"ესპანეთზე მეტად ჩვენ გვინდოდა გამარჯვება!" (ექსკლუზივი)
"რაც უნდა უკმაყოფილო იყო, ფეხბურთის აკრძალვის მოთხოვნა ხუმრობითაც კი მეტისმეტია..."
"ჩემისთანა ფეხბურთელს როგორ უნდა უთხრა, მოწინააღმდეგე არ მოატყუოო?!"
ესპანეთი-საქართველოს მატჩის მე-40 წუთზე თორნიკე ოქრიაშვილმა გოლით დააგვირგვინა ჯაბა ჯიღაურის ჩინებული პასი და ისტორიული ბურთის ავტორი გახდა - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად დაამარცხა ევროპის მოქმედი ჩემპიონი! იმ მატჩზე უკვე იმდენი ითქვა და დაიწერა, აღარაფერს დავამატებთ. ისევე, როგორც სლოვაკეთსა და რუმინეთთან ჩაფლავებულ თამაშებზე. სამაგიეროდ, გთავაზობთ ინტერვიუს თორნიკე ოქრიაშვილთან, რომელსაც ჟურნალისტებთან ლაპარაკი ისედაც არ უყვარს და ინტერვიუ არც ესპანეთთან გამარჯვების შემდეგ მიუცია. "კვირის პალიტრა" პირველია:
- ერთი შეხედვით, დაუჯერებელიც კი იყო, რომ ესპანეთს სტუმრად მოვუგეთ, მაგრამ ფაქტია - გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებული ვართ. მე - ორმაგად, რადგან გოლის გატანა მოვახერხე!
- რას მივაწეროთ ეს გამარჯვება?
- ზედიზედ ორი მატჩი წავაგეთ, რუმინეთთან სამარცხვინო ანგარიშით დავმარცხდით... რაღაც აუცილებლად უნდა შეგვეცვალა! ვილაპარაკეთ მწვრთნელმა და მოთამაშეებმა, ცვლილებებიც მოხდა და ამან ნაყოფი გამოიღო. თავი არავის დაგვიზოგავს და თამაშზეც გვეტყობოდა, რომ ძალიან გვინდოდა მოგება. ესპანეთზე მეტად გვინდოდა გამარჯვება. ჩვენ უფრო გვჭირდებოდა! რეაბილიტაცია უნდა მოგვეხდინა...
- არა მხოლოდ ქომაგებთან, პირველ რიგში, საკუთარ თავთან?
- დიახ, რადგან გუნდში მართლაც ცუდი ატმოსფერო იყო... დიდი ანგარიშით წაგებული ორი თამაშის შემდეგ, ძალიან დაიძაბა ვითარება. საბედნიეროდ, ამ მოგებამ ყველაფერი შეცვალა და ახლა ყველაფერი რიგზეა!
- ტაიმის ბოლოს დავწინაურდით და ცხადი იყო, რომ მეორე ნახევარში ესპანელები წნეხს გააძლიერებდნენ. შესვენებისას რა გითხრათ ვლადიმირ ვაისმა?
- პირველ ტაიმში ცუდად არ გვითამაშია. ამიტომ შესვენებისას მწვრთნელმა გვთხოვა, ტემპი არ დაგვეგდო, ყველას ისევე გაგვეგრძელებინა ბრძოლა - სულ "მეორე ნომრად" არ ითამაშოთ, თქვენც იაქტიურეთო! ესპანელთა იერიშების გაძლება რთული იყო, მით უმეტეს მოედანზე ინიესტას გამოსვლის შემდეგ. მაგრამ თავისი სამუშაო ჩვენი გუნდის ყველა ფეხბურთელმა კარგად შეასრულა, გაგვიმართლა და ბოლომდე გავძელით.
- რუმინეთთან განადგურების შემდეგ რა გითხრათ ვაისმა, როგორ მოახერხა გუნდის მობილიზება?
- ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ, რა მოხდა, რატომ ვართ ასე და ა.შ. აზრი ყველამ გამოთქვა და ერთიან პოზიციაზე შევჯერდით. მწვრთნელიც სხვანაირად მიუდგა გუნდს...
- "სხვანაირად მიდგომა" რას ნიშნავს? მეტ სიმკაცრეს თუ პირიქით?
- უფრო უშუალო და მეგობრულ დამოკიდებულებას.
- რეაბილიტაცია ერთია, მაგრამ მიზეზი რა იყო, ასე საშინლად რატომ ითამაშა ნაკრებმა ბუქარესტში?
- ფეხბურთში ასეთი რამ ყველას შეიძლება დაემართოს. მიჭირს რომელიმე კონკრეტული მიზეზის გამოყოფა. ალბათ, გამოუცდელობის და უამრავი შეცდომის გამო. ვერავინ ვითამაშეთ, ვერც სათითაოდ და ვერც კოლექტიურად. არ იგრძნობოდა ერთიანობა, კონცენტრაცია, არავის ეტყობოდა, რომ მოგება გვინდოდა!
- რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ვლადიმირ ვაისის დანიშვნის შემდეგ?
- ჯერ ძნელია ამაზე ლაპარაკი, 3-4 თამაშით დასკვნის გამოტანა. ოფიციალურ მატჩებში უკეთ გამოჩნდება ყველაფერი. ვაისი კარგი მწვრთნელია. ფეხბურთელებთან ურთიერთობაც იცის, მათ აზრს ითვალისწინებს და ცდილობს, უშუალოდ მოთამაშეებისგან გაიგოს, სად ურჩევნიათ თამაში.
- თუმცა სლოვაკეთსა და რუმინეთთან მატჩებში რამდენიმე ფეხბურთელს აშკარად ეტყობოდა, რომ ვერ გაეგო, რას ითხოვდა მისგან მწვრთნელი. 1:5 წაგების შემდეგ ვაისმაც თქვა, რომ გუნდში ურთიერთგაგების პრობლემა იყო. ცხადია, ამაში ენობრივ ბარიერს არ გულისხმობდა.
- ვაისი თავისუფლად ფლობს რუსულ ენას და კომუნიკაციას ადვილად ვახერხებთ. რაც შეეხება პოზიციებს, რამდენიმე ფეხბურთელს, მაგალითად, კობახიძესა და ჭანტურიშვილს, პირველ მატჩში თავიანთ პოზიციებზე არ უთამაშიათ. საყრდენი არც ერთი არ არის, ვაისმა კი ორივე საყრდენად ათამაშა. ამიტომაც იყო მერე ლაპარაკი, ეს ჩვენი პოზიცია არ არისო. მას მერე აღარც უთამაშიათ.
- რამდენიმე ფეხბურთელი, სანამ მე ამ გუნდის მწვრთნელი ვარ, ეროვნულ ნაკრებში ვეღარ ითამაშებსო, ვაისმა რუმინეთთან ნამატჩევს თქვა... თქვენც გელაპარაკათ ამ თემაზე?
- გავიგე, რომ ეს პრესკონფერენციაზე უთქვამს. ნამდვილად არასასიამოვნო იყო ამის გაგება, მით უმეტეს, ესპანეთთან მატჩის წინ... ვის გულისხმობდა, არ ვიცი და ვერც კონკრეტულ გვარებს გეტყვით. თუმცა რამდენიმე ფეხბურთელით მართლაც დარჩა უკმაყოფილო.
- თამაშის შემდეგ რა გითხრათ მწვრთნელმა?
- ძალიან გახარებული იყო და მადლობა გადაგვიხადა თავდაუზოგავი ბრძოლისთვის. მთელ ნაკრებს ძალიან სჭირდებოდა ეს გამარჯვება - ვლადიმირ ვაისსაც და ფეხბურთელებსაც! ვფიქრობ, დავიმსახურეთ კიდეც. გასახდელში სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილიც გვესტუმრა, გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა.
- ყველა წერილსა და კომენტარს ვერ წაგიკითხავთ, მაგრამ გეცოდინებათ, რომ რუმინეთთან 1:5 წაგებას გულშემატკივრის მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა. რას გრძნობს ნაკრების ფეხბურთელი, როცა ხედავს, რომ მისი თამაშის შემდეგ გულშემატკივრები ქვეყანაში ფეხბურთის აკრძალვასაც კი ითხოვენ?
- მესმის, რომ ქართველი გულშემატკივარი ძალიან იმედგაცრუებული დარჩა, მაგრამ მერწმუნეთ, ფეხბურთელებისთვის არანაკლებ მძიმე მოსასმენი იყო ასეთი შეფასებები. რაც უნდა უკმაყოფილო იყო, ფეხბურთის აკრძალვის მოთხოვნა ხუმრობითაც კი მეტისმეტია... მეორე მხრივ, ასეთმა შეფასებებმა მოტივაციაც მოგვცა - დაგვემტკიცებინა, რომ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში!
- კახა ცხადაძე და ვლადიმირ ვაისი - რა არის მთავარი განსხვავება ამ მწვრთნელებს შორის?
- ცხადაძე უფრო მკაცრი იყო, მაგრამ ყველასთან პოულობდა საერთო ენას და ურთიერთობის პრობლემა არავისთან ჰქონია. ვაისი არ არის მასავით მკაცრი. თუმცა ისიც პირდაპირ გვეუბნება, თუ რამე ვერ გაიგეთ, არ მოგერიდოთ, დამელაპარაკეთო.
- იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ნაკრებში ცხადად იგრძნობოდა დადებითი იმპულსები, ცხადაძის გათავისუფლება მოთამაშეებისთვისაც მოულოდნელი იქნებოდა.
- გაგვიკვირდა და გვეწყინა, რადგან ნაკრები მართლაც უკეთესობისკენ იყო შეცვლილი - თამაშითაც და ურთიერთობების მხრივაც. დღემდე ასეა და ეს კახას დამსახურებაც არის. თუმცა ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ნაკრებში ვისაც დანიშნავენ, მისი ხელმძღვანელობით უნდა ვითამაშოთ.
- ახლა - კლუბზე: "გენკიდან" იმისთვის წახვედით თურქულ "ესქიშეჰირსფორში", რომ მეტი სათამაშო პრაქტიკა გქონოდათ. არადა, თურქეთშიც იშვიათად გიწევდათ თამაში.
- ბოლო მატჩებში ამ მხრივ ცოტათი გამოსწორდა საქმე, მანამდე კი, ვერაფრით გავიგე, რა უნდოდა ჩემგან "ესქიშეჰირის" მწვრთნელს. სეზონის ბოლოს, როგორც იქნა, მიმახვედრეს.
- მაგრამ უკვე გვიან იყო?
- დაგვიანებული კლუბისთვის იყო. დღემდე იმას აძახებენ, ოქრიაშვილი მანამდეც რომ გეთამაშებინათ, "ესქიშეჰირი" უმაღლეს ლიგაში დარჩებოდაო! მწვრთნელმა ვერც ახსნა, რატომ არ მათამაშებდა. ვერ გვიხსნიდნენ, რა ფეხბურთი უნდა გვეთამაშა, ან ჩემგან რას ითხოვდნენ. გვიან მიხვდნენ, რომ არასწორი მიდგომა ჰქონდათ: ჩემისთანა ფეხბურთელს როგორ უნდა უთხრა, მოწინააღმდეგე არ მოატყუოო?
- სულ გვესმის, რომ უდისციპლინობა თორნიკე ოქრიაშვილის მთავარი პრობლემაა: ბოლო წლებში არაერთხელ გაკიცხულხართ რეჟიმის დარღვევის, სკანდალების, სოციალურ ქსელებში აქტიურობის გამო, თუმცა ბოლო დროს უკეთესობისკენ შეიცვალაო. მართალია?
- ასაკიც მომემატა, დავსერიოზულდი და რაც მთავარია, უკვე ორი შვილის მამა ვარ. ის ყველაფერი კი, რასაც თქვენ გულისხმობდით, დამღლელი და მომაბეზრებელია. საბედნიეროდ, ამას დროულად მივხვდი და ახლა ყველაფერი კარგად არის! სოციალურ ქსელში მეტ დროს ატარებს, ვიდრე მოედანზეო - ამას რა მნიშვნელობა აქვს? სოციალური ქსელის გამო რომ ვერ ვითამაშო ფეხბურთი, თავს მოვიკლავ (იცინის). ისე კი, იმ ჭორებიდან ბევრი სრულიად უსაფუძვლო იყო.
- შვილები ახსენეთ და, როგორც ცნობილია, სწორედ შვილის დაბადების გამო გამოაკლდით ნაკრებს ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში.
- მეორე შვილი რომ შეგვეძინა, მომდევნო დღეს უკვე ნაკრებში გამგზავრება მიწევდა. არადა, მეუღლეს რთული მშობიარობა ჰქონდა, შეუძლოდ იყო და ბელგიაში მარტო ვერ დავტოვებდი! დავურეკე კახა ცხადაძეს, ავუხსენი ვითარება და გავეთავისუფლე. ნაკრებში ჩამოსვლა არასდროს დამზარებია და გული დამწყდა, რაღაცები რომ დამაბრალეს, მაგრამ ჩემთვის პირველ ადგილზე ოჯახია და მერე - სხვა ყველაფერი!
- "ესქიშეჰირიდან" წამოხვედით, მაგრამ ერთი წლით ისევ "გენკის" საკუთრება ხართ - სად ითამაშებს ახალი სეზონიდან თორნიკე ოქრიაშვილი?
- შემოთავაზებები მაქვს თურქული, რუსული და ფრანგული კლუბებიდან. არის სხვა ქვეყნების ვარიანტებიც, მაგრამ მთხოვეს, ჯერჯერობით მათზე არ ვილაპარაკო.