"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება" - ფრაგმენტები ნიკა რურუას დღიურებიდან აგვისტოს ომზე
Если вы русских накажете, то для нас будет здорово! А если проиграйте, то нам беда! - проигрывать не имеем право! - ვპასუხობ არცთუ დამაჯერებლად
"დავცხოთ ბოლომდე, გავყაროთ ქართველები გორიდან, ბაკურიანიდან, ბორჯომიდან, დავიბრუნოთ ძირძველი ოსური მიწები. ან ახლა, ან არასოდეს."
...
"ქართველმა ფაშისტებმა უნდა მიიღონ თავისი სტალინგრადი. თბილისი უნდა დაემსგავსოს 45-ის დანგრეულ ბერლინს".
...
"ერთი ზალპით უნდა განადგურდეს საქართველო და ყველგან სიმშვიდე იქნება".
"ოსრადიოს" მოწოდებები, 2008 წლის 6-7 აგვისტო
2007 წლის 27 თებერვალს გაზეთ "სეგოდნიაში" იმ დროისთვის საკმაოდ უცნაური სტატია გამოჩნდა”- "რატომ წააგებს საქართველო მომავალ ომს". ავტორი, ზაურ ალბოროვი დეტალურად საუბრობდა ომის წაგების მიზეზებზე: "სეგოდნიას" პუბლიკაციამ პოლიტიკურ კულუარებში ვნებათაღელვა გამოიწვია, რუსული სამხედრო წრეები აცხადებდნენ, - ეს ერთგვარი გზავნილია საქართველოსთვის, თუ ის სამხრეთ ოსეთში სამხედრო ოპერაციას, კოდური სახელწოდებით "გაწმენდილი ველი",”დაიწყებსო. როგორც რუსები ამბობდნენ, "გაწმენდილი ველი" საქართველოში სამხედრო წრეებმა "მილიტარყ რესოურცე ინცორპორატიონ"-ის ინსტრუქტორებთან ერთად შეიმუშავეს (სწორედ ეს კომპანია ამზადებდა ქართულ ჯარს სხვადასხვა ოპერაციისთვის), ბლიცკრიგი ორი მიმართულებით უნდა დაწყებულიყო, ოპერაციის მთავარი მიზანი ჯავის დაკავება და როკის გვირაბის კონტროლი იყო, რაც სამხრეთ ოსეთის სრულ იზოლაციაში მოქცევას ნიშნავდა. ამის შემდეგ კი ქართველი სამხედროები უკვე კონტროლირებადი ტერიტორიების "წმენდას" დაიწყებდნენ.
რუსეთის წაქეზებით, საომარი მოქმედებებისთვის კოკოითის ხელისუფლებაც ემზადებოდა. წლობით გაჭიანურებული მოლაპარაკებები უშედეგო აღმოჩნდა. ზაფხულში სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პროვოკაციისთვის მზადება დაიწყო და 2008 წლის 4 ივლისს საყოველთაო მობილიზაციაც გამოაცხადა. 18 ივლისს რუსეთის არმიის საჰაერო სადესანტო ნაწილებმა მამისონისა და როკის უღელტეხილებზე პოზიციები დაიკავეს. ივლისის ბოლოს ოსურმა მხარემ ქართულ სოფლებს ცეცხლი გაუხსნა. ქართული ტერიტორიების დაბომბვამ მასშტაბური ხასიათი აგვისტოს დასაწყისში მიიღო, პარალელურად, სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობდა (2-7 აგვისტოს ცხინვალი 17 000-მა კაცმა დატოვა). 7 აგვისტოს, შუადღისას ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსეთის არმიის ნაწილები როკის გვირაბში შემოდიოდნენ, რაც, ფაქტობრივად, ინტერვენციის დაწყებას ნიშნავდა.
მთელი დღის განმავლობაში ქართული სოფლების მიდამოებში ინტენსიური ორმხრივი სროლები მიმდინარეობდა. დაიღუპა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 2 ჯარისკაცი, დაიჭრა - 5. დაჭრილები იყვნენ მოსახლეობაშიც. პრეზიდენტის ბრძანებით, 19.33 საათზე ქართულმა მხარემ ცეცხლი შეწყვიტა და 8 აგვისტოს დანიშნულ იაკობაშვილი-ჩოჩიევის მოლაპარაკების მოლოდინში მორატორიუმი გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილი ამაოდ ცდილობდა, თბილისში მყოფ რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩს დაჰკავშირებოდა. იური პოპოვმა პრეზიდენტის ზარებს აღარ უპასუხა. 23.35 წუთზე გაერთიანებული შტაბის უფროსმა ზაზა გოგავამ დახურულ კავშირზე მიიღო ქვეყნის მთავარსარდლის ბრძანება, შეეჩერებინა საქართველოს საზღვარზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ძალები და ჩაეხშო მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილები, უზრუნველეყო მოსახლეობის ინტერესები და უსაფრთხოება. 23.40 საათზე ქართულმა მხარემ საარტილერიო ცეცხლი გახსნა და ცხინვალისკენ 50 რეაქტიული ჭურვი გაუშვა.
ომი დაიწყო...
"ამ მომენტისთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის მიმართულებით შეადგენდა 15.000 ჯარისკაცს, 5.000 შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეს და 30.000 რეზერვისტს, კოდორის ხეობაში იდგა სრულად აღჭურვილი მე-5 ბრიგადის ძირითAადი შემადგენლობა და შსს-ს 500-კაციანი ქვედანაყოფი".
გია ყარყარაშვილი
8 აგვისტოს, 03.30 სთ-ზე ქართულმა სამხედრო დანაყოფებმა ცხინვალზე საიერიშოდ მზადება დაიწყეს. 06 სთ-ისთვის ქართული ტანკები ცხინვალის ქუჩებში გამოჩნდა. კოკოითი, რომელიც უკვე ღიად აცხადებდა, რომ რუსეთმა "გადააგდო", ჯავაში გაიქცა!
"თავიდან ეს ჩვეულებრივი საარტილერიო დაბომბვა მეგონა, მერე მივხვდი, რომ მიზანმიმართული იერიში იყო... ასე მოვხვდი მოხალისეებში. დაგვირიგეს "კალაშნიკოვები", მხოლოდ 4 მჭიდით და 15-კაციანი ჯგუფებით დავიწყეთ ჩვენ-ჩვენი უბნების დაცვა, როცა ტყვია- წამალი გაგვითავდა, დახოცილ ქართველ ჯარისკაცებს ავართვით... ასე ჩავიგდეთ ხელში ჯავშანჟილეტები და ჩაფხუტებიც... პირველი დღე ძალიან მძიმე იყო. ბრძოლაში წინ მოდიოდა კომანდოსი - ამერიკელების გაწვრთნილი სპეცრაზმი და მის უკან ნანგრევებიღა რჩებოდა, მაგრამ უარესი წინ გველოდა (ყველაზე მძიმე მომენტი ამ ომში!) - ცხინვალში ქართული ტანკების შემოსვლა. თავზარდაცემულები ვიდექით. ქართული ჯავშნის წინააღმდეგ მხოლოდ "კალაშნიკოვები" და ქართველებისთვის მოპარული ტყვიები გვქონდა... "მატ არას, მატ არას" (ნუ გეშინია - ოსურად) ვიმხნევებდი თავს. არ ვიცოდით, სად გავქცეულიყავით და დავმალულიყავით. ასე გვეგონა, სპეცრაზმელების ანთებული თვალები ყველგან მოგვაგნებდნენ"...
ოსი მოხალისის ნაამბობიდან
გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე, როდესაც ქართულმა თვითმფრინავმა საჰაერო დაზვერვისთვის ლიახვის ხეობას შემოუფრინა, შეამჩნია, რომ როკის გვირაბიდან ჯავამდე გზა რუსული ჯავშანტექნიკითა და ცოცხალი ძალით იყო გაჭედილი. პარალელურად, ნოვოროსიისკის სამხედრო პორტში შავი ზღვის ფლოტის სრული მზადყოფნა გამოცხადდა. რუსეთის ომში ჩაბმა მხოლოდ დროის საკითხი იყო. 8 აგვისტოს, შუადღისას, თბილისის მერმა გიგი უგულავამ განაცხადა, რომ 15.00-18.000 საათამდე ქართული მხარე მორატორიუმს აცხადებდა და ცეცხლს წყვეტდა, რათა მოსახლეობას კონფლიქტის ზონიდან მშვიდობიანად გამოსვლის საშუალება მისცემოდა.
მორატორიუმის დროს გაირკვა, რომ ქართული მხარე მოსახლეობის ევაკუაციას არ ფიქრობდა.
"8 აგვისტოს უკვე ცხინვალში ვიყავით. ბაზის ტერიტორია და ქალაქიც გვეკავა, მაგრამ თავად ქალაქი ცარიელი იყო. ცარიელი დაგვხვდა რამდენიმე ოსური სოფელიც. სოფლებში, რომლებიც გავიარეთ, ხალხი ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ბავშვები, ქალები, მოხუცები, რომლებმაც არც კი იცოდნენ ომის დაწყების ამბავი. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა არ ჰქონდა, მეტიც, ის შეგნებულად ტოვებდა ხალხს საომარი მოქმედებების ზონაში. აღშფოთებული წამოვედი შტაბში. მართვის პუნქტის კარი უნდა შემეღო, რომ საუბარი მომესმა. მოპირდაპირე ოთახის კარებში გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და გივი თარგამაძე იდგნენ, სხვები ვერ დავინახე. ყური მოვკარი ფრაზას: "მსხვერპლი დიდი იქნება, მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხომ მაინც ჩვენსას მივაღწევთ". უკან გამოვბრუნდი, რადგან ყველაფერი ნათელი იყო: მათ ეს ყველაფერი იმიტომ უნდოდათ, რომ მერე ეყვირათ, ტერიტორიები დავკარგეთ, მოსახლეობა დაგვიხოცეს, არიქა, გვიშველეთო..."
გენერალი ტრისტან წითელაშვილი
საღამოს 6 საათისთვის, ქართული სამხედრო შენაერთები ცხინვალში 5-ჯერ შესვლა-გამოსვლის შემდეგ, იძულებულები გახდნენ, სოფ. ნიქოზისკენ დაეხიათ. მიუხედავად პოლიტიკოსების იმედიანი განცხადებებისა, ფრონტის ხაზზე უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. ცხინვალს უკვე მოწინააღმდეგე აკონტროლებდა. ასე დაღამდა 8 აგვისტო. ხელისუფლება ჯარს კვლავ კონტრშეტევისთვის ამზადებდა.
"ომის ამბავი შტატებში გავიგე, ვაშინგტონში. იქამდე სამი დღით ლას-ვეგასში ვიყავი ჩემს ორ მეგობართან ერთად. რაღაც უგემური მგზავრობა გამომივიდა, სამდღიანი, უმიზეზო დაძაბულობის შემდეგ ვაშინგტონში დავბრუნდი. თბილისიდან დამირეკეს, - უნდა ჩამოხვიდე სასწრაფოდო. 8 აგვისტო იყო. ბილეთის გადაცვლა ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. ამ უშორეს ქვეყანაში მივხვდი, რატომ ვშფოთავდი და კიდევ იმას, რომ წინათგრძნობა ხანდახან სნაიპერული სიზუსტით მუშაობს. ვაშინგტონიდან თბილისში პირდაპირი რეისი არ არის, საჭიროა რომელიმე ევროპულ ქალაქში ჩასვლა და შემდეგ“ "აირზენაზე" გადაჯდომა, ან უკეთეს შემთხვევაში, "ლუფთანზაზე". იმ დღიდან არც ერთ მათგანს თბილისზე ორი კვირის განმავლობაში ბილეთი არ გაუყიდია. გადავწყვიტე, მიუნხენში ჩასვლა და იქიდან თბილისისკენ გამოფრენა. ასეც მოვიქეცი. ჩემთან ერთად იყო ნინო კალანდაძეც, რომელიც წინადღეს ჩამოფრინდა კალიფორნიიდან. მიუნხენში გაფრენის წინ თბილისიდან დამირეკეს, ერთი ნაცნობი მეფიცებოდა, - მე და ჩემი ბიჭები, სადაც საჭიროა, იქ მოვალთო. არ მომეწონა, შორეული უსიამოვნო გრძნობა გამახსენდა.
ჩავფრინდით მიუნხენში. მალე გავიგეთ, რომ თბილისზე ყველა რეისი გაურკვეველი დროით გადაიდო. კალანდაძემ ისიც გაარკვია, რომ ჩვენი ბარგიც დაკარგული იყო. გვითხრეს, რომ ჩვენი ჩანთები ან ვაშინგტონში დარჩა, ან მიუნხენიდან გაურკვეველი მიმართულებით გაგზავნესო. რა დროს ბარგი იყო ვითომ, მაგრამ ნერვები მაინც მომეშალა. კალანდაძეს დაურეკეს. უთხრეს, რომ რუსები შემოდიოდნენ დიდი ძალებით ჯერ კიდევ გუშინდელი დღიდან, ათ წუთში მე დამირეკეს და შემატყობინეს, ცხინვალი გათავისუფლებულიაო(?!). ამასობაში გაირკვა, რომ თბილისზე შესაძლო იყო, ვენიდან რომელიმე კომპანია გაფრენილიყო. უნდა ვცადოთ-მეთქი. კალანდაძე დამეთანხმა. ბილეთები ავიღეთ, აეროპორტის სასტუმროში CNN-ი ჩავრთე. მორბენალი სტრიქონი იუწყებოდა, რუსეთს საქართველოში ჯარები შეჰყავს და რამდენიმე წუთში საქართველოს პრეზიდენტის პრესკონფერენცია ღია ეთერში გავაო. ისევ დარეკეს თბილისიდან - ცხინვალი დავტოვეთ, მაგრამ მის შემოგარენში ვრჩებითო.
თითქმის პარალელურად კალანდაძესაც დაურეკეს და მოახსენეს, - ჩვენები ჯავას იღებენო(?!). უკვე რამდენიმე საათი სიურრეალისტური შეგრძნებებით გავიჟღინთე, მეჩვენებოდა, რომ ეს სადღაც უკვე იყო. აფხაზეთი? - გამიელვა...
CNN-ზე პრესკონფერენცია იწყება. მიშა ბრაზიანად, მაგრამ მწყობრად ამბობს, რომ რუსეთი საქართველოს ჯარებით შემოესია, მის უკან დიდი და ბედნიერი სახელმწიფო დროშა ფრიალებს, ქარი მიშას თმას უწეწავს, ეკრანიდან თავშეკავებული განგაშის განწყობა ასხივებს, ვითომ ყველაფერი მეტ-ნაკლებად კონტროლდება. თუმცა სურათი გულდამძიმებულს მტოვებს, CNN აშკარად ჩვენკენაა, ოღონდ რაღაცნაირად გამაღიზიანებლად, მორიდებულად. ვენის რეისზე ჩასხდომის წინ აღმოჩნდა, რომ ჩვენი ბარგი მიუნხენშია, ანუ არ დაკარგულა. ვენის რეისზე ბევრი ქართველი მხვდება, ბევრი კითხვისნიშნიანი თვალი მომჩერებია, ჰგონიათ, რომ მე მათზე მეტი ვიცი. ვწუხდები, რომ ეს ასე არ არის. ერთი მგზავრი ბედავს გასაუბრებას, ვცნობ - ვაკის აუზზე ერთად დავდივართ. ვეუბნები, რომ ბევრი არაფერი ვიცი. ჩავფრინდით ვენაში. მირეკავენ - ცხინვალის მისადგომები დავტოვეთ, მაგრამ სტრატეგიული სიმაღლეები არაო. გული უკვე კატეგორიულად ცუდს მიგრძნობს. არავითარი წვრილმანი უსიამოვნებების ჯაჭვი - იკვეთება ერთი დიდი და კონკრეტული კოშმარი.
კალანდაძე რეკავს. ეუბნებიან, - ჯავა ავიღეთო. ვენიდან ერთადერთი რეისი კავკასიისკენ - ბაქოშია, ისიც მომდევნო დღეს, ანუ 9-ში, თუმცა ამერიკის დროის გათვალისწინებით ვასკვნი, რომ ეს იგივე დღეა. საბოლოოდ ამერია დავთრები, ბაქოში უნდა ჩავიდეთ და იქიდან რამეს ვიზამთ, - ვეუბნები კალანდაძეს. მორჩილად მეთანხმება, თავი Y ყოჩაღად უჭირავს, თუმცა ნერვიულობს.
ბაქოშიI ჩვენი ელჩი ხვდება ქართველებით სავსე თვითმფრინავს. ვიღაც აზერბაიჯანელ ბიზნესმენს მაცნობს, ის თბილისამდე თავისი ავტომობილის თხოვებას მთავაზობს, თან გვერდზე გავყავარ და ხმადაბლა მეუბნება: -Если вы русских накажете, то для нас будет здорово! А если проиграйте, то нам беда! - проигрывать не имеем право!- ვპასუხობ არცთუ დამაჯერებლად. მე და კალანდაძე მანქანაში ჩავჯექით და ბაქოდან სიბნელეში დავიძარით, ღაAმე გზაში მალე ილევა"...
ნიკა რურუა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე 2008 წ.
2008 წლის 9 აგვისტოს, დილით, სოხუმის აკვატორიაში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანი გემი გამოჩნდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთმა აფხაზეთში მეორე ფრონტი გახსნა...
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)