მილტონ ჰეიგი: ქართველები მსოფლიო ჩემპიონები ხართ... სტუმარ-მასპინძლობაში
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები 2013 წლის პირველ მატჩს 2 თებერვალს ჩაატარებს - ბელგიასთან სტუმრად ითამაშებს. გუნდს ამ შეხვედრისთვის რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დააკლდება, მათ შორის კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, ვასილ კაკოვინი, დავით ზირაქაშვილი... მათ შესახებ, ნაკრების სამომავლო პერსპექტივებსა და სხვა არასარაგბო თემებზე სასაუბროდ ნაკრების მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს ვესტუმრეთ.
იგი ახალი ზელანდიიდანაა. შეხვედრის შემდეგ დავრწმუნდი ერთი მოგზაურის სიტყვების სიმართლეში, რომელიც ზელანდიელებს მეტად გულღია ხალხად ახასიათებს - ყველა შემხვედრს თბილად ესალმებიანო.
მილტონ ჰეიგთან ინტერვიუ ქართულ-ზელანდიური პარალელებით დავიწყეთ.
- საქართველოში ჩამოსულს თავი უცხოდ არ მიგრძვნია, რადგან ბუნება აქაც დაახლოებით ისეთია, როგორიც ახალ ზელანდიაში - მაღალი მთები, მდინარეები, უამრავი ღირსშესანიშნაობა. საქართველოში ჩამოსვლისთანავე აღმოვაჩინე დიდი მსგავსება ხასიათში: ზელანდიელებსაც გვიყვარს სიმღერა, გემრიელი კერძების დაგემოვნება, სტუმარი... არაერთ ქვეყანას ვიცნობ, მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა - ქართველები მასპინძლობაში მსოფლიო ჩემპიონები ხართ.
- ახლა სხვაობაზე გკითხავთ. რა განსხვავებას ხედავთ ქართველ და ზელანდიელ მორაგბეებს შორის?
- ჩემს სამშობლოში რაგბის თამაშს 5 წლიდან იწყებენ, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევენ, უმაღლეს ლიგაში ისე ვერ ითამაშებენ, თუ სამ ლიგას (სამ დონეს) არ გაივლიან. უმაღლესში თითოეული მორაგბე სათანადოდ გამოცდილი და დახვეწილი შედის. საქართველოში რაგბის თამაშს ცოტა გვიან იწყებენ, ზოგჯერ 15 წლის ასაკიდანაც. მაგალითად, ვიცი, რომ მამუკა გორგოძე რაგბში გვიან ჩაერთო. ფედერაციას ვეხმარები, რომ ბავშვების აღზრდის ქართული სისტემა ზელანდიურს მივუახლოვოთ.
- საინტერესოა, რომ ახალი ზელანდიის ნაკრების წვერთა უმეტესობა მშობლიურ ჩემპიონატში თამაშობს.
- აბსოლუტური უმეტესობა. ვისაც "ოლ ბლექსში" (ნაკრების მეტსახელი) თამაში უნდა, აუცილებლად შიდა პირველობაზე უნდა იასპარეზოს.
- ვინმემ ევროპის წამყვანი ლიგიდან რომ მიიღოს შეთავაზება?
- ნაკრებში ვეღარ მოხვდება! სხვა ქვეყნებში ან ვეტერანები მიდიან, ან ისინი, ვისაც "ოლ ბლექსში" თამაშის იმედი არ აქვს. საშუალო და მაღალი დონის ყველა მორაგბე ზელანდიაშია. ამიტომაცაა ძლიერი ლიგა და ამიტომაც აქვს ნაციონალურ გუნდს წარმატებები.
- რადგან უმაღლესი დონის რაგბზე ვლაპარაკობთ, საინტერესოა თქვენი აზრი - რამდენად მზადაა საქართველოს ნაკრები ევროპის ტოპ-ექვსეულში (6 ერის თასზე) სათამაშოდ?
- შეგვიძლია, ინგლისსა და ირლანდიას პირველ ტაიმში თანაბრად ვეთამაშოთ, მაგრამ ბოლომდე გაძლება გაგვიჭირდება. იმიტომ, რომ ბრიტანელთა მთელი შემადგენლობა ყოველ კვირას უმაღლეს დონეზე თამაშობს, დაძაბულ მატჩებს, დიდ წნეხს მიჩვეულია და ნებისმიერი სანაკრებო შეხვედრის თავიდან ბოლომდე სტბილურად ჩატარება შეუძლია. არ დაიღლება. საქართველოს ნაკრებიდან კი 6-7 მორაგბე თამაშობს უმაღლეს დონეზე, საფრანგეთის ძლიერ ლიგაში გამოდის და პარალელურად საკლუბო შეჯიბრებებში იღებს გამოცდილებას. ინგლისის დონის გუნდებთან თანაბრად სათამაშოდ საჭიროა, მთელი შემადგენლობა მაღალი დონის კლუბებში იწრთობოდეს. რაც შეეხება ექვსი ერის წარმომადგენელ შოტლანდიასა და იტალიას, მათთან დღესვე შეგვიძლია თავიდან ბოლომდე ღირსეულად ბრძოლა და გამარჯვებაც. ამისთვის მენტალურადაც მზად ვართ და ფიზიკურადაც.
- საინტერესოა, თუ ხედავთ პოტენციალს, რომ ახლო მომავალში რამდენიმე ახალგაზრდამ სწორედ იქამდე მიაღწიოს, სადაც გორგოძე და ზირაქაშვილი თამაშობენ?
- ამის პოტენციალს ნამდვილად ვხედავ. ბევრი კარგი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც მეტი გამოცდილება, მეტი დაძაბული მატჩი სჭირდებათ.
- ქართული ინფრასტრუქტურა თუ პასუხობს ექვსი ერის მოთხოვნებს?
- ისეთი ბაზით, როგორიც "შევარდენია", ზელანდიის წამყვანი სარაგბო ქალაქებიც ვერ დაიკვეხნიან. თბილისში ინფრასტრუქტურა ევროპის ძლიერ ქვეყნებზე ნაკლები ნამდვილად არ არის. ახლა, საჭიროა სარაგბო გეოგრაფიის გაფართოება, რაზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს.
- 2 თებერვალს ბელგიას ვეთამაშებით. შოკოლადის ქვეყანაში ტკბილი გასეირნება გველის?
- სამწუხაროდ, ბელგიის ნაკრების მატჩის ამსახველი კადრები ვერ მოვიპოვეთ. ეს საქმეს ართულებს. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მეტოქე შინ თამაშობს და მორაგბეები საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე ეცდებიან გამარჯვებას. მათ ხომ ორი წელია თამაში არ წაუგიათ. ფავორიტები მაინც ჩვენ ვართ, თუმცა ეს სტატუსი სტატუსადვე დარჩება თუ მატჩისთვის კარგად არ მოვემზადებით, ბოლომდე არ დავიხარჯებით და რაც მთავარია, მეტოქეს სათანადოდ არ შევაფასებთ. სხვათა შორის, საქართველოს ნაკრებში ჩემი პირველი შეხვედრა ესპანეთთან ჩავატარე და სწორედ ის დაგვემართა, რაზეც ზემოთ ვილაპარაკე - გამარჯვებაში ყველა დარწმუნებულები ვიყავით. ამას დაერთო ესპანელების კარგი თამაში და დავმარცხდით. განმეორებითი თბილისური მატჩისთვის მეტად მოტივირებული ვარ, რევანშისთვის ვემზადები. ისიც ვიცი, რომ პორტუგალიის მწვრთნელიც (ისიც ზელანდიელია) ჩემსავით შემართულია - საქართველოზე შურისძიება სურს, რადგან შარშან დიდი სხვაობით ვაჯობეთ. რუსებიც ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადებიან ჩვენთან სათამაშოდ, თუმცა, ვფიქრობ ყველაზე რთული რუმინეთში გამარჯვება იქნება. მათ შარშანდელის შემდეგ გუნდი კიდევ უფრო გააძლიერეს.
- ბელგიასთან მატჩს დანაკლისით ხვდებით...
- რაგბი კონტაქტური სპორტია და ტრავმებისგან დაზღვეული არავინაა. სამწუხაროდ, გამოგვაკლდნენ კაკოვინი და ზირაქაშვილი. მათ დიდი გამოცდილება აქვთ, თუმცა გვყავს მოთამაშეები, რომლებიც ღირსეულად შეცვლიან.
- კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე ამჯერად არ მიიწვიეთ. რა იყო ამის მიზეზი და ვინ იქნება ნაკრების კაპიტანი?
- რაც შეეხება აბუსერიძის არგამოძახებას, მას, როგორც კაპიტანსა და მოთამაშეს, საქართველოს ნაკრებისთვის განუზომლად ბევრი აქვს გაკეთებული. ჩემთვის მეტისმეტად რთული იყო გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ აბუსერიძე 35 წლისაა და ადრე თუ გვიან, დაგვჭირდებოდა მის პოზიციაზე სხვა, ახალი მორაგბეების გამოცდა და მათი გუნდთან შერწყმა. ახალი კაპიტანი ჯერ არ გვყავს, მწვრთნელები მას ბელგიასთან მატჩის წინ დავასახელებთ.
ვაჟა სიმონიშვილი (სპეციალურად საიტისთვის)