ლაფანყური საშინელი სიმართლის მოლოდინშია
ერთი ვერსიით, შეიარაღებული ჯგუფის წევრები ისევ თავისიანებმა მძინარენი დახოცეს
სალამ ზაურბეკოვის დედა: "ჩემი 19 წლის ბიჭი უკვე მესამედ ამოთხარეს საფლავიდან"
"მინდა, რომ ჩვენმა ქისტმა თანამემამულეებმა და დაღუპულთა ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ამ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ, ყველაფერს გავარკვევთ. გპირდებით ყველას, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი".
ბიძინა ივანიშვილი, 9 სექტემბერი, 2012 წ.
"მე წავედი საკუთარი რელიგიის, მამაპაპური ადათ-წესების წინააღმდეგ და ჩემი შვილი საფლავიდან ამოვაღებინე იმ იმედით, რომ ექსპერტიზა სიმართლის დადგენაში დაგვეხმარება. შიში მიპყრობს: ო, ალაჰ, თავისიანების მოკლული არ აღმოჩნდეს. თუ არაფერი გაირკვა, ხეობის სასაცილონი გავხდებით".
რამზან ბაღაკაშვილი,
ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის მამა
8 მაისს, დილით, მოსახლეობის სამდღიანი ლოდინის შემდეგ, დუისის სასაფლაოზე ლოპოტის ხეობაში დაღუპული ახალგაზრდების საფლავების გახსნა დაიწყო... პირველად სალამ ზაურბეკოვის საფლავი გაიხსნა. როდესაც სალამის ცხედარი ამოასვენეს, მისმა უბედურმა დედამ ჩაილაპარაკა, - უკვე მესამედ ამოთხარეს ჩემი 19 წლის ბიჭი საფლავიდანო და ჩაიკეცა... ზაურბეკოვთან ერთად ასლან მარგოშვილის და ბაჰაუდინ ბაღაკაშვილის ცხედრებიც ამოასვენეს. რამზან ბაღაკაშვილი (მისი ოჯახი საგანგებოდ ამ დღისთვის ჩამოვიდა ავსტრიიდან) საგამოძიებო ჯგუფთან მივიდა და სთხოვა, - ჩემს რძალს უკანასკნელად უნდა მეუღლის ნახვა და, თუ შეიძლება, ცელოფანი გახსენითო (გარდაცვლილები შავ ცელოფანში გახვეულნი იყვნენ დასაფლავებულნი). თქვენი შვილის ცხედარი ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია (საფლავიდან თითქმის ნაწილ-ნაწილ ამოიღეს), მძიმე სანახავი იქნება ჭირისუფლისთვისო.გახსენითო - მოითხოვა მამამ. როდესაც თხოვნა შეასრულეს, ბაღაკაშვილის ქვრივმა ცხედართან ჩაიმუხლა და ქმრის ნეშტის ნაწილებს მოეფერა. ამ სურათის მაყურებელი ქალების მოთქმამ ხეობა შეძრა...
ბაღაკაშვილის, მარგოშვილის და ზაურბეკოვის ცხედრები თბილისში წამოასვენეს ექსპერტიზის ჩასატარებლად. დუისის სასაფლაოზე სამი საფლავი ისევ ცარიელი დარჩა.
მუსლიმანური წესით, საფლავების გახსნა უმძიმეს ცოდვად ითვლება, ხოლო ცარიელი საფლავები - უბედურების მაუწყებელია, ამიტომ ხეობა ავის მოლოდინით ცხოვრობს.
ვფიქრობდით, ჩვენი ხალხის (ქისტების) ტრაგედია ლოპოტაში დამთავრდაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩვენი უბედურება ლოპოტაში დაიწყოო, - ამბობენ ხეობაში.”
...***1999 წლის ზამთარში, ჩეჩნეთში რუსეთის მიერ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ იჩქერიის სამხედრო დაჯგუფებები ხშირად იყენებდნენ საქართველოს ტერიტორიას, კერძოდ, პანკისის ხეობას სულის მოსათქმელად და ძალების მოსაკრებად, რასაც რუსეთი რეაგირების გარეშე არ ტოვებდა. ბოლო დროს რუსეთი ხმამაღლა აცხადებდა, რომ მსოფლიოში აღიარებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, "კავკასიის ემირატს" და მის თავკაცს, დოკუ უმAAაროვს, ტერორისტულ საქმიანობაში ხელს სწორედ საქართველოს ხელისუფლება უწყობდა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთის განცხადებებს აბსურდულს უწოდებდა, თუმცა, სავარაუდოდ, მეორე მხრივ, ანტიტერორისტული ცენტრის მეშვეობით, თანამშრომლობდა ემირატთან. უმაროვის ინტერესებს ქართველებთან აჰმად ჩატაევი ("ცალხელა აჰმადი") წარმოადგენდა, რომელიც ვინმე "გუსლიკასთან" ერთად ევროპაში ემირატის სამხედრო რაზმებისთვის მოხალისეებს არჩევდა საქმეში ჩართული იყო რაულ პაპასკირიც, მეტსახელად "ზოონი". საქართველოს ხელისუფლება ამ თანამშრომლობით ორ კურდღელს იჭერდა - ძირს უთხრიდა რუსეთის რეჟიმს ჩრდილოეთ კავკასიაში და ფინანსურ სარგებელსაც ნახულობდა. "ქართული დერეფანი" ემირატის არაბ დამფინანსებლებს რამდენიმე მილიონი უჯდებოდათ. არავინ იცის, ჩეჩნურ-ქართული თანამშრომლობა რამდენ ხანს გასტანდა, რომ არა 2012 წლის 25 აგვისტოს ლაფანყურში განვითარებული მოვლენები.
ყველაფერი უფრო ადრე, აგვისტოს დამდეგს დაიწყო, როდესაც პანკისში ნათესავების მოსანახულებლად რამდენიმე ათეული ახალგაზრდა ჩამოვიდა ევროპიდან.
"ჩემი შვილები (ორი ბიჭი მყავს) აგვისტოს დასაწყისში ჩამოვიდნენ ავსტრიიდან, უფროსი ბიჭი რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა - უკვე რამდენიმე წელია, საქართველოში შემოსვლას ვერ ახერხებს. შემეშინდა, პრობლემები არ შეექმნას-მეთქი. ნუ გეშინია, ზემოდან მომიგვარესო, - დამამშვიდა. მათთან ღამღამობით შავი ჯიპი მოდიოდა, სადღაც მიდიოდნენ და გამთენიისას მოდიოდნენ. ერთხელ, როდესაც ის ჯიპი ისევ გამოჩნდა, ჩემმა უმცროსმა შვილმა უფროსს გასძახა, - ცალხელა მოვიდაო. სოფელში ათი დღე იყვნენ. ერთ საღამოს გამომიცხადეს, - უკან მივდივართ, საქმე ჩაიშალაო. ჩავეძიე, - სადმე გადასვლას ხომ არ აპირებდით-მეთქი. ამ ეტაპზე ვერ შევთანხმდით, გარანტიებს არ გვაძლევენო. მეტი არაფერი უთქვამთ. წასვლის წინ ვეღარ მოვითმინე და მაინც ვკითხე, - ალაჰის გულისთვის მითხარი, ვინ შემოგიშვა საქართველოში-მეთქი. შს სამინისტროდან ვინმე ლორთქიფანიძემო (სავარაუდოდ, მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძემ. - ავტ.). მომდევნო დღეებში გავიგე, რომ ჩემს ბიჭებთან ერთად ჩამოსულთაA უმრავლესობა ევროპაში დაბრუნებულა".
ნათელა, სოფელი ჯოყოლო
2012 წლის 25 აგვისტოს ხუთი ლაფანყურელი ახალგაზრდა ლოპოტის ხეობაში გაუჩინარდა. საძებნელად წასულმა თანასოფლელებმა ტყეში დაახლოებით 20-კაციანი შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს, რომელსაც ახალგაზრდები მძევლად აეყვანა. ჯგუფი რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთისკენ მიიწევდა. ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთმა იცოდა ჯგუფის გადაადგილების შესახებ და საზღვართან მათ ელოდებოდნენ კიდეც. საქართველოს ხელისუფლება შიშობდა, რომ დაღესტანში იმ დროს განვითარებული მოვლენების ფონზე შეიარაღებული ჯგუფის მიერ საზღვრის გადაკვეთის მცდელობას რუსეთი სათავისოდ გამოიყენებდა და რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ანტიტერორისტულ სამხედრო ოპერაციას დაიწყებდა, რაც, ფაქტობრივად, ომის გამოცხადებას ნიშნავდა. ალყაში მოქცეულ შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებები დაიწყო.
"ანტიტერორისტული ცენტრიდან ზურა მაისურაძემ დამირეკა და ლოპოტაში ამიყვანეს. იქ სანდრო ამირიძე და გია ლორთქიფანიძე დამხვდნენ. ახალაიას არ ვიცნობდი... მთხოვეს, შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებაზე გავსულიყავი. უარი არ მითქვამს, ბიჭებმა კარგად მიმიღეს. დიდხანს ვისაუბრეთ. მე ვუთხარი, - სიტუაცია შეიცვალა, რაღაც ხდება, რაშიც ჯერ ჩვენც არ ვართ გარკვეულები, ამიტომ სიფრთხილე გვმართებს, რომ საქმე არ გაფუჭდეს, ჯერჯერობით ჯობს, უკან გაბრუნდეთ-მეთქი. დამეთანხმნენ. იარაღის დაყრაზე არაფერი მითქვამს. ბიჭებმა მითხრეს, რომ თუ ხელისუფლება საშუალებას მისცემდა უსაფრთხოდ გასულიყვნენ ალყიდან, პირველსავე სოფელში, სადაც მედიასაშუალებებიც იქნებოდა, იარაღს ჩააბარებდნენ - ისინი ფიქრობდნენ, რომ ამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება მოერიდებოდა რუსეთისთვის მათ გადაცემას. შევთანხმდით. გამომყვა ჯგუფში ყველაზე ავტორიტეტიანი ორი კაცი და წავედით, რათა მოლაპარაკების შედეგები სარდლობისთვის გვეცნობებინა და ჯგუფის პირობებიც განგვეხილა. ტყიდან რომ გამოვედით, შეგვაჩერეს - ჯერ ჩვენ მოვახსენებთ და მერე დაგიძახებთო. ტრიალი ადგილი იყო. კარგა ხანს ვიცადეთ, ამასობაში დაღამდა კიდეც. ვისხედით და ვსაუბრობდით. უცებ სროლა ატყდა და ტყვია ფეხში მომხვდა. არ დავბნეულვართ, საფრთხე რომ ვიგრძენით დავიშალეთ, ორნი ერთად გადავხტით, მესამე ლოდს ამოეფარა. მე დაჭრილი ვიყავი, ჩემთან ერთად მყოფს ლოდებში ფეხი გაეჭედა. სროლა არ წყდებოდა. სიკვდილის საფრთხე აშკარა იყო. როდესაც "მუხების" სროლა დაიწყეს, მესამე, რომელიც ლოდს იყო ამოფარებული, იძულებული გახდა, ცეცხლი გაეხსნა... გვიყვიროდა - დამაზღვიეთ, თქვენამდე მოსვლა რომ შევძლოო. სროლას ვერც ერთი ვერ ვახერხებდით - მე დაჭრილი ვიყავი, ქვებში ფეხგაჭედილი ჩემი ამხანაგი მობრუნებას ვერ ახერხებდა და ტკივილისაგან ზმუოდა... როგორც იქნა, მესამემ ჩვენამდე მოაღწია. ტყვიის წვიმაში ძლივს მოვახერხეთ ლოდებიდან ფეხის გათავისუფლება.
შეიარაღებული ჯგუფი უკანასკნელად ხევის ახლოს იყო დაბანაკებული. ჩემს ორ თანმხლებს ვუთხარი, - ადით, ბიჭებს გააგებინეთ, რაც ხდება. მე კი აქ დავრჩები, ამათ მომიყვანეს და ვეცდები, ესენი როგორმე შევაჩერო-მეთქი. როგორც იქნა, ქვემოთ ჩავედი. რომელიღაც ჯგუფს გადავაწყდი - სამხედროები იყვნენ. ვუთხარი, - ახმედი ვარ, მოსალაპარაკებლად მოვედი. ჩაგბარდებით-მეთქი. შემომხედეს, სიტყვა არ უთქვამთ, ისე წავიდნენ უკან.
ტყეში ათი დღე დავყავი. ერთი სნიკერსი მქონდა, შიმშილით რომ არ მოვმკვდარიყავი, მხოლოდ ენას ვუსვამდი. იმედი მქონდა, რომ ჩვენს ბიჭებს გადავეყრებოდი. ჭრილობა გამირთულდა, მატლი დამეხვია. მეათე დღეს წყალთან ჩავედი დასალევად და იქ დამინახეს მესაზღვრეებმა. რომ გაიგეს, ვინც ვიყავი, კარგად მომექცნენ და მიპატრონეს, თბილისში ჩამომიყვანეს.
საგამოძიებო იზოლატორში სასტიკად მექცეოდნენ - დაჭრილ ფეხზე მირტყამდნენ და ათასგვარ სისულელეს მეკითხებოდნენ, - ტყეში რა გინდოდათო და ა.შ. (საბოლოოდ, ჩატაევს ფეხის ამპუტაცია გაუკეთეს. - ავტ.).
მოგვიანებით გავიგე, რომ იმ ორმა კაცმა ბიჭები ვერ ნახეს, რადგან ისინი უკვე დახოცილები ჰყავდათ(?!). ვფიქრობ, ჩვენც და იმათაც ცეცხლი ერთდროულად გაგვიხსნეს. ჯგუფის მხოლოდ ერთმა წევრმა, ეროვნებით ლეკმა, შეძლო საზღვრის გადალახვა".”
აჰმად ჩატაევი
ოფიციალური ცნობით, შეიარაღეEბულმა ჯგუფმა იარაღის დაყრასა და უკან დაბრუნებაზე უარი განაცხადა და საზღვრისკენ გზა განაგრძო. ხელისუფლება იძულებული გახდა, ლოპოტის ხეობაში სამხედრო ოპერაცია წამოეწყო. ორმხრივი სროლის დრო დაიღუპა შვიდი მეომარი. მსხვერპლი იყო სამთავრობო ნაწილებშიც - დაიღუპნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები ჩოხელი და წიკლაური. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჯგუფის რამდენიმე წევრი გადარჩა, რომლებსაც ფეხდაფეხ მისდევდნენ სპეცდანიშნულების რაზმის წევრები. ჯგუფის გადარჩენილი წევრები მეორე ღამეს სოფელ ლაფანყურში გამოვიდნენ და პირველსავე ოჯახში წყლის დასალევად შევიდნენ. მათ საკვები და წყალი მიაწოდეს. სწორედ ამ ოჯახის დახმარებით მოხვდნენ ისინი იმ ღამესვე პანკისის ხეობაში.
"როდესაც ლაფანყურის ოპერაციის დროს დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა და დაღუპულების სურათები ვნახე, ვიცანი - ჩემს ბიჭებთან მოდიოდნენ ხოლმე ღამღამობით. შვილებს დავუკავშირდი ავსტრიაში. რაც მოხდა, უკვე იცოდნენ. უკვირდათ, - რატომ გარისკეს და გადავიდნენ, გადასვლის გარანტიას ხომ ვერ გვაძლევდნენო".
ნათელა, სოფელი ჯოყოლო
თანამოაზრეებისთვის შურისძიებისთვის საქართველოში ჩამოსვლის სურვილი ასეულობით მუსლიმანმა გამოთქვა. შეკრების ადგილი თურქეთი იყო, საქართველოს ხელისუფლება მოერიდა სიტუაციის უფრო გაწვავებას და, ანტიტერორისტული ცენტრის შუამავლობით, გადარჩენილებთან მოლაპარაკება დაიწყო საქართველოს ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების თაობაზე. ისინი თურქეთში გადაიყვანეს.
ხელისუფლება მალავდა, რომ შეიარაღებულ ჯგუფში საქართველოს მოქალაქეებიც იყვნენ. როდესაც ეს ინფორმაცია მედიამ გაავრცელა, შს სამინისტრო ჭირისუფლებს ცხედრებს არ აძლევდა. ბოლოს ისინი სასწრაფოდ, ღამით, ტრადიციების დაუცველად დააკრძალვინეს...
ლოპოტის საიდუმლოება ჯერჯერობით ვერც ახალმა ხელისუფლებამ ამოხსნა. მომხდარიდან 9 თვის შემდეგაც ამ საქმეზე მხოლოდ ვერსიები და მითები ვრცელდება. ყველაზე მძიმე ბოლო დროს პანკისის ხეობაში გავრცელებული ვერსიაა, რომლის თანახმად, შეიარაღებული ჯგუფის წევრები ისევ თავისიანებმა მძინარენი დახოცეს. ამ ვერსიით, მოღალატეები ჯგუფის გადარჩენილი წევრები უნდა იყვნენ. ისინი კი დღემდე მომხდარზე დუმილს ამჯობინებენ. მათი უმრავლესობა ამჟამად სირიაში იბრძვის (ერთი დაიღუპა კიდეც). თუმცა ერთ-ერთს სალამ ზაურბეკოვის დედა შემთხვევით გადააწყდა ავსტრიაში.”
"სალამის დედა ჰყვებოდა, რომ ახმედს შემთხვევით შეხვდა. რა თქმა უნდა, მოთხოვა, - ყველაფერი მოეყოლა, ბევრი არაფერი უთქვამს - შენს შვილს 5 ტყვია ჰქონდა ფეხში მოხვედრილი, წასვლას რომ ვაპირებდი, მითხრა, - "ლიმონკა" დამიტოვე, ცოცხლად არ ჩავბარდები, თავს ავიფეთქებო. მეც დავუტოვე. როდესაც რამდენიმე მეტრით გამოვცდი, სალამმა თავი აიფეთქაო. გამწარებულმა დედამ თავი ვეღარ შეიკავა, - ჩემი მკვდარი შვილი თავად მყავს ნანახი, აფეთქებულისა არაფერი ემჩნეოდა, ტყვია კისერში აქვს ნასროლი, რატომ სტყუიო.
რა თქმა უნდა, ახლა იმას იტყვიან, რაც ხელს აძლევთ. ხომ იცით, მკვდრები არ ლაპარაკობენ, მაგრამ ალბათ რაღაც საშინელი სიმართლე არსებობს, რომელსაც ასე საგულდაგულოდ მალავენ".
ქერიმი, სალამ ზაურბეკოვის ნათესავი
როგორც დაღუპულთა ოჯახის წევრები პირად საუბრებში ამბობენ, სწორედ ამიტომ დათანხმდნენ ცხედრების ექსჰუმაციას, რათა გაირკვეს, ხომ არ იყვნენ მათი მძინარე შვილები ახლო მანძილიდან ნასროლი ტყვიებით დახოცილები, ანუ ხელისუფლებასთან ერთად ისინი საკუთარმა თანამებრძოლებმაც ხომ არ გაწირეს... ექსპერტიზის შედეგები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.