ვინ არიან ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში და რას ამბობს თარხან ბათირაშვილის მამა?
რა ხდება პანკისის ხეობაში?!
"არც ერთი ქისტი, თუნდაც ჩეჩენი მეომარი, საქართველოს არ დაემუქრება, რადგან საქართველოსგან ბევრი სიკეთე ახსოვთ"
პარიზის ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 500-მდე კაცი კი დაიჭრა და დასახიჩრდა... ამ ტერაქტებში "ისლამური სახელმწიფოს" კვალის აღმოჩენამ კიდევ ერთხელ გაააქტიურა დასავლური მედიის ინტერესი საქართველოს, კერძოდ, პანკისის ხეობის მიმართ. "კვირის პალიტრა" პანკისის ხეობას ეწვია. იქაურები აცხადებენ, რომ საქართველოს არასდროს დაემუქრებიან სირიაში საომრად წასული პანკისელები.
თემურ ბათირაშვილი, საველე მეთაური, თარხან ბათირაშვილის მამა:
- ჩემი შვილი ქართული მიწისთვის 2008 წლის აგვისტოს ომში იბრძოდა. მართალია, წინა ხელისუფლებისგან კარგი არაფერი ახსოვს, მაგრამ ამ წყენას ქვეყანაზე არ გადაიტანს.
არც ერთი ქისტი, თუნდაც ჩეჩენი მეომარი, საქართველოს არ დაემუქრება, რადგან საქართველოსგან ბევრი სიკეთე ახსოვთ.
აქედან წასულ მეომრებს ოჯახები, დედ-მამა აქ ჰყავთ. ასეთ დროს დაემუქრო ქვეყანას, ნიშნავს საკუთარ ოჯახს დაემუქრო. ამას ვინ იზამს? ჩემს შვილს აქ დედის საფლავი აქვს. თუ არ მოკლეს, ოდესმე ხომ ჩამოვა?
იმავეს ფიქრობენ სირიაში საომრად წასული ახალგაზრდების დედებიც.
ამინათი, ბესო კუშტანაშვილის დედა:
- რომელ დედას უნდა შვილი ომში ჰყავდეს? რვა თვის წინ ბესო სკოლაში გავუშვი და საღამოს არ დაბრუნდა. მერე გავარკვიე, ჩემი 16 წლის შვილი სირიაში საომრად წასულა. დღემდე გონს ვერ მოვსულვარ, ეს როგორ მოხდა... კარგად ვიცნობ ჩემს ბიჭს, ის არასდროს მოიქცევა სასტიკად, მით უმეტეს, არ დაემუქრება გამზრდელ ქვეყანას, სადაც დედა, და, ნათესავები და მეგობრები დაგვტოვა. ყოველდღე ავის მოლოდინში ვარ, როგორ გინდა დაიძინო, როცა იცი, იქ, სადაც შენი შვილია, მუდმივად ავიაიერიშებია...
გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "ისლამური სახელმწიფო" საქართველოში "გურჯისტანის ვილაიეთის" შექმნას გეგმავდა და მალე ვილაიეთის ლიდერსაც დაასახელებდა. თუმცა, ეს ინფორმაცია არ დადასტურდა.
"ისლამურ სახელმწიფოს" მართლაც აქვს "24-ე ვილაიეთი" შექმნილი, მაგრამ ის "კავკასიის ვილაიეთია". 2015 წლის 21 ივნისს დაღესტნის, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის მებრძოლებმა, რომლებიც მანამდე "კავკასიის ემირატის" დროშით იბრძოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ფიცი "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერ აბუ ბაქრ ალ ბარდადს მისცეს, რადგან ამის შემდეგ მათი პოზიციები ჩრდილოეთ კავკასიაში უფრო მყარი გახდებოდა.
რაქაში ("ისლამური სახელმწიფოს" დედაქალაქი) გაჩნდა იდეა (ამბობენ, ლომის წილი აბუ ომარ ალ შიშანს - თარხან ბათირაშვილს აქვსო), რომ "24-ე პროვინციას" - "კავკასიის ვილაიეთს" ჩრდილოეთ კავკასიასთან ერთად, სამხრეთ კავკასიაც (მათ შორის საქართველო) მოეცვა. მეთაურად აბუ მუჰამედ ალ ყადარი დაინიშნა. თუმცა, დღეს "კავკასიის ვილაიეთი" ჩრდილოეთ კავკასიაში აქტიური მოთამაშე არ არის, მეტიც, მისი არსებობა მიავიწყდათ კიდეც...
ამასთან, დიდი ხანია ცნობილია საქართველოში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლის ვინაობაც. ის პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს ყოფილი იმამია, რომელიც 14 ივნისს დააკავეს, რასაც პანკისის ხეობაში სპეცოპერაციაც მოჰყვა.
გავრცელებული ინფორმაციით, "ისლამურ სახელმწიფოში" საქართველოს ე.წ. კურატორი აჰმად ჩატაევია (ის საზოგადოებას ლაფანყურის მოვლენებიდან ახსოვს). ჩატაევი აშშ-მა საშიშ ტერორისტთა სიაში შეიყვანა. სიაში კიდევ ორი საველე მეთაურია პანკისიდან: თარხან ბათირაშვილი (ომარ ალ შიშანი) და მურად მარგოშვილი (მუსლიმ ალ შიშანი).
ერთ-ერთი ვერსიით, ლაფანყურის სპეცოპერაციის მთავარი მოწმე ჩატაევი ("კოჭლი ახმედი") "ისლამურ სახელმწიფოს" ორი წლის წინ დაუკავშირდა. საქართველოდან გაქცევის შემდეგ კი იქ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა გახდა.
ყველაზე გავლენიანი ქართველები სირიაში
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დღეს სირიაში, საომარ მოქმედებებში 150-მდე საქართველოს მოქალაქე მონაწილეობს. უმრავლესობა იმ სამხედრო დაჯგუფებების მეომარია, რომლებიც სირიაში ასადის რეჟიმს ებრძვიან; ამასთან, ცნობილია, რომ სირიაში ყველაზე გავლენიანი საველე მეთაურები სწორედ საქართველოდან, კერძოდ, პანკისის ხეობიდან არიან: თარხან ბათირაშვილი, იგივე აბუ ომარ ალ შიშანი, 29 წლის (პანკისის ხეობის სოფ. ბირკიანი). არაბული მედიის ცნობით, "ისლამური სახელმწიფოს" ე.წ. თავდაცვის მინისტრი. 2014 წლის 10-11 ივნისს აიღო ერაყის ქალაქი მოსული და თიქრითი.
მურად მარგოშვილი, იგივე მუსლიმ ალ შიშანი, 45 წლის (პანკისის ხეობის სოფ. დუისი). ჩეჩნეთის ორივე ომის მონაწილე, ამირ ხატაბის, მოგვიანებით - აბუ ალ ვალიდის მარჯვენა ხელი, ასადთან მებრძოლი სამხედრო ბრიგადის "სირიის ლომების" მეთაური;
გიორგი კუშტანაშვილი - ფეისულა ალ შიშანი (პანკისის ხეობის სოფ. ომალო), ზოგიერთი წყაროს ცნობით, ჯეიშ ალ მუჰაჯირინ ვალ ანსარის მეთაური.
ISIS-ის ქართული საიტი...
ISIS-ის ისლამური ხალიფატის ქართული საიტი დღემდე შეუფერხებლად მუშაობს, სადაც "ისლამური სახელმწიფოს" დღის სიახლეებია განთავსებული. აქ მრავლად არის რადიკალი ისლამისტების მიერ ადამიანების წამებისა და მკვლელობის ამსახველი ვიდეოებიც. რამდენიმე დღის წინ ვებგვერდზე საგანგებო მიმართვაც გავრცელდა:
"მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით, მოგმართავ თქვენ, ქართველო მუსლიმანებო! მოგმართავ თქვენ, ახალგაზრდა მუსლიმანო დებო და ძმებო!.. ჩვენ მართლა ხალიფატში ვცხოვრობთ, ჩვენ მართლა ყურანით ვცხოვრობთ. ჩვენ ხომ ეს გვინდოდა? თქვენც ხომ ეგ გინდათ? მოდით ჩვენთან და თქვენი თვალით ნახეთ, რა ხდება აქ და როგორ ვცხოვრობთ "ისლამურ სახელმწიფოში"... ნურაფრის შეგეშინდებათ! ალლაჰს მიენდეთ, აქ თქვენ არავინ მოგექცევათ უსამართლოდ. გამოფხიზლდით და ჭეშმარიტება დაინახეთ, სანამ გვიან არ არის, სანამ ცოცხლები ხართ და შეგიძლიათ გააკეთოთ (ბაიათი), მორჩილება გამოუცხადეთ ხალიფს და არ მოკვდეთ როგორც ჯაჰილები, როცა ალლაჰის წინაშე წარდგებით, თავის გასამართლებელი საბუთი აღარ გექნებათ. ალლაჰი ხომ გასმენთ და განახებთ, რომ დღეს არსებობს "ისლამური სახელმწიფო" და შარიათი. ნუ უსმენთ სხვებს, მოდით აქ... ჭეშმარიტება აქ ნათლად არის გარჩეული ცდომილებისგან!"
აბუ ალ-ჯურჯი
იხილეთ ასევე: დაკავებული ბორჩაშვილი "ისლამური სახელმწიფოდან" ბრუნდებოდა?!