"ბოიკოტი ჩვენი საქმე არ არის"
"თუ მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, როგორ უნდა შევაფასოთ ცუდია თუ კარგი?"
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა უხერხული მეტოქე - პორტუგალიის ნაკრები დაძაბულ ბრძოლაში გატეხა და 23 თებერვალს რუსეთში გასამართი მატჩისთვის ემზადება. "რუსეთის არმიის დღეს" პრინციპული მეტოქის დამარცხებას განსაკუთრებული გემო ექნება, ბორჯღალოსნებს ამას ტრადიციაც "ავალდებულებს", მაგრამ ნაკრების ლიდერი მამუკა გორგოძე მიიჩნევს, რომ სოჭში ურთულესი მატჩი გველის. ეროვნული გუნდის გარდა, "გორგოძილა" კიდევ სამ "ფრონტზე" იბრძვის: საფრანგეთის ჩემპიონატის ფლეი-ოფისთვის, "ჰაინეკენის" თასის მეოთხედფინალისთვის და ევროპის საუკეთესო მორაგბის ტიტულისთვის!
- პორტუგალია ჩვენთვის ყოველთვის უხერხული მეტოქეა. თანაც, ბოლო მატჩებმა აჩვენა, რომ ჩვენს თამაშში ჯერ კიდევ ბევრი ხარვეზია. არადა, საწყის წუთებზე მართლაც ძალიან კარგად ვითამაშეთ: არც მახსოვს, საქართველოს ნაკრებს ოდესმე გადაებას შეტევის იმდენი ფაზა, რამდენიც პირველი ლელოს დროს...
- საწყისი წუთები მართლაც საუცხოო იყო... ისეთივე სტილში რატომ ვეღარ გააგრძელეთ?
- სულ ასე რომ "ვაგრძელებდეთ" და ბოლომდე დალაგებული გუნდი ვიყოთ, კარგი იქნებოდა (იცინის). ხმალაძის ლელოს შემდეგ კი ვთქვით, რომ გამარჯვებაზე ფიქრი ნაადრევი იყო, მაგრამ... როგორც ჩანს, ეს მხოლოდ სიტყვებად დარჩა. ლელოს შემდეგ მორაგბეები უფრო თავდაჯერებული გახდნენ და ინდივიდუალურად დაიწყეს თამაში.
- ნაკრები ახალ სტილზე გადასვლას ცდილობს... კონკრეტულად რას ითხოვს მილტონ ჰეიგი თქვენგან?
- უფრო გაშლილ თამაშს, ბურთის ფრთებზე ხშირად ჩატანას. უნდა, რომ აქცენტი მხოლოდ შერკინებაზე არ გაკეთდეს. ქართველები ყველაფერში სულსწრაფები კი ვართ, მაგრამ ეს ყველაფერი ისე სწრაფად ვერ მოხდება, როგორც გულშემატკივარს უნდა. მილტონ ჰეიგი მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, კარგად იცის, საით მიჰყავს საქართველოს ნაკრები. თუმცა, მისი მუშაობის შეფასებისგან ჯერ თავს შევიკავებ. უპირველესად, ჩვენ უნდა ავყვეთ: თუ მწვრთნელის დავალება ვერ შევასრულეთ, როგორ უნდა შევაფასოთ ცუდია თუ კარგი? თუ შედეგი ყველა დავალების შესრულების შემდეგაც ვერ დავინახეთ, მაშინ გავაკრიტიკოთ. ჯერჯერობით კი, ნამდვილად ვერ ვასრულებთ ისე, როგორც საჭიროა.
- ბელგიასთან მატჩში ასე რატომ გაგიჭირდათ?
- ბელგიის ნაკრებში ძალიან ბევრი ნატურალიზებული ფრანგია. თანაც, როგორც ჩანს, "ერთა თასის" დებიუტანტთან სათანადო კონცენტრაცია გაგვიჭირდა. ამას მსაჯის არაპროფესიონალიზმიც დაემატა, - პროფესიონალი კარგად დაინახავდა, რამდენჯერ დაინდო არბიტრმა მასპინძლები. დასაწყისში ჩხუბიც ატყდა, ოღონდ გალახულები ბელგიელები დარჩნენ და აყალმაყალს ჩვენზე უარყოფითად ნამდვილად არ უმოქმედია (იცინის). თუმცა, მთავარი მიზეზი ის არის, რომ სუსტად ვითამაშეთ...
- მომდევნო მატჩი სოჭში, რუსეთის ნაკრებთან გვაქვს...
- ორი წლის წინ სოჭში ძალიან გაგვიჭირდა და ახლაც ძალიან რთული მატჩი იქნება. თუ სათანადოდ არ მოვემზადეთ, აუცილებლად დავისჯებით. რუსეთი სულაც არ არის ხელწამოსაკრავი მეტოქე. ფიზიკურად კარგად მომზადებული მორაგბეები ჰყავთ და სიურპრიზებს ყოველთვის უნდა ველოდოთ. მით უმეტეს, თბილისში 0:46 წაგების შემდეგ, განსაკუთრებულად მოტივირებული იქნებიან.
- იაპონიასა და ფიჯისთან შეხვედრებმა რა გვიჩვენა?
- მეტი გამოცდილება და იღბალი რომ გვქონოდა, გავიმარჯვებდით. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ ფიჯელებს ბევრი წამყვანი მორაგბე აკლდათ. ისიც ფაქტია, რომ დიდი გამოცდილება მივიღეთ - მხოლოდ ძლიერ მეტოქეებთან თამაშით თუ წავიწევთ წინ.
- სხვა შემთხვევაში, ისევ რუმინეთისა და პორტუგალიის დონეზე უნდა დავრჩეთ და ერთი ადგილი ვტკეპნოთ...
- ბოლო წლებია, რუმინეთის ნაკრებს რაღაც ალმაცერად ვუყურებთ. როგორც ჩანს, უკვე დაგვავიწყდა, როგორ გვეთამაშებოდა საუკუნოვანი სარაგბო ისტორიის მქონე ეს გუნდი ორი-სამი წლის წინ. ქართველი ქომაგი უკვე მიეჩვია, რომ რუმინეთსა და რუსეთს აუცილებლად უნდა მოვუგოთ! არადა, რაღაც დონეს რომ მიაღწევ, მერე წინ წასვლა რთულია. უცხო ენის სწავლას ჰგავს - სიტყვებს ისწავლი, რაღაც ეტაპამდე მიხვალ და გგონია, ძალიან სწრაფად სწავლობ. სინამდვილეში კი ამის მერე პროგრესირება ძალიან ძნელია. თანაც, სანამ ჩვენ მორიგ ნაბიჯს გადავდგამთ, პროგრესს ჩვენი მდევრებიც ხომ განიცდიან?
- "მონპელიე" მართლაც არის დაინტერესებული მერაბ შარიქაძის დამატებით?
- შარიქაძის კანდიდატურა ფრანგულ კლუბს ჩვენმა ექიმმა შესთავაზა. ჩვენთან ვარჯიშობს და თუ დაიტოვეს, ნაკრებისთვისაც შესანიშნავი იქნება. მერაბი ძალიან კარგი პიროვნება და მორაგბეა და ძლიერ გუნდში თუ მოხვდა, გაცილებით მოუმატებს.
- თბილისის "ლელოს" თავკაცმა, შენმა პირველმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, რომელიც ცოტა ხნის წინ "მონპელიესა" და "ტულონში" იყო სტაჟირებაზე, თქვა, რომ მონპელიეში ყველას გორგოძე აკერია პირზე...
- ლევანს ეს სიტყვები ჩემმა სიყვარულმა ათქმევინა (იცინის). რვა წელიწადია, ამ გუნდში ვარ და რა გასაკვირია, "მონპელიეს" გულშემატკივრებს რომ ვუყვარვარ?
- შენი კლუბი არსებობის ისტორიაში პირველად გავიდა "ჰაინეკენის თასის" მერვედფინალში.
- ეს იმის დამსახურებაა, რომ უძლიერესი მწვრთნელი გვყავს და გუნდმაც პროგრესი განიცადა. არადა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ, "ჩელენჯ კაპზე" ვთამაშობდით, რომელიც "ჰაინეკენის თასს" ისევე ჩამორჩება დონით, როგორც "ევროპის ლიგა" "ჩემპიონთა ლიგას".
- "ჰაინეკენის თასზე" ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდი, თუმცა, კიდევ უფრო დიდი აღიარება ევროპის საუკეთესო მორაგბის ნომინანტთა შორის დასახელებაა...
- ეს დიდი პატივია ჩემთვის. თუმცა, გამარჯვება ძალიან რთული იქნება. ჯერ ერთი, ისეთი ნომინანტები არიან დასახელებული, ამპარტავანი უნდა ვიყო, ვთქვა, რომ მათზე ძლიერი ვარ. თანაც, უმეტესად, ის მოთამაშეები იმარჯვებენ, რომელთა კლუბებიც "ჰაინეკენის თასის" ფინალში გადიან. ფინალში გასვლის იმედი ნამდვილად არ გადამწურვია, მაგრამ თუ რეალურად შევაფასებთ, "მონპელიეს" ამის უფრო ნაკლები შანსი აქვს, ვიდრე კონკურენტებს.
- "ჩემპიონთა ლიგა" ახსენე და... რამდენიმე წუთში "რეალი"-"მანჩესტერი" იწყება (ინტერვიუ ჩაწერილია 13 თებერვალს. - ავტ.)...
- საქართველოში ყოფნისას უფრო აქტიური ქომაგი ვიყავი. ბავშვობიდან "იუვენტუსს" ვგულშემატკივრობდი. დღესდღეობით, საუკეთესო "ბარსელონაა", მაგრამ იმდენად მაღიზიანებდა, ყველა კატალონიელებს რომ გულშემატკივრობს, "რეალის" ქომაგი გავხდი (იცინის).
- უნდა მიიღოს თუ არა ქართულმა დელეგაციამ მონაწილეობა 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიადაში?
- რა თქმა უნდა, უნდა მიიღოს. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ჩვენი ქვეყანა ბოიკოტით კი არა, წარმატებული ასპარეზობით უნდა წარმოვაჩინოთ. თუ ომი იქნება, ვიომოთ, ბოიკოტი და მაიმუნობა კი ჩვენი საქმე არ არის.