"თავად შეგვიძლია საქმის გაკეთება, მაგრამ ყველა მოლოდინის რეჟიმშია!" - ექსკლუზივი
"გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი მდუღარე წყალში - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს!"
სამი თვეა, რაც შოთა არველაძემ ისრაელის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი - თელ-ავივის "მაკაბი" ჩაიბარა და მას შემდეგ სამ "ფრონტზე" აგრძელებს წარმატებულ სვლას: ისრაელის ჩემპიონატი და თასის გათამაშება ახალი დაწყებულია, "ევროპის ლიგაზე" კი ქართველი მწვრთნელის შეგირდებმა რვა შეხვედრის გამართვა მოასწრეს და გასულ კვირას ჯგუფური ეტაპის საგზურიც გაიფორმეს. ისრაელში გადაბარგების შემდეგ შოთას ქართველ ჟურნალისტთან არ ულაპარაკია. "კვირის პალიტრა" პირველია:
- ბოლო ამბით დავიწყოთ: სპლიტის "ჰაიდუკთან" მძიმე ბრძოლა გადაიტანეთ...
- "ჰაიდუკი" ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, თანაც, სპლიტის სტადიონის საფარი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. არც მახსოვს, ასეთ ცუდ მინდორზე ბოლოს როდის ვითამაშე. ამის გამო სწრაფად ვერ ვმოძრაობდით, ბურთის შენარჩუნება, დრიბლინგი და გამჭოლი პასი არ გამოგვდიოდა. თუმცა, ორი მატჩის ჯამში, ხორვატებს საგოლე ეპიზოდებითაც ვაჯობეთ და სტატისტიკითაც. ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად რვა მატჩის გამართვამ მოგვიწია. არადა, ოთხი რაუნდი ცოტა ნამდვილად არ არის - ოციოდე წლის წინ, ოთხ ეტაპს რომ გადალახავდი, ფინალში იყავი (იცინის)! ახალი ფორმატის მიხედვით კი ყველაფერი ახლა იწყება...
- ჰოლანდია, თურქეთი, ისრაელი - რით განსხვავდება ბოლო სამუშაო ადგილი დანარჩენებისგან?
- თურქეთში ფეხბურთი ფიზიკურ მომზადებაზე, სისწრაფეზე, ხისტ თამაშზეა აწყობილი, ისრაელში კი მეტი ფეხბურთია, უფრო ტექნიკური მოთამაშეები არიან, ბურთთან კონტაქტი უყვართ. აქაური კლუბების უმეტესობა "მაკაბის" დაცვით ფეხბურთს ეთამაშება, მაგრამ ბურთს მოიპოვებენ თუ არა, თავადაც ცდილობენ, შეუტიონ, ტექნიკური ფეხბურთი ითამაშონ.
- შოთა არველაძესაც ხომ ასეთი ფეხბურთი უყვარს?
- ყველა მწვრთნელი ცდილობს, გუნდში თავისებური სტილი დანერგოს. ასე იყო "ქაისერშიც" და "ქასიმფაშაშიც", "ტრაბზონში" კი არ დამცალდა გეგმის განხორციელება... "მაკაბის" წინა მწვრთნელები - პიტერ ბოხი და პაულო სოუზაც ასეთივე სტილში თამაშობდნენ და ბევრი არაფერი შემიცვლია.
- "მაკაბის" სპორტულ დირექტორთან, - ხორდი კრუიფთან, როგორი ურთიერთობა გაქვს?
- კლუბში თითქმის ყველა საკითხს კრუიფი აგვარებს და თურქული კლუბებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ საფეხბურთო ამბებზე ვფიქრობ. გამოცდილებისთვის ისიც სასარგებლო იყო, მაგრამ იოლი არ არის, ფეხბურთის გარდა, ფინანსურ პრობლემებსა და სხვა რაღაცებზეც რომ გიწევს ფიქრი.
- "ევროპის ლიგის" II საკვალიფიკაციო ეტაპზე პრინციპულ მატჩში კახა ცხადაძის "ქაირათს" აჯობეთ.
- მე და კახა მეგობრები ვართ, მაგრამ ასეთ დროს მაინც არის ხოლმე პატარა, მეგობრული ინტრიგა, საფეხბურთო დეტალები, რომლებსაც სხვა დროს არ დავუმალავდით ერთმანეთს... ჩვენთვის ეს ურთულესი ეტაპი იყო, "ქაირათი" ჩინებულ ფორმაშია. მანამდეც და ჩვენთან შეხვედრის შემდეგაც, ყველა მატჩი მოიგეს და მას მერე არც წაუგიათ.
- აქამდე მართლაც ასე იყო (ინტერვიუ ჩაწერილია 26 აგვისტოს. - ავტ.), მაგრამ დღეს "ქაირათმა" 1:2 წააგო "ორდაბასთან", გამარჯვების გოლი კი ოთარ მარცვალაძემ გაიტანა...
- მართლა?! ოთარის წარმატება მიხარია, მაგრამ დასანანია, კახამ ასეთი წარმატებული სერია რომ შეწყვიტა. თამაშამდე ველაპარაკე, შედეგი კი არ ვიცოდი... გამოდის, კახა ცხადაძე მხოლოდ ქართველებთან აგებს (იცინის).
- შოთა არველაძის გაწვრთნილ გუნდში სულ იყვნენ ქართველი ფეხბურთელები. ტრადიცია თელ-ავივშიც გაგრძელდება?
- "მაკაბიში" უცხოელების ლიმიტი უკვე ამოწურულია და არ მოგატყუებთ - ჯერჯერობით, ქართველი ფეხბურთელის დამატებაზე არც მიფიქრია. თურქეთში შეზღუდვა მოხსნეს და ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო საშუალება, დვალი და გოშაძე მეთამაშებინა. აი, ისრაელის ჩემპიონატში კი, ლიმიტის გამო, ახალგაზრდა ფეხბურთელებს თავის გამოჩენის შესაძლებლობას ვერ ვაძლევთ.
- რას იტყვი ევროპის ჩემპიონატის მაგალითზე - საით მიდის თანამედროვე ფეხბურთი? აშკარაა, რომ დაცვითი სტილი ისევ აქტუალურია...
- განა საფრანგეთი დაცვითი ფეხბურთით გავიდა ფინალში?! პორტუგალიამაც ზედიზედ ხუთი ფრე კი ითამაშა, მაგრამ ნახევარფინალი და ფინალი მოიგო... ფეხბურთი იმიტომაც არის მრავალფეროვანი, რომ ყველა გუნდი მოგებებით ვერ გავა შემდგომ ეტაპზე. მთლიანობაში, "ევრო-2016"-ით კმაყოფილი ვარ: ვნახეთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს დისციპლინას, ხასიათს, პროფესიონალიზმს. პატარა გუნდები უფრო თამამები მომეჩვენნენ "დიდების" წინააღმდეგ თამაშისას, ვიდრე აქამდე! 0:0-სა და და არწაგებაზე თითქმის არავინ თამაშობდა. რამდენიმე ნაკრებმა განსხვავებული ტაქტიკაც შემოგვთავაზა. საინტერესო და განსხვავებული იყო იტალია - სამი მცველით და შეტევაზე მეტი ორიენტაციით. უელსმა, ისლანდიამ, სხვა ნაკრებებმა გვაჩვენეს, სადამდე შეიძლება მიგიყვანოს ხასიათმა და ორგანიზებულმა თამაშმა. არ არის აუცილებელი, ყველა პოზიციაზე კრიშტიანუ რონალდუ გყავდეს...
- ამ ფონზე ორმაგად დასანანია ქართული ფეხბურთის მდგომარეობა. ევროთასებზე თბილისის "დინამომ" რვა გოლი გაუშვა ბოლო ორ მატჩში და ერთიც არ გაუტანია!
- არაერთხელ მითქვამს თანამდებობის პირებისა და "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიასთვისაც - თბილისს "დინამოზე" მაგარი ბრენდი არა აქვს! გინდა, ხიდი ააშენე და გნებავს, თავიდან ჩააგდე ხოხობი მდუღარე წყალში - ეს ასეა... იმის გათვალისწინებით, რომ თბილისს მილიარდი აქვს ბიუჯეტი, მგონი, შეიძლება გაერთიანებული ძალებით ამ კლუბს მეტი ყურადღება მიექცეს. მაინც თბილისის "დინამომ" უნდა გააკეთოს გასაკეთებელი, მან უნდა ითამაშოს ჯგუფურ ეტაპზე! წარმოუდგენელი ამბავია - აზერბაიჯანის ორი კლუბი ხვდებოდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე, საქართველოდან კი ერთიც ვერ! აზერბაიჯანელებს უკეთესი ფეხბურთელები ჰყავთ? არა, მაგრამ უკეთესი მოთამაშეები, მწვრთნელები და სპეციალისტები ჩაჰყავთ, მეტ ფულს ხარჯავენ და შედეგიც აქვთ. კლუბს, რომელიც ქვეყნის სახეა, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს - ქალაქის ხელმძღვანელობის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის დონეზე.
- "დინამო" კერძო კლუბია და ეს როგორ წარმოგიდგენია?
- კერძოა ისრაელშიც, თურქეთშიც და სხვაგანაც, მაგრამ როცა არის პოლიტიკური ნება, ქალაქი, ფედერაცია, ფონდი პოულობს რაღაც გზას. ბოლოს და ბოლოს, მუნიციპალიტეტი იყიდის ერთ ფეხბურთელს! გორის მთავრობასაც თუ გაუჩნდება სურვილი, მანაც უყიდოს ფეხბურთელი "დილას"... რამე თუ არ ვიღონეთ, ფეხბურთზე წასვლის პროცესი აღარ ახსოვს ქართველ გულშემატკივარს. ნაკრები წელიწადში 7 მატჩს თამაშობს, აქედან თბილისში შეიძლება 3-4 იყოს და... სტადიონის გზა დაავიწყდა ხალხს. ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა კი, შესარჩევი ეტაპის ჩათვლით, 14-16 მატჩს ნიშნავს! საქართველო ნამდვილად არ არის ისეთი გაჭირვებული, თბილისის "დინამო" ერთხელ მაინც ვერ მოხვდეს ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე. ვითომ, ალბანელები და მაკედონიელები ჩვენზე მდიდრები არ არიან?!
- სამაგიეროდ, ჩვენზე ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს!
- შეცდომისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ რადგან ფეხბურთელმა ერთხელ ვერ გაიტანა პენალტი, ფული აღარ უნდა მისცე? "დინამო" თუნდაც იმიტომ იმსახურებს გვერდში დგომას, რომ საქართველოს სახეა, ბრენდი. მომღერლის ჩამოყვანაში რომ გადაიხდი 5 მილიონს, შესაძლოა, დარბაზი ვერ გაავსო, ან იწვიმოს და მთელი კონცერტი ჩაშალოს. ფეხბურთი კი საყოველთაო, სოციალური ფენომენია... ვფიქრობ, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა, რომ მაშინ, როცა თავად შეგვიძლია ბევრი რამის გაკეთება, ყველა მოლოდინის რეჟიმშია! არა მხოლოდ სპორტში, თითქმის ყველა სფეროში ასეა. არადა, ლოდინში დრო გადის და ბერდები, სიბერეში კი თბილი ფლოსტების და ტელევიზორის პულტის გარდა არაფერი გაინტერესებს...
- ბოლოს, ნაკრებზეც ვთქვათ: ესპანეთთან გამარჯვება "ყარაულის თოფის გავარდნა" იყო თუ მორიგი იმედისმომცემი მატჩი?
- ასეთ მეტოქესთან გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნოა, მაგრამ ხომ შევთანხმდით, რომ ეს არ არის ჩვენი თამაში? ვაღიარეთ უკვე, რომ თუნდაც ესპანეთთან გამარჯვება არ გვიღირს იმად, მთელი გუნდით საკუთარ საჯარიმოში გავმაგრდეთ... მაგრამ რა გინდა გააკეთო, როცა ნაკრების ფეხბურთელთა უმეტესობა სათამაშო პრაქტიკის გარეშეა, ვისგანაც რაღაცის შექმნას ელი, ან უკლუბოდ არის, ან არ ათამაშებენ. ზოგი ფეხბურთელი ჯერაც ფესტივალზეა დარჩენილი, ზოგიც - სოციალურ ქსელში. დღემდე მიმაჩნია, რომ ცხადაძის გაშვება დიდი შეცდომა იყო. კახამ ძალიან მოკლე დროში შეძლო გუნდისთვის სახის მიცემა, მაყურებელი სტადიონზე დააბრუნა, მოთამაშეებიც ძალიან მონდომებულები იყვნენ - უკვე ვიცით, როგორ უნდა ვითამაშოთო. ახლა კი ყველაფერი ისევ თავიდან უნდა დავიწყოთ...