"ბოსტნეულის ომები" და ოპერაცია "მანდარინი" - ქართული მაფიის სისხლიანი ქრონიკები
ქართული მაფიის ოპერაცია "მანდარინები" დღემდე მითქმა-მოთქმის საგნად რჩება
"სისხლიანი "ბოსტნეულის ომები" მოსკოვში წლებია, გრძელდება. მაფია ცდილობს, დაეპატრონოს ხილ-ბოსტნეულის ბაზრებს, სადაც, როგორც "ნათლიები" ამბობენ, დიდი ფულის შოვნაც შეიძლება და საკუთარი წესების კარნახიც მთელი მოსკოვისთვის, რადგან ვის ხელშიცაა ბაზრების კონტროლი, ის აკონტროლებს ხელისუფლებასაც".
გაზეთი "დერ შპიგელი", 2013 წ. ოქტომბერი
გასულ კვირას საქართველოს მოქალაქეები კვლავ მოექცნენ უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში. ჯერ იყო და, ესპანეთში, მორიგი სპეცოპერაციის დროს, დააკავეს 49-კაციანი მძარცველთა ორგანიზებული ჯგუფი. ჯგუფის წევრთა უმრავლესობა ქართველი აღმოჩნდა. ქართული მაფიის მოხერხებულობასა და ორგანიზებულობაზე ესპანური მედია ორი დღე ლაპარაკობდა... როგორც სამართალდამცავები ამბობდნენ, ესპანეთში მოკალათებულ ქართულ ქურდულ სამყაროს მათთვის სამოცამდე სახლი ჰქონია ნაქირავები. თავად მძარცველები ბინებს ძარცვავდნენ და მანქანებს იტაცებდნენ, ხოლო ნაქურდალს უმეტესად ქვეყნის გარეთ ყიდდნენ. ესპანეთში იმედი აქვთ, რომ დაკავებულების მეშვეობით სამართალდამცავები ქართული მაფიის "დიდ ღლავებს" მიაკვლევენ...
ახლახან, 9 სექტემბერს, მოსკოვში "ბოსტნეულის ომების"”ახალ ტალღას კიდევ ერთი ბიზნესმენი შეეწირა. ღამით, 23.30 სთ-ზე, საკუთარი სახლის ეზოში (სადაც მეუღლესა და ორ შვილთან ერთად ცხოვრობდა), "ხილის სამოთხის" ბაზრის მფლობელი რობერტ ცომაია მოკლეს. კილერმა მაშინ ესროლა, როდესაც ცომაია მანქანიდან გადმოვიდა და ჩანთებით ხელში სადარბაზოსკენ გაემართა. როგორც გაირკვა, მკვლელობა ვიდეოკამერამ დააფიქსირა, თუმცა, უხარისხობის გამო მკვლელის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია... რობერტ ცომაიას ბარძაყისა და მკერდის არეში ორი ტყვია აქვს ნასროლი, ორივე ჭრილობა გამჭოლი აღმოჩნდა. ბიზნესმენი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ მილიციას გამვლელმა შეატყობინა.
სამართალდამცავებმა შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს მშენებლის ჟილეტი, რომელიც კილერმა, სავარაუდოდ, კვალის ასარევად დატოვა.
ცხადია, რომ ცომაია შეკვეთილი მკვლელობის მსხვერპლი გახდა, რომელიც "ხილის სამოთხეში" გავლენის სფეროების გადანაწილებას უნდა უკავშირდებოდეს...
ბოლო 25 წელია, მოსკოვის ხილ- ბოსტნეულის ბაზრებზე გავლენის მოსაპოვებლად ხელისუფლებას, ძალოვან უწყებებს და კრიმინალურ სამყაროს ხელჩართული ომი აქვთ. დღეს მოსკოვის 175 ბაზრიდან უმრავლესობას კრიმინალური სამყარო აკონტროლებს, პირველობისთვის ბრძოლა კი ქართულ და აზერბაიჯანულ მაფიას შორის 14 წელია, გრძელდება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოსტნეულის კონფლიქტები”გავლენიან ქურდულ კლანებს შორის სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი გახდა...
2001 წელს მოსკოვის პოკროვსკის მწვანილის ბაზარზე ე.წ. "შავი მემწვანილეები" გამოჩნდნენ - ასე მოიხსენიებდნენ იმ "კანონიერ ქურდებს" (მათ შორის ტარიელ ფოცხვერიას), რომლებმაც ფულის შოვნა მწვანილის ბიზნესის ხელში ჩაგდებით გადაწყვიტეს. იმხანად პოკროვსკის მწვანილის ბაზარი, რომლის წლიური ბრუნვა 9 მილიარდ დოლარს შეადგენდა, გემრიელი ლუკმა მხოლოდ ქურდული სამყაროსთვის არ ყოფილა, მის გასაკონტროლებლად ჩეჩენი საველე მეთაურები (მაგ. შამილ ბასაევი) და მოსკოვის მილიციის მაღალჩინოსნებიც იბრძოდნენ. 2012 წლამდე მწვანილის ბაზარს აზერბაიჯანელი ქურდები აკონტროლებდნენ, შემდეგ მას ქურდული სამყაროს ქუთაისურმა ფრთამ (ტარიელ ონიანი) დაადგა თვალი და ბაზარი მერაბ ჯანგველაძეს, იმავე "სოხუმსკის", ერგო. მალე ბაზარი დაიკეტა, ჯანგველაძე კი ევროპაში დააკავეს. როგორც კი ბაზარი ახალ ადგილას გადაიტანეს, "შავ მემწვანილეებს" შორის ომი განახლდა. მხოლოდ 2013 წელს ამ ომის გამო მოსკოვში 20 შეკვეთილი მკვლელობა მოხდა, დარბევებსა და სისხლიან დაპირისპირებებს კი 100-მდე კაცი ემსხვერპლა.
2014 წლიდან მოსკოვის ხილ-ბოსტნეულის ბაზრებში რამდენიმე კრიმინალური დაჯგუფება ერთდროულად მუშაობს. აზერბაიჯანულ, ჩეჩნურ და ტაჯიკურ დაჯგუფებებთან ერთად მზარდი გავლენით გამოირჩევა გარდაბნის დანაშაულებრივი დაჯგუფება (საინტერესოა, რომ კარგა ხანს მას ქართულად არც მიიჩნევდნენ), რომელიც ბაზრების ტერიტორიებზე მანქანების გატაცებით და შემდეგ გაყიდვით არის დაკავებული. ქართულ კრიმინალურ დაჯგუფებებს ინტერესი მოსკოვის დაახლოებით 70 ხილ-ბოსტნეულის ბაზარში გააჩნიათ, ხოლო ქართული მაფიის ოპერაცია "მანდარინები" დღემდე მითქმა-მოთქმის საგნად რჩება არა მხოლოდ კრიმინალურ სამყაროში. საქმე ისაა, რომ ორიოდე წლის წინ ქართველმა კრიმინალებმა მაროკოული მანდარინის ნაცვლად მოსკოვის ხილის ბაზრებში აჭარული მანდარინი შეიტანეს(?!). მოსკოვის ახლოს, საწყობებში 200-მდე კაცი თავდაუზოგავად ირჯებოდა, რომ თითოეულ ქართულ მანდარინზე მაროკოული მარკა დაეკრათ. ამ ოპერაციით ქართველმა კრიმინალებმა ძალიან დიდი მოგება ნახეს - აჭარაში გროშებად ნაყიდ მანდარინს მოსკოვის ბაზრებში 20-ჯერ ძვირად ყიდდნენ. მალე მანდარინის”გამო ქართველ დამნაშავეებს სომეხი კოლეგები დაუპირისპირდნენ, რომლებიც მაროკოული მანდარინის ბიზნესს "კრიშავდნენ" ("პატრონობდნენ"). ქურდულ სამყაროში ომი ახლა მანდარინის გამო გაჩაღდა... სლავი "კანონიერი ქურდები", რომლებიც მანამდეც ალმაცერად უყურებდნენ ქართველ "კანონიერ ქურდებს", მათმა ბოლოდროინდელმა ბიზნესინიციატივებმა (მწვანილი, მანდარინი) საგონებელში ჩააგდო. მხცოვანი ქურდები იძულებულები გახდნენ, ქურდული შეკრება ("სხოდკა") მოეწყოთ და ახალგაზრდებისთვის საკუთარი სტატუსი შეეხსენებინათ. "ბოსტნეულის ომები" დროებით დავიწყებას მიეცა, თუმცა, როგორც ჩანს, რობერტ ცომაიას მკვლელობით ხილ-ბოსტნეულის ბაზრებისთვის ბრძოლაში ჩამოვარდნილი მყიფე მშვიდობა დამთავრდა...
2008 წლის 18 აგვისტოს, საღამოს 17.30 სთ-ზე, მოსკოვის ოლქში, ტრასაზე მიმავალ სატრანსპორტო კომპანია "ტრანსსერვისის" გენერალურ დირექტორ დავით დუალიძეს უცნობი მანქანა წამოეწია და შიგ მსხდომებმა ცეცხლი გაუხსნეს. დუალიძის ავტომანქანამ მართვა დაკარგა და ხილით დატვირთულ ტრაილერს დაეჯახა... ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და მძღოლიანად დაიწვა...
იმავე წლის 17 ნოემბერს, დილით, დაახლოებით 11.15 სთ-ზე, ორმა უცნობმა ავტომატით პირდაპირ ქუჩაში ჩაცხრილა ბიზნესმენი გიორგი ცერცვაძე, ხოლო 23 ნოემბერს მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული მკვლელობის მთავარი ფიგურა ისევ ქართველი აღმოჩნდა - მოსკოვის ცენტრში კილერების სამიზნე ამჯერად შეჯავშნული ჯიპი გახდა, რომელსაც თავად პატრონი, ბიზნესმენი ოლეგ ახლოხაშვილი მართავდა. მკვლელები მანამდე ესროდნენ ჯიპს, სანამ მინა არ დაამსხვრიეს და შემდეგ მძღოლიც მოკლეს.
2009 წლის 5 თებერვალს მოსკოვში მგზავრები ასეთ ფაქტს შეესწრნენ: მამაკაცს, რომელიც სახლის წინ, ქუჩაში ძაღლს მშვიდად ასეირნებდა, უცნობი წამოეწია და მოულოდნელად კეფაში ესროლა.
სამართალდამცავებმა მოკლულთან მიახლოება ვერ შეძლეს, რადგან ძაღლი პატრონთან არავის უშვებდა. მილიცია იძულებული გახდა, ძაღლი გაენეიტრალებინა.
გარდაცვლილის ვინაობაც გახდა ცნობილი - ქართველი ბიზნესმენი კახა კალანდარიშვილი, რომელიც რუსეთში ნავთობის ბიზნესი ჰქონდა.
2012 წლის 7 აგვისტოს მინსკში აღმოაჩინეს რუსეთის მოქალაქის ცხედარი, თუმცა, ვინაობა არ სახელდებოდა.
მედია იუწყებოდა, რომ შესაძლოა, მკვლელობა დაკავშირებული ყოფილიყო იმ კრიმინალურ გარჩევებთან, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის კრიმინალური წრეები მონაწილეობდნენ... მაშიIნ ამბობდნენ, მოკლული ქართველი "კანონიერი ქურდი" უნდა იყოსო, თუUმცა ჯიუტად თაAვს იკავებდნენ მისი გვარის დასახელებისგან. მეორე დღეEს ქართული მედიით ცნობილი გახდა, რომ მინსკში 67 წლის ბიზნესმენი, ყოფილი დეპუტატი ბონდო შალიკიანი მოკლეს (ბელორუსიაში ის ბონდო პავლოვის პასპორტით ცხოვრობდა). საქართველოს მოსახლეობას ახსოვს, რომ შალიკიანი დააკავეს 2004 წლის 5 მარტს. დაკავებიდან ცოტა ხნის შემდეგ "ვარდების ხელისუფლებამ" ბიზნესმენი აიძულა, დაეთმო კურორტი საირმე, ქუთაისის ავტომშენებელი და სატრაქტორო ქარხნების აქციები. მეტიც, ჯარიმად კიდევ 180. 000 ლარიც დააკისრეს.
შალიკიანის მკვლელობაც გაუხსნელია, თუმცა ბელორუსი სამართალდამცავები ერთხანს მკვლელობის კვალს საქართველოში ეძებდნენ.
ყველა ეს მკვლელობა, ერთი ვერსიით, "ბოსტნეულის ომების" განახლებულ ტალღას უკავშირდება...
"ხილის სამოთხის" მეპატრონე რობერტ ცომაია იქნება თუ არა უკანასკნელი ქართველი მსხვერპლი "ბოსტნეულის”ახალ ომებში", დრო გვიჩვენებს...