შენგელიამ "კლანჭები" გამოაჩინა
ქართველი კალათბურთელის სარეკორდო ქულები და "რუსული დღე"
"ოღონდ მათამაშონ, შემიძლია, პირველი ნომერიც ვიყო, ორიც, ხუთიც... თუ საჭიროა, ცენტრალურ თავდამსხმელობაზეც არ ვიტყვი უარს"
იქნებ ახლა მაინც შეხედოს "ბრუკლინ ნეთსის" მწვრთნელმა თორნიკე შენგელიას "სხვა თვალით": საქართველოს ნაკრების 21 წლის კალათბურთელმა გასულ კვირას NBA-ს განვითარების ლიგაში ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, სათამაშო დროს ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაშიც იმსახურებს. D ლიგა (Dეველოპმენტ ლეაგუე. - ავტ.), ანუ განვითარების ლიგა, ერთგვარი "დუბლების" ჩემპიონატია, სადაც, ძირითადად, ახალგაზრდა კალათბურთელები, ან ის მოთამაშეები თამაშობენ, ვინც NBA-ს კლუბების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.
სწორედ განვითარების ლიგის კლუბ "სპრინგფილდში" გაიბრწყინა ქართველმა კალათბურთელმა: სპრინგფილდელებმა ღედ ჩლაწს-ს ("წითელი კლანჭები") მოუგეს 123:115, "ბრუკლინის" მწვრთნელზე გაბრაზებულმა შენგელიამ კი "კლანჭები" თავადაც გამოაჩინა და მატჩი 39 ქულით, 18 მოხსნით, 6 პასითა და 3 ჩაჭრით დაასრულა! აღსანიშნავია, რომ "სპრინგფილდის" არსებობის ისტორიაში ერთ მატჩში 39 ქულა მანამდე არავის ჩაუგდია. ეს მაჩვენებელი სარეკორდოა ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მოთამაშის - თორნიკე შენგელიასთვისაც, რომელსაც ნიუ-იორკში შევეხმიანეთ.
- რა დონის არის D ლიგა? ღედ ჩლაწს-თან ისე ითამაშე, ან ეგ ლიგაა ძალიან სუსტი, ან შენ ხარ ზედმეტად ძლიერი ასეთი დონისთვის.
- საკმაოდ კარგი ლიგაა და ბევრი ძლიერი კალათბურთელიც თამაშობს - NBA-ს ამჟამინდელი მოთამაშეები, რომლებიც მიზეზთა გამო მოხვდნენ იქ, ახალგაზრდა, პერსპექტიული კალათბურთელები და ა.შ.. ასე რომ, ადვილი ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, როცა იციან, რომ ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობ, შენს წინააღმდეგ ყველა გაცილებით მეტი მოტივაციით თამაშობს.
- თავიდან თითქოს შებოჭილი იყავი, მაგრამ მეორე მეოთხედიდან "აიწყვიტე" და ორივე გუნდში საუკეთესო სტატისტიკა გქონდა.
- საწყის წუთებზე თამაში არ გამომდიოდა, გუნდში ვერ "ჩავჯექი". მაგრამ შემდეგ, როცა მწვრთნელმა რამდენიმე წუთით დამასვენა, დაძაბულობა მომეხსნა და მოედანზე გაცილებით დამშვიდებული და თავდაჯერებული შევედი. "ნეთსმა" გასული წლის მიწურულსაც გამისტუმრა ერთი მატჩით "სპრინგფილდში".
- იმ მატჩში სამმაგი დუბლი შეასრულე, ამჯერად კი კიდევ უფრო შთამბეჭდავი სტატისტიკა გქონდა. იმედია, "სპრინგფილდში" დიდხანს არც ამჯერად გაგაჩერებენ.
- "ბრუკლინი" მოთამაშეებს სწორედ D ლიგის ამ კლუბში უშვებს ხოლმე და დეკემბერშიც აქ ვიყავი. მაშინ თავიდანვე იყო ნათქვამი, რომ მე და ტაიშონ ტეილორი "სპრინგფილდში" მხოლოდ ერთ თამაშს ჩავატარებდით და "ნეთსში" იმავე საღამოს დავბრუნდებოდით. ამჯერად, მეც და ტაიშონსაც გვითხრეს, რომ აქ კვირამდე დავრჩებით და "ბრუკლინში" დაბრუნებამდე კიდევ ორ თამაშს ჩავატარებთ.
- 21 წლის ხარ, მსოფლიოს უძლიერეს საკალათბურთო ლიგაშიც სულ რამდენიმე თვეა ჩაირიცხე, მაგრამ... როგორ ფიქრობ, "ბრუკლინის" მწვრთნელი რატომ არ გენდობა, 5-10 წუთს მაინც არ იმსახურებ?
- ამ თემაზე მწვრთნელთან ნამდვილად არ მილაპარაკია. არც მიკვირს, ახალი გუნდია, მწვრთნელიც ახალია და ზეწოლის ქვეშ არის - კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ფული დახარჯა და, ბუნებრივია, შედეგსაც ელიან. ალბათ, ამიტომაც ვერ რისკავს და აქცენტს ახალგაზრდებზე კი არა, გამოცდილ მოთამაშეებზე აკეთებს.
- არჩევანის წინაშე რომ დადგე, რას აირჩევდი - "ნეთსში" ვარჯიში და სათადარიგოთა სკამზე ყოფნა გირჩევნია თუ D ლიგაში რეგულარულად თამაში?
- სათადარიგოთა სკამზე ყურყუტი ვის მოსწონს... წესით, ჩემთვის მისაღები უნდა იყოს, თუ "სპრინგფილდში" რამდენიმე დღით სათამაშოდ გამიშვებენ ხოლმე. იდეალური იქნებოდა, ვარჯიშიც და თამაშიც "ბრუკლინში" მიწევდეს, მაგრამ... ამერიკაში ყოფნისას მივხვდი, რომ მნიშვნელობა არა აქვს, როგორი ძლიერი იყავი, ან გინდა, რომ იყო, ძალიან ბევრი უნდა იმუშაო. NBA-ში ისეთი მჭიდრო გრაფიკია, მატჩებს შორის ვარჯიშები, ფაქტობრივად, არ იმართება, - ყოველ შემთხვევაში, 45-წუთიან მსუბუქ წვრთნას მე ვარჯიშს ვერ დავარქმევ. ჰოდა, თუ არც ვარჯიშობ და არც თამაში გიწევს, გაცილებით მეტი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე.
- როცა ვარჯიშობ და არ თამაშობ, ძნელია, მოტივაცია არ დაკარგო.
- "ნეთსში" ჩამოსვლისთანავე ვიცოდი, რომ დიდხანს თამაში არ მომიწევდა, - ბრუკლინელებს ჩემს პოზიციაზე ძლიერი კალათბურთელები ჰყავთ. მაგრამ მოვლენებს რაგინდ ობიექტურადაც უნდა აფასებდე, მაინც ძალიან ძნელია, როცა თამაში გინდა და არ გათამაშებენ.... თუმცა, თუ დამიჯერებთ, გული არ გამიტეხია და ეს ვითარება მოტივაციას უფრო მმატებს.
- NBA-ში ჩატარებული პირველი მატჩი გაიხსენე.
- საოცარი გრძნობა იყო. ბედნიერი ვიყავი, ჩემს საოცნებო ლიგაში რომ მოვხვდი და ისეთ კალათბურთელებთან ერთად ვიყავი მოედანზე, მანამდე მხოლოდ ტელევიზიით ან ყოუტუბე-ს მეშვეობით თუ მენახა.
- "შიგნიდან" დანახული NBA ზუსტად ისეთია, როგორსაც ელოდი?
- შეიძლება ითქვას, როგორი წარმოდგენაც მქონდა, ისეთი დამხვდა... აშშ-ში ჩამოსვლამდე, აქაურობაზე ზაზაც ბევრს მიყვებოდა, NBA-ში ნათამაშებ სხვა კალათბურთელებთანაც მისაუბრია. ასე რომ, შეიძლება ითქვას, აქაურობა წინასწარ შევისწავლე და ბევრს არც არაფერს გავუკვირვებივარ. აქ ძალიან სწრაფი, ათლეტური კალათბურთია, ყველა კლუბს უძლიერესი მოთამაშეები ჰყავს და მათგან ბევრ რამეს სწავლობ.
- და NBA-ს ვარსკვლავები? მათი თამაში ტელერეპორტაჟისას უფრო შთამბეჭდავია თუ "ცოცხლად" ხილვისას?
- როგორც უნდა უყურო, ვარსკვლავი ვარსკვლავია - ტელევიზორშიც და "ცოცხლადაც" (იცინის). თუმცა, მსოფლიო კალათბურთის საუკეთესო მოთამაშეების მიერ შესრულებულ საოცრებებს უშუალოდ მოედანზე რომ უყურებ, სულ სხვა გრძნობაა.
- უნივერსალური მოთამაშე ხარ, ცენტრის გარდა, ფაქტობრივად, ყველა პოზიციაზე შეგიძლია თამაში... თავად სად გირჩევნია, რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
- კალათბურთელი ვარ და ოღონდ მათამაშონ, შემიძლია, პირველი ნომერიც ვიყო, ორიც, სამიც, ოთხიც, ხუთიც... თუ საჭირო გახდა, ცენტრალურ თავდამსხმელობაზეც არ ვიტყვი უარს (იცინის). ფიზიკურადაც ვვარჯიშობ, სისწრაფეზეც, ბურთის "ტარებაშიც", სროლაშიც. მინდა, რაც შეიძლება მეტად დავიტვირთო თავი, ყოველმხრივ ვიყო მზად, რადგან შესაძლოა, მწვრთნელს ნებისმიერ წუთს დავჭირდე. ახალგაზრდა ვარ და შეცდომის უფლება არა მაქვს.
- "ბრუკლინ ნეთსი" მიხეილ პროხოროვის საკუთრებაა. რუსი მილიარდერი თავისი კლუბის მოთამაშეებს თუ ხვდება ხოლმე?
- დერონ უილიამსს, ჯო ჯონსონსა და "ნეთსის" სხვა ვარსკვლავებს, ალბათ, ხვდება. თუმცა, დანარჩენებთან გუნდური ან ინდივიდუალური შეხვედრა, ჯერჯერობით, ნამდვილად არ ჰქონია. როგორც ვიცი, ბევრს მოგზაურობს, მაგრამ როცა ნიუ-იორკშია, "ბრუკლინის" მატჩებს აუცილებლად ესწრება.
- "ბრუკლინის" კალათბურთელებმა რუსეთთან დაკავშირებულ სახალისო პროექტშიც პროხოროვის "ხათრით" მიიღეთ მონაწილეობა?
- კლუბში "რუსული დღე" მოაწყვეს, - "ნეთსის" მოთამაშეებს ჟურნალისტმა ჯერ მსოფლიო რუკაზე რუსეთის მოძებნა დაგვავალა, რუსული სიტყვებიც წაგვაკითხა, მერე კი ჩებურაშკას სურათი გვაჩვენა და მისი "ვინაობის" გამოცნობა გვთხოვა... ძალიან სახალისო იყო. რაც შემეძლო, ვეხმარებოდი, მაგრამ უნდა გენახათ, როგორ იტანჯებოდნენ ამერიკელი კალათბურთელები რუსული სიტყვების წარმოთქმისას. სამწუხაროდ, დამონტაჟებულ სიUუჟეტში ჩემი არც ერთი პასუხი არ მოხვდა, რადგან ყველა კითხვაზე ვუპასუხე, მათ კი მხოლოდ სახალისო კადრები სჭირდებოდათ. ქართველი კი ხარ, მაგრამ ამდენი რუსული თუ იცოდი, არ გვეგონაო. ყველა სიტყვაზე მაჩუმებდნენ (იცინის)...
- მეხუთე თვეა, აშშ-ში ხარ... ყველაზე დიდი შთაბეჭდილება რამ მოახდინა შენზე?
- ყველაზე მძაფრ ემოციას ჯერაც კალათბურთისგან ვიღებ. სიმართლე გითხრათ, სხვა რაღაცებზე არც გამიკეთებია აქცენტი. ნიუ-იორკში სანახავი ძალიან ბევრია, გასვლითი მატჩების დროს კი თანაგუნდელებს ვეკითხები ხოლმე, რა არის საინტერესო ამა თუ იმ ქალაქში და ვცდილობ, ყველა ღირსშესანიშნაობა დავათვალიერო.
- თანაგუნდელთაგან ვის დაუმეგობრდი?
- ყველაზე ახლოს ბოსნიელ მირზა ტელეტოვიჩთან ვარ - ევროპელები ვართ, თანაც, ერთმანეთს 2013 წლის ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპიდან ვიცნობთ. ჩინებული ყმაწვილია "სპრინგფილდში" ჩემთან ერთად "განათხოვრებული" ტაიშონ ტეილორიც. საერთოდაც, ნამდვილად არ მეგონა, "ბრუკლინი" ასეთი მეგობრული გუნდი თუ იქნებოდა, - დერონ უილიამსი და სხვა ვარსკვლავებიც კი ძალიან უშუალო ხალხია.
- თავისუფალ დროს როგორ ატარებ? ნიუ-იორკში გასართობი ადგილის მოძებნა "რთული" საქმეა.
- ძალიან (იცინის). იმდენი რამაა სანახავი, რომ ახალ გასართობს ყოველდღე იოლად ვპოულობთ. ზაზა ფაჩულიაც ხშირად მეხმიანება. დღესაც დამირეკა, ძალიან გახარებული იყო, კარგად რომ ვითამაშე. იანვრის ბოლოს, დედა და დაც მესტუმრებიან.
- უკვე ცნობილია, რომ 2013 წლის ევრობასკეტზე ქვეჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ევროპის მოქმედი ჩემპიონი ესპანეთი, მასპინძელი სლოვენია, ხორვატია, პოლონეთი და ჩეხეთი იქნებიან.
- ძალიან საინტერესო ქვეჯგუფში მოვხვდით და სანახაობრივი და დაძაბული მატჩები გველის. მიმაჩნია, რომ ბრძოლა ყველა მეტოქესთან შეგვიძლია და ჯგუფიდან გასვლის შანსიც გვაქვს.