"თუ ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვინდა, ძლიერ გუნდებსაც უნდა მოვუგოთ"
თბილისის "დინამომ" გასულ კვირას ბევრი რამ მოასწრო - ფარერული "სტრეიმურის" 6:1 განადგურებით საქართველოს ჩემპიონმა თითქმის გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური და მომავალი მეტოქის ვინაობაც შეიტყო. ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ ივლისის ბოლოს "დინამო" რუმინეთის მრავალგზის ჩემპიონს - ბუქარესტის "სტიაუას" დაუხვდება, რომელმაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში მაკედონიის "ვარდარს" სამი უპასუხო ბურთი გაუტანა. "სტიაუა" გამოცდილი და ტიტულოვანი კლუბია - შინაურ ტიტულებზე რომ არაფერი ვთქვათ, "მეომრები" ("სტიაუა" რუმინეთის არმიის კლუბის სახელს ატარებს. - ავტ.) 1986 წელს მოგებული ჩემპიონთა თასითაც იწონებენ თავს და ევროპის ლიგის შარშანდელ გათამაშებაშიც წარმატებით ითამაშეს. ასე რომ, ვერ ვიტყვით, "დინამოს" წილისყრაში გაუმართლაო... სამაგიეროდ, კარგი ის არის, რომ თბილისური კლუბის მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი რუმინულ ფეხბურთს კარგად იცნობს - იქაურ "ტიმიშოარას" ორი წლის განმავლობაში წვრთნიდა.
- კმაყოფილი ვარ თუ არა კენჭისყრის შედეგით? "დინამოს" სავარაუდო მეტოქეებს შორის რამდენიმე ძლიერი გუნდი იყო, ჩვენ "სტიაუა" შეგვხვდა და შესაბამისად, სწორედ მას უნდა ვეთამაშოთ. დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
- მას შემდეგ, რაც რუმინეთის ჩემპიონატიდან წამოხვედით, "სტიაუაში" ბევრი რამ შეიცვალა?
- ბუქარესტელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ - სწრაფი, ფიზიკურად ძლიერი. განსაკუთრებით, ნახევარდაცვის და თავდასხმის ხაზს გამოვყოფ. ახალი მოთამაშეებიც დაიმატეს და ახლაც არანაკლებ ძლიერი გუნდი ეყოლებათ, მაგრამ თუ ჩემპიონთა ან ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გვსურს, ძლიერ გუნდებსაც უნდა მოვუგოთ, "სტიაუა" კი სწორედ ასეთი გუნდია.
- "სტიაუაში" რამდენიმე ისეთი ფეხბურთელიც ირიცხება, "ტიმიშოარაში" მუშაობის დროს თქვენი შეგირდები რომ იყვნენ...
- დიახ, ლატოვლევიჩს, ნიკოლიჩს და ბორჩანუს კარგად ვიცნობ - სამივე ჩინებული ფეხბურთელია. ბორჩანუ "სტიაუას" კაპიტანი გახლავთ, მაღალი დონის ნახევარმცველია და შორეული დარტყმებითაც გამოირჩევა. ის და ლატოვლევიჩი რუმინეთის ნაკრების მოთამაშეები არიან. ნიკოლიჩს რაც შეეხება, 20 წლისა პირველად სწორედ მე ვათამაშე რუმინეთის უმაღლეს ლიგაში.
- "სტიაუას" შემადგენლობაში მხოლოდ 4 ლეგიონერია. ეს რამეს ნიშნავს თქვენთვის?
- ასეთია კლუბის მფლობელის ფილოსოფია: აქცენტს ადგილობრივ მოთამაშეებზე აკეთებენ, მწვრთნელიც რუმინელი ჰყავთ... თუმცა, ამას დიდი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს - რუმინეთის ეროვნული ნაკრების არაერთი ფეხბურთელი ჰყავთ, ფიზიკურადაც ძლიერები არიან და რაც მთავარია, ევროთასებზე თამაშის საკმარისი გამოცდილებაც დაუგროვდათ.
- კენჭისყრის შემდეგ თქვით, რომ რუმინეთში მუშაობის პერიოდში, "სტიაუასთან" არასდროს წაგიგიათ.
- ასეა. "ტიმიშოარაში" მუშაობისას "სტიაუას" ოთხჯერ ვეთამაშეთ - სამი მატჩი ფრედ დასრულდა, ერთიც ჩვენ მოვიგეთ... ამას დიდ უპირატესობად არ მივიჩნევ, თუმცა, ის კი ფაქტია, რომ მე გაცილებით უკეთ ვიცნობ რუმინულ ფეხბურთს, ვიდრე "სტიაუას" მწვრთნელი - ქართულს... მაგრამ სანამ ერთმანეთთან ვითამაშებთ, ჩვენც და რუმინელებსაც ჯერ განმეორებითი მატჩები გვაქვს ჩასატარებელი. ასე რომ, "სტიაუასთან" თამაშზე ფიქრს მხოლოდ ფარერებიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყებთ.
- "სტრეიმურთან" მატჩში "დინამოს" თამაშითაც ისეთივე კმაყოფილი ხართ, როგორც შედეგით?
- სხვათა შორის, დიდი ანგარიშით წაგების მიუხედავად, "სტრეიმური" სულაც არ არის სუსტი გუნდი. კლუბში ფარერების ნაკრების არაერთი ფეხბურთელია და თავადაც ნახეთ, რომ გოლის გატანის რამდენიმე შანსიც ჰქონდათ. ჩემს გუნდს რაც შეეხება, მთლიანობაში, ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ, ერთი-ორი შეცდომა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს.
- ტრიბუნიდან ისე ჩანდა, რომ ჯაბა დვალი შეცვლით უკმაყოფილო დარჩა...
- ამაში გასაკვირი არაფერია - მოედნიდან ნაადრევად გასვლა არავის უხარია... თუმცა, იმ მომენტში რაღაც უნდა შეგვეცვალა, მოედანზე ახალი ფეხბურთელი გვჭირდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ დვალის გასვლის შემდეგ 4 ბურთი გავიტანეთ, სათამაშო სქემა მნიშვნელოვნად არც შეცვლილა.
- პატრიკ ვუოზე რას იტყვით?
- ვუო ფიზიკურად ძლიერი თავდამსხმელია, თავითაც კარგად თამაშობს და დარწმუნებული ვარ, "დინამოს" დიდ დახმარებას გაუწევს.
- ძარიას ტრავმა რამდენად სერიოზულია?
- ირაკლის გამოჯანმრთელებისთვის მინიმუმ ათი დღე დასჭირდება და იმედია, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მაინც დაგვიბრუნდება.