რის (ვის) იმედად მივდივართ სოჭში? - კვირის პალიტრა

რის (ვის) იმედად მივდივართ სოჭში?

თბილისში ყინულის ერთი სტანდარტული საციგურაო მოედანიც არ გვაქვს და ევროპის ჩემპიონატზე მედალს ველით... სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადება იგეგმებოდა და მოციგავეებს საერთაშორისო ტურნირებზე გასამგზავრებელი თანხა არ მისცეს, საქართველოში კი საციგაო ტრასა არ არის...

მოკლედ, მსოფლიოს მასშტაბით თავის მოწონება გვიყვარს, მაგრამ საკითხავია, რას ვაკეთებთ ამისთვის?

ვეცადეთ, გაგვერკვია, როგორი მდგომარეობაა სპორტის ზამთრის სახეობებში და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი სპორტსმენთა რაოდენობა ძველებურად ერთნიშნა რიცხვით დაიწერება თუ...

***

ჯერ ციგაობის ფედერაციის პრეზიდენტ ფელიქს ქუმარიტაშვილს ვესაუბრეთ, რომელიც 1994-დან 2000 წლამდე საფრანგეთის მოციგავეთა ნაკრების მწვრთნელი იყო. გავარკვიოთ, ვის აქვს ოლიმპიური ლიცენზიის მოპოვების შანსი.

- ასეთი მხოლოდ ერთი სპორტსმენია, ლევან გურეშიძე, - გვითხრა ბატონმა ფელიქსმა, - მას მსოფლიოს თასის 14 ეტაპიდან 12 აქვს გასავლელი და მოგროვებული ქულების მიხედვით თუ 40 საუკეთესო მოციგავეს შორის მოხვდება, სოჭის საგზურსაც მიიღებს. სპორტის ამ სახეობაში ველური ბარათები არ არსებობს.

დავინტერესდით, ლევანმა მსოფლიოს თასის საწყისი ორი ეტაპი როგორ ჩაატარა...

- ამ შეჯიბრებებში მონაწილეობა ვერ მიიღო. დასანანია, მაგრამ 2011 და 2012 წლებში გურეშიძეს ფაქტობრივად, არც უვარჯიშია. საქმე ისაა, რომ გვითხრეს: სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებას ვაპირებთ და მის მოსამზადებელ ეტაპს ვერ დავაფინანსებთო. იმედი მაქვს, რადგან 2014 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლა გადაწყდა, ლევანს მსოფლიოს თასის გათამაშებებში მონაწილეობის საშუალება მიეცემა და ლიცენზიასაც მიიღებს.

ფელიქს ქუმარიტაშვილმა თქვა, სპორტსმენს ორი წელი არ უვარჯიშიაო. იკითხავთ - ნუთუ საქართველოში არ შეიძლებოდა მომზადება? პასუხი უარყოფითია:

- საქართველოში საციგაო ტრასა არ გვაქვს. 1974 წელს აშენებული მშვენიერი ტრასა 90-იანი წლების დასაწყისში გაპარტახდა. მას მერე ქართველ სპორტმენებს ვარჯიში საზღვარგარეთ უწევთ. იოლი წარმოსადგენია, რა ოდენობის თანხაა საჭირო უცხოური შეკრებებისთვის.

როგორც ბატონმა ფელიქსმა გვითხრა, გაზაფხულზე თანამედროვე საციგაო ტრასის მშენებლობას ჩაეყრება საფუძველი და იმედი დავიტოვოთ, რომ სპორტის ამ სახეობაში ოლიმპიური ლიცენზიის მებრძოლთა რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება.

***

შესაძლოა, ფიგურულ ციგურაობაშიც ერთი ოლიმპიელი გვყავდეს. ელენე გედევანიშვილს მსოფლიოს მასშტაბით მაღალი რეიტინგი აქვს და მას უკვე ეკუთვნის სოჭის ოლიმპიადის ლიცენზია. არის კიდევ ორი კანდიდატი:

- ოთარ ჯაფარიძისა და ანგელინა კილეგინას დუეტი სექტემბერში გერმანიაში გასამართ სალიცენზიო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და იმედს ვიტოვებთ, რომ სოჭის საგზურსაც მოიპოვებს. ვანკუვერის 2010 წლის ოლიმპიადაზე ჯაფარიძე წყვილში ელისონ რიდთან ერთად გამოდიოდა, თუმცა, რამდენიმე თვის წინ სიტუაცია შეიცვალა და ოთარის მეწყვილე კილეგინა გახდა. ახლად შეკრულ წყვილს კი კარგი შედეგების საჩვენებლად დრო სჭირდება, - გვითხრა ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა.

როგორც ზემოხსენებული წყვილი, ასევე ელენე გედევანიშვილი ამჟამად აქტიურად ემზადებიან ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 23 იანვარს დაიწყება. პირველ დღეს ჯაფარიძე-კილეგინას წყვილი გამოვა, ხოლო გედევანიშვილი 26 და 27 იანვარს იციგურავებს.

- თბილისში ერთადერთი საციგურაო მოედანია და ისიც დიდი ხანია, დაკეტილია - სარემონტო სამუშაოების გამო. ყინულის მოედნის უქონლობის გამო თავი ვერ ავარიდეთ თაობათა შორის წყვეტას. არადა, ძალიან ბევრი ბავშვია დაინტერესებული და პირობები რომ იყოს, გაცილებით მეტი უმაღლესი დონის სპორტსმენი გვეყოლებოდა. მაგალითად, ქუთაისში არსებულ არასტანდარტულ მოედანზე სექციები ბავშვებითაა გადავსებული და მიღებაზე უარის თქმაც გვიწევს. ერთადერთი სტანდარტული საციგურაო მოედანი ბათუმშია, სადაც ახალგაზრდული ნაკრები ვარჯიშობს. თბილისელი სპორტსმენების ბათუმში გადაყვანა და იქ ცხოვრება, მოგეხსენებათ, თანხებთანაა დაკავშირებული. სხვათა შორის, ბათუმის მოედანმა ერთი თვეა, რაც ფუნქციონირება განაახლა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანეს და ხელახალი მონტაჟი იყო საჭირო.

ასევე ბათუმში გადაბარგდა მომავალი ელენე გედევანიშვილი, 8 წლის ანადეა გულბანი, რომელსაც თავის ასაკში მსოფლიოს მასშტაბით უმაღლესი შედეგები აქვს.

***

სპორტის ზამთრის სახეობათა კიდევ ერთი ფედერაცია სამთო მოთხილამურეებისაა. სწორედ მათგან უნდა ველოდეთ ყველაზე მეტ ლიცენზიას - თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, ოლიმპიადაზე ერთბაშად შვიდი წარგზავნილი გვეყოლება, მათ თუ მოციგავესა და მოციგურავეებს დავუმატებთ, ათიან ნიშნულსაც გადავაბიჯებთ.

მოთხილამურეთა ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ცაგარელმა სალიცენზიო საკითხებში გაგვარკვია:

- მსოფლიო რეიტინგის 500 საუკეთესოს შორის მოხვედრა ოლიმპიადის საგზურის მოპოვებას ნიშნავს. ორი სპორტსმენი უკვე ხუთასეულშია, ორიც ძალიან ახლოსაა და 2014 წლამდე ისინიც მოიპოვებენ ლიცენზიას. აი, მათი გვარებიც: ალეკო ბენიანიძე, ნინო წიკლაური, ჯაბა გელაშვილი და იასონ აბრამაშვილი. ასევე გვერგება ორი ველური ბარათი, რომელთა მფლობელების ვინაობაც მოგვიანებით გაირკვევა. ასე რომ, დიდია ალბათობა სოჭში ექვსი მოთხილამურით გავემგზავროთ.

გიორგი ცაგარელმა ასევე გვითხრა, რომ მის ფედერაციას ეკუთვნის სნოუბორდიც, საიდანაც რევაზ ნაზღაიძისგან ერთ ლიცენზიას ველით. იგი ამჟამად კანადაში მსოფლიოს თასზე ასპარეზობს.

ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)