"ტოჩინოშინს" დაგარქმევთ - იაპონური გული რომ გქონდესო"
"ქართველებს ზრდილობა და უფროსის პატივისცემა არ გვეშლება, მაგრამ იაპონელები დღემდე ახერხებენ ჩემს გაკვირვებას!"
"ნაგოიის ბაშოს მოგების შემდეგ კი ერთი წლის სამყოფი მაკარონითაც დამაჯილდოეს"
ტოკიოს ბაშოზე (სუმოს სუპერ-ტურნირი, რომელიც ორ თვეში ერთხელ იმართება და 15 დღე გრძელდება. - ავტ.) ფანტასტიკურად იჭიდავა ლევან გორგაძემ ("ტოჩინოშინი"). ქართველი სუმოისტი ზედიზედ მეორედ გახდა რანგით მეორე დივიზიონ "ჯურიოს" ჩემპიონი, დაიბრუნა ადგილი ელიტურ დივიზონ "მაკუუჩიში" და რაც მთავარია, გახდა პირველი ქართველი, ისტორიაში კი - მეხუთე სუმოისტი, ვინც თხუთმეტიდან თხუთმეტივე ორთაბრძოლა მოიგო "ჯურიოში" და ბაშო 15:0 ბალანსით დაასრულა! 13 ოქტომბერს "ტოჩინოშინი" 27 წლის გახდა და თუ გამოცდილ იაპონელებს ვერწმუნებით, მომდევნო სამი-ოთხი წელი საუკეთესო უნდა იყოს მის კარიერაში... ლევანსაც ამის იმედი აქვს:
- აქაურები მეუბნებიან, რომ სუმოისტებს კარიერის საუკეთესო წლები 27-30 წლის ასაკში უდგათ... იმედია, მომდევნო წლები კიდევ უფრო წარმატებული იქნება ჩემთვის...
- თუმცა, ტოკიოს ბაშოზეც ჩინებულად იასპარეზე და გახდი პირველი ქართველი, ვინც ტურნირი 15:0 ბალანსით დაასრულა!
- დიახ, ქართველებიდან პირველი ვარ. საერთოდაც, ასეთი ბალანსით, "ჯურიო" სულ ხუთ სუმოისტს აქვს მოგებული. ბოლოს ეს რვა წლის წინ - "ბარუტომ" (ესტონელი კაიდო ჰოოველსონი. - ავტ.) მოახერხა...
- "მაკუუჩიში" "მშრალი" ბალანსი ხშირია, "იოკოძუნა" ("დიდი ჩემპიონი") ხომ თითქმის არ აგებს. აი, "ჯურიოში" კი გაცილებით თანაბარი დონეა და თხუთმეტივე ორთაბრძოლის მოგება მართლაც გმირობის ტოლფასია... მით უმეტეს, დივიზიონის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდი.
- ნაგოიის ბაშო 13:2 ბალანსით დავასრულე, ამჯერად კი ყველა ორთაბრძოლა მოვიგე. როგორც იცით, მძიმე ტრავმა მქონდა, ორი ოპერაცია და ოთხი ბაშოს გამოტოვება მომიხდა. ამის გამო რეიტინგში ისე დავქვეითდი, "მაკუშიტაში" - 45-ე ნომრამდე ჩამოვედი, მერე კი ლამის "სანდანმედანაც" ("მაკუშიტა" და "სანდანმე" - რანგით მესამე და მეოთხე დივიზიონი. - ავტ.) გავვარდი. ტრავმის შემდეგ, კარიერის დასრულებაზეც კი დავფიქრდი, მაგრამ მეგობრებმა და ჩემი კლუბის პრეზიდენტმა გადამაფიქრებინეს. ძიუდოში ჩემს ყოფილ მწვრთნელ გივი იშხანიშვილთან მეგობრობას დღემდე ვაგრძელებ და მანაც მითხრა, სპორტს ერთი წელი კიდევ აჩუქეო.
- ცნობილია, რომ "იმპერატორის თასის" (უმაღლესი ჯილდო სუმოში. - ავტ.) და ფულადი პრიზის გარდა, ტურნირის სპონსორები უამრავ ბრინჯს, ლუდსა და ა.შ. ჩუქნიან "იოკოძუნას". "ჯურიოში" როგორ არის ამ მხრივ საქმე?
- ძირითადად, მხოლოდ თასი და ფულადი პრიზებია. ტოკიოშიც ასე იყო. აი, ნაგოიის ბაშოს მოგების შემდეგ კი ერთი წლის სამყოფი მაკარონითაც დამაჯილდოეს (იცინის). რეიტინგს რაც შეეხება, ახალი "ბანძუკე" (სუმოს რეიტინგ-ლისტი. - ავტ.) ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ როგორც მეუბნებიან, მეშვიდე ან მერვე ნომერი გავხდები.
- ცხრა წელიწადია, სუმოში ხარ. უცხოელი სპორტსმენების მომრავლების გარდა, ბოლო წლებში, რა შეიცვალა სუმოს სამყაროში?
- წესების მხრივ თითქმის არაფერი. ისე კი, ცვლილებები მაინც არის. მაყურებელთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო. თუმცა, ერთი წელიწადია, იაპონელები ისევ მოაწყდნენ სუმოს დარბაზებს. მაგალითად, ტოკიოს ბაშოზე ბილეთების შოვნაც კი ჭირდა - 1300-კაციანი დარბაზი მთელი ტურნირის განმავლობაში გადაჭედილი იყო!
- რით გამოირჩევა "იოკოძუნა" სხვა სუმოისტებისგან? "დიდი ჩემპიონი" მასზე ტანმაღალ და მძიმე მეტოქეებსაც იოლად ამარცხებს...
- "ჰაკუჰო" ყველასგან გამორჩეული, უძლიერესი სპორტსმენია. რაც მთავარია, ძალიან კარგი ადამიანია და სუმოისტები უპირველესად სწორედ ამიტომ ვცემთ პატივს. სისხლში თუ არა გაქვს ეს, მხოლოდ ფიზიკური მონაცემებით ვერ გახდები "იოკოძუნა".
- იაპონელები არ ბრაზდებიან, ბოლო წლებში სულ მონღოლ სუმოისტებს რომ აქვთ "იოკოძუნას" ტიტული?
- სუმო იაპონური სახეობაა და ბუნებრივია, იაპონელებს უნდათ, "იმპერატორის თასი" მათ თანამემამულეს ეპყრას, მაგრამ...
- "გაგამარუს" (თეიმურაზ ჯუღელი) აშკარად ცუდი დრო უდგას - ელიტური დივიზიონიდანაც გავარდა...
- ყველა სპორტსმენს აქვს აღზევების და ჩავარდნის პერიოდები. დარწმუნებული ვარ, გაგა ძალიან მალე დაუბრუნდება ელიტას.
- საქართველოში ბევრმა ჯერ კიდევ არ იცის, რას ნიშნავს იაპონურ ენაზე "შიკონა" (სახელი, რომლითაც სუმოისტი ასპარეზობს. - ავტ.) "ტოჩინოშინი"...
- "ტოჩინოშინი" იმავე იეროგლიფებით იწერება, როგორც სიტყვა "გული". რაკიღა ჩემი კლუბის (ლევანი კლუბ "კასუგანო ბეიას" წევრია. - ავტ.) ისტორიაში პირველი უცხოელი სუმოისტი ვარ, კლუბის პრეზიდენტმა მითხრა, პირველი უცხოელი ხარ და "იაპონური გული" რომ გქონდეს, "ტოჩინოშინს" დაგარქმევთო!
- 2013 წლის ივლისის ბაშოს დროს ჯურიოს დივიზიონი იაპონელმა შოთა ენდომ მოიგო! როგორ ჩანს, ლეგენდარული ქართველი ძიუდოსიტის, შოთა ჩოჩიშვილის სეხნია იაპონიაში დღემდე ბევრია...
- მეც ასე ვიცოდი, რომ იაპონელები შოთა ჩოჩიშვილის პატივსაცემად არქმევდნენ შვილებს მის სახელს... მაგრამ როცა აქ ჩამოვედი და ვიკითხე, მითხრეს, რომ იაპონიაში ეს სახელი სახელგანთქმული ქართველი ძიუდოისტის დაბადებამდეც გავრცელებული იყო...
- ძალიან გაგიჭირდა იაპონიასთან შეგუება?
- თავდაპირველად გამიჭირდა - სხვა სამყაროში, სრულიად განსხვავებული კულტურისა და ტრადიციების ქვეყანაში მოვხვდი. არც იაპონური ენა ვიცოდი და ვერ ვიგებდი, როდის უნდა გამეღვიძა, მესაუზმა, მევარჯიშა... იაპონიაში ჩამოსვლამდე უმი არასოდეს არაფერი მეჭამა. აქ კი კერძების უმეტესობა უმი თევზის, ხორცის, ზღვის პროდუქტებისგან მზადდება და...
- სუმოისტების კვების რაციონზე ლეგენდებს ჰყვებიან... სინამდვილეში რით იკვებებით?
- (იცინის). გაინტერესებთ, მართლაც სპეციალურად "გვასუქებენ" თუ არა? ვარჯიშს და ორთაბრძოლებს იმდენი ენერგია მიაქვს, თუ კარგად არ იკვებები, ვერ ივარჯიშებ! თუ შეგატყვეს, რომ "უჭმელი" ხარ, მიგითითებენ, მეტი მიირთვიო, თორემ წონის მოსამატებლად სპეციალურად ნამდვილად არ ვჭამთ ცხიმიან საჭმელს... რაციონი? - ჩვენც იმავე კერძებს მივირთმევთ, რასაც "ოჯახის" სხვა წევრები. "კასუგანოში" 25 სუმოისტი ვართ, კლუბის პრეზიდენტი და მისი ცოლ-შვილიც ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. ერთი დიდი ოჯახი ვართ...
- არის ისეთი რამ, რაც დღემდე გაკვირვებს იაპონიაში?
- ქართველებს ზრდილობა და უფროსის პატივისცემა არ გვეშლება, მაგრამ იაპონელები დღემდე ახერხებენ ჩემს გაკვირვებას! იაპონიაში სალამს "აისაცი" ჰქვია და თავისებური წესები აქვს. მაგალითად, კლუბის პრეზიდენტი დღის განმავლობაში ათჯერ რომ შეგხვდეს, სალამი ათივეჯერ უნდა უთხრა. თანაც, დილით სხვა სიტყვებით უნდა მიესალმო, შუადღისას და საღამოს - სხვაგვარად და ა.შ... მისალმებისას თავის დახრას ისე ვარ მიჩვეული, როცა საქართველოში ჩამოვდივარ, მეგობრები მეხუმრებიან, რამდენჯერ უნდა დახარო თავი, კისერი არ გეტკინაო (იცინის)?
- იაპონელებმა საქართველოს შესახებ რა იციან?
- აქ ბევრისგან გამიგია, სანამ იაპონიაში "კოკაი" (ლევან ცაგურია) ჩამოვიდოდა, საქართველოს შესახებ გაგონილიც არ გვქონდაო. ზოგს, ვინც იცის, რომ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ვიყავით, ჰგონია, რომ ჩვენც რუსები ვართ და უბრალოდ, სსრკ-ს გამოვეყავით. ყველას ვეუბნები, რომ რუსი კი არა, ქართველი ვარ, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყნიდან!
ყველაფერს მივეჩვიე, მაგრამ ოჯახის წევრების, მეგობრების მონატრება ვერაფერმა გამინელა! უფალმა დამიფაროს, რომ ეს მონატრება ოდესმე გამინელდეს - გადავჯიშებულვარ და ეგაა...
- ბოლოს როდის იყავი საქართველოში?
- სამი წლის წინ... მართალია, ბაშო ორ თვეში ერთხელ იმართება, მაგრამ შუალედებში იმდენ შეკრებას, ვარჯიშსა და საჩვენებელ მატჩს ვმართავთ, საქართველოში რამდენიმე დღით ჩამოსვლასაც ვერ ვახერხებ. თუმცა, კლუბის პრეზიდენტი შემპირდა, რომ მომავალი წლის მაისში აუცილებლად გამომიშვებს სამშობლოში...
- 13 ოქტომბერს 27 წლის ხდები... როგორია ქართველი სუმოისტის დაბადების დღე იაპონიაში?
- ორშაბათს საჩვენებელი მატჩებია დანიშნული, საღამოს კი "გაგამარუსთან", ბულგარელ "აოიამასა" და სხვა მეგობრებთან ერთად საკეთი აღვნიშნავთ ჩემს დაბადების დღეს... აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და "კვირის პალიტრის" მეშვეობით მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ წლების განმავლობაში გვქომაგობდა და გვამხნევებდა სიტყვით, სატელეფონო ზარით თუ სპორტულ ვებგვერდებზე გამოქვეყნებული კომენტარებით.