ნაკურთხი პრემიების აუტანელი სიმსუბუქე
ლორდი აკტონი: ძალაუფლება რყვნის, აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის!
"ჯერ კიდევ 2008 წელს, ხოლო შემდგომში 2009, 2012 წლებში გამოქვეყნდა გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები, სადაც მითითებული იყო, რომ საქართველოში ბავშვების 12% უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ დღის განმავლობაში თითოეული მათგანი მოიხმარს მხოლოდ 2 ლარს, ხოლო 30% კი- ფარდობითი სიღარიბეში. ამავე კვლევების თანახმად, შესწავლილი ოჯახების 10 % აცხადებდა, რომ მათ მიერ საკვების მომხმარება იმდენად შეზღუდული იყო, რომ აღნიშნულის გამო საფრთხეში იყო მათი ჯანმრთელობა." - ეს არის საქართველოს სახალხო დამცველის 2013 წლის მარტში გავრცელებული განცხადებიდან ამონარიდი, რომელიც ერთი წლის გოგიტა აბაშიძის შიმშილით სიკვდილს უკავშირდება.
...ქუთაისში 11 შვილის დედა თვის დაწვით იმუქრება, ცინაძეების 6 სულიანი ოჯახი, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობს, ხოლო 2 თვის ირაკლის დედა ძუძუთი ვეღარ კვებავს, მისთვის საჭმლის ყიდვის საშუალება კი არ აქვთ… სამწუხაროდ, მსგავსი ისტორიები დღეს მრავლადაა.
შეგახსენებთ, რომ 2015 ის წელია, რომელზეც ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ "მესამე წელს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკეთესობას საკუთარ თავსა და საკუთარ ჯიბეზე იგრძნობს". თუმცა, ივანიშვილის რიტორიკა ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა და მოსახლეობას აუწყა, რომ 2015 წელი დალხენილი არ იქნებოდა.
სწორედ ამ არადალხენილ წლებში (წინა ორი წელი ივანიშვილისგანაც ვიცოდით რომ რთული იქნებოდა) ვიგებთ, რომ ამა ქვეყნის მაღალჩინოსნები ისევ გვარიან პრემიებს იღებენ (ეტყობა ჯოკია ბოდოკიას არ აუხსნეს პრემიის არსი). ასეულობით ათასი ლარი რიგდება სამთვრობო უწყებებში, გამგეობებსა და მუნიციპალიტეტებში (და არამარტო) ნეპოტიზმის სრული ჰეგემონიაა დამყარებული. ამ ვითარებაში არაა აუცილებელი მაინცდამაინც რომელიმე პარტიის წევრი იყო, რომ შენს მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან გაგიჩნდეს კითხვები:
რატომ ვერ გრძნობს ჩემი ჯიბე 2015 წლის დადგომას და რატომ იღებთ ასტრონომიულ პრემიებს?
რატომ არ აქვთ ადამიანებს პურის (პირდაპირი გაგებით) ფული და რატომ იღებთ პრემიებს?
თუმცა, ეს ფიქრი გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა ადვილად გადამიჭრეს - პრემია თურმე პატრიარქის ნაკურთხია! ნაკურთხი კი მოგეხსენებათ წმიდათაწმიდაა და რაც მეტია, მით უკეთესი! როგორც ვხვდები, ასეთ არადალხენილ წლებში მხოლოდ ნაკურთხი პრემია გაიცემა. აბა, დალხენილ წლებში პრემიას კურთხევა რად უნდა?!
გვეუბნებიან, რომ ელიტური კორუფცია მოსპეს, რომ კორუფცია საბოლოოდ დამარცხდა. რათ გინდათ თქვენ კორუფცია და ქრთამი? რა თანხაც დაგჭირდებათ იმას გამოიწერთ ბიუჯეტიდან და როცა დაგჭირდებათ. ხან პრემიას არქმევთ ამას და ხან დანამატს. თუ ხანდახან რომელიმე თქვენგანში სინდისი გაიღვიძებს ამ პრემიას აკურთხებინებთ, რათა ცხოვრების აუტანელი სიმსუბუქე იგრძნოთ და უფრო მშვიდად გააგრძელებთ ქვეყანაზე ”ზრუნვა.”
სისტემა არ დანგრეულა, უბრალოდ, მხოლოდ სახელები შევცვალეთ. სისტემის ცვლილებას მაშინ ვიგრძნობთ, როდესაც მაღალჩინოსანს ეცოდინება, რომ საჯარო მოხელეობა ისეთივე პროფესიაა, როგორიც მეეზოვე ექიმი და ა.შ. და ამ დროს შენი და შენი ნათესავების ეგო მშვიდ მდგომარეობაში უნდა ამყოფო. ვიგრძნობთ მაშინ, როდესაც არჩევანი ცივ გონებაზე საარჩევნო პროგრამებიდან გამომდინარე გაკეთდება და თითოეული არშესრულებული დაპირებისთვის, თითოეული ნეპოტიზმის გამოვლინებისთვის ნებისმიერი აგებს პასუხს და არა ისე, როგორც თბილისის ერთ-ერთი რაიონის ამჟამინდელმა გამგებელმა თქვა: "ადამიანს თუ არ იცნობ და ენდობი, ისე როგორ დანიშნავ თანამდებობაზეო".
ისევ, ლორდი აკტონი: ძალაუფლება რყვნის...