შოთა არველაძე: "შეიძლება, გაუთავებლად იმაზე ლაპარაკი, რომ მოვკვდით, გავთავდით, უფსკრულში ვართ?!"
"საქართველოში ყველა საინფორმაციო გამოშვება აუცილებლად სიკვდილსა და პანაშვიდზე ლაპარაკით იწყება, აბა, იმას ხომ არ იტყვიან, რომ ვიღაცას ტყუპი შეეძინა, ბედნიერ დედას ხომ არ აჩვენებენ?! მე კი აღარ მინდა, პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გაუთავებელ ლაპარაკს ვუსმინო."
შოთა არველაძე "ტრაბზონსფორში" დაბრუნდა. გუნდში, საიდანაც ის და მისი ტყუპისცალი მთელმა თურქეთმა გაიცნო და შეიყვარა, ქალაქში, სადაც არველაძეები დღემდე ფანატიკურად უყვართ... ღირდა თუ არა ამ სიყვარულის სასწორზე შეგდება? ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ღირდა! "რეალზეც" ბევრი რამ ვიცი და "ბარსელონაზეც", მაგრამ კაცი რეალობას არ უნდა გასცდეს", - დარწმუნებულია "ტრაბზონსფორის" ახალი თავკაცი. რეალობას არა, მაგრამ თურქეთს უკვე გასცდა შოთა არველაძე და მისი ძველ-ახალი კლუბი ევროთასებისთვის ჰოლანდიაში ემზადება. თუმცა, შოთას სხვა თემებზეც ველაპარაკეთ:
- თურქ ჟურნალისტებს უთხარი, ტრაბზონიდან არსად წავსულვარო... მართლაც ასეთი შეგრძნება გაქვს?
- ჩემი ნათქვამი არასწორად ითარგმნა. სინამდვილეში, როცა ჯერ კიდევ კონტრაქტის გაფორმებამდე მკითხეს, შევუთანხმდი თუ არა კლუბს პირობებზე, ვუპასუხე, "ტრაბზონს" ყველაფერზე 25 წლის წინ შევუთანხმდი, შეუთანხმებელი აღარაფერი გვაქვს-მეთქი!
- აქამდე ტრაპიზონში მეტოქე გუნდის ფეხბურთელის ან მწვრთნელის რანგში ჩადიოდი, ამიერიდან კი ისევ "ტრაბზონელი შაითანი" იქნები!
- შევეცდები, "ტრაბზონსფორში" ჩემმა ნაჩვენებმა შედეგებმა არ გაახუნოს ის სიყვარული და პატივისცემა, რასაც მე და აჩი ამ ქალაქში წლებია, ვგრძნობთ... აქ მუშაობაზე დათანხმება ყველაზე მეტად სწორედ ამ სიყვარულის გამო მიჭირდა. მეც და ჩემმა ოჯახმაც კარგა ხანს ვიფიქრეთ, დავთანხმებულიყავი თუ არა, მაგრამ საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ არა გვაქვს იმის ფუფუნება, ასეთ დიდ კლუბებს უარი ვუთხრათ. კარგად ვიცი, რას ნიშნავს "რეალი", "ბარსელონა", მაგრამ ადამიანი რეალობას არ უნდა გასცდე!
- ანუ, მაინც გარისკე და "ტრაბზონში" დაბრუნდი!
- გააჩნია, რას ეძახით რისკს: "ვერა-რეჩკა" უკვე ისე დიდდება, ყიფშიძეზე ყოფნაც კი რისკია... ასე რომ, ამ ყველაფერთან შედარებით, "ტრაბზონსფორის" ჩაბარება რისკი კი არა, შოკოლადია (იცინის)!
- 18 წელიწადი ცოტა არ არის... შეიცვალა თურქი ქომაგების დამოკიდებულება თუ დღესაც ძველებური სიყვარულით გხვდებიან?
- ოდნავადაც არ შეცვლილან, ყველა ისევ ისე გეფერება, როგორც შვილს, ოჯახის წევრს, მეგობარს, თანაკლასელს... გკოცნიან, გეფერებიან, თან შინაურულად გეკითხებიან, ამდენ ხანს სად იყავი, სად დაიკარგეო...
- და რას პასუხობ, სად "დაიკარგა" შოთა არველაძე?
- თავად ხან სტამბოლში გადახვედით და ხან - ბათუმში, მე სად მეპატიჟებოდით, ვისთან ჩამოვსულიყავი-მეთქი (იცინის)?!
- "ტრაბზონის" სპორტულმა დირექტორმა სულეიმან ხურმამ თქვა, იმის გარდა, რომ შოთა მაღალი დონის მწვრთნელია, ხუთი ენა იცის და უცხოელ ფეხბურთელებთან ურთიერთობაც არ გაუჭირდებაო... ხურმას კარგად ეცოდინება, "ხურმა რა ხილია" - მხოლოდ პოლიგლოტობისთვის არ ჩაგიყვანდა ტრაპიზონში!
- მისი სიტყვებიც არასწორად თარგმნეს: კლუბის სპორტულმა დირექტორმა თქვა, შოთამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ პატარა გუნდებით დიდი შედეგის მიღწევა შეუძლია. გარდა ამისა, ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან კარგი უნარი აქვს და ამაში რამდენიმე უცხო ენის ცოდნაც ეხმარებაო. ანუ, სადაც ჩადის, იქაურ ქუდს იხურავსო, თორემ თარჯიმნად მომყავსო, არ უგულისხმია! ანდა, ასეთ რამეს როგორ იტყოდა?! ეს იგივეა, მწვრთნელზე რომ თქვა, კარგი მძღოლია, გუნდს დიდ სარგებელს მოუტანსო...
- "ქასიმფაშადან" წამოსვლის შემდეგ, ხან "ქაისერში" დაგაბრუნეს, ხან თელ-ავივის "მაკაბიში" ან "ოლიმპიაკოსში" დაგნიშნეს. საბოლოოდ, "ტრაბზონში" აღმოჩნდი...
- მე და კიდევ ორი მწვრთნელი "ქაისერის" განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დაგვაჯილდოეს. იმ პერიოდში უმუშევარი ვიყავი და ქაისერში რომ დამინახეს, ჩათვალეს, რომ კლუბში ვბრუნდებოდი... რაც შეეხება "მაკაბის", ჯორდი კრუიფმა რამდენჯერმე დამირეკა, ლაპარაკი იყო რუსულ კლუბებზეც, "ოლიმპიაკოსზეც", მაგრამ საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისია და ეს იქაურ ფეხბურთსაც დაეტყო.
- სწორედ იმ პერიოდში თქვი, მინდა, მომდევნო კლუბი გადამწყვეტი გამოდგეს ჩემს კარიერაშიო. რას გულისხმობდი?
- არ მინდოდა, არჩევანში შევმცდარიყავი... რამდენიმე თურქული კლუბი პირდაპირ მეუბნებოდა, კლუბი ჩაიბარე, 18 მოთამაშე გაუშვი და ახლები მოიყვანეო... მაგრამ აღარ მინდა! ყველაფრის ნულიდან დაწყება საქართველოში არ გვეყოფა?! ისეთ კლუბში მინდა მუშაობა, სადაც არის საფუძველი, ბირთვი, რომელსაც ჩემს რაღაცებს შევმატებ... ეს ვიგულისხმე...
- ე.ი. "ტრაბზონი" 18 ფეხბურთელს არ გაუშვებს?
- არც გაუშვებს და ამ ეტაპისთვის მხოლოდ "სევილიას" ყოფილი ნახევარმცველი, სტეფან მბია, დავიმატეთ. დრო ძალიან ცოტაა და ისე გამოდის, რომ თურქეთის ჩემპიონატისთვის მოსამზადებლად ევროთასების მატჩები უნდა გამოვიყენოთ.
- თბილისში გასამართი სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებულ აჟიოტაჟზე რას იტყვი?
- თბილისი ცხოველებით იყო სავსე, გმირთა მოედანზე ბეჰემოთი დარბოდა, ბევრისთვის გაუგებარი დარჩა, რატომ არ გამოვიყენეთ ვერტმფრენები და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ არსებობს რაღაცები, რაც არასდროს გაგიკეთებია და სანამ არ გააკეთებ, ვერ ისწავლი! შესაძლოა, მელიქიშვილის ქუჩაზე მილი გასკდა, მაგრამ ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მთავრობა არ მუშაობს და არაფერი კეთდება?! "გაჭედა biletebi.ge-მ, ისევე, როგორც შეიძლება გაითიშოს წყალი ან ელექტროენერგია. სპორტის მინისტრის პირდაპირი ჩართვისას სამინისტროში ელექტროენერგია გაითიშა... საიტმა "გაჭედა", რადგან ერთბაშად იმდენი მსურველი მიაწყდა, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის ბილეთებზე არ ხდება ხოლმე მსგავსი ამბავი... ახლა უკვე იციან, როგორ უნდა მოიქცნენ და მსოფლიო თასის ბილეთებსაც გაყიდიან, მაგრამ იმ მომენტში ვერ გაუძლო საიტმა და გაიჭედა... სხვათა შორის, ონლაინრეჟიმში რამდენიმე ათასი ბილეთი მაინც გაიყიდა, რადგან უცხოელებმა იციან, რომ 150 000 კაცმა საიტს ერთად არ უნდა "შეუტიოს".
- და ქართველებმა რა ვიცით?
- ყველაფრისგან აჟიოტაჟისა და სკანდალის შექმნა, ყურადღების მხოლოდ უარყოფითზე გამახვილება! საქართველოში ყველა საინფორმაციო გამოშვება აუცილებლად სიკვდილსა და პანაშვიდზე ლაპარაკით იწყება, აბა, იმას ხომ არ იტყვიან, რომ ვიღაცას ტყუპი შეეძინა, ბედნიერ დედას ხომ არ აჩვენებენ?! მე კი აღარ მინდა, პანაშვიდსა და დაკრძალვაზე გაუთავებელ ლაპარაკს ვუსმინო. ძალიან დამწყდა გული, როცა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში თემურ ქეცბაიას ჩართვას ვუყურე. არადა, კარიერის განმავლობაში სულ იბრძოდა, ძალიან ბევრჯერ მოიგო, სულ ოპტიმისტურად იყო განწყობილი... მინდა, როგორც ჩემს მეგობარს, ვუთხრა: თემურ, კი, წააგეს, მაგრამ სჯობს, წარსულს შევეშვათ, ახალ საქმეს მოჰკიდე ხელი და ისევ მოიგე, ამის თავი და შნო ნამდვილად გაქვს! შეიძლება, გაუთავებლად იმაზე ლაპარაკი, რომ მოვკვდით, გავთავდით, უფსკრულში ვართ?! ერთხელ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა, რა ეშველება უფსკრულში მყოფ ქართულ ფეხბურთსო? უფსკრულში თუ ვართ, წადი სამებაში და ილოცე, იქიდან ამოსვლის სხვა რა შანსი გვაქვს-მეთქი?!
- გვაქვს სხვა შანსი?
- როცა დიმიტრი რამიშვილი ხელმძღვანელობდა პროფესიული ფეხბურთის ლიგას, ეროვნული ჩემპიონატის საპრიზო ფონდი ერთი მილიონი იყო. ულამაზეს გალა-დაჯილდოებებსაც აკეთებდა, მაგრამ მაინც არავის მოგწონდათ. აღარ არის პფლ და ყველა მაინც მასზე ლაპარაკობს... მაგრამ უბედურება ის არის, რომ ერთი მინისტრი ერთს ამბობს, მეორე სრულიად საწინააღმდეგოს ამტკიცებს და ა.შ. გუშინდელი (ინტერვიუ ჩაწერილია 4 ივლისს. - ავტ.) გადაცემის დროს სპორტის მინისტრმა პირდაპირ ეთერში რომ თქვა, აჩიკო, შენგან კი არა, რეზოსგან ველოდი ზარსო, იმაზე რატომ არ ილაპარაკა, რა გააკეთა გიორგი ნემსაძის არჩევნების დროს!
- რა გააკეთა?
- დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს, მაგრამ კიდევ ვეუბნები: თუ ის არ ელოდა და მისთვის საკმარისი არ იყო აჩიკო არველაძის დარეკვა, ისიც თქვას, 2007 წლის არჩევნებზე როგორ მოიქცა. მისგან ნამდვილად არ ველოდი ასეთ საქციელს...
- გაუთავებელი პანაშვიდით ყველანი დავიღალეთ. მათ შორის, ქართული ფეხბურთის დაუსრულებელი პანაშვიდითაც... ხედავ პოზიტივს საქართველოს ნაკრებში?
- პოზიტივს იმაში ვხედავ, რასაც კახა ცხადაძე ამბობს: საქმისადმი თამამი, სწორი და სამართლიანი მიდგომა! ქვეყანაში ყველაფერი თანაბრად უნდა ვითარდებოდეს. შეუძლებელია, ერთმა ადამიანმა მარტომ ააშენოს რაღაც და ის უფასო გახდეს. სახელმწიფოს ჩარევის გარეშე არაფერი გამოვა. მართლა დავიღალე ამდენი პანაშვიდით და სულ იმის ძახილით, მოვკვდით და გავთავდითო... რატომ მოვკვდით?! არ მოდის ახალი თაობა, ხომ გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები? ბუზი სულ სიბინძურეს დაეძებს, ფუტკარი - ყვავილებსა და კეთილსურნელებას. მე ფუტკარი ვარ და ყვავილები და სუფთა ჰაერი მიზიდავს, მინდა, კარგი დავინახო, ბუზი კი წავიდეს და სიბინძურეში ჩაჯდეს! ე ლაპარაკი, რომ მოვკვდით, გავთავდით,უფსკრულში ვართ?!"