"ამ კვირაში სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს" - ქართულ-ქურთული მაფია (სტამბოლური დღიური)
(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #5)
"აქ იმიტომ ჩამოდიან, რომ მერე აქედან კუბოებით ჩაიტანონ?"
"მხოლოდ ამ კვირაში (12-19 იანვარი) სამი გარდაცვლილი ქართველი გვყავს".
ვალერიან ბოდაველი, საქართველოს საელჩოს ვიცე-კონსული, სტამბოლი 20 იანვარი, 2015 წ.
"ქართველებს სახელი ისე გვაქვს გატეხილი, სანამ სამსახურში აგიყვანენ, ათასჯერ მაინც გცდიან, რომ დარწმუნდნენ, ქურდი და მეძავი არ ხარ".
მირანდა, სტამბოლი, აქსარაის ავსტოსადგური, 16 იანვარი, 2015 წ.
"ღმერთი არ გწამთ? ამ ბიჭებს (ნარკოტიკების მომხმარებლებს. - ავტ.) მიხედოს ვინმემ... ყველამ კარგად იცის, რატომ მოდიან აქ და რატომ უშვებენ? იმიტომ, რომ მერე აქედან კუბოებით ჩაიტანონ?"
ლეილა, სტამბოლი, აქსარაი, 2015 წ.
15 იანვარს, გვიან ღამით, სტამბოლის სახელმწიფო საავადმყოფოში ტაქსის მძღოლმა ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა დატოვა და მიიმალა. დაჭრილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ვინაობა მხოლოდ მაშინ გახდა ცნობილი, როცა საავადმყოფოში მისი მეგობრები მივიდნენ და პასპორტი მიიტანეს. ის აღმოჩნდა 28 წლის თორნიკე კვიცარიძე. კვიცარიძის მკვლელობაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და ჟანდარმერიამ საავადმყოფოში მისული მისი ორი მეგობარიც დააკავა...
ირმა: - "გვიანი იყო. პატრონმა სამსახურიდან გამომიშვა და აქსარაიში დამსაქმებელთან მივდიოდი, იქნებ რამე ეშველა... მოულოდნელად ჩემ წინ მანქანიდან რაღაც გადმოაგდეს. ვიფიქრე, ალბათ ნაგვის პარკია-მეთქი, მაგრამ რომ მივუახლოვდი, დავინახე, რაღაც ფართხალებდა. მივხვდი, ადამიანი იყო. მივვარდი, პულსი გავუსინჯე. უცებ ქართულად მითხრა, - მიშველეო. ბიჭი სისხლში ცურავდა. თავზარი დამეცა. ავტეხე ყვირილი - სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. ბოლოს, ერთი კაცი მომიახლოვდა, - რა გჭირთ, ქალბატონოო. სასწრაფო მჭირდება-მეთქი. მაშინვე გამვლელი ტაქსი გააჩერა და უთხრა, - საავადმყოფოში წაიყვანეო, ფულიც იმან გადაუხადა, მეორე დღეს აქ, ავტოსადგურში ლაპარაკობდნენ, - კიდევ ერთი ქართველი მოკლესო, სახელიც იქ გავიგე - თორნიკე რქმევია".“
ბოლო ორი წელია, სტამბოლი არა მხოლოდ ლუკმაპურის საშოვნელად ჩამოსული საქართველოს მოქალაქეების, არამედ ქართველი კრიმინალების თავშეყრის ადგილადაც იქცა. ადრე თუ აქაური პოლიციის საფიქრალი ქართველი ნარკომანები იყვნენ, ახლა მათ ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები დაემატა.
დღე არ გავა, რომ ქართველები კრიმინალური ქრონიკის გმირებად არ იქცნენ, იმატა კრიმინალურმა გარჩევებმაც, როგორც აქსარაიში ამბობენ, - ქართველებს ადრე თუ წამალი კლავდა, ახლა ტყვია ხოცავს.
ნატო: - "ამნისტიით ამდენი ხალხი რომ გამოუშვეს, არ იფიქრეს, ეს ადამიანები შინ თუ ფეხს ვერ მოიკიდებდნენ, სტამბოლს მოაწყდებოდნენ? მერე იცით, ვის ძარცვავენ და კლავენ? პატრონებს. ამას წინათ ჟანდარმერიამ ჯინსების ფაბრიკაში ქართველები ქურდობისთვის დაიჭირა. მეპატრონე კარგი კაცი იყო - თავის მუშებს ოთახები უქირავა, კვირა დღეს ასვენებდა, რაც მთავარია, ხელფასს დროულად უხდიდა. ჩვენებმა კი მადლობის ნიშნად გაქურდეს. როცა ფაბრიკაში მისულ მეპატრონეს ჟანდარმერია დახვდა, წარბშეუხრელად დაიცვა თავისი მუშები, - ჩემი დავალებით გაჰქონდათო(?!) - კაცმა ციხეს გადაარჩინა და ერთი კვირის შემდეგ ის მეპატრონე ისევ მათვე გაქურდეს. ნაპარავი ჯინსები ახლა ალბათ სადმე ქუთაისში ან სამტრედიაში იყიდება"...
სამწუხაროდ, ქართველები არა მარტო ძარცვავენ, კლავენ კიდეც დამქირავებლებს.
ეთერი, დამსაქმებელი: - "ერთი ბიჭი მირეკავდა, - სამსახურს ეძებდა. ჯინსების ფაბრიკაში მუშაობა არ უნდოდა - სუსტი ფილტვები მაქვსო. როგორც იქნა, ტრაპიზონში, ერთი თურქის ვილაში დარაჯად გავუშვი. ერთი კვირის შემდეგ დავურეკე და ძალიან კმაყოფილი იყო, მეორე დარეკვისას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შევფიქრიანდი, ერთი თვე ვერ ვუკავშირდებოდი. ერთხელაც ჟანდარმერიიდან დამირეკეს, - ამა და ამ ბიჭს თუ იცნობთო. ხომ არ მოკლეს-მეთქი და ავტეხე ერთი ვაი-ვიში. დამიბარეს ჟანდარმერიაში და სურათი მანახეს. ის იყო. მითხრეს, ცოცხალია, მაგრამ ვეძებთო. სახლის პატრონი მოუკლავს და თან გაუძარცვავს. მაშინ გავიგე, რომ ის ბიჭი სამჯერ ნასამართლევი ყოფილა და 13 წელიც მოუხდია საქართველოში. შავ დღეში ჩავვარდი, ლამის მეც დამიჭირეს, მაგრამ მე რა ვიცოდი, ვისთან მქონდა საქმე. ეს ბიჭი კი არ იყო დასანდობი, მაგრამ მეორე შემეცოდა ძალიან - კიდევ ერთ ქართველს ეძებდნენ, მგონი, ბათუმელი იყო. შვილი ჰყოლია ავად და სამკურნალო ფულს გროშ-გროDშად აგროვებდა თურმე. საწყალს, სადღაც სოფელში ვირივით ამუშავებდნენ და ხელფასს არ აძლევდნენ, ატყუებდნენ - ერთიანად გადაგიხდითო. ბოლოს, ხელცარიელი გამოაგდეს. არადა, შვილიც უკვე მძიმედ ჰყოლია. გამწარებულმა ადგა, პატრონიც მოკლა და მისი შვილიც... გამწარებული ადამიანი რას აღარ ჩაიდენს. ასეთი გამწარებული კი იცით, აქ რამდენია?
ახალი თაღლითური სქემა, რომელშიც ქალებიც არიან ჩართულნი, ასეთია: მიდის ოჯახში ქალი სამუშაოდ, ერთი თვე მუშაობს, თან ცდილობს, ოჯახის ნდობა მოიპოვოს. ერთ დღეს მასთან მონატრებული“"ქმარი"“ან "ძმა"“ჩამოდის სამშობლოდან (ხშირად მიამიტი პატრონები ნებასაც რთავენ, რომ სტუმარი ოჯახში დარჩეს). როდესაც "ნათესავი" კარგად მოათვალიერებს ყველაფერს, იქაურობას ტოვებს. ცოტა ხანში ქალიც მიდის სამსახურიდან და რამდენიმე დღეში პატრონსაც ძარცვავენ...
როგორც ამბობენ, ამ სქემით რამდენიმე ჯგუფი მუშაობს და სარფიანადაც.
ეს სიახლე თავიდან საბერძნეთში დაინერგა და ისეთი მასშტაბური იყო, რომ მას "კანონიერი ქურდები" აკონტროლებდნენ.
ქურდული სამყარო სტამბოლშიც კარგა ხანია, ცდილობს ფეხის მოკიდებას, თუმცა, მას კონკურენციას ჩეჩნები და ქურთები უწევენ. "მეცამეტე რაიონად" ცნობილ ქუმქაფს“(სადაც ძირითადად არალეგალი ქართველები ცხოვრობენ) პოლიცია ვეღარ ეკარება და ამ საკმაოდ დიდ რაიონს ქურთები და ქართველები აკონტროლებენ. ქართველები აკონტროლებდნენ აქსარაის ავტოსადგურსაც; თუმცა, ერთ დღეს აქ ჩეჩნები გამოჩნდნენ...
ჯანგიზი, სამგზავრო ფირმის მეპატრონე: - "ორი თვის წინ აქ ჩეჩნები მოვიდნენ, ერთი ქართულადაც ლაპარაკობდა (სავარაუდოდ, ქისტი იყო. - ავტ.). დაიარეს ოფისები და - ფული უნდა გადაგვიხადოთო. ჩვენთანაც მოვიდნენ. უარი ვუთხარით, რაღაც ჩაილაპარაკეს და წავიდნენ. სამი დღის შემდეგ ისევ მოგვადგნენ, მაგრამ როგორც მოვიდნენ, ისე წავიდნენ, რადგან მთელი ქუმქაფის ქურთები აქ იდგნენ. ჩეჩნებს, რომლებიც სირიაში ქურთების (მეც ქურთი ვარ) წინააღმდეგ იბრძვიან, ფული ვუხადოთ? მას შემდეგ არ გამოჩენილან. მერე გავიგეთ, რომ ქართველი ქურდებიც ჩარეულან ამ საქმეში!"
დღესდღეობით სტამბოლში ქართული კრიმინალური სამყარო თავის დამკვიდრებას რამდენიმე მიმართულებით ცდილობს, ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობა, ბიზნესის რეკეტი და მგზავრების და ტვირთის გადამტანი მარშრუტების კონტროლი.
ჩვენებურ ნარკომანებს "წამალი" პირდაპირ ლოგინში მისდით!
სტამბოლში კრიმინალურ საქმიანობაში კარგა ხანია, ჩვენებური ქალებიც, ე.წ. პანსიონების მეპატრონეებიც არიან ჩართულნი, ნარკოტიკსაც ყიდიან (კლიენტი სხვაგან რატომ უნდა გაუშვან!), ამიტომ ჩვენებურ ნარკომანებს "წამალი" პირდაპირ ლოგინში“მისდით!
როცა ფული შემოელევათ, უსახლკაროდ დარჩენილთა უმეტესობა თავს ქურდბაცაცობით ირჩენს და ღია ცის ქვეშ ათევს ღამეს. როგორც შევიტყვეთ, მათი გახშირებული სიკვდილიანობის მიზეზი მხოლოდ ზედოზირება არ არის...
ლია, დამსაქმებელი: - "ჩემი სამსახურის გამო მთელი დღე აქსარაის ავტოსადგურში მიწევს ყოფნა. უნდა ნახოთ, აქ რა ხდება. დღე არ გავა, ავტოსადგურის ტუალეტებში ან შორეულ კუთხეში ვინმე ცუდად არ გახდეს. აქ ექიმი არ მოდის, ამიტომ როგორც კი წივილ-კივილი ატყდება - არიქა, "წამლით" კვდება ბიჭიო, - გავრბივარ. ადრე ვიღაცამ თქვა, ვენაში მარილიანი წყლის შეყვანა შველისო და გამზადებული გვაქვს შპრიცი...“(იმწუთას გონს მოყვანილი ბიჭები მოგვიანებით სწორედ მარილიანი წყლით რომ იხოცებიან, ეს "გადამრჩენებმა" არ იციან! - ავტ.)
(გაგრძელება შემდეგ ნომერში)