ჯარისკაცის მამა
"მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა..."
ყველა ომს მოაქვს ისეთი ამბები, რომლებიც სამუდამოდ რჩება. აგვისტოს ომის შემდეგაც მეომრები ხშირად იხსენებდნენ ჯარისკაცის მამას, რომელიც ბრძოლის ველზე თავის შვილებს დაეძებდა და ამ დროს ხუთი ჯარისკაცის სიცოცხლე გადაარჩინა...
ჩვენ მივაკვლიეთ ამ ამბის მთავარ გმირს, თამაზ მეთაფლიშვილს.
- შეიარაღებულ ძალებში 1996 წლიდან ვმსახურობ. 2002 წლიდან სასწრაფო დახმარების მძღოლად ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში თავდაცვის სამინისტროს მესამე ბრიგადის 33-ე ბატალიონის სასწრაფო დახმარების მძღოლი ვიყავი. ბრიგადა მაშინ ქუთაისში იდგა.
5 აგვისტოს საბრძოლო მზადყოფნის შესახებ ბრძანება მივიღეთ. მანქანებში ჩავსხედით და ბაზის დატოვების ნიშანს დაველოდეთ. ვიცოდით, რომ ცხინვალში მივდიოდით. მოსალოდნელ ომზეც გვქონდა ლაპარაკი, თუმცა რას ვიფიქრებდით, ფაქტის წინაშე თუ დავდგებოდით. ერთმანეთს ვეუბნებოდით, თუ რამე იქნება, უკან არავინ დავიხევთო. 6 აგვისტოს, დილით, ბრიგადამ ბაზის დატოვება ეტაპობრივად დაიწყო. ეს მთელი დღე გრძელდებოდა. გზაზე, ზესტაფონში, ხალხი ქუჩაში იყო გამოსული და გამარჯვების შეძახილებით გვხვდებოდა. ზოგი სიგარეტს გვაწვდიდა, ზოგი მინერალურ წყალს, ყველას უხაროდა. გზადაგზა ბიჭები მანქანებს აჩერებდნენ, გადმოდიოდნენ, გვესალმებოდნენ, ხელის ჩამორთმევას და გამხნევებას ცდილობდნენ. წინ ერთი მანქანა გადაგვიდგა, იქიდან ხნიერი, მთასავით კაცი გადმოვიდა, ხელები გაშალა, თითქოს მთელი სამხედრო კოლონის გულში ჩაკვრა უნდაო და - თქვენ გენაცვალეთ, ბიჭებოო, დაიგუგუნა. იმ კაცის ხმა ახლაც ჩამესმის. გორში რომ შევედით, ჟრუანტელმა დამიარა - მთელი ქალაქი გარეთ იყო გამოფენილი (მე თავად გორის რაიონიდან ვარ, სოფელ ხიდისთავიდან). ჯარის დანახვაზე ხალხი ტიროდა. ქალები ხმამაღლა გვლოცავდნენ და შინ მშვიდობით დაბრუნებას გვისურვებდნენ, ცრემლმორეული კაცები რომ შევნიშნე, თავი ვერც მე შევიკავე, ჩემს ექიმს რომ გადავხედე, ცრემლი მასაც მორეოდა. ის დღე არასოდეს დამავიწყდება...
ჩემი ორი ვაჟიც ჩემთან ერთად მესამე ბრიგადაში მსახურობდა. ლევანი 31-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევე იყო, გიორგი - მომარაგების დარგში. გზად ვცდილობდი, ლევანს შევხმიანებოდი, სატელეფონო კავშირი ჭირდა. ბოლოს, გორში რომ შევედით, როგორღაც დავუკავშირდი. მითხრა, - წინ მივიწევთო...
6 აგვისტოს ღამე ცხინვალის მისადგომებთან, ვაშლის ბაღებში გავათენეთ. მთელი ღამის განმავლობაში ოსური მხარე ნიქოზს, შინდისს, ფხვენისს ბომბავდა. ვარიანამდე ყოველი გოჯი მიწა იბომბებოდა, ცა წითლად ვარვარებდა.
გამთენიისას (7 აგვისტო) სოფელ ქსუისში (ოსურ-ქართული სოფელი) დავბანაკდით. ჩვენი ბატალიონის დაზვერვის ოცეული დასაზვერად წავიდა. მათ ცეცხლი გაუხსნეს. ერთი ჩვენი ბიჭი დაიღუპა. ეს იყო პირველი მსხვერპლი ამ ომში. ტყვია თავში მოხვედროდა. ჩემი მანქანით ჩამოვიყვანე ტყვიავამდე. მიცვალებულები ლაზარეთში არ გადაჰყავდათ, გზაშივე სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებში გადაასვენებდნენ და თბილისისკენ მიჰყავდათ. მესამე ბრიგადის სამხედრო ჰოსპიტალი სოფელ ტირძნისის საჯარო სკოლაში იყო გახსნილი და დაჭრილებს პირველად სამედიცინო დახმარებას სწორედ იქ უწევდნენ. უკან, ქსუისში რომ დავბრუნდი, ერთ სახლთან ორი დაჭრილი პირდაპირ მიწაზე ეგდო. ახლოს მივედით.
ოსი ცოლ-ქმარი აღმოჩნდა. ქალი მუცელში იყო დაჭრილი. მანქანაში დავაწვინეთ. კაცს ყუმბარის ნამსხვრევებით მთელი გულ-მკერდი გადახსნილი ჰქონდა, თუმცა წვეთი სისხლი არ მოსდიოდა (ყუმბარის ნამსხვრევი იმდენად ცხელი იყო, რომ სისხლი შეადედა). პირველად მაშინ ვნახე, როგორ მუშაობს ცოცხლად ადამიანის გული. კაცს ვეხვეწებოდით, - მანქანაში გადაგიყვანთ, საკაცეზე დაწექიო, მაგრამ უარობდა, - დაწოლა არ მინდა, დავჯდებიო. ზორბა კაცი იყო. სხვა რა გზა გვქონდა, დავთანხმდით. ტყვიავში, გზაზე, ჯარისკაცები იდგნენ და სამხედრო სასწრაფო დახმარების მანქანის გამოჩენაზე ყვიროდნენ, - დაჭრილი თუ მკვდარიო. თუ მკვდარს ვეტყოდით, სხვა მიმართულებას გვაძლევდნენ, დაჭრილის შემთხვევაში კი ჰოსპიტალში გვგზავნიდნენ და ისევ ხმამაღლა ყვიროდნენ, - დაჭრილიაო. ყვირილზე სამედიცინო პერსონალი გამორბოდა საკაცით, როდესაც მანქანის კარები გავაღე და ექთანებმა გულგადახსნილი კაცი სკამზე ჩამომჯდარი დაინახეს, ერთს გული შეუწუხდა, გაოცებული ექიმები თვალებს არ უჯერებდნენ და სთხოვდნენ საკაცეზე დაწოლას. დაჭრილი მაინც ჯიუტობდა, - ჩემი ფეხით წამოვალო. მართლაც თავისი ფეხით მივიდა საოპერაციომდე. მერე რა ბედი ეწიათ, არ ვიცი.
ქსუისში მეტი მსხვერპლი არ ყოფილა. ჩვენი ბატალიონი ცხინვალში არ შესულა, მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული, თუმცა ინფორმაცია მივიღეთ, რომ 31-ე ბატალიონი, რომელშიც ჩემი ლევანი იმყოფებოდა, ალყაში იყო მოქცეული. ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა... შემდეგ გავარკვიე, რომ ლევანის ბატალიონი სოფელ დმენისში იდგა. იქაც თავმოყრილი იყო ოსური მხარის სამხედრო ტექნიკა. ჩემი ფიქრები სულ იქით იყო მიმართული. ცოტა ხანში ალყაში მოქცეულ ბატალიონთან კავშირი საბოლოოდ გაწყდა. არ ვიცოდი, სად იყო ჩემი მეორე ვაჟი, გიორგი. მოგვიანებით გამაგებინეს, რომ ის ქუთაისში, ნაწილში დაუბრუნებიათ - ერთი ოჯახიდან სამი მამაკაცის ომში ყოფნა არ შეიძლებაო.
8 აგვისტოს ჩვენმა ბატალიონმა უკან დახევის ბრძანება მიიღო. გვითხრეს, - რუსული არმიის ტანკები შემოვიდნენო. როდესაც ცაზე პირველად რუსული თვითმფრინავი დავინახე, თავიდან ჩვენი გვეგონა და სიხარულით ტაში დავცხეთ. პირველად თვითმფრინავმა ოსურ მხარეზე მთებში ჩამოაგდო ბომბი. ვიღაცამ დაიყვირა, - ნამდვილად ჩვენები არიანო. მოულოდნელად თვითმფრინავი შემობრუნდა და ქსუისში რაც კი ტექნიკა გვქონდა, ერთიანად ამობუგა. 5 ბიჭი დაგვეჭრა, მხოლოდ ტყვია-წამლით დატვირთული "კამაზი" გადარჩა. ჩვენმა ერთმა მძღოლმა, ნადირაძემ, - ტყვია-წამალი მტერს რატომ უნდა დავუტოვოთო... გადაბუგულ ქსუისში მიბრუნდა, ტყვიების ცეცხლში "კამაზი" თავის მანქანას ჩააბა და სამშვიდობოს გამოათრია.
ტყვიავისკენ დავიხიეთ. ვერ ვიგებდით, რომელი ნაწილი სად იდგა. ყვიროდნენ, - რუსი მოდისო. იყო პანიკა. ჯარი ქაოსურად იხევდა უკან.
ტყვიავში გავიგე, რომ ჩემი ლევანის ბატალიონი სოფელ ბროწლეთში შესულიყო. პირველად მაშინ გავიღიმე (ისეთი მძიმე სიტუაცია იყო, სიხარულის გამოხატვა ვერ გავბედე). ესე იგი, ჩემი შვილი ცოცხალი გადამირჩა-მეთქი, - ამ სიტყვებს ხმამაღლა ვყვიროდი, ოღონდ გულში.
ცოტა ხანში ლევანის ბატალიონის ექიმი ჩემს ექიმს დაუკავშირდა - ბევრი მყავს დახოცილი, დამეხმარეთ, რამე მიშველეთო. სასწრფოდ ბროწლეთისკენ გავწიეთ. გზაში ღმერთს ვემუდარებოდი, - ნეტა ჩემი შვილი არ იყოს მათ შორის-მეთქი, თან მრცხვენოდა, თავს ვკიცხავდი - დანარჩენებიც ხომ ჩვენი შვილები არიან-მეთქი... მაგრამ ემოციებს ვერ ვერეოდი; მე ხომ მამა ვიყავი, რომელსაც, შესაძლოა, რამდენიმე წუთის მერე საკუთარი შვილი მკვდარი ენახა...
ბროწლეთამდე სულ რამდენიმე კილომეტრი იყო, თუმცა ჩემთვის გზა უსაშველოდ გაგრძელდა. ფიქრებში წასული შვეულმფრენის გუგუნმა გამომარკვია. ძალიან ახლოს იყო, რომ იტყვიან, "ზედ გვაჯდა". მე და ჩემი ექიმი ყოველ წუთს სიკვდილს ველოდით, მაგრამ არ გავჩერებულვართ, გზას მაინც განვაგრძობდით, ნახევარი გზა ის შვეულმფრენი თავს დაგვტრიალებდა, შემდეგ გადაგვიფრინა და წავიდა...
ბრძოლის ველი ბროწლეთის მინდვრები იყო. რომ მივუახლოვდით, საზარელი სურათი გადაგვეშალა - 7-8 ჯარისკაცის ცხედარი მინდორში ეყარა. ფეხები ჩამეკეცა, ჩემს ლევანს ერაყიდან თეთრი, ე.წ. უდაბნოს ბათინკები ჩამოვუტანე. ახლა ამ ომში ის ეცვა. იმ წუთებში ვცდილობდი, თვალი გარდაცვლილთა ფეხებისკენ არ გამქცეოდა, რომ თეთრი ბათინკები არ დამენახა. ჩემი შვილი იქ არ აღმოჩნდა...
ამდენ მიცვალებულს ჩემი მანქანით ვერ წამოვასვენებდი. დასახმარებლად სამოქალაქო სასწრაფო დახმარების მანქანებიც მოვიდნენ. მათი ექიმი მომხდარისგან ჯერ კიდევ გონს ვერ მოსულიყო და არეული გვიყვებოდა, - 31-ე ბატალიონის ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი მინდორ-მინდორ მოდიოდა, უკან იხევდნენ. ამასობაში ცაზე რუსული თვითმფრინავი გამოჩნდა. ჯარისკაცებმა იქვე მდგარ პატარა შენობას შეაფარეს თავი. თვითმფრინავმა მიზანში სწორედ ეს ქოხი ამოღო - ბომბი პირდაპირ სახურავის ცენტრს დაუმიზნაო...
როცა დახოცილები წაასვენეს, მათი დარჩენილი იარაღი და ტყვია-წამალი ავკრიფე...
ტყვიავში გულდამძიმებული ვბრუნდებოდი. ვფიქრობდი გარდაცვლილებზე, ჩემს შვილზე, რომელიც არ ვიცოდი, სად იყო, ცოცხალი იყო, თუ იმ ბიჭებივით სასწრაფო დახმარების მანქანით მიასვენებდნენ თბილისში...
ჩემს ექიმს დანა პირს არ უხსნიდა...
გზაში, გორებზე, ჩვენი ჯარისკაცები გვხვდებოდნენ. მოდიოდნენ დაქანცულები, ზოგს სიმწრის ცრემლი ადგა თვალზე. მოდიოდნენ ჩუმად... ყველას ვეკითხებოდი, - ჩემი შვილი ხომ არ გინახავთ-მეთქი. ზოგი შემომხედავდა, გაღიმებას ცდილობდა და მეუბნებოდა, რომ ცოტა ხნის წინ ვნახე, კარგად არისო. ვგრძნობდი, მატყუებდნენ, ჩემი გამხნევება უნდოდათ. მათი ღიმილი რაღაცნაირად გულს მითბობდა. ზოგი მეუბნებოდა, არ მინახავსო.
ტყვიავში დავბრუნდით. ქართულ ჯარს უკვე დაეტოვებინა იქაურობა. უკანასკნელნი ჩვენ ვიყავით. ის იყო, ჩვენც უნდა წამოვსულიყავით, რომ ინფორმაცია მივიღეთ - ბროწლეთის მინდვრებში 5 ჯარისკაცია ჩარჩენილი, ცოცხლები არიანო... ჩვენი ბატალიონი უკვე გორისკენ იყო დაძრული, ტყვიავს უკანასკნელი ჩვენი სასწრაფო დახმარების მანქანა ტოვებდა. ექიმს გადავხედე. უთქმელადაც მივხვდი, რაც უნდა გამეკეთებინა - ბროწლეთში უნდა მივბრუნებულიყავით...
გზაზე, ტირძნისის ხიდთან, კვადროციკლით ოფიცერი შეგვხვდა. გვკითხა, - სად მიდიხართ, იქით აღარავინ არის, რუსები გვიახლოვდებიანო. ვუთხარით, ბროწლეთის მინდვრებში ჩარჩენილი ჯარიკაცების გამოსაყვანად მივდიოდით. ერთი შემოგვხედა, თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე, მარტო ის გვითხრა, - მაგის შესახებ არაფერი ვიციო. მერე მოგვაძახა, - მაინც ფხიზლად იყავითო.
ბროწლეთის მინდვრებში კარგა ხანს ვეძებდით ჩვენს ჯარისკაცებს. ბოლოს, შევამჩნიე, რომ ვიღაც ბუჩქებიდან ხელს გვიქნევდა. ერთხანს ისიც გავიფიქრეთ, რუსები ხომ არ არიან-მეთქი. თუმცა ფიქრის დრო არ რჩებოდა, ბუჩქებისკენ წავედით. ჩვენი ბიჭები აღმოჩნდნენ... შიშისაგან მოწყვეტილები იყვნენ, ვერც ერთი ფეხზე ვერ დგებოდა. რომ დაგვინახეს, - გადარჩენის იმედი აღარ გვქონდა, სიკვდილს ველოდითო, - ერთმანეთს არ აცლიდნენ ლაპარაკს.
გზაში ყველა მოსახვევში რუსებს ვათვალიერებდით. ჩვენს 33-ე ბატალიონს კარალეთში დავეწიეთ. თბილისში მოვდიოდით და არ ვიცოდი, ჩემი შვილი ცოცხალი იყო თუ არა, არ ვიცოდი, მეუღლემ, რომელიც სოფელში დავტოვე, გამოსვლა მოასწრო თუ არა.
ჩვენი ბატალიონი თბილისის ზღვაზე დაბანაკდა. ჩემმა ექიმმა მთხოვა, ტელეფონის დამტენი დამეკარგა, წავიდეთ, ვიყიდოთო. ვაგზლის მოედანზე გავედით. სამი ღამის უძინარები, უჭმელ-უსმელები (იმ დღეებში ჭამაზე ვინ ფიქრობდა!), არაქათგამოცლილები. ვიჯექი მანქანაში და ექიმს ველოდი, თვალი მილულული მქონდა. მოულოდნელად თითქოს ვიღაცის მზერამ გამომაფხიზლა. თვალი რომ გავახილე, დავინახე, რომ ჩემს მანქანასთან უამრავი ხალხი იდგა. ბანანებს მილაგებდნენ, ზოგი სხვა ხილს, ზოგიც მინერალურ წყალს მაწვდიდა, ზოგი ისე იდგა და ჩემს გამხნევებას ცდილობდა. მაშინ ვიგრძენი, რომ ჩვენ მათთვის ისეთივე გამარჯვებული ჯარისკაცები ვიყავით, როგორიც მაშინ, პირველად, გორში შესვლის დროს...
შვებით ამოვისუნთქე, რადგან არ არსებობს იმაზე დიდი ტკივილი, საკუთარ ხალხს იმედგაცრუებულს რომ დატოვებ...
ვუყურებდი ამ ხალხს და ცრემლს ვერ ვიკავებდი...
ერთი მუნჯი ქალი მომიახლოვდა, ხატი მომაწოდა. ფულის ძებნა დავიწყე. არაო, - მანიშნა, - გაჩუქეო, ფორმაზე თითი დამადო.
...19 აგვისტოს კოჯრის ბაზაში ვნახე ჩემი ლევანი.
მერე გავიგე, - როდესაც ჩემი სოფელი ხიდისთავი დაცლილა, ჩემი მეუღლე არ გამოსულა, - ომში ქმარი და ორი შვილი მყავს, რომელიმემ რომ შემოიაროს, შინ ხომ უნდა დავხვდეო...
ღვთის წყალობით მეუღლე სამშვიდობოს გამოუყვანიათ.
ომის შემდეგ ბევრი დაიღუპა გულით, ჩემი ექიმი ლევან ოქროპირიძეც. როგორც ჩანს, გადატანილ სტრესს ვეღარ გაუძლო...