"ვიცი, ბევრი იტყვის - რაღა დროს კურტანიძის ჭიდაობააო"
"დანაშაული არავის წინაშე არ მიმიძღვის, ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ, მაგრამ... ვისაც დანახვა არ უნდა, მას გინდ მუხლი მოუდრიკე და გინდ ქედი მოუხარე..."
"ადვილად შემეძლო მომეძებნა ის ხალხი, ვინც 26 მაისს ჯოჯოხეთში გამატარა, მაგრამ ერთი მათგანისთვისაც კი არ მომითხოვია პასუხი. მეტიც, მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ კონდიციაში ყოფნაზე ვზრუნავ და ეს ყველაზე დიდი პასუხია ჩემგან!"
გასულმა სეზონმა ქართული ძიუდოს ტრიუმფით კი ჩაიარა, მაგრამ 2013 წელი მაინც ჭიდაობამ "დახურა" - ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა სწორედ წლის ბოლო დღეს გაგვიმხილა, რომ აქტიურ სპორტს უბრუნდება! დიახ, რამდენიმეწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, 41 წლის ლუკა კურტანიძე ტატამზე თებერვლის დასაწყისში ირანულ ტურნირზე გავა. დანარჩენს კი ფედერაციის პრეზიდენტთან ინტერვიუში წაიკითხავთ:
- მთელი წელი ინტენსიურად ვვარჯიშობდი, ნაკრებებთან ერთად რამდენიმე შეკრება გავიარე, მოჭიდავეებს სპარინგპარტნიორობას ვუწევდი... ფორმა აღვიდგინე და როცა მივხვდი, რომ ოპტიმალურ კონდიციაში ვარ, აქტიურ სპორტში დაბრუნება გადავწყვიტე. პირად მწვრთნელად რეზო მინდორაშვილი ავირჩიე. შევეცდები, 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში კონკურენცია ავამაღლო, თებერვლის დასაწყისში კი ირანში "ტახტის ტურნირზე" მოვსინჯავ ძალას...
- მოჭიდავის კარიერის განახლება მხოლოდ კონკურენციის ასამაღლებლად გადაწყვიტეთ?
- როცა ამდენწლიანი კარიერის შემდეგაც მაქვს ჭიდაობის სურვილიც, სპორტული ჟინიც და რაც მთავარია, ჩემი ხალხის გახარების შესაძლებლობა, რატომ არ უნდა ვცადო?! ნებისმიერ ასაკში იმაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, შენი ქვეყნისთვის ბოლომდე რომ იხარჯები. მათ კი, ვინც წლების განმავლობაში ცდილობდა ჩემს წაქცევას, ქართველებისთვის ადათ-წესებისა და ფასეულობების დავიწყებას, ამ ნაბიჯით ვაჩვენებ - ქართული სული ვერ გატეხეს და ვერც ვერასოდეს გატეხენ!
- როგორ ფიქრობთ, 41 წლის ასაკში ტატამზე თქვენს დაბრუნებას ადეკვატურად აღიქვამენ?
- ალბათ, ბევრი იტყვის, რაღა დროს კურტანიძის ჭიდაობააო... მაგრამ მინდა, იმ სპორტსმენებს, რომლებმაც ფარ-ხმალი ნაადრევად დაყარეს, ვუჩვენო, რომ ადამიანის შესაძლებლობები განუსაზღვრელია. თუ მოინდომებ, მაქსიმალურად დაიხარჯები და საქმეს სიყვარულით მიუდგები, ყველაფერი შესაძლებელია! ჭიდაობას ამის საჩვენებლად ვუბრუნდები...
- ამას იმიტომ გეკითხებით, რომ ბევრმა ვერც მაშინ გაგიგოთ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის გახსნისას სპორტის სასახლეში შეკრებილი მაყურებლის წინ დაიჩოქეთ და შენდობა ითხოვეთ...
- კი არ დავიჩოქე, მთელი საქართველოს წინაშე მუხლი მოვიდრიკე, სიმდაბლის და ერთიანობის მაგალითი რომ მეჩვენებინა... პირადი ტრაგედია, ჩემი უპატიებელი ტკივილი, რომელსაც დღესაც ვატარებ, გვერდით გადავდე. მიუხედავად იმ განსაცდელისა, რაც ბოლო წლებში გამოვიარე, მოვძებნე ძალა და მომავალ თაობას მიმტევებლობის მაგალითი ვუჩვენე! დანაშაული არავის წინაშე არ მიმიძღვის, ჯალათებს პატიება ჩემთვის უნდა ეთხოვათ, მაგრამ... ვისაც დანახვა არ უნდა, მას გინდ მუხლი მოუდრიკე და გინდ ქედი მოუხარე. გარდა იმისა, რომ ვემსახურები ჭიდაობის დიდ ფედერაციას, ჩემთვის უდიდესი პატივია ვემსახურო სახელმწიფოს ერთ-ერთ ძლიერ საყრდენს - შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც ჩემი ძირითადი ფუნქცია პოლიციელის ფიზიკური და ფუნქციონალური მდგომარეობის გაუმჯობესებაა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ შსს-ს პოლიციის აკადემია ის სასწავლებელია, საიდანაც ღირსეული, მაღალკვალიფიციური, განათლებული და რაც მთავარია, მორალურად ჯანსაღი პოლიციელი მიდის საზოგადოებაში. მინდა პირადად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს მადლობა ვუთხრა ამ დიდი ნდობისთვის. დიდი პატივია ჩემთვის ვიზრუნო იმ თანამშრომლებზე, რომლებიც თავიანთი სიცოცხლის ფასად მზად არიან ემსახურონ ჩვენს სამშობლოს. და ბოლოს, რომ დაბრუნდეს უკან დრო, კიდევ უფრო ეკლიან გზას გავივლიდი და ამ სიყვარულით მოვიპოვებდი თითოეული ადამიანისკენ გზას, შენდობის გზას. დღეს ამ გზას ვადგავარ და და ვისურვებდი, რომ ჩამოგვშორდეს ის ტკივილი, რომელიც წლებია თან გვდევს - მხოლოდ ასე შეიძლება ერთიანობა და მშვიდობა მოვიპოვოთ.
- შსს ახსენეთ... მართალია, რომ თავის დროზე, პოლიციის აკადემიაში მუშაობა შურისძიების მიზნით დაიწყეთ?
- არ არის მართალი! შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ყველასთვის მეჩვენებინა - ხელისუფლებაში ვარ და ადვილად შემეძლო მომეძებნა ის ხალხი, ვინც 26 მაისს ჯოჯოხეთში გამატარა, მაგრამ ერთი მათგანისთვისაც კი არ მომითხოვია პასუხი. მეტიც, მათ ჯანმრთელობაზე, ფიზიკურ კონდიციაში ყოფნაზე ვზრუნავ და ეს ყველაზე დიდი პასუხია ჩემგან! ვამაყობ, რომ მოვძებნე ძალა და ვამართლებ ხელისუფლების ნდობას.
- გასული წელი შევაფასოთ: როგორი იყო 2013 ქართული ჭიდაობისთვის?
- გასული წელი გარდამავალი იყო ქართული საჭიდაო სამყაროსთვის და მთლიანობაში, დამაკმაყოფილებლად ვაფასებ. თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე შვიდი მედალი (მათ შორის ორი ოქრო) მოვიპოვეთ. ტურნირის ორგანიზებითა და მაყურებელთა დასწრებით FILA-ში (ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაცია) ისეთი კმაყოფილი იყვნენ, ფედერაციის პრეზიდენტმა ნენად ლალოვიჩმა რამდენჯერმე თქვა, ეს ფირი ყველას უნდა ვაჩვენოთ, რათა ოლიმპიურ მოძრაობაში დაინახონ, რომ ჭიდაობა არის სპორტის სახეობა, რომელიც ძალიან უყვართო! ჭიდაობის მხარდაჭერისა და ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვისაც ლალოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამადლობელი წერილიც გამოუგზავნა. ბედნიერი ვარ, რომ ჭიდაობა ოლიმპიურ მოძრაობაში დარჩა და ამაში ქართველების წვლილიც არის!
- რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა მსოფლიო ჩემპიონატი, სადაც ქართველმა მოჭიდავეებმა მხოლოდ ერთი ბრინჯაოს მედალი წამოიღეს...
- შედეგით ყველანი უკმაყოფილო ვართ, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ქართულ დელეგაციაში არაერთი დებიუტანტი იყო და მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენს გამოსვლაზე ამანაც იმოქმედა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბოლო წლებში გაიყიდა ან გასხვისდა ბევრი ის კომპლექსი და დარბაზი, სადაც საჭიდაო სკოლები არსებობდა. მილიონნახევრიან ქალაქში მხოლოდ რამდენიმე საჭიდაო სკოლა იყო დარჩენილი და რა პროგრესზეა ლაპარაკი?! ამ ყველაფრის გამოსწორება ახლა გვიწევს. უპირველესად გავაკეთეთ რუკა, სადაც მთელი საქართველოს მასშტაბით აღვნიშნეთ საჭიდაო სკოლები, აღვრიცხეთ მოჭიდავეები და მწვრთნელები, შევქმენით ჭიდაობის განვითარების გრძელვადიანი და მოკლევადიანი პროგრამა, სხვადასხვა ხერხით ვცდილობთ ჭიდაობის პოპულარიზაციას... მადლობა საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ბრძანება გამოსცა სპორტსმენებისა და მწვრთნელების პრემიალური წახალისების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი სტიმულირებისთვის.
- რამდენიმე დღის წინ ნაკრებების ახალი მწვრთნელები დაამტკიცეთ...
- პირველად ბოლო წლებში ჭიდაობის ფედერაციამ მოამზადა ერთწლიანი ხელშეკრულებები, სადაც ახლებურად განისაზღვრა კრიტერიუმები და მოთხოვნები. 20-წლიანი მმართველობები წარსულს ჩაჰბარდა. ახლა დინამიკური ცვლილებების, ოპტიმალური კადრების შერჩევის დროა, ახალ თაობას მივეცით თავის გამოჩენის შესაძლებლობა. თუმცა, მუშაობის გაგრძელებას ძველი მწვრთნელებიც ჩვეულებრივ შეძლებენ...
- კლასიკოსთა ნაკრების სათავეში ბეგი დარჩიას დაბრუნება იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის წინ მისი გათავისუფლება შეცდომა იყო?
- არანაირად. ყველას მივეცით შესაძლებლობა, "გვერდიდან" დაენახა, გაეანალიზებინა ყველაფერი... თავად ბატონი ბეგისგან ვიცი, რომ ამ ერთი წლის განმავლობაში, ასეც მოიქცა. თანაც, მხოლოდ მწვრთნელებს კი არა, ნაკრების ყველა წევრს ველაპარაკები ხოლმე და ვიცი, რომელ მწვრთნელებთან მუშაობა სურთ. სპორტსმენები მხოლოდ გლადიატორები კი არა, ის ხალხია, ვისაც თავიანთი ქვეყნისთვის მაქსიმალურად დახარჯვა უნდათ და აუცილებელია, მან ავარჯიშოს, ვისთან მუშაობაც თავად სურთ. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე წარმატებული სპორტსმენების უმეტესობა ბეგი დარჩიას დაბრუნებას უჭერს მხარს და გადაწყვეტილება ამან მიმაღებინა!
- ფედერაციის სათავეში მოსვლისას თქვით, რომ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი საჭიდაო სამყაროს გაერთიანება იყო, მაგრამ კონფლიქტებს მაინც ვერ ასცდით...
- იმიტომ, რომ სპორტსმენ ლუკა კურტანიძეს კარგად იცნობდნენ, ფედერაციის ხელმძღვანელს კი - არა... ამიტომაც ბევრი შრომა დამჭირდა იმის საჩვენებლად, რომ საქმეს სწორად ვუძღვები. ისიც ფაქტია, რომ ამხელა ბიუჯეტი საქართველოს ჭიდაობის ფედერაციას არასდროს ჰქონია! თქვენ მიერ ნახსენები კონფლიქტების მიუხედავად, პრეზიდიუმის წევრებმა ისეთი ნდობა გამომიცხადეს, ნამდვილად რომ არ ველოდი... ერთწლიანმა მუხლჩაუხრელმა მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და დღეს ამაყად შემიძლია ვთქვა - დღეს ჭიდაობის სამყარო ერთიანია!
- ინდოეთში მოღვაწე ცნობილი მწვრთნელის, ვლადიმერ მესტვირიშვილის საქართველოში დაბრუნების საკითხი დადებითად გადაწყდა?
- ამ დღეებში სპორტის მინისტრთან შეხვედრაზე 2014 წლის ბიუჯეტი უნდა განვიხილოთ და ერთ-ერთი საკითხი ბატონი ვლადიმერის დაბრუნებაც იქნება, რომელსაც სამივე ნაკრების მთავარი მრჩევლის თანამდებობა შევთავაზეთ! ბატონი ლევან ყიფიანისგან თანადგომას სულ ვგრძნობთ და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც დადებითად გადაწყდება.