არაოფიციალური საუბარი უკვე მქონდა. ამ კომისიაში პროფესიონალებთან ერთად სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებიც იმუშავებენ. გარდა ამისა, ვიწყებ შეხვედრებს სფფ-ის სუბიექტების ხელმძღვანელებთან ამ პროგრამაზე მათი აზრის მოსასმენად. ამიტომ, ვფიქრობ, რომც არ ამირჩიონ, გაწეული შრომა მაინც წაადგება ქართულ ფეხბურთს.

- სფფ? ის რაიმე ფორმით მიიღებს მონაწილეობას ამ საქმიანობაში?

- რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, იქაც არიან პროფესიონალები, რომელთა მხრებზეც გადადის სფფ-ის მთელი სამუშაო და მათი დამსახურებაა, რომ სფფ ჯერჯერობით არ "ჩაძირულა". ბევრ მათგანს ჯერ კიდევ ნაკრებში ჩემი გამოსვლის დროიდან ვიცნობ. ცხადია, ეს ხალხი თავის ადგილზე დარჩება და იმედი მაქვს, სფფ-ის ხელმძღვანელობა მათ ხელს არ შეუშლის, რომ ძირითადი მოვალეობებისგან თავისუფალ დროს პროგრამის შემუშავებაში ჩვენთან ერთად მიიღონ მონაწილეობა.

- თქვენს მიმართვაში უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამასა და სფფ-ისთვის ფინანსურ დახმარებაზე ლაპარაკობთ.

- პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფოს ფეხბურთისთვის ფინანსური დახმარების გამო, მაგრამ ეს იყო არა სახელმწიფო პროგრამა, არამედ პროგრამული დაფინანსება. აი, სწორედ ეს დაფინანსება დაგეგმეს პირებმა, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ფეხბურთთან. თანხების დიდი ნაწილი მიმართული იყო ეროვნული ნაკრებებისა და საეჭვო პროექტების დაფინანსებაზე. ეროვნული და 21-წლამდელთა ნაკრებების ხარჯები მხოლოდ და მხოლოდ სატელევიზიო და სარეკლამო კონტრაქტებიდან, ასევე ბილეთებისა და აბონემენტების შემოსავლებიდან უნდა ფინანსდებოდეს. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი ფულის ნაწილი აუცილებლად უნდა მოხმარდეს რეგიონულ ფედერაციებს, კლუბებს, ასოციაციებს, ვეტერან ფეხბურთელებს და ა.შ. ეს ყველაფერი დეტალურად უნდა იქნეს მოფიქრებული. აქამდე ასე არ ხდებოდა. მეტიც, ამ დაფინანსებამ ცუდი სამსახური გაუწია სფფ-ს, მან მთლიანად დაკარგა დამოუკიდებლობა სახელმწიფოსაგან, რადგან ამ ფულის ხარჯვის საკონტროლებლად აღმასკომის წევრებად "დანიშნეს" სპორტის მინისტრი და მისი მოადგილე, ოლიმპიური კომიტეტიდან კი არავინ შეიყვანეს.

- თქვენ რას შესთავაზებთ სფფ-ის სუბიექტებს?

- დაწვრილებით ყველაფერს პროგრამაში შეიტყობთ, თუმცა, ახლაც შეიძლება რამდენიმე მიმართულებაზე საუბარი: პრემიერ-ლიგის შექმნა, რომელიც მომავალში სფფ-ის დამოუკიდებელი სუბიექტი გახდება და მისი ხელმძღვანელი სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი იქნება; უცხოელი მოთამაშეების რაოდენობაზე ლიმიტის დაწესება, სამაგიეროდ, კლუბებისათვის ამ უცხოელი ფეხბურთელების ყოლის გამო დღეს არსებული "ბეგარის" გაუქმება; კლუბებს გავუწევთ მაქსიმალურ საორგანიზაციო-ტექნიკურ დახმარებას, ამისთვის შეიქმნება საგანგებო ფონდი, რომელსაც კლუბების პრეზიდენტთა საბჭო უხელმძღვანელებს; რეგიონული ფედერაციების ხელმძღვანელები როტაციის პრინციპით (2-2 წლით) სსფ-ის ვიცე-პრეზიდენტებიც იქნებიან და მაქსიმალური ყურადღება მიექცევა რეგიონებს; ეროვნული ნაკრები სფფ-ის პრეზიდენტის ზრუნვის უმთავრესი საგანი იქნება. 2016 წელს ევროპის ჩემპიონატში უკვე 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას (ეს კი თითქმის ნახევარი ევროპაა), სწორედ იმ დროისთვის უნდა მიაღწიოს ჩვენმა ნაკრებმა პიკს. ამისათვის შესაძლოა ეროვნული ჩემპიონატის ფორმატიც შევცვალოთ.

- სახელმწიფოს დახმარებაზე ლაპარაკობთ. როგორი იქნება ამაზე ფიფა-უეფას რეაქცია? ისინი ამას ჩარევად არ აღიქვამენ? ეს ხომ აკრძალულია მათი წესდებით?

- ფეხბურთის საერთაშორისო ორგანიზაციების წესებს ერთი ნაბიჯითაც არ გადავუხვევთ. სახელმწიფო საფეხბურთო საქმეებში არ ჩაერევა, ეს იქნება მხოლოდ საორგანიზაციო და ფინანსური დახმარება. ამასთან, მე მივესალმები სფფ-ის სუბიექტების აქტიურ მონაწილეობას ქართული ფეხბურთის ბედის წარმართვაში, რომლებიც აქამდე უმოქმედონი იყვნენ; მივესალმები ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტის სამინისტროს ნებისმიერ დახმარებასაც. დარწმუნებული ვარ, ასეთ თანამშრომლობას ფიფა-უეფაც მოიწონებს. და კიდევ, არავის გაუკვირდეს, როცა სფფ-ის აუდიტორულ შემოწმებას მოვითხოვთ, ეს იქნება ფიფა-უეფასა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი აუდიტი, რომელსაც ამის იურიდიული უფლებაც აქვს და მორალურიც. ყველამ უნდა იცოდეს, რაში იხარჯებოდა როგორც საქართველოს ბიუჯეტის, ასევე ფიფა-უეფას გრანტების ფული.

- თქვენს მიმართვაში 2005 წლის შემდეგ ყველა პრეზიდენტს დანიშნული და არა არჩეული უწოდეთ, მაგრამ ხომ იყვნენ სხვა კანდიდატებიც? თუმცა, ისინი ხსნიდნენ თავიანთ კანდიდატურებს.

- რატომ მოხსნეს თავიანთი კანდიდატურები ვლადიმერ გუცაევმა და რეზო არველაძემ ერთ შემთხვევაში, ხოლო გიორგი ნემსაძემ (უკვე არჩევიდან ნახევარ საათში) - მეორე შემთხვევაში, ეს თვითონ მათ ჰკითხეთ. მე ჩემი კანდიდატურის მოხსნას ნებისმიერი ზეწოლის გამოც კი არ ვაპირებ და ყველა ღონეს ვიხმარ, საფეხბურთო ოჯახი დავარწმუნო ჩემს გულწრფელ სურვილში, - ფეხზე დავაყენო ქართული ფეხბურთი. მაგრამ ამისათვის აუცილებელია ობიექტური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება.