სიამოვნებით მივაყენებდი ბულდოზერს და ყველა ციხეს დავანგრევდი! (ექსკლუზივი)
"ციხეში ბევრ რაღაცას სწავლობ, თავისუფლების ფასსაც მერე ხვდები, მაგრამ არავის ვუსურვებ, ასეთი "ცოდნა" მიიღოს..."
"როგორი ფეხბურთელებიც გვყავს, შედეგიც ისეთივეა!"
"გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ - ზოგი დააშინეს, სხვებმა თავად არ ისურვეს ჩარევა"
იანვარში ერთი წელიწადი გახდება, რაც გიორგი დემეტრაძემ სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი 2010 წელს ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, თუმცა, გისოსებს მიღმა მისჯილი ვადის მხოლოდ ნახევარი გაატარა და მიმდინარე წლის 13 იანვარს ამნისტიით გათავისუფლდა... შეცვალა თუ არა პატიმრობაში გატარებულმა წლებმა, ვინ გაუცრუა იმედი და რას ფიქრობს გიორგი დემეტრაძე საქართველოს ნაკრებზე, ინტერვიუში წაიკითხავთ.
- საპატიმროდან გამოსვლისას თქვი - დღემდე ვერ ვხვდები, რისთვის ვიყავი დაპატიმრებულიო... ვერც ამ ერთი წლის განმავლობაში "მიხვდი"?
- თავად კი ვიცი, უდანაშაულო რომ ვარ, მაგრამ მინდა, ეს ოფიციალურადაც დამტკიცდეს! ამიტომაც ველი მოუთმენლად სასამართლო პროცესს...
- ოდესმე გიფიქრია, რომ საპატიმროში აღმოჩნდებოდი?
- ისე არ მიცხოვრია, ასეთ რაღაცაზე მეფიქრა. მთელი ცხოვრება ფეხბურთს რომ თამაშობ, ციხეში მოხვედრა წარმოუდგენელი ჩანს, თუმცა, თურმე, ცხოვრებაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მთავარია, რომ გავუძელი იმ საშინელებას...
- "ქურდულ სამყაროსთან კავშირის" რა გითხრა, მაგრამ ის კი ყველამ იცის, გიორგი დემეტრაძე ტოტალიზატორის ხშირი სტუმარი რომ იყო...
- ტოტალიზატორში მთელი მსოფლიო თამაშობს და დასაჭერია ამისთვის ხალხი?! მაგრამ
წინა ხელისუფლებას ისეთი ავადმყოფური პოლიტიკა ჰქონდა, ვინც მოუნდებოდათ, იმას უსწორდებოდნენ. მე კი არა, მზესუმზირის გამყიდველს იჭერდნენ...
- პატიმრობისას გიორგი დემეტრაძეს ყველა ის ადამიანი დაუდგა გვერდით, ვინც უნდა დასდგომოდა?
- ასე რომ ყოფილიყო, ციხის კარამდე არც მივიდოდი... მართალია, ვისაც მეტი ეკუთვნის, მისგან მეტს ელი და გულნატკენიც რჩები, მაგრამ მათიც მესმის... გმირობას ყველას ვერ მოსთხოვ - ზოგი დააშინეს, სხვებმა თავად არ ისურვეს ჩარევა და ა.შ.
- ცნობილია, რომ ციხეში საკმაოდ კარგი საფეხბურთო გუნდი გყავდათ. სტუმრად მოსულ პროფესიონალ ფეხბურთელებს მართლა მოუგეთ?
- კარგი გუნდი გვყავდა: ზოგი ყოფილი ფეხბურთელი იყო, სხვები, უბრალოდ მოყვარულები. სხვათა შორის, მე და თბილისის "დინამოს" ყოფილი მფლობელი მერაბ რატიანი ერთ საკანში ვიყავით... ვარჯიშის და თამაშის შესაძლებლობა მხოლოდ პატიმრობის ბოლო თვეებში, "ზონაზე" ყოფნის დროს მომეცა, თორემ მანამდე, ორი წლის განმავლობაში, ბურთი არც მინახავს. ზონაზე პროფესიონალი მოთამაშეები 8:7 დავამარცხეთ. ცნობისთვის, მათ შორის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელებიც იყვნენ (იცინის).
- შეგცვალა ციხეში გატარებულმა წლებმა?
- პიროვნულად რა შემცვლიდა?!
მძიმე პირობებში ყოფნა გაძლიერებს, მოტივაციას გმატებს, თორემ სხვა მხრივ, როგორიც ვიყავი, ისეთად დავრჩი...
ჩემთან ერთად სასჯელს ძალიან ბევრი უდანაშაულო ადამიანი იხდიდა და მათგან ბევრი ვისწავლე. ციხეში ბევრ რაღაცას სწავლობ, თავისუფლების ფასსაც მერე ხვდები, მაგრამ არავის ვუსურვებ, ასეთი "ცოდნა" მიიღოს... დიდი სიამოვნებით მივაყენებდი ბულდოზერს და ყველა ციხეს დავანგრევდი!
- ისეთი უნამუსო არ ვარ, 36 წლისამ ფეხბურთელის კარიერა გავაგრძელოო, მაგრამ... ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე მაინც ხომ თამაშობ?
- რა თქმა უნდა, მეგობრები ხშირად ვთამაშობთ ხოლმე. ლევან ცქიტიშვილი, კახა კალაძე და ჩვენი თაობის სხვა ცნობილი მოთამაშეებიც მოდიან...
- კარიერის თავიდან დაწყება რომ შეგეძლოს, შეცვლიდი რამეს?
- ალბათ, შემეძლო მეტის გაკეთება, თუმცა, ფეხბურთელები კარიერის დასრულების მერეღა ხვდებიან, რომ ამა თუ იმ შემთხვევაში სხვაგვარად მოქცევა ჯობდა... ამის მიუხედავად, კარიერაზე საწუწუნო ნამდვილად არაფერი მაქვს. ყველა საკლუბო ტურნირზე მითამაშია, ოცნებად მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში დამრჩა...
- ამას წინათ საფეხბურთო აგენტმა დიმიტრი სელიუკმა თქვა - იმ ქართველი ფეხბურთელებისგან, ვისთანაც ურთიერთობა მქონია, დემეტრაძე ყველაზე "კაშკაშა" იყოო... თავად რას იტყვი, რომელ კლუბში იყავი ყველაზე "კაშკაშა"?
- ყველაზე კარგად ვლადიკავკაზის "ალანიაში" და დონეცკის "მეტალურგში" ვთამაშობდი და ვგრძნობდი თავს! ორივეგან ძალიან მეგობრული, შინაურული ატმოსფერო იყო.
- კიევის "დინამო" გამოგრჩა?
- კიევიც კარგად მახსენდება, მით უმეტეს, "დინამოს" შემადგენლობაში გოლები ჩემპიონთა ლიგაზეც გავიტანე, მაგრამ უკრაინის დედაქალაქში მხოლოდ ერთი წელი გავატარე, ვლადიკავკაზსა და დონეცკში კი გაცილებით დიდხანს ვიყავი... 1997 წელს როტერდამის "ფეინოორდში" რომ წამიყვანა სელიუკმა, ძალიან პატარა ვიყავი და გამიჭირდა უცხო ქვეყანაში მარტო ცხოვრება. ამას ტრავმაც დაერთო... საბედნიეროდ, მალევე გამოჩნდა "ალანიას" ვარიანტი და პროფესიონალ ფეხბურთელად, ფაქტობრივად, ვალერი გაზაევის ხელში ჩამოვყალიბდი. ვლადიკავკაზში მართლა კარგად ვთამაშობდი, საუკეთესო ბომბარდირი გავხდი და კიევის "დინამომ" ჩემს ტრანსფერში სწორედ მაშინ გადაიხადა რეკორდული თანხა. კიევიდან "რეალ სოსიედადში" გადავბარგდი და გავხდი პირველი ქართველი, ვინც ესპანეთის ჩემპიონატში ითამაშა!
- რატომ ვერ ააწყვე კარიერა ბასკურ კლუბში?
- "სოსიედადში" ლეგიონერებზე ლიმიტი იყო დაწესებული და არაევროკავშირელებს დიდი ბრძოლა გვიწევდა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად. მერე მენისკის ოპერაციაც დამჭირდა და წამოვედი... თუმცა, ესპანეთში ერთი გოლის გატანა მაინც მოვასწარი.
- მას მერე რუსულ, უკრაინულ, ებრაულ, აზერბაიჯანულ კლუბებში თამაშიც მოასწარი, კარიერა კი ცხინვალის "სპარტაკში" "დაასრულე"...
- კი არ დავასრულე, დამასრულებინეს! რამდენიმე უცხოური კლუბის მიწვევა მქონდა, საქართველოში კი ფორმის შესანარჩუნებლად დავრჩი, მაგრამ... საზღვარგარეთული კლუბის ნაცვლად, გლდანის ციხის "ბ" კორპუსში, 97-ე საკანში აღმოვჩნდი...
- საქართველოს ნაკრების თამაშზე რას იტყვი?
- დღეს საქართველოს ნაკრები ყველაზე მეტად კარგი ფეხბურთელების სიმცირეს განიცდის. შესაბამისად, დაბალია თამაშის ხარისხიც. გაიხსენეთ, რა დონის კლუბებში თამაშობდნენ ქართველი ფეხბურთელები წინათ და სად თამაშობენ დღეს. როგორი ფეხბურთელებიც გვყავს, შედეგიც ისეთივეა!
- გამოდის, ნაკრების მწვრთნელს ტყუილად აკრიტიკებენ?
- მწვრთნელია და უნდა გააკრიტიკო, მაგრამ ყველაფრის ქეცბაიასთვის დაბრალება არასწორია.
მთელი თამაშის განმავლობაში გუნდი ერთზე მეტ სახიფათო მომენტს რომ ვერ შექმნის, რაღაზეა ლაპარაკი?!
შესაძლოა, დაცვაში არ ბრწყინავდა, მაგრამ აქამდე საქართველოს ნაკრები უტევდა მაინც, შეტევა და ბურთის კონტროლი შეეძლო, ახლა კი... თუ მაღალი კლასის შემტევები არ გყავს, შეტევა თუ არ იციან, რამდენიც უნდა მოსთხოვო, წინ როგორ წავლენ?!
- უცხოელი მწვრთნელების ხელმძღვანელობით ნაკრებშიც ხომ გიმუშავია? საქართველოში რატომ ვერ მიაღწიეს წარმატებას ბოსკამპმა, ტოპმიოლერმა, ჟირესმა...
- ჩანს, მძიმე ხალხი ვართ...
ერთი უცხოელი მწვრთნელიც რომ ვერ შეგეწყობა, პრობლემა საკუთარ თავში უნდა ეძებო!
ჯერ ჩვენში ვეძებოთ მიზეზი და სხვებს მერე ვაბრალოთ...