ზვიად სიჭინავა: "დავიჯერო, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ზვიად სიჭინავამ ბილეთები "მოტეხა" და ყიდის?!"
"სუპერთასის შემდეგ აღმასკომს მოვიწვევთ და არჩევნებს დავნიშნავთ"
"პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან!"
თბილისი კიდევ კარგა ხანს იცხოვრებს უეფას სუპერთასის მასპინძლობით გამოწვეული ეიფორიით. ასეთი რანგის მატჩების მასპინძლობა დიდი პატივიც არის და პასუხისმგებლობაც, მაგრამ... ქართულ ფეხბურთში 11 აგვისტოს შემდეგაც ძველი პრობლემები დარჩება და სფფ-ის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავასთან ინტერვიუშიც უფრო მეტი ამაზე ვილაპარაკეთ:
- არასასიამოვნო თემით დავიწყოთ - საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ დაქვეითდა რეიტინგში და 154-ე პოზიციაზეა...
- პირველი შემთხვევაა, როცა შესარჩევ ეტაპზე გრანდები აგვცდნენ, თორემ ბოლო წლებში უმეტესად უძლიერესი ნაკრებების წინააღმდეგ გვიწევდა თამაში და ეს რეიტინგზეც აისახა... დღეს ყველამ ისწავლა ფეხბურთის თამაში, წამყვან კლუბებში ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს ნახავთ, ჩვენ კი... კალაძის შემდეგ, ევროპის ძლიერ კლუბში ფეხბურთელი აღარ გვყოლია. კარგი თაობები ახლაც გვყავს, მაგრამ მათ გაზრდას ბევრი ფული სჭირდება!
- ოთხივე ქართული კლუბი პირველ ეტაპზე რომ გამოეთიშა ევროთასს, ამაში ვინ არის დამნაშავე?!
- არ ვეთანხმები შეფასებას, თითქოს ეს ყველაფერი ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების რაოდენობის გაზრდის ბრალია. როცა ჩემპიონატი 12-გუნდიანი იყო, რომელიმე ქართული კლუბი გავიდა ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე? შევადაროთ ქართული კლუბების ბიუჯეტი მათი მეტოქეებისას და მერე ვილაპარაკოთ. ეს იგივეა, "ჟიგულით" რომ მოინდომო "ფერარის" ჩამოტოვება...
- საქმეც ის არის, რომ წლები გადის და "ჟიგულს" ვერ გავცდით! არ შეიძლებოდა, უკეთეს ავტომანქანაში "გადავმსხდარიყავით", ქართული კლუბების მდგომარეობა ცოტათი მაინც გაუმჯობესებულიყო?
- ფედერაცია კლუბის მუშაობაში ვერ ჩაერევა - მეპატრონე ისე მართავს თავის კლუბს, როგორც იცის და შეუძლია...
- ესე იგი, ფიქრობთ, რომ 16-გუნდიანმა ჩემპიონატმა გაამართლა?
- გაამართლა. უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცა თამაშის შესაძლებლობა. წინათ კლუბები მხოლოდ გამოცდილ ფეხბურთელებს ათამაშებდნენ, ახალგაზრდებს კი შანსი არ ეძლეოდათ. დღეს სხვა ვითარებაა და გამოჩნდნენ კიდეც ნიჭიერი ბავშვები. ევროპაშიც ასეთი ტენდენციაა - ახალგაზრდებს ენდობიან! "ბარსელონამ" ყველა თამაში წააგო ამერიკულ ტურნირში, რადგან მწვრთნელმა ახალგაზრდებს მისცა შანსი! მესის ინტერვიუ ნახეთ? - სხვები ათამაშეთ, ჩემი სეზონი თბილისში, სუპერთასით იწყებაო... ასე რომ, 16 კი არა, მეტი უნდა იყოს!
- 20 ძლიერი კლუბი კიდევ უფრო უკეთესია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ 12-ის სამყოფი რესურსიც კი არა გვაქვს... კახა კალაძის ნათქვამს, დიახ, ხელისუფლება უნდა ჩაერიოს სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებშიო, ფედერაციისგან ისეთი რეაქცია მოჰყვა, თითქოს თქვენამდე ან თქვენს დროს არავინ ჩარეულა...
- ბატონმა ვიცე-პრემიერმა თქვა, რომ ფინანსურ ჩარევას გულისხმობდა. ამას მეც ვეთანხმები, რადგან სპორტიც ისეთივე სოციალური საკითხია, როგორიც განათლება ან ჯანდაცვა... "სხვანაირ ჩარევას" რაც შეეხება, ტურნირების მასპინძლობაში და სტადიონების შენებაში სრული მხარდაჭერა რომ გვქონდა, ამას თუ გულისხმობთ ჩარევაში, არ ვიცი... არც მე ვიყავი ხელისუფლებასთან დაახლოებული კაცი!
- "ჩემი შეშინება გაუჭირდებათ, სამი უდიდესი სკოლა მაქვს გავლილი": ზუგდიდის მე-4 საშუალო, ავღანეთის და 1990-იანი წლების მოსკოვისო". სულ იმას გახსენებენ, თეატრის დირექტორი იყავიო, არადა, ავღანეთიც კი გქონიათ მოვლილი...
- თეატრს რაც შეეხება, 150-მილიონიან რუსეთში სახელმწიფო თეატრის დირექტორად დანიშვნა და მუშაობა ვინმეს ადვილი ჰგონია? რაც შეეხება ავღანეთს, იქ თითქმის ხუთი წელი ვიმსახურე, ოფიცერი ვარ... მაშინ თუ ჯარში არ იყავი ნამსახურები, არასრულფასოვან მამაკაცად გთვლიდნენ, გოგონაც კი არ გაისეირნებდა შენ გვერდით... იმ პერიოდმა ბევრი რამ მასწავლა, ისევე როგორც მოსკოვში გატარებულმა წლებმა...
- 90-იანი წლების მოსკოვში თავის გატანაში ავღანეთში მიღებული გამოცდილებაც დაგეხმარათ?
- და ზუგდიდის სკოლაც! არამხოლოდ ქართველებისთვის, 90-იანი წლების მოსკოვი ნებისმიერი ეროვნების კაცისთვის რთული იყო: ბანდიტიზმით, რეკეტით, სისხლიანი გარჩევებით... თეატრის დატვირთული რეჟიმის და ხშირი გასტროლის ფონზე, საქართველოში დაბრუნებულს თბილისის ტემპი შენელებული მომეჩვენა. ზოგჯერ ახლაც მგონია, მეც ხომ არ ვნელდები-მეთქი, მაგრამ როცა გიყვარს შენი საქმე და მიზანსაც ხედავ, არ გაჩერდები! თანაც, დილიდან გვიან ღამემდე სამსახურში ვარ, შინ მისვლამდე კი "ლოკომოტივზე" და ნაკრების ბაზაშიც შევივლი ხოლმე... დავრჩები თუ არა ფეხბურთში? არ ვიცი... თურმე არაფერი გამიკეთებია ფეხბურთში და არ მინდა, ფედერაცია იქნება თუ კლუბი, იქაც "გავაფუჭო" საქმე... ალბათ, დავუბრუნდები მშობლიურ ზუგდიდს, სადაც ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
- ოლიმპიური სოფლის მერად ლევან კობიაშვილის დანიშვნამ გააჩინა მოსაზრება, რომ სწორედ კობიაშვილი იქნება ხელისუფლების ფავორიტი სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნებში. თქვენც ასე ფიქრობთ?
- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ქართულ ფეხბურთში 250 მილიონი ლარის ჩადება იგეგმება! მე არა ვარ ქართული ფეხბურთის მტერი და მხარს დავუჭერ ნებისმიერ კანდიდატს, ვისაც სახელმწიფო ამხელა თანხას ანდობს... რეალური პროექტია თუ არა? ამის გადამოწმება მარტივია: სექტემბერში პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი შევა და როცა წავიკითხავ, რომ 2016 წელს ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის 250 მილიონია განსაზღვრული, ორივე ხელით დავუჭერ მხარს სახელმწიფოს ფავორიტ კანდიდატს.
- აქამდე რევაზ არველაძის კანდიდატურას არ უჭერდით მხარს?
- ბიუჯეტში 250 მილიონის ამბავს რომ წავიკითხავ და მეტყვიან, სახელმწიფო ამ თანხას პეტრე პეტრიაშვილს ანდობსო, მაშინვე პეტრე პეტრიაშვილის დროშას დავიჭერ! მე ვერაფერი გავაკეთე? მხარს ვუჭერ კაცს, რომელიც 250 მილიონს მოიტანს ქართულ ფეხბურთში! როცა ეს ყველაფერი დაზუსტებით იქნება გადაწყვეტილი, პრეზიდენტობის სხვა მსურველებს ვურჩევ, კაცობა გამოიჩინონ და კანდიდატურა მოხსნან!
- ჩანს, თავად საბოლოოდ გადაიფიქრეთ არჩევნებში მონაწილეობა...
- დიახ, რადგან სახელმწიფო მე ნამდვილად არ მანდობს 250 მილიონს... სუპერთასის შემდეგ უეფასთან ანგარიშს გავასწორებთ, აგვისტოს ბოლოსთვის კი აღმასკომს მოვიწვევთ და არჩევნებს დავნიშნავთ! ფული უნდა წამოვიდეს ქართულ ფეხბურთში და მომავალ პრეზიდენტთან აღარ გაგიჩნდებათ კითხვები, რის გამო ვართ 154-ე ადგილზე, რატომ გამოვარდა ევროთასებიდან ოთხივე ქართული კლუბი? და ა.შ.
- პლატინისთან ვალში ვარ და არჩევნებში მხარი უნდა დავუჭიროო... ფიფას პრეზიდენტის არჩევნები მომავალი წლის თებერვალშია, იმ არჩევნებსაც ხომ არ გულისხმობდით?
- პლატინი თავისი გუნდის წევრად მთვლის. საქართველოს უეფაში ჩინებული რეპუტაცია და კავშირები აქვს და როცა ჩვენი მეგობარი ფიფაშიც იქნება, შეგვიძლია, რამდენიმე წელიწადში ასაკობრივი მსოფლიო ჩემპიონატების ან ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზეც კი გვქონდეს პრეტენზია!
- საქართველო-გერმანიის მატჩისას მოედანზე ქომაგები შეცვივდნენ და ამის გამო სფფ 50 ათასი ევროთი დაჯარიმდა. ასეთი რამ სუპერთასის დროსაც ხომ არ განმეორდება?
- რისკი ყოველთვის არის, თუმცა კონტროლი მაქსიმალურად მკაცრი იქნება. გერმანიასთან მატჩში პირველმა ინციდენტმა მოახდინა დანარჩენების პროვოცირება - მოედანზე შესული ახალგაზრდა არა მხოლოდ მოედნიდან, სტადიონიდანაც უნდა გაეყვანათ, ის კი თავის ადგილზე დააბრუნეს და ამან დანარჩენებს დაუსჯელობის სინდრომი გაუჩინა.
- რაც შეეხება "კანკავას საქმეს"? რა რეაქცია გქონდათ, როცა გაიგეთ, რომ ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი?
- რითიც უნდა ვიმართლოთ თავი, ფაქტია, რომ ძალიან ცუდი რამ მოხდა. შეცდომის დამშვებს ეს სამსახურის დაკარგვად დაუჯდა, ჩვენ - კაპიტნის გამოკლებად... თუმცა, სათქმელიც გვაქვს, ჯაბას რომ ეთამაშა, იქნებ არც წაგვეგოო.
- შესაძლოა, 11 აგვისტოს მერე პროკურატურაში დამიბარონო... რატომ?
- სუპერთასამდე არა მგონია, მაგრამ მერე, შესაძლოა, დამიბარონ კიდეც... თუმცა არც ეს არის პრობლემა - ყველა კითხვაზე მაქვს პასუხი, მათ შორის, ბილეთებთან დაკავშირებულიც. დავიჯერო, ვინმე მართლა ფიქრობს, რომ ზვიად სიჭინავამ ბილეთები "მოტეხა" და ყიდის? ისე მიჭირს, რომ იძულებული ვარ, ბილეთებით ვივაჭრო? გადამყიდველების პრობლემა მთელ მსოფლიოშია, მათ ჩვენც ვებრძვით, მაგრამ თუ ბილეთის გაყიდვა კაცს ოჯახური პრობლემის მოსაგვარებლად დასჭირდა, ვერ გავამტყუნებ! თავად ვნახე კაცი, სალაროდან გამოსვლის შემდეგ, თვალცრემლიანი რომ კოცნიდა ბილეთებს და არც მალავდა, ამით ბანკის ვალი უნდა გავისტუმროო... რა უნდა მეთქვა ასეთი გაჭირვებული კაცისთვის?
- biletebi.ge-ს გამო საყვედურებს დღემდე იღებთ?
- არ უნდა დავთანხმებულიყავი 22 ათასი ბილეთის სალაროში გაყიდვას. გაყიდულიყო დღეში 1000 ბილეთი ონლაინრეჟიმში და რამდენს შეხვდებოდა, იმასაც ვნახავდით... დღეს მითხრეს, რომ ერთ-ერთ ვეტერან ფეხბურთელს უცხოელისგან 18-ლარიანი ბილეთი... 132 გირვანქა სტერლინგად უყიდია, რაც 400 ლარზე მეტია! ახლა გჯერათ, რომ საზღვარგარეთაც არიან გადამყიდველები? მაგრამ პრეტენზია მაინც ჩემთან აქვთ: ნაკრების ფეხბურთელი ვერ დარბის? სიჭინავას ბრალია; კლუბი თამაშს აგებს, უეფას შერჩეული კომპანია ბილეთებს ვერ ყიდის ან ლარი გაუფასურდა, მაინც სიჭინავაა დამნაშავე!
- ითამაშებს საქართველო 2018 წლის მუნდიალზე?
- გვყავს ახალი მწვრთნელი, მოვხვდით შედარებით იოლ ჯგუფში - რატომაც არა? სხვათა შორის, როცა გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატს რუსეთი უმასპინძლებდა, მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შევთავაზე, შევკრიბოთ ნიჭიერი ბავშვები, რომლებიც 2018 წლის მუნდიალის დროს საჭირო ასაკისა იქნებიან, წელიწადში 1,5 მილიონი დავახარჯოთ და 2018 წელს, აგვისტოს ომის მეათე წლისთავზე, რუსეთში ვითამაშოთ-მეთქი! სამწუხაროდ, ვერ დავაინტერესე...