ბატონო მიხეილ, როგორ წაგართმევდა მარგველაშვილი იმას, რაც არ გაქვთ, ანუ რას ნიშნავს "გიჟი" "ნაციონალების" ენაზე?
პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ბუნებრივია, ამას უმალ გამოეხმაურა მოქალაქეობაწართმეული და თქვა, - მათ შეუძლიათ წაიღონ ჩემი პასპორტი, მაგრამ ვერავინ წამართმევს ქართველობას და საქართველოს სიყვარულსო.
რა თქმა უნდა, ბატონო მიხეილ ვერ წაგართმევენ ან როგორ უნდა წაგართვან ის, რაც არ გაქვთ?! თქვენ რომ ქართველობა გდომებოდათ, თქვენივე ნებით არ იტყოდით საქართველოს მოქალაქეობაზე უარს და სხვა ქვეყნის სამსახურში არ ჩადგებოდით. თქვენ საქართველო მხოლოდ იმისთვის გინდოდათ და მომავალშიც იმისთვის გინდათ, რომ საკუთარი ძალაუფლებით დატკბეთ, თორემ საქართველოში რიგით მოქალაქედ ცხოვრება თქვენი მიზანი არაა, ასეთი საქართველო თქვენ არ გაინტერესებთ. სამარცხვინოა, როდესაც გუბერნატორობაში ცვლით იმ ქვეყნის მოქალაქეობას, რომლის პრეზიდენტიც 9 წელი იყავით, ამაშიც ჩანს თქვენი ტრფობა ძალაუფლებისაკენ. თქვენზე სამარცხვინო ის ხალხია, ვინც პრეზიდენტი მარგველაშვილის გუშინდელი გადაწყვეტილება დაგმო, ხოლო თქვენს მიერ მოქალაქეობაზე უარის თქმას ხბოს აღტაცებით შეხვდა და გმირობად ჩათვალა.
წერთ: - "დღეს მე და ჩემი მეგობრები ვაკეთებთ ქართულ საქმეს და ვემსახურებით საქართველოს მომავალს", - ბატონო მიხეილ, რომელი მეგობრები, ისინი ვინც თქვენს ზურგს უკან გიჟად მოგიხსენიებენ? შეიძლება არც იცოდეთ, მაგრამ ერთმა თქვენმა მეგობარმა, ბატონმა გოკა გაბაშვილმა, საკუთარ ძმასთან საუბრისას, სულ გიჟი გეძახათ და თან რა იგინა, გინებაში გამოწრთობილი ქართველებიც კი გააოცა... აფერუმ, გოკა, არ ველოდი ნაღდად... ჩემდა სამწუხაროდ, "ნაციონალური" ენა არ ვიცი, მაგრამ მეეჭვება "გიჟი" თქვენს ენაზე რაიმე აღმატებულს ნიშნავდეს. ჰოდა, ამ მეგობრებთან ერთად გინდათ დაბრუნება? დიდი ბოდიში, მაგრამ ქართველი ხალხი მართლა გიჟი ხომ არ გგონიათ?
მიშამადიდებელი მრევლი შედარებისთვის კი წერს არც ილიას დაადგა კარგი დღე, რუსთაველი გააქცია ქართველმა ერმა, ხოლო სულხან-საბა წვერით ათრიესო, თქვენც გიხარიათ, მაგრამ როცა საკუთარ თავთან მარტო რჩებით, მაშინაც გჯერათ ამ შეფასებების?! მართლა შეგიძლიათ დაუშვათ რომ საქართველოსთვის ის ხართ, რაც ილია იყო?! რატომღაც მგონია, რომ ასეთი სითავხედე თქვენთვისაც კი წარმოუდგენელია.
ეჰ, ჩემო ექსპრეზიდენტო, როდესაც საუბრობდით ქინძი ვარ, ქინძი ვარო, - მაშინ დაუშვით შეცდომა, რადგან ქინძი მეორედ აღარ მოდის, ნიახური უნდა გეთქვათ, რომ ცოტა იმედი ჩაგესახათ თქვენი მრევლისთვის, თორემ უკვე გიჟად მოგნათლეს...
პ.ს.ერთადერთი მიზეზი რის გამოც გული დამწყდა, თქვენთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის გამო, ისაა, რომ 2014 წლის აღწერით 3 729 635 მოქალაქე ყავდა საქართველოს ხოლო ამ გადაწყვეტილების მერე 3 729 634 დარჩება, მაგრამ თქვენ ნუ იდარდებთ, ავიტანთ.
პ.ს.ს. არ მინახავს და იმედია, პრეზიდენტ მარგველაშივილის ამ გადაწყვეტილებას მაინც მიესალმა პრემიერი, აბა, სხვა არაფერი მოსწონს და… ისე, მეჭიაურს რომ მოსწონებია გავიგე, წინდის ჩხირები და ვეტო არ გახსენებია აშკარად…
საქართველოს მოქალაქე სურამელი.