”პრეზიდენტის თვალით არაფერს ვუყურებ!”
”თუ გვინდა, რომ ჩვენზე არც ცუდი თქვან და არც კარგი, ვისხდეთ სახლში და არაფერი ვაკეთოთ!”
”წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ შსს-სა და ფედერაციას შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. სინამდვილეში, არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა!”
დაარსებიდან 25 წლის იუბილეს სფფ ფეხბურთის კვირეულით აღნიშნავს. კვირეულის ფარგლებში მსოფლიო ფეხბურთის დღეს - 10 დეკემბერს - ფეხბურთის ფედერაციამ უპრეცედენტო საფეხბურთო მარათონი გამართა (25 სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებმა, სიმბოლურად, 25 მატჩი ჩაატარეს სლოგანით: ”ფეხბურთი გვაერთიანებს”), კვირის ბოლო დღეს კი ”დინამო არენაზე” ვეტერანი ფეხბურთელებისა და პოლიტიკოსების ამხანაგური მატჩი გაიმართა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან - ლევან კობიაშვილთან ინტერვიუ საფეხბურთო მარათონზე ლაპარაკით დავიწყეთ და სხვა საინტერესო საკითხებსაც შევეხეთ.
- ძალიან პოზიტიური დღე იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ გვიჩვენა, რომ ყველაფრის მიუხედავად, საქართველოში ფეხბურთი ძალიან უყვართ. ყველას შეეძლო და, რაც მთავარია - უნდოდა, მონაწილეობა მიეღო ჩვენი ქვეყნისთვის უპრეცედენტო აქციაში. 10 დეკემბერს ფეხბურთი ყველა ასაკის, სქესისა და პროფესიის წარმომადგენლებმა ითამაშეს და თავიანთი აქტიურობით დაგვარწმუნეს, რომ აუცილებელია, ასეთ ღონისძიებებს სისტემატური ხასიათი ჰქონდეს!
- როგორ ჩანდა ”გარედან” და რეალურად რა დახვდა ფეხბურთის ფედერაციაში მისულ ლევან კობიაშვილს?
- პრობლემები გარედანაც იგრძნობოდა და ვიცოდი, სად მოვდიოდი და რა დამხვდებოდა... ნეგატივი შემთხვევით არ ჩნდება, იმის შედეგია, რომ წლების განმავლობაში რაღაც არასწორად კეთდებოდა. უკეთესს არც ველოდი, თუმცა, ფედერაციის შიდა სტრუქტურამ მაინც გადააჭარბა მოლოდინს - ისეთი მოუწესრიგებელია, ბევრი თანამშრომლის ფუნქცია-მოვალეობები დღემდე ვერ გავარკვიეთ. გაფორმებული იყვნენ თანამშრომლები, რომლებიც ერთხელაც არავის უნახავს... რაც ყველაზე სამწუხაროა, სფფ-ს არ ჰქონდა სტრატეგია, ხედვა, მიზანი. სპონტანურად, ადგილ-ადგილ კეთდებოდა რაღაცები, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს საქმე კეთდებოდა... არადა, თუ ფეხბურთის ფედერაცია გამართული, ძლიერი ორგანიზაცია არ იქნება, ქართულ ფეხბურთს როგორ უხელმძღვანელებს?!
- წევრების სიმცირის გარდა, რით იქნება განსხვავებული ახალარჩეული აღმასკომი წინამორბედი ორგანოსგან?
- მიმაჩნია, რომ აღმასკომისთვის 18 წევრი მეტისმეტი იყო. მით უმეტეს, რომ 13 მათგანი რეგიონულ ფედერაციებს წარმოადგენს და ფაქტობრივად, გადამწყვეტი ხმა ჰქონდათ. ახლანდელი რაოდენობა სრულიად საკმარისიც არის და სიმბოლურიც - პრეზიდენტის ჩათვლით, აღმასკომში 11 წევრია (იცინის). ახალი სისხლი აღმასკომს ნამდვილად სჭირდებოდა.
- თუმცა, ბევრი გაკრიტიკებს იმის გამო, რომ ახალ აღმასკომში თქვენი მეგობრებიც არიან...
- სამწუხაროა, თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ალექსანდრე იაშვილი არ უნდა იყოს ქართულ ფეხბურთში, რომელიმე კლუბში ან აღმასკომში. იქნებ ფეხბურთსაც იმიტომ თამაშობს, რომ ჩემი მეგობარია?! ყველასთვის მოსაწონი აღმასკომი არასდროს გვეყოლება, მაგრამ ეს არ არის პრობლემა, პრობლემა ის იქნება, თუ აღმასკომი არაობიექტურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
- თემურ ქეცბაიამ მითხრა, როცა ლევანი პრეზიდენტი გახდა, სმს მივწერე და წარმატება ვუსურვეო. თემურზე ისევ ნაწყენი ხართ?
- რაღა დროს წყენის გახსენებაა?! იმ ამბების შემდეგ თემურს არაერთხელ შევხვდი და კიდევ ბევრჯერ შევხვდები... მწვრთნელის გადაწყვეტილება არც მწყენია, უბრალოდ, მიმაჩნდა, რომ ჩვენი ურთიერთობის გამო, ვიმსახურებდი, მცოდნოდა მისი არჩევანის შესახებ... შესაძლოა, მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამ მეც მომიწიოს, მაგრამ ვისაც ეს შეეხება, აუცილებლად თვითონ შევატყობინებ...
- იმავე ინტერვიუში ქეცბაიამ მითხრა, ფინანსებზე მეტად ქართულ ფეხბურთს ისეთი ხალხი სჭირდება, ფულს სწორად რომ გამოიყენებსო. ეთანხმებით?
- რა თქმა უნდა. ეს მართლაც პრობლემაა. რამდენი ფულიც უნდა დახარჯო, ვითარებას ორ დღეში ვერ გამოასწორებ. აუცილებელია კვალიფიციური ადამიანები, რომელთაც იციან, სწორად როგორ მოიხმარონ ფული. უნდა ვიცოდეთ, საით ვისწრაფვით, რას ვაკეთებთ წარმატებისთვის და საერთოდ - რას ჩავთვლით წარმატებად. აუცილებელია ნდობის აღდგენაც. დღეს ჩემპიონატის მონაწილე კლუბებიც კი უნდობლად უყურებენ ერთმანეთს. ეჭვობენ, რომ ვიღაცა ვიღაცას ურიგდება. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ასეც იყო. ბევრი მათგანი თვითონ იყო ჩართული ამ სიბინძურეში და დღემდე ჰგონიათ, რომ თუ მსაჯი მათთვის მოსაწონ გადაწყვეტილებას არ იღებს, ე.ი. რაღაც ინტერესი აქვს! ამ მდგომარეობის შეცვლას დროც სჭირდება და ადამიანური რესურსის ცვლილებაც.
- და გარიგებულ მატჩებთან ბრძოლის ახლებური მეთოდებიც...
- წლების განმავლობაში გვესმოდა, რომ შსს-სა და ფედერაციას შორის მემორანდუმი იყო გაფორმებული. სინამდვილეში არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა! სფფ-ში შეიქმნება სპეციალური ჯგუფი, რომელიც კონკრეტულად ამ მიმართულებით იმუშავებს, ყველა ინფორმაციაზე მოახდენს რეაგირებას და პრევენციულ ზომებსაც მიიღებს. აქამდე არავინ რომ არ ისჯებოდა, ასე აღარ იქნება! ოღონდ სტადიონზე მოდი და რაც გინდა აკეთეო - ასეთი მიდგომაც არასწორად მიმაჩნია. გვეუბნებიან - სტადიონზე სულ ოციოდე ქომაგი მიდის და მათაც თუ ავუკრძალეთ მოსვლა, რაღა გამოვაო?! თუ ის 20 ადამიანი სტადიონზე წესრიგს არღვევს, იქ ვიღაცის საგინებლად მიდის და ოჯახთან ერთად მისულ გულშემატკივრებს სტადიონზე ყოფნის სურვილს უკარგავს, ასეთების სტადიონზე ყოფნას, ცარიელი ტრიბუნები არ სჯობია?! გვინდა, სტადიონებზე პირობები გავაუმჯობესოთ, ხალხი დავაინტერესოთ და ასეთი ვაი-გულშემატკივრები ნამდვილად არ გვჭირდება.
- ვალების გარდა, რა დაგიტოვათ თქვენმა წინამორბედმა?
- თავს რომ იწონებდნენ, თანამედროვე აკადემია ავაშენეთო, უნდა ნახოთ, როგორ გაუსაძლის პირობებში უწევდათ ბავშვებს ყოფნა! დაგვხვდა ბევრი ისეთი ვალიც, ვერც დავადგინეთ, რისთვის და რატომ, მაგრამ ჩვენი გადასახდელია. რუსთავის აკადემიის ასაშენებლად უეფამ კონკრეტული თანხა გამოყო, არადა, დაიგეგმა გაცილებით დიდი აკადემია, რის ფულიც არ ჰქონდათ. თუმცა, შუა გზაზე ვერ მივატოვებთ და აუცილებლად დავასრულებთ.
- სიყვარულიდან სიძულვილამდე რომ ერთი ნაბიჯია, კარგად გეცოდინებათ. მით უმეტეს - საქართველოში...
- ასეთი რისკი ფეხბურთის თამაშსაც ახლავს - ნამატჩევს ერთი შეგაქებს, მეორე უკმაყოფილო დარჩება. თუ გვინდა, რომ ჩვენზე არც ცუდი თქვან და არც - კარგი, ვისხდეთ სახლებში და არაფერი ვაკეთოთ! ყველანაირი კრიტიკას ვიღებ და ვითვალისწინებ კიდეც. შეცდომებიც ყველას აქვს, მაგრამ ჩემთვის მთავარი ის არის, რომ დარწმუნებული ვარ - შემიძლია, სარგებლობა მოვუტანო ქართულ ფეხბურთს! როგორი იქნება ეს სარგებელი, დრო გვიჩვენებს. ყველას მოსაწონს ვერ გააკეთებ, მაგრამ მთავარია, ხალხმა დაინახოს, რომ მიკერძოებული არ ვარ და მხოლოდ ფეხბურთზე ვზრუნავ.
- ნაკრებიდან იმ დროს წახვედით, როცა ჯერ კიდევ შეგეძლოთ გუნდისთვის სარგებლობის მოტანა. დღეს როგორ უყურებთ ნაკრების თამაშებს - როგორც ქომაგი და ყოფილი წევრი თუ როგორც პრეზიდენტი, რომელიც უკვე პასუხისმგებლობასაც გრძნობს იმაზე, რაც მოედანზე ხდება?
- არა მხოლოდ ნაკრებს, პრეზიდენტის თვალით არაფერს ვუყურებ! თუმცა, პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მომემატა... ნაკრების თამაშისას მთლიანად მატჩზე ვარ კონცენტრირებული და სხვა არაფერზე ვფიქრობ.