"ამერიკული გამოცდილების მქონე ევროპელი მწვრთნელი ვარ" (ექსკლუზივი)
ყველა შემთხვევაში მოგებული
თბილისში გამართული ბოლო ვარჯიშის შემდეგ, იგორ კოკოშკოვმა ხანმოკლე პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტების რამდენიმე კითხვასაც უპასუხა. მანამდე კი, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების სერბმა მწვრთნელმა გამონაკლისი დაუშვა და ევროპის ჩემპიონატამდე რამდენიმე დღით ადრე "კვირის პალიტრას" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა:
- ბიჭების მუშაობით კმაყოფილი ვარ. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სამ საკონტროლო მატჩს კიდევ გავმართავთ და ვეცდებით, ხარვეზები მაქსიმალურად გამოვასწოროთ. NBA-ს მოთამაშეების გამოკლება დიდი დანაკლისია ჩვენთვის. ფაჩულიასა და შენგელიას არყოფნაში ახალი გუნდის შექმნა გვიწევს, რასაც დრო სჭირდება.
- საკონტროლო მატჩებში შედეგი გადამწყვეტი არ არის, მაგრამ სერბეთთან მატჩი თქვენთვის რიგითი ვერ იქნებოდა.
- აშშ-ში 14 წლის წინ გადავბარგდი, თუმცა, სერბი ვარ და ემოციურად ძალიან რთული თამაში იყო ჩემთვის... ნაკრების ამ შემადგენლობიდან რამდენიმე მოთამაშის მწვრთნელიც ვყოფილვარ, დუშან ივკოვიჩი კი სულაც ჩემი მენტორი იყო, მასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. პრინციპში, ყველა ვარიანტში მოგებული ვრჩებოდი - სერბების წარმატების შემთხვევაში ჩემი სამშობლო გაიმარჯვებდა, თუ საქართველო მოიგებდა - ჩემი გუნდი (იცინის).
- ოღონდ, ნუ იტყვით, რომ თანამემამულეებისთვის თქვენი მაღალი კლასის დამტკიცება არ გსურდათ.
- ისინი ისედაც მიცნობენ და არაფრის დამტკიცება არ მჭირდებოდა (იცინის). ჩემი ქვეყნის ნაკრებთან სათამაშოდ გუნდი არასდროს გამიყვანია, ამიტომაც ძალიან ძნელი იყო... თუმცა, პროფესიონალი ვარ და შევეცადე, ამ თამაშისთვისაც ისე შემეხედა, როგორც რიგითი მატჩისთვის. ასეთი ძლიერი გუნდის დამარცხება ბიჭებისთვის მნიშვნელოვანი იყო. ქართველმა კალათბურთელებმა მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს - პირველი ნახევრის შემდეგ 15 ქულას ვაგებდით, მაგრამ მერე თამაში გამოვასწორეთ და გავიმარჯვეთ.
- შესვენებისას ასეთი რა უთხარით თქვენს მოთამაშეებს?
- არაფერი მითქვამს და არც სტრატეგია შეგვიცვლია. ანგარიშში დიდი სხვაობის მიუხედავად, გუნდი პანიკაში არ ჩავარდნილა და მატჩის წინ დასახულ გეგმას მიჰყვებოდა.
- დუშან ივკოვიჩმა რა გითხრათ თამაშის შემდეგ?
- გამარჯვება მომილოცა. მე და "დუდამ" (ივკოვიჩის სპორტული მეტსახელი. - ავტ.) თამაშამდეც ვილაპარაკეთ. როგორც გითხარით, დუშანთან დიდი ხნის ნაცნობობა მაკავშირებს. იუგოსლავური კალათბურთის ისტორიაში ის ყველაზე წარმატებული მწვრთნელია.
- საფრანგეთთან მატჩში ჩვენი ნაკრები გადაღლილი ჩანდა...
- ფრანგები შინ თამაშობდნენ, თანაც, დასვენების შესაძლებლობაც ჰქონდათ, ჩვენ კი სერბეთთან მატჩის მეორე დღესვე ვეთამაშეთ. საფრანგეთი, ფიზიკურად ისედაც ძლიერი გუნდი, ევრობასკეტზე მედლების მოპოვების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტია, თუმცა, მათთან ცუდად არ გვითამაშია.
- თავიდანვე ცხადი იყო, რომ ამერიკელ ახალწვეულთაგან ევრობასკეტზე თამაში მხოლოდ ჰიკმანს მოუწევდა...
- ამერიკელების არჩევა ჩემი გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა, რისთვისაც კალათბურთის ფედერაციის მადლობელი ვარ. რიკი ჰიკმანმა ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა "მაკაბიში", ევროლიგაზეც გამორჩეული იყო. მაღალი დონის მოთამაშეა, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში.
- კალათბურთის ფედერაციის გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა თქვენამდეც მოაღწია?
- ამის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მაგრამ თუ მოთამაშეებზე იმოქმედებს, ეს ხომ ჩემი პრობლემაც არის? მხოლოდ იმ ხალხს ვიცნობ, ვინც აქ ჩამომიყვანა და მათზე კარგის მეტს ვერაფერს ვიტყვი, გუნდს ყველა პირობას უქმნიან.
- ლიტვასთან მატჩამდე ებრაულ ტურნირში უნდა გეთამაშათ, მაგრამ როგორც გავიგეთ, გეგმა შეიცვალა.
- სამწუხაროდ, ისრაელში ჩასვლა გადაიფიქრა ლატვიამ. ამიტომ მხოლოდ ისრაელის ნაკრებთან გავმართავთ ორ სპარინგს.
- მართალია, რომ ზაზა ფაჩულიას შეძენით დაინტერესებული იყო "კლივლენდიც", სადაც ამჟამად მწვრთნელის ასისტენტად მუშაობთ?
- წლებია, ფაჩულია NBA-ს ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა და ამერიკაში კარგად იცნობენ. თავისუფალი აგენტის სტატუსის მქონე ცენტრის პოვნა იოლი არ არის, ამიტომაც, მისი გადაბირება NBA-ს არაერთ კლუბს სურდა, მათ შორის - "კლივლენდსაც". თუმცა, ზაზამ არჩევანი მისთვის საუკეთესო ვარიანტზე შეაჩერა და დაბრუნდა "მილუოკიში", სადაც წლების წინაც თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, ფაჩულია ახალ გუნდშიც მაღალ დონეზე ითამაშებს.
- ერთხელ თქვით, რომ ოკეანის გაღმა დიდხანს დარჩენას არ გეგმავდით და აშშ-ში მხოლოდ წარმატებული მუშაობის საიდუმლოს მოსაპარად ჩახვედით. ჩვენგან რას "მოიპარავთ", საქართველოდან რას წაიღებს იგორ კოკოშკოვი?
- ვიღაცის ასლი ვერ იქნები, ის უნდა იყო, ვინც სინამდვილეში ხარ! მოთამაშის მსგავსად, მწვრთნელიც ყოველდღიურად სწავლობს და მეც ვიყენებ იუგოსლავიური, ამერიკული და ქართული გამოცდილების ნაზავს. თავს ამერიკული გამოცდილების მქონე ევროპელ მწვრთნელად მივიჩნევ, რომელმაც საქართველოს ნაკრებში მუშაობითაც დიდი გამოცდილება მიიღო.
- 2011 წლის ევრობასკეტის დაწყებისას საქართველოს ნაკრებს ცოტა თუ იცნობდა, ამჯერად კი მოულოდნელობის ეფექტის იმედი აღარ უნდა გვქონდეს...
- საქართველოს ნაკრების მოთამაშეებს იცნობენ და პატივს სცემენ, ოღონდ პატივისცემა არავის უჩუქებია - კალათბურთელებმა ის საკუთარი თამაშით დაიმსახურეს!
- ესპანეთი აშკარა ფავორიტია. ჩვენი ქვეჯგუფის დანარჩენ გუნდებზე რას იტყვით?
- პოლონეთის ნაკრები ამჟამად ისე კარგად თამაშობს, ევროპის ჩემპიონატი დღეს რომ იწყებოდეს, ეს გუნდი მედლის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იქნებოდა. თითქმის ესპანეთის ნაკრების დონეზე თამაშობენ! უძლიერესია ხორვატიის ნაკრებიც, თუმცა, ამ გუნდის თამაშს დაღს ნაკრების შიდა კონფლიქტები ასვამს.
- სლოვენია ევრობასკეტის მასპინძელია...
- სლოვენიელები საკუთარ მოედანზე გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებენ, თუმცა, ამის გამო, წნეხშიც იქნებიან. პოლონეთის მსგავსად, პროგრესს განიცდის ჩეხეთიც - უკანასკნელი ოცი წელიწადია, ჩეხებს ასეთი ძლიერი ნაკრები არ ჰყოლიათ! სატორანსკი, ველში, ვესელი NBA-ს კალათბურთელები არიან. ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, თუმცა, მთავარია, ტურნირის მსვლელობისას ყველა ქართველი მოთამაშე ჯანმრთელად იყოს. კარგია, რომ ჩვენთან მატჩებში ფავორიტების სტატუსი და შესაბამისად, მეტი წნეხი ჩვენს მეტოქეებს ექნებათ.
- ძირითადი დატვირთვა ნაკრების 5-6 მოთამაშეზე გადადის. როგორ გაუძლებენ გუნდის ლიდერები ჯგუფური ეტაპის გადატვირთულ გრაფიკს?
- 6 დღეში 5 მატჩის თამაში ძნელი იქნება, მაგრამ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ლიდერები დავასვენოთ. ყველა კალათბურთელმა მაქსიმუმი უნდა გაიღოს, მოქნილები ვიყოთ და სიტუაციის შესაბამისად ვიმოქმედოთ. საბედნიეროდ, ძალიან კარგი კალათბურთელები მყავს და ყველა წარმატება მათი დამსახურებაა. მათნაირი მოთამაშეები რომ არა, ექვსი წელიწადი აქ ნამდვილად არ ვიქნებოდი.
- ქართველ ჟურნალისტებთან ურთიერთობა იშვიათად გაქვთ. რატომ?
- მასმედიის მნიშვნელობა კარგად მესმის. კალათბურთელებსა და გულშემატკივარს შორის კომუნიკაცია სწორედ ჟურნალისტების მეშვეობით ხდება. თქვენს კოლეგებთან იშვიათი კონტაქტის მიზეზი ჩემი ქედმაღლობა ან ჟურნალისტების მიმართ უპატივცემულობა არ გეგონოთ. უბრალოდ, მინდა, კალათბურთელებმა ილაპარაკონ, ისინი წამოვწიო წინ... საქართველოს ნაკრებს სწორედ კალათბურთელები წარმოადგენენ. გუნდი მოთამაშეების არის და არა მწვრთნელის. მწვრთნელი ვინ არის? ის მხოლოდ მიმართულებას აძლევს მოთამაშეებს...