"ფეხბურთი გვიყვარსო და ბილეთში 3 ლარის გადახდა არ უნდათ"(ექსკლუზივი)
"დღეს საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა იგივეა, პრემიერი იყო და ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გქონდეს"
რამდენიმე დღის წინ შოთა არველაძეს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. უფრო სწორად, რეჯებ თაიფ ერდოღანი "ქასიმფაშას" ახალი სპორტკომპლექსის გახსნის ცერემონიალს დაესწრო, არველაძე კი სტამბოლის ამ კლუბის მთავარი მწვრთნელია. ერდოღანი წარმოშობით ლაზია და როგორც შოთამ გვითხრა, ჩვენებურს ორიოდე სიტყვა ქართულადაც უთხრა.
- პრემიერ-მინისტრი "ქასიმფაშას" ახალი ბაზის გახსნაზე გვესტუმრა. სპორტული კომპლექსი ვაჩვენეთ, ვისაუბრეთ და ვივახშმეთ. ერდოღანი რიზეშია დაბადებული და ამბობენ, ქართული ფესვები აქვსო. სხვათა შორის, ქართულად მომიკითხა - როგორაი ხარო...
- საქართველოს ნაკრების ბოლო მატჩები თუ ნახეთ?
- ჩვენი ნაკრებისგან ახალს და განსაკუთრებულს არც არაფერს ველოდი. სანამ ნაკრებს ქეცბაია ჩაიბარებდა, ყველა დიდი ანგარიშით გვიგებდა, ახლა კი გუნდს უკვე აქვს თავისი ხელწერა: ბრძოლისუნარიანი, ორგანიზებული გუნდია ნაკლები იმპროვიზაციით. ფინეთთან მოგება ძალიან გვჭირდებოდა, მაგრამ გუნდს სამ-ოთხ დღეში ვერ გარდაქმნი და არც გვყავს იმდენი შემქმნელი ფეხბურთელი, ჩვენ რომ გვინდა.
- ჩვენს გუნდს ეტყობოდა, ფინეთთან მოგება რომ სჭირდებოდა?
- მეტოქის მწვრთნელიც ხომ ეუბნება თავის მოთამაშეებს, შეუტიეთო და ამ ლოგიკით ყველამ უნდა მოიგოს. როგორ შეუტევ, როცა ოთხი წლის განმავლობაში ერთს აკეთებდი, უცებ კი ახლებურად თამაშს გთხოვენ?! ტაქტიკა ის კი არ არის, რასაც მწვრთნელი ეუბნება მოთამაშეებს, არამედ ის, რასაც ფეხბურთელები მოედანზე აკეთებენ! მცველებს რაც უნდა შეუძახო, შეუტიეთ და კარში დაარტყითო, თუ არ იციან და არ შეუძლიათ, წინ როგორ წავლენ? მცველს ეს თვისება თანდაყოლილი თუ არ აქვს, ვერ ასწავლი.
- გუნდში მხოლოდ მცველები ხომ არ არიან?
- ყველა ფეხბურთელს აქვს თავისი "პირადობის მოწმობა", ანუ თამაშის სტილი და ახლებურად თამაშს ვერ ასწავლი. არც მე მომწონს, ნაკრები ამდენი საყრდენი მცველით რომ თამაშობს, მაგრამ გვაქვს კი არჩევანი? სათადარიგო ფეხბურთელს რომ შეუშვებ მოედანზე და ხუთ წუთში აღარ ახსოვს, რა დაავალე, რა შედეგს უნდა ველოდოთ?! უთხრა ქეცბაიამ, წინ წადითო, მაგრამ ვერ მიდიან! ნახეთ სტატისტიკა - რამდენჯერ დაარტყეს კარში ბოლო მატჩებში ანანიძემ, თარგამაძემ, ოქრიაშვილმა? ბოლოს როდის გაიტანეს გოლები?
- ქართველები მაქსიმალისტები ვართ, მაგრამ გამარჯვება ფინეთსაც ხომ უნდოდა? ანდა, რის საფუძველზე ვითხოვთ ფინეთთან მოგებას?
- ფინელებს სხვა რომელ სფეროში ვჯობნით, ფეხბურთში რომ ვაჯობოთ? კი ბატონო, მათზე უკეთ ვიმღერებთ და ვიცეკვებთ, რადგან ამის ნიჭი გენში გვაქვს. პაიჭაძე, მესხი, ყიფიანი გვყავდა და გვგონია, რომ ფეხბურთის თამაშის უნარიც თანდაყოლილი გვაქვს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთი მხოლოდ მოედანზე გასვლა და თამაში აღარ არის! ჭიდაობა რომ იყოს, ქართველი ფინელს კისრულით წამოიღებდა, გუნდურ თამაშს კი სხვაგვარი ორგანიზება სჭირდება.
- რაც შოთა არველაძე წავიდა ნაკრებიდან, მისნაირი მეგოლე აღარ გამოჩენილა. საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირისთვის ჩვენი თავდასხმის თამაში როგორი საყურებელია?
- გულდასაწყვეტია, მაგრამ მჯერა, შემტევი თაობაც მალე გვეყოლება. საიმედო მეკარეს წლების განმავლობაში ველოდით, ახლა კი ერთბაშად გვყავს რამდენიმე კარგი გოლკიპერი. დარწმუნებული ვარ, შედეგიანი ფორვარდების თაობასაც მალე ვნახავთ.
- ბევრჯერ გითქვამთ, ხიზანიშვილია ერთადერთი მცველი, ვისაც შეტევაში ჩართვა შეუძლიაო. ზურამ კი ჩათვალა, რომ ნაკრებში მისი ადგილი აღარ არის...
- ზურა საფრანგეთთან მატჩში იმიტომ არ იყო მოედანზე, მეორე ყვითელი ბარათი რომ არ მიეღო. სამაგიეროდ, ფინეთთან უნდა ეთამაშა. თუმცა, როგორც ჩანს, ქეცბაიამ არ ისურვა იმ ფეხბურთელების შეცვლა, რომლებმაც ფრანგებისგან გოლი არ გაუშვეს და როცა შემადგენლობაში თავისი გვარი ვერ ამოიკითხა, ხიზანამ იფიქრა, რომ დახმარების ნაცვლად, პროცესს ხელს შეუშლიდა, რომ ნაკრებს აღარ სჭირდება და გუნდიდან წავიდა... შესაძლოა, სხვა ფაქტორებიც იყო. მანამდე კაპიტნის სამკლავურიც ხომ ჩამოართვეს, მაგრამ მაინც არ ვამართლებ - ავტობუსშიც უნდა ასულიყო და ნაკრებშიც დარჩენილიყო. მიმაჩნია, რომ ზურას კიდევ კარგა ხანს შეეძლო ნაკრებისთვის სარგებლობის მოტანა.
- მიმდინარე შესარჩევ ციკლში ხიზანიშვილი ბევრჯერ გააკრიტიკეს. თუნდაც იმისთვის, რომ თქვა - ნაკრებში პრემირების სისტემა ცუდი არ იქნებოდაო...
- შესაძლოა, ვიღაცამ არასწორად გაიგო, მაგრამ ზურას ეს არ უთქვამს! საერთოდ, ნაკრებში ამ საკითხზე კამათი არასდროს ყოფილა: იქნება პრემია? - ხომ კარგი, თუ არა და, უამისოდაც გულიანად ვთამაშობთ! მოგებული მატჩისთვის არგენტინელები ან გერმანელები პრემიას რომ იღებენ, თავიანთი სამშობლო ჩვენზე ნაკლებად უყვართ?!
- ნაკრების მწვრთნელს და უკმაყოფილო ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებამ "სერიალის" ფორმა მიიღო...
- ვინც მეტს ლაპარაკობს, ყოველთვის აგებს, მით უმეტეს - სპორტსმენი. მით უმეტეს, ქეცბაიამდე ჯერ ბევრი აკლიათ... ისე არ გამოვიდეს, თითქოს ვინმეს ვამადლით ჩვენს გატანილ გოლს ან კარგად თამაშს. ქინქლაძისნაირი ნიჭიერი ვინ გვყავდა, მაგრამ არ მახსოვს, გიოს ვინმესთვის დაეყვედრებინოს - ამდენი მოწინააღმდეგე მოვატყუე ან ინგლისში საუკეთესო გავხდიო. ვინც ამ ამბებში მონაწილეობს, ყველა დამნაშავეა. პასუხისმგებლობა მწვრთნელსაც მოეთხოვება, მაგრამ ზოგიერთი ფეხბურთელი "ფეისბუკში" რომ შედის, იმდენჯერ მოედანზე რომ გადიოდეს, რაღა უჭირს!
- მწვრთნელის სიტყვა კანონია, მაგრამ არც დასაკარგი ფეხბურთელები გვყავს... ნაკრების ინტერესისთვის დათმობაზე ორივე მხარე არ უნდა წავიდეს?
- ჩემი თაობის ფეხბურთელები ერთად ვიზრდებოდით, ნაკრების ამჟამინდელი მოთამაშეებიდან კი ზოგიერთები კარგად არც იცნობენ ერთმანეთს... ჩაიკეტებიან თავიანთ ოთახებში და ინტერნეტში ან ტელეფონში არიან შემძვრალი. ჩვენს დროს სად იყო ინტერნეტი და ტელეფონი? ჩავიდოდით სასტუმროს ჰოლში, ვლაპარაკობდით, ვხუმრობდით, ერთი გუნდი ვიყავით! არა მხოლოდ მოთამაშეები, მწვრთნელიც უნდა აცნობიერებდეს, რომ ახლა სხვა დროა, სხვა თაობა, სხვა ფასეულობები...
- როგორც ამბობენ, ქეცბაიას საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს. არადა, თავად ამბობს, შესაძლოა, ის რისკი, რაც საქართველოს ნაკრებში მუშაობაზე დათანხმებით გავწიე, ამ თანამდებობაზე აღებულ ხელფასად არც მიღირდესო...
- სხვისი ფულის თვლა გაცილებით ადვილია. ქეცბაიას იმხელა ხელფასი ნამდვილად არ აქვს, ასეთ აჟიოტაჟად რომ ღირდეს. თანაც, რაც შესთავაზეს, იმაზე ნაკლები აიღო და უფრო ნაკლები შეხვდა, რადგან სამწვრთნელო შტაბზეც გაანაწილა. ყველა ქეცბაიას მენეჯერი რომ გახდა, ბარემ, ამონაწერიც მოვთხოვოთ და გავიგოთ, რაში ხარჯავს ხელფასს... ის ხალხი, ქეცბაიას შემოსავალს რომ ითვლის, თავად როდის იყო ბოლოს სტადიონზე, ბილეთში ხუთი ლარი როდის გადაიხადეს?! ინგლისში მეოთხე ლიგის მატჩებზე ოჯახებით დადიან, ჩვენთან კი გაიძახიან - ფეხბურთი გვიყვარსო და ბილეთში 3 ლარის გადახდა არ უნდათ!
- თემურ ქეცბაიამ მუშაობა მომდევნო შესარჩევ ციკლშიც უნდა გააგრძელოს?
- შეუცვლელი არავინ არის, ფეხბურთი არც ქეცბაიას წასვლით დაიღუპება, მაგრამ თუ წავა, თემურს უნდა დაუფასდეს, რაც გააკეთა და უნდა გამოჩნდეს, რა ვერ შეძლო. ანდა, ჩივაძის და ყიფიანის გარდა, ქეცბაიას რომელ წინამორბედს ჰქონდა შედეგი? არც კუპერი და ტოპმიოლერი არიან ვინმეზე ნაკლები მწვრთნელები, მაგრამ გაიყვანეს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე?
თუ დარჩება, თემური ალბათ, თავის შეცდომებსაც გაითვალისწინებს, თუ არა და... იგი წავა და სხვა მოვა...
- თავად თუ გიფიქრია საქართველოს ნაკრების მწვრთნელობაზე?
- არა, ამაზე ჯერ არ ვფიქრობ.
- მაინც, რა არის საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა? სასჯელი, პატივი, პასუხისმგებლობა...
- საქართველოს ნაკრების მწვრთნელობა იგივეა, პრემიერ-მინისტრი იყო, ოღონდ, ბიუჯეტში სერიოზული გარღვევა გქონდეს (იცინის)!
- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები იცვლებიან, რეზო არველაძე კი სულ გენერალური მდივანია, ახლა არჩილიც დაემატა (არჩილ არველაძე სფფ-ის სპორტულ დირექტორად რამდენიმე კვირის წინ დაინიშნა. - ავტ.) და ქართულ ფეხბურთში სულ არველაძეები არიანო - ბევრისგან გამიგია...
- და არ არიან წარმატებული?! თუ ვინმე ფიქრობს, რომ რეზო თავის საქმეს თავს ვერ ართმევს, ხმამაღლა თქვას. კარგი იქნება, თუ დაინტერესდებიან, რატომ არ იღებს აჩი სფფ-ში ხელფასს, რა სიახლეები დაინერგა მისი მისვლის შემდეგ ფედერაციაში და ა.შ. ვინმეს ქართულ ფეხბურთში საქმის კეთება უნდა და არველაძეები უშლიან ხელს?!