ბერეზოვსკი - "მკვლელობა დანაშაულია, მაგრამ მკვლელობა საჭირო დროს - პოლიტიკა"
"განცვიფრებულმა ვკითხე, - გუშინ კაცს მოსაკლავად იმეტებდი და დღეს მასთან
როგორ მეგობრობ-მეთქი. გაიცინა და არაფერი მიპასუხა - ის ხომ ბერეზოვსკი იყო"
საბედისწერო შეხვედრა - ბერეზოვსკიმ ელცინს ვლადიმირ პუტინი წარუდგინა და სთხოვა, პრემიერ-მინისტრად დაენიშნა...
"სიცოცხლეში ბორის ბერეზოვსკი იყო ყოვლისშემძლე ოლიგარქი, შემდეგ დევნილი ოლიგარქი, შემდეგ სამშობლოს მოღალატე, დიდი ორიგინალი, ბოლოს, ამბიციური მარგინალი. სიკვდილის შემდეგ კი პოლიტიკურად აქტიური მიცვალებული".”
იური ბოგომოლოვი, კრიტიკოსი
"ბერეზოვსკი საზიზღრობის აპოთეოზია სახელმწიფო დონეზე. უმაღლესი ხელისუფლების ეს წარმომადგენელი არ კმაყოფილდებოდა იმით, რომ იპარავდა, უნდოდა ყველას დაენახა, რომ დაუსჯელად იპარავდა".
გენერალი ლებედი
"იჯექი ჩუმად და მოიპარე. მაშინ ყველაფერი კარგად იქნება".
ბორის ბერეზოვსკი
2013 წლის 23 მარტს სოციალურ ქსელებში ბერეზოვსკის სიძემ, ეგორ შუპემ, საკმაოდ მშრალი, სულ სამსიტყვიანი განცხადება გაავრცელა - "ბორის ბერეზოვსკი მოკვდა". ეს განცხადება იმდენად მოულოდნელი იყო, რომ მსოფლიომ არც დაიჯერა.
ოლიგარქი ბერქშირის საგრაფოში, თავის სასახლეში, მცველმა აბაზანაში უკვე გარდაცვლილი იპოვა (სავარაუდოდ, ის 11 საათის მკვდარი იყო). იმ დროისთვის სახლში მხოლოდ ბიზნესმენი და დაცვის ერთი თანამშრომელი, ყოფილი "მოსადელი" (როგორც ბერეზოვსკის ყველა მცველი) იმყოფებოდნენ. პოლიციამ ცხედრის დათვალიერებისას ძალადობის ნიშნები ვერ აღმოაჩინა. გარდაცვლილს კისერზე ქსოვილის ზონარი ჰქონდა შემოხვეული. ასეთივე ზონარი აღმოჩნდა საშხაპეზეც. გაკვეთისას ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ბიზნესმენი გაგუდვის შედეგად გარდაიცვალა. მსოფლიო მედია, რომელიც ოლიგარქის ამგვარ სიკვდილს არ იჯერებდა, აცხადებდა, რომ ბერეზოვსკი პუტინის სპეცსამსახურების მოკლული იყო (აპრილის ბოლოს ბერეზოვსკი "კაგებეს" ყოფილი ჯაშუშის ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებით გამართულ საბოლოო სასამართლო პროცესზე უნდა წარმდგარიყო). ვერსია, რომლის მიხედვითაც ბერეზოვსკიმ თავი ჩამოიხრჩო, პირველად მისმა ადვოკატმა დობროვინსკიმ გაახმაურა. ცნობილია, რომ გაკოტრების პირას მისული ბორის აბრამოვიჩი მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა, რის გამოც თელ-ავივის სპეციალიზებულ კლინიკაშიც მკურნალობდა. სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩაწერილ ინტერვიუში იგი აცხადებდა, რომ ცხოვრებამ დაღალა და სიცოცხლის აზრს ვეღარ ხედავდა. ყველაფერ ამის ფონზე, თვითმკვლელობის ვერსია უსაფუძვლო არ ჩანდა...
ბორის ბერეზოვსკი დაიბადა 1946 წელს. იყო მეცნიერებათა დოქტორი, მათემატიკის პროფესორი, თუმცა მერე მეცნიერებას ბიზნესი არჩია.
გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც რუსეთის ეკონომიკა იშლებოდა, ქვეყანაში საავტომობილო წარმოება მომგებიან ბიზნესად რჩებოდა, თუმცა "ავტოვაზი" მაინც ვალებში ღაფავდა სულს. სწორედ ამ დროს გამოჩნდა საწარმოში ბიზნესმენი ბორის ბერეზოვსკი და მიიტანა გრანდიოზული გეგმები. "ავტოვაზის" შემდეგ გაჩნდა“"ლოგოვაზი", რომელმაც ბერეზოვსკის და მის მეგობრებს - პატარკაციშვილს და გლუშკოვს მილიონები აშოვნინა. 90-იან წლებში "ავტოვაზი" კრიმინალური სამყაროს ყურადღების ცენტრში მოექცა და ბანდიტურ ომში იქნა ჩათრეული. მოგვიანებით, როდესაც 1997 წელს "ავტოვაზით" სამართალდამცავები დაინტერესდნენ, აღმოჩნდა, რომ საწარმოსთან დაკავშირებული იყო 65 შეკვეთილი მკვლელობა. თავად ბერეზოვსკიც 1995 წელს სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მისი მანქანა მაშინ ააფეთქეს, როდესაც ბიზნესმენი "ავტოვაზის" ოფისიდან გამოდიოდა (აფეთქებამ მძღოლს თავი წააცალა). ამის შემდეგ ბერეზოვსკიმ რუსეთი დროებით დატოვა, საქმე კი უხმაუროდ მოაგვარა მისმა პარტნიორმა ბადრი პატარკაციშვილმა.
ბორის ბერეზოვსკი შეიძლება უცნობ, მაგრამ მდიდარ კაცად დარჩენილიყო, რომ არა ერთი საბედისწერო შეხვედრა, რომელიც 1994 წლის ზამთარში მოხდა.
"ჩვენ ვეძებდით ელცინის მეორე წიგნის, "პრეზიდენტის ჩანაწერების" გამომცემელს. იუმაშევმა (ჟურნალისტი, ელცინს წიგნების წერაში ეხმარებოდა. - ავტ.) თქვა, წიგნის გამოსაცემად ძალიან დიდი ფულია საჭირო და რომელიმე ბიზნესმენი უნდა დაგვეხმაროსო. როდესაც დაისვა კითხვა, რომელი ბიზნესმენისთვის ეთხოვათ დახმარება, იუმაშევმა გვითხრა - ამის გაკეთება მხოლოდ "ლოგოვაზს" და ბერეზოვსკის შეუძლიათო. იუმაშევმა ბერეზოვსკი კრემლში მოიყვანა და გამაცნო, მერე პრეზიდენტსაც შევახვედრე, მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ ამ შეხვედრის შემდეგ ბერეზოვსკი პრეზიდენტ ელცინის აჩრდილად იქცეოდა".
ელცინის დაცვის უფროსი
ალექსანდრ კორჟაკოვის მოგონებიდან
წიგნი ფინეთში დაიბეჭდა და ის ბერეზოვსკის 500 000 დოლარი დაუჯდა. "ჭკვიანი ბორია" სამი თვის განმავლობაში პრეზიდენტის ანგარიშზე ლონდონში თანხას რიცხავდა და ელცინს ეუბნებოდა, - წიგნის შემოსავალიაო. ჯამში, "პრეზიდენტის ჩანაწერებით" ელცინმა 3 მლნ დოლარი მიიღო, ბერეზოვსკი კი პრეზიდენტის ფავორიტი გახდა...
ბორის ბერეზოვსკის კარგად ესმოდა, რომ რუსეთში ბიზნესის წარმატება მეტწილად პოლიტიკურ კავშირებზე იყო დამყარებული, ამიტომ მუდმივად ცდილობდა ეპოვა ის, რაც მას თავის პოლიტიკურ მფარველებზე მაღლა დააყენებდა, ასეთი იმ დროისთვის მხოლოდ ტელევიზია იყო.
რუსეთის პირველი არხი (180 მლნ მაყურებელი) ხელისუფლებას წელიწადში 250 მლნ დოლარი უჯდებოდა. ბერეზოვსკიმაც პირველი არხის სრული კონტროლი მოიწადინა და 1994 წელს პრეზიდენტს არხის პრივატიზაცია შესთავაზა. 30 ნოემბერს ელცინმა ხელი მოაწერა ბრძანებას პირველი არხის პრივატიზების შესახებ. მის ბაზაზე ბერეზოვსკიმ ОРТ შექმნა.
რუს მერდოკობაზე (სკანდალურობით ცნობილი ბრიტანელი მედიამაგნატი) მეოცნებე ბერეზოვსკის კონკურენტად НТВ-ს მეპატრონე გუსინსკი გამოუჩნდა. ბერეზოვსკიმ მოახერხა ელცინის დარწმუნება, რომ გუსინსკი საშიში კაცი იყო... შეშინებული ბიზნესმენი ოჯახთან ერთად საზღვარგარეთ გადაიხვეწა.
ზეობის ხანაში მყოფ ბერეზოვსკის მოულოდნელად საფრთხე სულ სხვა მხრიდან დაემუქრა - რუსეთის ყველაზე ცნობილი ჟურნალისტი ვლად ლისტევი. ОРТ-ს გენერალურმა დირექტორმა ლისტევმა 1995 წლის თებერვალში არხზე რეკლამის მორატორიუმი გამოაცხადა. ეს ბერეზოვსკის ინტერესებში არ შედიოდა. "მოგვიანებით, ოლიგარქმა აღიარა, რომ მისი თანაშემწეები (მათ შორის ბადრი პატარკაციშვილიც) ლისტევის "დასაშოშმინებლად" რამდენიმე კრიმინალურ დაჯგუფებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ხოლო ვლადის მკვლელობის წინადღეს (28 თებერვალს. - ავტ.) ბერეზოვსკი შეხვდა კანონიერ ქურდს, ვინმე ნიკოლაის და 100 000 დოლარი გადასცა, 1-ელ მარტს რუსეთის ყველაზე პოპულარული ჟურნალისტი საკუთარი სახლის წინ მოკლეს. მკვლელობის დღეს ბერეზოვსკი ჩერნომირდინთან ერთად ლონდონში იყო. ამ ამბის გაგებისთანავე თვითმფრინავი დაიქირავა და სასწრაფოდ მოსკოვში ჩამოფრინდა. ბიზნესმენმა იცოდა, რომ თუ დაკითხვაზე მივიდოდა, დააკავებდნენ. ამიტომაც, დაურეკა გენპროკურორის მოვალეობის შემსრულებელ ალექსანდრ ილუშენკოს... ამ ზარის შემდეგ ისინი "ავტოვაზის" ოფისშივე დაჰკითხეს. ბორის ბერეზოვსკი გადარჩა, თუმცა კარგად იცოდა, რომ ნებისმიერ დროს შეეძლოთ ჟურნალისტის მკვლელობის ბრალდებით დაეკავებინათ. თავის დასახსნელად ერთი შანსიღა ჰქონდა - დაერწმუნებინა პრეზიდენტი (ელცინი იმ დროს საზღვარგარეთ იყო), რომ მომხდარი ელცინის წინააღმდეგ შეთქმულების გეგმის ნაწილი იყო.
მან ვიდეომიმართვა გაუგზავნა პრეზიდენტს, სადაც თვალცრემლიანმა მთელ ამ ამბებში გუსინსკი, მოსკოვის მერი იური ლუჟკოვი და КГБ დაადანაშაულა. ვიდეომიმართვამ შედეგი გამოიღო: მოსკოვის პროკურორი მოხსნეს, ბერეზოვსკის და პატარკაციშვილს კი თავი დაანებეს".
ჟურნალი "ფორბსი" პაველ ხლებნიკოვი, "ბერეზოვსკი - კრემლის კრიმინალური ნათლია"
1995 წლიდან ბერეზოვსკის ინტერესები რუსეთის ეკონომიკის მარგალიტად წოდებულ კომპანია "აეროფლოტში" გამოჩნდა. მან კომპანიის იმდროინდელ ხელმძღვანელს შესთავაზა, "აეროფლოტს" რუსული ანგარიშები "ავტოვაზბანკში" გაეხსნა, რაზეც თანხმობა მიიღო.
მალე ბერეზოვსკიმ "აეროფლოტის" ფინანსებზე სრული კონტროლი და პოლიტიკური კავშირების წყალობით, კომპანიის ხელმძღვანელობის შეცვლა მოითხოვა. "აეროფლოტის" ახალი დირექტორის დანიშვნის შემდეგ მისი მოადგილე ბერეზოვსკის კომპანიონი გლუშკოვი გახდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ "აეროფლოტს" ფაქტობრივად, ბერეზოვსკი მართავდა.
მალე მოუსვენარი ოლიგარქის ყურადღების ცენტრში ნავთობის ბიზნესი და კომპანია "როსნეფტი" მოექცა. ერთ დღესაც ბერეზოვსკისთან შეხვედრა ერთმა ახალგაზრდა, მოკრძალებულმა ბიზნესმენმა მოითხოვა, რომელიც ნავთობით კარგი მოვაჭრე და პრეზიდენტ ელცინის სიძის საქმიანი პარტნიორი იყო. რომან აბრამოვიჩი - ასე გაეცნო ბერეზოვსკის იმ საბედისწერო შეხვედრაზე და სთხოვა, ჩამოეყალიბებინათ ახალი ნავთობკომპანია СИБНЕФТЬ-ი. ბერეზოვსკიმ ახალი პროექტის ლობირება ჩერნომირდინთან დაიწყო. შედეგმაც არ დააყოვნა - 1995 წელს "როსნეფტის" ბაზაზე "სიბნეფტი" შეიქმნა...
ამასობაში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდებოდა, პრეზიდენტ ელცინის რეიტინგი კი კარგად ჩამორჩებოდა კომუნისტების ლიდერის, გენადი ზიუგანოვის რეიტინგს. ბერეზოვსკი დავოსში რუს ოლიგარქებთან სასაუბროდ ჩავიდა, რათა კომუნისტებთან ბრძოლისთვის გაერთიანებულიყვნენ და ელცინი დაერწმუნებინათ, კვლავ ეყარა კენჭი. ბერეზოვსკი იქ გუსინსკისაც შეხვდა. მოქიშპეები დაზავდნენ.
"დავოსიდან ჩამოსული ბერეზოვსკი პირდაპირ კრემლში მოვარდა და მომაყარა, - არავის მოკვლა არ არის საჭირო, ახლა ყველასთან უნდა ვიმეგობროთო. მივხვდი, გუსინსკის გულისხმობდა. განცვიფრებულმა ვკითხე, - გუშინ კაცს მოსაკლავად იმეტებდი და დღეს მასთან როგორ მეგობრობ-მეთქი. გაიცინა და არაფერი მიპასუხა - ის ხომ ბერეზოვსკი იყო".
ალექსანდრე კორჟაკოვი
არჩევნების შემდეგ მადლიერმა ელცინმა რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დანიშნა. ამ დროს მოულოდნელად ელცინს ურთიერთობა გაუფუჭდა თAავის მ’არჯვენა ხელთან ალექსანდრ კორჟაკოვთან, რომელიც იძულებული გახდა, სამსახური დაეტოვებინა. პრეზიდენტის ყოფილი დაცვის უფროსი ფიქრობდა, რომ ამ კონფლიქტში ბერეზოვსკის ხელი ერია და სულ მალე მათ შორის კომპრომატების ომი გაჩაღდა, თუმცა გაცილებით მძიმე ომი ბერეზოვსკის ჩეჩნეთში ელოდა.
"ის ცინიკურ პოლიტიკურ თამაშს ეწეოდა. როდესაც ОРТ-ს თანამშრომლები გაიტაცეს, ჩეჩნებთან მოლაპარაკებას მე წარვმართავდი - შემპირდნენ კიდეც, გავათავისუფლებთო. გროზნოში ჩავედი, მაგრამ მძევლები არ გამოუშვეს. მაშინ განვაცხადე, ბერეზოვსკიმ ჩეჩნებს ფული გადაუხადა, რომ ჟურნალისტების გაშვება არ ეჩქარათ. რამდენიმე ხნის შემდეგ ბერეზოვსკი ჩავიდა და გაათავისუფლა. ამით პოლიტიკური კაპიტალიც დააგროვა".
გენერალი ლებედი
1997 წლის 15 ივლისს ჩეჩნებმა ბრიტანეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს. ინგლისის მთავრობა უარს აცხადებდა გამოსასყიდის გადახდაზე - ამით ტერორიზმს არ წავახალისებო. 14 თვის შემდეგ მძევლები ისევ ბერეზოვსკიმ გაათავისუფლა. ყველამ იცოდა, რომ გამოსასყიდი - 2 მლნ დოლარი მან გადაიხადა, თუმცა როგორც ახლა აღმოჩნდა, ის აბრამოვიჩის ფული ყოფილა.
1997 წელს ბერეზოვსკი სახელმწიფო დუმის წევრი გახდა, თუმცა მისი გავლენა ელცინის ოჯახზე უკვე შესამჩნევად სუსტდებოდა, მას აღარ იწვევდნენ ოჯახში, რადგან პრეზიდენტის კარზე სხვა ბიზნესმენები გამოჩნდნენ. ბერეზოვსკისთვის ჭკუის სწავლებას პრემიერ-მინისტრი კირიენკო შეეცადა, თუმცა ის მოხსნეს. მისი ბედი გაიზიარა მისმა შემცვლელმა სერგეი სტეპაშინმაც, რომელიც ბერეზოვსკის ციხეში გამოკეტვაზე ოცნებობდა. ოლიგარქი კი უკვე ელცინის "მემკვიდრეზე" ფიქრობდა. მესამე საბედისწერო შეხვედრა ავადმყოფი პრეზიდენტის აგარაკზე შედგა - ბერეზოვსკიმ ელცინს ФСБ-ს შეფი ვლადიმირ პუტინი წარუდგინა და სთხოვა, პრემიერ-მინისტრად დაენიშნა...
საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პუტინმა ოლიგარქი აითვალწუნა. საქმე იქამდე მივიდა, რომ დაპატიმრების შიშით ბერეზოვსკიმ მიაშურა ინგლისს, სადაც უძრავ ქონებას ფლობდა. რუსეთმა ბრიტანეთის მთავრობას რამდენჯერმე მიმართა ბერეზოვსკის ექსტრადიციისთვის, თუმცა უშედეგოდ. დევნილმა ოლიგარქმა ინგლისში პოლიტიკური თაAვშესაფარი მიიღო და განაცხადა, - რუსეთის ხელისუფლებასთან შეურიგებელ ბრძოლას ვიწყებო. მისი ცხოვრება არც ლონდონში აღმოჩნდა მშვიდი.
მისმა სახელმა რამდენიმე გახმაურებულ მკვლელობაში გაიჟღერა. 2004 წლის 9 ივლისს მოსკოვში ჟურნალ "ფორბსის" რუსული ვერსიის რედაქტორს პავლე ხლებნიკოვს რედაქციიდან გამოსვლისას ესროლეს (9 ტყვია). ვრცელდებოდა ვერსია, რომ ხლებნიკოვის მკვლელობის მიზეზი იყო 1996 წელს ჟUურნალში გამოქვეყნებული მისი სტატია "ბერეზოვსკი - კრემლის კრიმინალური ნათლია". 2006 წლის 23 ნოემბერს ლონდონში ცნობილი უშიშროების პოლკოვნიკი ალექსანდრ ლიტვინენკო პოლონიუმით მოწამლეს. პოლკოვნიკის მკვლელობაში პუტინის სპეცსამსახურების გარდა, ეჭვმიტანილად ბერეზოვსკისაც განიხილავდნენ. 2008 წლის 12 თებერვალს ლონდონში მოულოდნელად ბერეზოვსკის მეგობარი ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა. ოფიციალური მიზეზი გულის შეტევა გახლდათ. ბადრის სიკვდილის შემდეგ ოლიგარქს პატარკაციშვილის ოჯახთან რამდენიმე მსხვილ აქტივთან დაკავშირებით დავაც ჰქონდა, თუმცა მხარეები ბოლოს მორიგდნენ. 2011 წელს ოლიგარქმა აბრამოვიჩის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი დაიწყო. ბერეზოვსკი მილიარდერისგან 5 მლრდ დოლარს ითხოვდა. თუმცა თემიდა ამჯერად აბრამოვიჩის მხარეზე აღმოჩნდა. მეტიც, ბერეზოვსკის მარცხი მსოფლიოში ყველაზე ძვირ სასამართლო პროცესად იქცა. მას 50 მილიონი დააკისრეს. მუდამ მოგებას დაჩვეული ბერეზოვსკი წაგებას ვერ შეეგუა...
მიუხედავად სასამართლოს დასკვნისა, რომ ცხედარს ძალადობის ნიშნები არ ემჩნეოდა, ღატაკად ქცეული ოლიგარქის გარდაცვალებისთანავე გაჩნდა ხმები, რომ ბორის ბერეზოვსკი მოკლეს.
თუმცა სანამ ბორის ბერეზოვსკის ცხედარს ქიმიურ, რადიოლოგიურ და ბიოლოგიურ ექსპერტიზას არ ჩაუტარებენ, ამის მტკიცება ძნელია.