მიხეილ გრიგორაშვილი - ქართველი კონსტრუქტორი ამერიკისა და კანადის ავიამრეწველობაში
"ამერიკისა და კანადის ავიამრეწველობაში, სამხედრო თვითმფრინავების დაპროექტებით, თავისი წვლილი შეიტანა ქართველმა კონსტრუქტორმა მიხეილ გრიგორაშვილმა. სამწუხაროდ, მას რუს კონსტრუქტორად მოიხსენიებდნენ. ქართველმა მკითხველმა იგი საკმაოდ გვიან, 2002 წელს გაიცნო ვადიმ მიხეევის წიგნის მიხედვით დაწერილი ვილენ მარდალეიშვილისა და მედეა იანტბელიძის სტატიებით. ბოლო წლებში კი ინტერნეტშიც გაჩნდა საიტები მისი ბიოგრაფიით"... მიხეილ გრიგორაშვილის შესახებ გვიამბობს ცნობილი ისტორიკოსი – რუსუდან დაუშვილი:
- მიხეილ გრიგორაშვილი დაიბადა 1888 წელს დერბენდში, სადაც მამამისი ლეონტი გრიგორაშვილი საქალაქო სასწავლებლის ინსპექტორად მუშაობდა. მამის სამსახურის გამო კავკასიის სხვადასხვა ქალაქში უხდებოდათ ცხოვრება, ბოლოს ოჯახი ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიხეილმა ბავშვობა გაატარა. 1905 წლის რევოლუციის წინ ლეონტი სამსახურიდან გადადგა და გორში დასახლდა, მისი მეუღლე კი შვილებთან - მიხეილსა და ნინოსთან ერთად სანკტ-პეტერბურგს გაემგზავრა, მათთვის კარგი განათლების მისაცემად. საგზაო-საინჟინრო ინსტიტუტში მიხეილი ავიაციით დაინტერესდა და გაზეთ "აერომობილის" რედაქტორი გახდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სხვა ენთუზიასტებთან ერთად, "რუსეთის საიმპერატორო აეროკლუბი" დააარსა. 1911 წელს ცოდნის გასაღრმავებლად საფრანგეთს გაემგზავრა პიშოფის საზაფხულო სკოლაში, სადაც პილოტის მოწმობა მიიღო, გახდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი მფრინავი და რამდენიმე წარმატებული გაფრენა მოაწყო. პარიზში ეიფელის ლაბორატორიაში ააგო თავისი პირველი საფრენოსნო აპარატი "Россия А", შემდეგ კი გაუმჯობესებული "Россия В", რომელიც პირველი რუსული სერიული მონოპლანი გახდა. იქვე მისი კონსტრუქციით მზადდებოდა თვითმფრინავების საჰაერო ხრახნები... პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე შჩეტინინის ავიასამშენებლო ქარხანაში ინჟინრად დაიწყო მუშაობა. მაგრამ ქარხნის პატრონი არ აპირებდა საჰაერო ხრახნების წარმოებას, ამიტომ 1915 წელს მთავარ კონსტრუქტორად გადავიდა პეტროგრადის ავეჯის ქარხანა "მელცერში", რომლის მეპატრონე ქარხანაში საავიაციო მრეწველობის დანერგვას აპირებდა. ეს გასაკვირი ნამდვილად არ არის, რადგან ვიცით, რომ პირველი თვითმფრინავების ძირითადი კონსტრუქცია ხისგან მზადდებოდა. გრიგორაშვილმა იქ თავისი სისტემის ხრახნები დაამზადა და რუსეთის სამხედრო-საჰაერო ფლოტში გამოსცადა. ისინი უცხოურზე უკეთესი აღმოჩნდა. მათი მსხვილი სერიული წარმოება "მელცერმა" დაიწყო და 1917 წლის დასაწყისში წამყვან საწარმოდ იქცა.
- სამშობლოსთან თუ ჰქონდა კავშირი?
- საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამ მას პარიზში მოუსწრო. მაშინვე გამოეშურა სამშობლოსკენ ეროვნული საავიაციო მრეწველობის შესაქმნელად, მაგრამ, ვინაიდან არც სახსრები და არც კადრები მაშინდელ საქართველოში არ არსებობდა, იძულებული გახდა, გზების სამინისტროში ემუშავა. სამწუხაროდ, თავისუფალ სამშობლოში ცხოვრება დიდხანს არ მოუწია - 1921 წლიდან ემიგრაციაში წასული 1955 წელს ამერიკაში გარდაიცვალა.
- ამერიკაში როგორ აეწყო მისი საქმიანობა?
- თავდაპირველად როდაილენდის შტატის საავიაციო ქარხანაში Gelendet Airkraft საჰაერო ხრახნების კონსტრუქტორად მუშაობდა. მალე რუს ემიგრანტ ავიატორებთან ერთად, მაიკლ გრეგორის სახელით გადავიდა დეიტონში ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო სამსახურის სამეცნიერო-კვლევით და საფრენოსნო-საცდელ ცენტრში Daiton rait, სადაც ზედიზედ შექმნა თვითმფრინავთა მოდელები. 1923 წელს ლონგ-აილენდზე, გარდიან-სიტიში განლაგებული ამერიკაში უმსხვილესი საავიაციო ფირმა Ketrtis Rait-ის კონსტრუქტორი გახდა და სწრაფ საბრძოლო თვითმფრინავთა მთელი ოჯახის დამუშავებაში მონაწილეობდა. შემდეგ Bed airkraft-ის მთავარი კონსტრუქტორი გახდა და ბევრი მრავალფუნქციური კომერციული თვითმფრინავი შექმნა, რომლებიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. 1926 წელს მოქალაქეობა მიიღო. სიკორსკისთან ერთად დააარსა ფირმა, სადაც მისი უახლოესი თანაშემწე 1927 წელს ამერიკაში ჩასული ალექსანდრე ქართველიშვილი გახდა, მაგრამ შეკვეთები ძალიან მცირე იყო და ფირმა ე.წ. "დიდი დეპრესიის" მსხვერპლი შეიქმნა. ამიტომ მიიღო კანადური ფირმა Kaar and Faundry-ს მიწვევა და ონტარიოს რაიონში ფორტ-უილიამში გადასახლდა. ხელისუფლება იქ ავიამშენებლობის აწყობას აპირებდა, ამიტომ გრიგორაშვილს თავისი პროექტების რეალიზების საშუალება მისცეს. კანადაში თავის ცოლთან, ლი კლარკთან ერთად დასახლდა. დაამთავრა ადრე დაწყებული Meipl Lif. ამასთან, ამზადებდა თვითმფრინავების სერიულ წარმოებას ამერიკული ლიცენზიით. ამდენად, იგი კანადური საავიაციო მრეწველობის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახდა.
1932 წელს ძველი პეტერბურგელი ნაცნობის - მფრინავისა და ინჟინრის, ალექსანდრ პროკოფიევ-სევერსკის ახალ ფირმაში Severski Airkraft მთავარი კონსტრუქტორის მოადგილედ დაინიშნა. უშუალო მონაწილეობა მიიღო თვითმფრინავთა SEV-1, SEV-2, SEV-3 და მათი მოდიფიკაციების შექმნაში.
სევერსკისთან ურთიერთობის გაფუჭების გამო ფირმა დატოვა და ლონგ-აილენდზე თავისი ფირმა Gregor Airkraft დააარსა, სადაც ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი "GR-1" დააპროექტა. 1938 წელს შექმნა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გამანადგურებელ-ბომბდამშენი Kaar and faundriy FDB-1. მაგრამ იმ სქემის თვითმფრინავების დრო უკვე წასული იყო და სერიულ წარმოებაში არ ჩაუშვიათ.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი მუშაობდა ინდიანას შტატში, პატარა ფირმა Danbar Manuufakcuring და კანადური ავიამრეწველობისათვის თვითმფრინავების კონსტრუირებას განაგრძობდა. 1944 წელს მ. სტრუკოვის მიწვევით ახალ ფირმაში Ceiz Airkraft მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1940-50-იან წლებში ფირმამ რამდენიმე ძალიან კარგი სადესანტო-სატრანსპორტო პლანერი და თვითმფრინავი შექმნა, რომლებმაც ამერიკაში ამ ტიპის თვითმფრინავების კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.
1953 წელს სტრუკოვის ფირმა გაიყო - Ceiz და Strukov Airkraft. გრიგორაშვილი პირველში დარჩა.
1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123, რომელსაც შეეძლო ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენა გახსნილი ლუკით, დაჯდომის გარეშე ტვირთის გადმოქაჩვა და სიმაღლის სწრაფად აღება. თვითმფრინავმა განსაკუთრებული ყურადღება ვიეტნამის ომის დროს მიიქცია, სადაც არ იყო დიდი ასაფრენი ბილიკები. ამ მხრივ თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა. 1963 წელს იგი გააუმჯობესეს - აღჭურვეს 2 შიდაწვისა და ტურბო-რეაქტიული ძრავებით. სწორედ გრიგორაშვილის ამ თვითმფრინავებს იყენებენ ჰოლივუდის რეჟისორები ვიეტნამის ომზე გადაღებულ ფილმებში.
მიხეილ გრიგორაშვილი ავტორი და გამომგონებელია ვერტმფრენთა საჰაერო ხრახნების, პირველი ტურბორეაქტიული სამხედრო თვითმფრინავების, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებში გასახსნელი უკანა ლუკისა და სხვა. მისი სახელგანთქმული მოდელებიდან აღსანიშნავია გარდენ-სიტიში დაპროექტებული Royal Bird (სამეფო ფრინველი) და პირველი ჰელიკოპტერი, ერთ-ერთი საუკეთესო ავიაგამანადგურებელი "ბიპლანი" და სამხედრო-სატრანსპორტო C-123.
1940-იანი წლების ბოლოდან მძიმედ დაავადებული ავიაკონსტრუქტორი, მისი ბიოგრაფის ვადიმ მიხეევის ცნობით, 1953 წელს გარდაიცვალა, ჩვენი აზრით კი უფრო მისაღებია პარიზში, ვიქტორ ნოზაძის მიერ გამოცემული წიგნში "ლტოლვილთა საძვალენი" მითითებული თარიღი - 1955 წელი. დაკრძალულია ნიუ ჯერსის შტატში.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)