მითხარი, ვინ არის შენი ნათესავი და გეტყვი, სად მუშაობ ან სად დასაქმდები შენ
… როდესაც ნეპოტიზმი განათლებას ამარცხებს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ნეპოტიზმი ყოველთვის იყო და არის საზოგადოების ჭაობში ჩამძირავი მოვლენა. თუმცა, ბოლო პერიოდში დედაქალაქის მერიასა და რეგიონალურ მუნიციპალიტეტებში ნაცნობ-მეგობრებ-ნათესავების თანამდებობებზე დანიშვნამ უკვე კატასტროფულად იმატა.
თუმცა, მმართველი კოალიციის წევრებმა ქართულ საზოგადოებას დიდი საფიქრალი გაუჩინეს. დღეს უკვე ეჭვქვეშ დგება "ნათესავის" აქამდე არსებული ჩვენეული გაგება და საჭიროა, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს "ნათესავის" დეფინიცია. მაგალითად, ხულოს რაიონის გამგებლის მოადგილემ, თამაზ აბაშიძემ განაცხადა, რომ მართალია, მისი შვილი თანამდებობაზე დაინიშნა, მაგრამ ის გათხოვილია, სხვა ოჯახის წევრია და შესაბამისად, არც მისი ნათესავია. მართალია, ხანდახან შვილი უნდა უარყო და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ცუდი მამა ხარ.
მაგალითად, პრემიერმინისტრი ასე შორს არ წასულა. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი ცოლზე გააკეთა და თქვა, რომ ცოლის ნათესავი ნათესავი არაა, ანუ გამოდის, რომ ცოლის ძმა ნათესავი არაა, ცოლი მით უფრო არაა ნათესავი, აგერ შვილიც არ ყოფილა ნათესავი... მოკლედ, ეს ყოველივე ერთი დიდი მოჯადოებული წრეა, სადაც ისიც არ ვიცით, ვისთვის ვინ არის ნათესავი...
აქვე, რამდენიმე დღის წინანდელ მაგალითსაც მოვიყვან - დეპუტატ ანი მიროტაძის და თბილისის მერიაში თანამდებობაზე კონკურსის გარეშე დაინიშნა. დეპუტატმა ნათესაობა არ უარყო, სამაგიეროდ, საზოგადოებას მოუწოდა კარგად ენახათ მისი დის "მდიდარი" CV და კითხვები ამის შემდეგ დაესვათ. ქალბატონო ანი, თქვენ გინახავთ იმ ასეულობით ადამიანის CV, რომლებიც საჯარო სამსახურში დაიწუნეს? ან იქნებ საატესტაციო კომისიას მაინც მოუწოდოთ ნახონ ამ ადამიანების გამოცდილება?!
ადამიანებს იმედი აქვთ, ვაკანსიებზე CV-ს აგზავნიან, წვალობენ, მეცადინეობენ და ეს ყველაფერი ამაოდ. არავის აინტერესებს მათი ცოდნა და გამოცდილება. კომისია ათობით ადამიანს უსმენს, მაგრამ სანამ პირველი კონკურსანტი ხმას ამოიღებს, იქამდე ყველაფერი გადაწყვეტილია. ეს ყველაფერი ერთი დიდი სპექტაკლია, სადაც უ-პატრონოები თავს აჯერებენ, რომ მხოლოდ ცოდნაა საკმარისი, ხოლო პატრონიანები თავს აჯერებენ, რომ იმსახურებენ ამ ყოველივეს და სადაც, საატესტაციო კომისიის მუშაობა ფორმალობადაა ქცეული. ყველაფერთან ერთად, საატესტაციო კომისიის წევრები კონკურსანტებს ისეთ კითხვებს უსვამენ, რაც თავადაც არ იციან...
ერთ მხარესაა კახი კალაძის ცოლისძმა, ანი მიროტაძის და, გამგებლების ნათესავები, ტესტირებაზე ჩაჭრილი და ისევ თანამდებობაზე მყოფი ადამიანები... მეორე მხარეს კი... ამის მეორე მხარის საილუსტრაციოდ კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. რამდენიმე დღის წინ ემორის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საგარეჯოს რაიონის გამგეობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლებული თანამშრომელი უკან ამერიკაში დაბრუნდა.
არ ვამბობ იმას, რომ ყველას ემორის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული, მაგრამ ფაქტია ის, რომ დღეს, ნეპოტიზმი ემორის უნივერსიტეტსა და თუნდაც, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თანაბარი წარმატებით ამარცხებს . ყველაზე სამწუხარო არის ის, რომ ეს, თითქოს, უკვე ნორმად იქცა და ნეპოტიზმს მხოლოდ თითო-ოროლა არასამთავრობო თუ მედიასაშუალება უპირისპირდება.
აქვე არასამთავრობო ორგანიზაცია"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" რამდენიმე დღის წინანდელ ინიციატივასაც გაგაცნობთ: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საჯარო სამსახურში ნეპოტიზმის კრიმინალიზების ინიციატივით გამოდის. ორგანიზაციამ მოამზადა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების კანონპროექტი, რომელსაც დაემატება 332-ე პირველი პრიმა მუხლი, საჯარო სამსახურში კონკურსის წესის დარღვევა. აღნიშნული მუხლი გულისხმობს იმ პირთა დასჯას, რომლებმაც კონკრეტული პირისთვის საჯარო სამსახურში მიღებისას, უპირატესობის მინიჭების მიზნით, განზრახ დაარღვია კონკურსის წესები და ამ პირს შერჩევის კრიტერიუმები განზრახ მოარგო".
იმედია, ნეპოტიზმთან ბრძოლაში მთლიანად საზოგადოება გაერთიანდება. იმედია, ნათესაური კავშირი პრივილეგია აღარ იქნება... თუმცა, იქამდე, კარგი იქნება თუ დავაზუსტებთ ვინ არის ნათესავი და ვინ - არა...