თბილისური ვენდეტის თავისებურებანი ანუ ქურდული კვალი "სადახლოს საქმეში"
25 ნოემბერს, საღამოს, აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია - საქართველო-სომხეთის საზღვარზე სროლა ატყდა. სავარაუდოდ, სომეხმა მესაზღვრეებმა ცეცხლი ქართველ კოლეგებს გაუხსნესო. მედია მსხვერპლზეც მიანიშნებდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მართლაც ისროლეს, თუმცა მესაზღვრეები არაფერ შუაში იყვნენ, საქმე თბილისურ ვენდეტასთან გვქონდა...
25 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათზე, სადახლოს სასაზღვრო პუნქტთან მანქანა გაჩერდა. როგორც კი მგზავრები ავტომობილიდან გადმოვიდნენ, მათ გვერდში ორი მანქანა ამოუდგა და ცეცხლი გახსნეს. 21 წლის გიორგი ფირალიშვილს ტყვია გულში მოხვდა და იქვე გარდაიცვალა. მუცელში დაჭრილმა მერაბ კალანდაძემ ჩაიმუხლა. მომხდურებმა ალბათ იფიქრეს, იარაღის ამოღებას აპირებსო და მანქანა დააჯახეს. კალანდაძე ჰაერში ავარდა და თავით დაენარცხა მიწას. დაიჭრა მესამე - დილარ მუკბანიანიც. თავდამსხმელებმა გაქცევა დააპირეს. დიდი სიჩქარით მიმავალი მათი ერთი მანქანა ბოძს დაეჯახა. პოლიციამ მგზავრები მაშინვე დააკავა. ამოიღეს მკვლელობის იარაღი - "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი. თავდამსხმელები ექვსნი იყვნენ. დაზარალებულები მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გზაში მერაბ კალანდაძე გარდაიცვალა, დილარ მუკბანიანის მდგომარეობა დღემდე ძალიან მძიმეა.
როგორც გაირკვა, ყველაფერი რამდენიმე დღით ადრე ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე (მეორე ვერსიით - აბაშიძის ქუჩაზე, ბარ "მისონში") დაიწყო. რამდენიმე პირი ერთმანეთს შეეკამათა (ჩხუბის მონაწილეები ერთმანეთს კარგად იცნობდნენ). შეხლა-შემოხლა იმით დამთავრდა, რომ ერთმა მხარემ (გიორგი ფირალიშვილი და დილარ მუკბანიანი) ცეცხლსასროლი იარაღით სროლა ატეხა, ჩხუბის რამდენიმე მონაწილე დაიჭრა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კონფლიქტის მიზეზი ამ დრომდე უცნობია (საინტერესოა, რატომ დარჩა პოლიციას შეუმჩნეველი ვაკეში ატეხილი სროლა?). სავარაუდო შურისძიების თავიდან ასაცილებლად, გიორგი ფირალიშვილის მამამ (ნუგზარ ფირალიშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სააგენტოს უფროსის მოადგილეა) სთხოვა მეგობარს, მერაბ კალანდაძეს,“შარის ასარიდებლად მისი შვილი და დილარ მუკბანიანი საქართველოდან გაეყვანა - მე რომ წავიყვანო, მეორე მხარე აუცილებლად გაიგებსო, თუმცა მოქიშპეებმა მაინც გაიგეს და სადახლოში მიეწივნენ გაქცეულებს. როგორც ჩანს, მერაბ კალანდაძე შემთხვევითი მსხვერპლია და თავდამსხმელებმა არ იცოდნენ, ვინ იყო ის. მერაბ კალანდაძე ადრე ეკონომიკის სამინისტროში სახელმწიფო ინსპექციის ბუნებრივი თხევადი გაზისა და მაგისტრალური სისტემების ზედამხედველობის სამმართველოში მუშაობდა. ის "ავტოგაზისა" და "რუსთავგაზის"”ერთ-ერთი მესაკუთრე იყო, მისი ბიზნესი 2009 წელს "ნაციონალების" ყურადღების ცენტრში მოექცა.
შემდეგ, 15-მდე თანამშრომელთან ერთად, დიდი რაოდენობის ქრთამის აღებაზე დაიჭირეს, დიდი ფულიც წაართვეს, ხოლო მისი ბიზნესი დათო ბეჟუაშვილს გადააბარეს. ციხეში სამი წელი გაატარა და თებერვალში ამნისტიით გათავისუფლდა. საქმის მცოდნენი ამბობენ, კალანდაძე, რომელიც უამრავ გაჭირვებულს ეხმარებოდა, მეგობრობდა ბევრ "კანონიერ ქურდთან", მათ შორის ძმებ შუშანაშვილებთან, უფრო ადრე - შაქრო კალაშოვთან. კალანდაძე ვაკეში, ფირალიშვილების მეზობლად, საცხოვრებლად ახალი გადასული იყო, დილარ მუკბანიანი კი ავლაბრელია.
გამოძიება დღემდე არ ახმაურებს დაკავებულთა ვინაობას. ცნობილია, რომ მათ უკვე შეეფარდათ წინასწარი პატიმრობა.
ერთი ვერსიით, სადახლოში მომხდარ მკვლელობაში მონაწილეობდა ნოდარ დობორჯგინიძე (საზოგადოებას ის ახსოვს რამდენიმე წლის წინ კლუბ "სენატში" მომხდარი ინციდენტით, სადაც კონფლიქტის დროს დაინვალიდდა უდანაშაულო ახალგაზრდა, მახვილაძე. დობორჯგინიძე, თავის მეგობრებთან ერთად, მაშინვე დააკავეს, თუმცა საეჭვოდ მალევე გამოუშვეს (საპროცესო შეთანხმებით). მაშინ ამბობდნენ, დობორჯგინიძეს ყოფილი მხედრიონელი, "ზონდერების შეფი" გიორგი უდესიანი მფარველობსო... სავარაუდოდ, მკვლელობაში ასევე მონაწილეობდა გიორგი ნავერიანი - სწორედ მისი ძმა დაჭრეს ვაკეში მომხდარ ჩხუბში. ავლაბრელ ძმებ ნავერიანებს "ტყუპების" სახელით იცნობენ ქალაქში. ამბობენ, გიორგი ნავერიანია ვენდეტის ინიციატორი და დანაშაულსაც თვითონ აიღებს თავის თავზეო.
როგორც ირკვევა, დაკავებულები არ არიან "უცხონი" კრიმინალური წრეებისთვის და თავის მართლებისთვის არგუმენტებიც აქვთ; თუმცა, როგორც ამბობენ, უდანაშაულო კალანდაძის მკვლელობისთვის ციხეში "შავი განაჩენი" მაინც არ ასცდებათ.
როგორც დაღუპულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ვინაიდან მკვლელობაშIი ეჭვმიტანილთა ვინაობა არ სახელდება, ალბათ, გამოძიებას სურს, რამდენიმე კაცის სახელი (სავარაუდოდ, ისინი, ვისაც სროლაში მონაწილეობა არ მიუღია) საქმიდან ამოიღოს.
25 ნოემბერს მომხდარი ინციდენტი, სამწუხაროდ, პირველი შემთხვევა არ არის, ბოლო წლებში თბილისში იმატა ე.წ. ვენდეტების რიცხვმა, რომელსაც, ტრადიციულად, მკვლელობების სერია მოსდევს.
ვენდეტების ახალი ეტაპი 10-წლიანი შესვენების შემდეგ (1999 წელს შურისძიების 15 შემთხვევა დაფიქსირდა და ყველა მათგანი თბილისში გახმაურებულ საქმეებს უკავშირდებოდა), 2009 წლიდან დაიწყო....
11 აპრილს მუხიანში კორპუსის ეზოში სამი ახალგაზრდა დომინოს თამაშობდა. მოულოდნელად მათ უცნობი თანატოლი მიუახლოვდათ, მიჯრით დააყარა ტყვია და აუღელვებლად დატოვა იქაურობა. დაჭრილი ახალგაზრდები (სამივეს თავში ჰქონდა ნასროლი) საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი, 20 წლის მელქაძე, მაშინვე გარდაიცვალა, ექიმების მცდელობის მიუხედავად, 19 წლის გახელაძის გადარჩენაც ვერ მოხერხდა, მისი 17 წლის ძმა კი სამუდამოდ მიეჯაჭვა ინვალიდის სავარძელს. მუხიანში მომხდარმა მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. მოგვიანებით პოლიციაში გამოცხადდა 19 წლის გოჩა გელაშვილი და ჩადენილი აღიარა (გელაშვილმა მკვლელობის შემდეგ გადაკვეთა თურქეთის საზღვარი, შემდეგ კი უკან მობრუნდა). მან მკვლელობის მოტივად შურისძიება დაასახელა. მიუხედავად რამდენიმე ვერსიისა, "მუხიანური ვენდეტის" ნამდვილი მოტივი დღემდე უცნობია.
2012 წლის იანვარში "შურისძიების სამიზნე" ვაჟა კორკოტაშვილი, გიორგი ნადირაძე და ლევან ღვინჯილია გახდნენ. 2 იანვარს შანიძის ქუჩაზე მდგარ ახალგაზრდებს უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა და მიიმალა. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. გიორგი ნადირაძე ექიმებმა ვერ გადაარჩინეს... რამდენიმე ხანში სამართალდამცავებმა მკვლელობაშიE ეჭვმიტანილი გიორგი შენგელაია დააპატიმრეს...
როგორც დადგინდა, თავდასხმის მოტივი აქაც ერთგვარი შურისძიება იყო.
2011 წლის 17 ოქტომბერს თბილისი კიდევ ერთი ვენდეტის მოწმე გახდა.. რუსთაველის გამზირზე ასეულობით ადამიანმა დაინახა, როგორ მისდევდა რამდენიმე კაცი უცნობ ახალგაზრდას. როგორც კი მიუახლოვდნენ, რამდენჯერმე ესროლეს. გარდაცვლილი 23 წლის ჩოგბურთელი ზურაბ ტარყაშვილი აღმოჩნდა. მალევე გაირკვა, რომ ზურაბ ტარყაშვილი ადრე მოკლული 20 წლის სანდრო გოგბერაშვილის მამის მხრიდან შურისძიების მსხვერპლი ყოფილა.
სანდრო გოგბერაშვილი 2010 წლის მარტში ყაზბეგის ქუჩაზე, კაფე "ჰოლივუდში" მოკლეს. მას შელაპარაკება ზურაბ ტარყაშვილთან რამდენიმე დღით ადრე გრიბოედოვის ქუჩაზე მოუვიდა. კაფე "ჰოლივუდში" ისინი საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ. ტარყაშვილს თAავისი მეგობრები - ძმები ჩიჩუები ახლდნენ, ხოლო გოგბერაშვილს - თორნიკე კაჭარავა. საქმის გარჩევას სროლა მოჰყვა. დაიჭრნენ ძმები ჩიჩუები და ზურაბ ტარყაშვილი, სანდრო კი გარდაიცვალა...
პოლიციამ დაჭრილი ტარყაშვილი და ძმები ჩიჩუები ჯერ საავადმყოფოში გადაიყვანა, შემდეგ კი დააკავა; თუმცა ტარყაშვილი სასამართლოდან გაათავისუფლეს - ბრალი არ დაუმტკიცდა. შურისძიების მიზნით, თორნიკე გოგბერაშვილის მამამ, ივერი გოგბერაშვილმა, ტარყაშვილი თავისსავე უბანში, მთაწმინდაზე მოიხელთა, ორ მეგობართან ერთად რუსთაველამდე სდია და საქვეყნოდ ჩაცხრილა.
სამართალდამცავებმა მიმალული ივერი გოგბერაშვილი მოგვიანებით დააკავეს. ერთი ვერსიით, საბოლოოდ, გაირკვა\, რომ თორნიკე გოგბერაშვილი არა ზურაბ ტარყაშვილს, არამედ თავისივე მეგობრის, თორნიკე კაჭარავას ბრმა ტყვიას ემსხვერპლა.
სადახლოში მომხდარ მკვლელობაზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.