”ქეცბაია პირად ინტერესებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე ფეხბურთს”
არავის ”გაუციმბირებია”, მაგრამ მომდევნო წლებს გოგიტა გოგუა მაინც შორეულ ჩრდილოეთში გაატარებს - 29 წლის ნახევარმცველმა ორწლიანი კონტრაქტი ხაბაროვსკის ”სკა-ენერგიასთან” გააფორმა. ამ კლუბში არაერთ ქართველს უთამაშია და ხაბაროვსკში ჩასულ გოგუას ნაცნობი სახეები ამჯერადაც დახვდა - ქართველი მცველი გიორგი ნავალოვსკი და ვალდას ივანაუსკასი, რომელიც გოგუას გასულ სეზონში, გორის ”დილაშიც” წვრთნიდა. თავად გოგიტა გოგუა ამბობს, რომ ივანაუსკასთან ”შემთხვევით” მოხვდა. კიდევ... ერთ-ერთ ყველაზე კონფლიქტურ და ხისტ ქართველ ფეხბურთელად მიჩნეულმა ნახევარმცველმა სხვა საინტერესო თემებზეც ილაპარაკა...
- ხაბაროვსკში ვალდას ივანაუსკასის ინიციატივით აღმოჩნდი?
- ამას დამთხვევას უფრო დავარქმევდი. მიუხედავად იმისა, რომ ივანაუსკასთან ჩინებული ურთიერთობა მაქვს.
- ნიჟნი-ნოვგოროდის ”ვოლგას” შემდეგ, რუსეთის ჩემპიონატთან მთლად ”ტკბილი მოგონებები” არ უნდა გაკავშირებდეს...
- მე ყველასთან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ასეთი რამ კი ყველა გუნდში ხდება და მხოლოდ მე არ ვყოფილვარ მსგავს სიტუაციაში.
- საქართველოში გატარებულ სეზონს როგორ შეაფასებ?
- ”დინამოსგან” განსხვავებით, გორში გატარებული პერიოდით კმაყოფილი ვარ. ”დილაში” ძალიან მეგობრული სიტუაცია იყო, მწვრთნელსა და კლუბის ხელმძღვანელობასთანაც კარგი ურთიერთობა გვქონდა. სამწუხაროდ, ბოლო თვეებში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ხელმძღვანელობაც შეიცვალა... ეს რომ არა, ჩემპიონი ”დინამო” კი არა, ჩვენ გავხდებოდით. ძნელია, როცა მხოლოდ ფეხბურთზე კი არა, პრობლემებზე ფიქრობ... ამის მიუხედავად, ვთამაშობდით და ვიგებდით. ჩვენ მართლა ვიგებდით მატჩებს!
- ისეთ ასაკში ხარ, წესით, კარიერის პიკზე უნდა იყო, შენ კი ხაბაროვსკში თამაში არჩიე...
- ახლა ჩემთვის მთავარია, ყველას ვაჩვენო, რომ ფეხბურთის თამაში ისევ შემიძლია. მით უმეტეს, ნაკრებზეც არ ჩამიქნევია ხელი. საქართველოში თამაში კი აღარ მინდოდა...
- ”სკა-ენერგიას” შემთხვევაში ფინანსური მხარე გადამწყვეტი იყო?
- მხოლოდ ფინანსური არა. რუსეთის ჩემპიონატში რვა წელიწადი გავატარე, აქაურ ფეხბურთს კარგად ვიცნობ და გულმა ისევ რუსეთისკენ გამიწია.
- ანუ ნაკრებში თამაშის იმედი არ დაგიკარგავს?
- ეროვნულ გუნდში ჩემზე უფროსი არაერთი ფეხბურთელია და 29 წლისამ მე რატომ აღარ უნდა ვიფიქრო ნაკრებში დაბრუნებაზე?! დაველოდები, როდის შეიცვლება ნაკრების მწვრთნელი...
- მაგრამ ნაკრებმა უკვე არაერთი თავკაცი გამოიცვალა და ყველასთან კონფლიქტი გქონდა...
- ტოპმიოლერისა და ჟირესის ხელმძღვანელობით ყველა მატჩი ვითამაშე, არც კუპერთან მქონია კონფლიქტი, თავად აღარ მიძახებდა... არ მესმის, რატომ იგონებენ ასეთ რაღაცებს? მხოლოდ ქეცბაიასთან მაქვს გაუგებრობა. რატომ? იმიტომ, რომ პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებს. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის... ვერ დავანახე ჩემი შესაძლებლობები, ერთმანეთს ვერ გავუგეთ და წამოვედი... აზერბაიჯანის და მსგავსი დონის ჩემპიონატებიდან იწვევენ მოთამაშეებს ნაკრებში. ანდა რუსეთის პირველი ლიგა საქართველოს ჩემპიონატს არ სჯობს? მაგრამ უმაღლეს ლიგაში რომ ვთამაშობდი, ქეცბაია არც მაშინ მიძახებდა...
- ამბობ, ქეცბაია პირად ინტერესებს ფეხბურთზე წინ აყენებსო... რა არის მისი ინტერესი?
- ეს მას ჰკითხეთ. ალბათ, არ ვიმსახურებ ნაკრებში თამაშს. არ მოეწონა, როცა ვუთხარი, ცენტრში, მარცხნივ ან დაცვაში ჩემი თავი შემოგევლოთ, მარჯვენა ნახევარმცველად კი ვერ ვითამაშებ-მეთქი. ამ პოზიციაზე არც მითამაშია, არც გამომდის და როგორ უნდა ვითამაშო? ვარჯიშებზე კარშიც ვმდგარვარ და შესაძლოა, მეკარეობა უკეთაც კი გამომივიდეს, ვიდრე მარჯვენა ნახევარმცველად თამაში... ამის მერე აღმოჩნდა, რომ გოგუა ფეხბურთელი არ არის. ათმატჩიანი წაუგებელი სერია რომ გვქონდა, მაშინ ვიყავი და ახლა აღარ ვარ?!
- არც გიორგი დევდარიანთან გქონია კონფლიქტი?
- ყველამ გაიგოს, რომ გიორგისთან ახლო მეგობრობა მაკავშირებს. ფეხბურთი სხვაა და ადამიანური ურთიერთობები - სხვა. ცხოვრება მხოლოდ ფეხბურთი არ არის...
- როგორ ფიქრობ, გოგიტა გოგუა სულ კონფლიქტებსა და წითელ-ყვითელ ბარათებთან რატომ ასოცირდება?
- ბევრჯერ მითქვამს - არც მე ვარ ფრთიანი ანგელოზი, მაგრამ თავი არასდროს დამიზოგავს. ჩემს აზრსაც ყოველთვის გამოვხატავ... ბარათებს რაც შეეხება, კარგა ხანია, ყვითელი ბარათი აღარ მიმიღია, მაგრამ რომც მივიღო, მაინცდამაინც ჩემი ”ყვირის”. ფეხბურთელი ვარ, ხან გაფრთხილებას მივიღებ, ზოგჯერ წითელ ბარათს, მაგრამ ბოლო წლების სტატისტიკას თუ ნახავთ, ყველაზე ნაკლები ყვითელი მაქვს მიღებული!
- საქართველოს ნაკრების თამაშზე რას იტყვი?
- საქართველოს ნაკრებს ისეთი ტაქტიკა აქვს, უკვე მესამე წელია, ვერავინ გაიგო, რა სტილით თამაშობს... უპირველესად, ატმოსფერო, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის ურთიერთობა უნდა შეიცვალოს. მწვრთნელი მთავარია, მაგრამ თითოეულ მოთამაშესაც თავისებური მიდგომა სჭირდება. თუ ყველა ერთ ქვაბში მოიხარშა, რა გამოვა? ქეცბაია კარგი მწვრთნელია, ჟინი და ბრძოლისუნარიანობა გუნდს მაშინვე დაატყო, შედეგიც ჰქონდა, მაგრამ... მერე რატომ აირია სიტუაცია, არ ვიცი.
- რას ნანობ, რას შეცვლიდი, კარიერას თავიდან რომ იწყებდე?
- რომან ფიფიას ზარს აღარ ვუპასუხებდი! საქართველოს ჩემპიონატში არ უნდა დავბრუნებულიყავი...
- რატომ ვერ ითამაშა გოგიტა გოგუამ ის ფეხბურთი, რასაც ველოდით...
- ბევრი მიზეზის გამო: ვისაც ვენდე, მან მიღალატა, ნაკრებშიც აღარ მიძახებენ, მეც დავუშვი შეცდომები, შეიძლებოდა, მეტ დათმობაზე წავსულიყავი...
რატი შელეგია