"მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

"მაშინ გიორგი პრეზიდენტობაზე არც ფიქრობდა, პრეზიდენტობა უნდოდა ირაკლის (კაკაბაძეს), ლევანი (ვასაძე) კი პოეტობას აპირებდა" (ექსკლუზივი)

"(მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო, კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი გრიგოლი და მე - გიო მგელაძე..."

"მთელ" თუ არა "ნახევარ" თბილისის ბიჭებს მაკა (ჩიჩუა) უყვარდათ"

"მაშინ პატარა ბიჭებს "ქუჩა გვიხმობდა"

"მხიარულად ვსაუბრობდით ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილია"

"პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა."

ცოტა ხნის წინ ნინია კაკაბაძემ საკუთარი ფეისბუქის გვერდზე 25 წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა... ფოტოზე ასახულნი არიან გიორგი მარგველაშვილი, ლევან ვასაძე, ირაკლი კაკაბაძე, გიო მგელაძე, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე), ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი)... შემდეგ, მეორე ფოტო საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გიო მგელაძემაც გამოაქვეყნა სათაურით - იგივე წელი, იგივე "სასტავი"... ორივე ფოტომ საზოგადოების ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია და რეჟისორი და სცენარისტი გიო მგელაძეც გულახდილ ინტერვიუზეც დაგვთანხმდა, რომელიც იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მონოლოგის ფორმით გთავაზობთ...

- ეს ფოტო გადაღებულია 1987 წელს. 17-18 წლისები ვართ. მარცხენა რიგში სხედან (მარცხნიდან) ირაკლი კაკაბაძე, ლევან ვასაძე, ქორ-ეპისკოპოსი მეუფე შიო (ერის კაცობაში ელიზბარ მუჯირი), საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე, გიორგი მარგველაშვილი, ბერი, მამაო გრიგოლი (ერის კაცობაში გიორგი ჭიჭინაძე) და მე - ანარქისტი-ქრისტიანი, პაციფისტი, მეომარი გიო მგელაძე... ნებისმიერი სისტემა, მათ შორის და მით უმეტეს, სახელმწიფო სისტემა ჩემთვის ბუნებრივად მიუღებელია... რაც თავი მახსოვს, კონფლიქტში ვარ ნებისმიერ სისტემასთან... მაგრამ მგონი გადავუხვიე...

მე და ირაკლი კაკაბაძე ბავშვობაში ქვიშხეთში დავმეგობრდით. თბილისში დაბრუნების მერე ირაკლიმ გიორგი და ლევანი გამაცნო, მე მეუფე შიო და მამაო გრიგოლი გავაცანი მას... შემდეგ ერთად გადავწყვიტეთ "დისიდენტური" ჟურნალის გამოცემა და ერთი ნომერი გამოვუშვით. გავაკეთეთ სატელევიზიო გადაცემა, რომელიც ერთხელ მოხვდა სატელევიზიო ეთერში. სატელევიზიო გადაცემიდან მოსახლეობას "დავემუქრეთ" კულტურული რევოლუციით, არტ-რევოლუციით. შევქმენით ახალგაზრდული მოძრაობა...

არ მახსოვს, ჩვენ ვთხოვეთ პატრიარქს რომ შეგვხვედროდა თუ პატრიარქმა დაგვპატიჟა. მახსოვს ამ შეხვედრაზე მხოლოდ ელიზბარი (მეუფე შიო) არ ემთხვია ხელზე პატრიარქს. "მამაკაცს ხელზე არ ვაკოცებო". ახლა ის ეპისკოპოსია, ქორ-ეპისკოპოსი... ამ ფოტოზე ყველანი ძალიან სერიოზულები ვართ, ამ დროს, მახსოვს აუდიენცია 2 საათიი გაგრძელდა, ყოფნა-არ ყოფნაზეც მხიარულად ვსაუბრობდით, ჩვენ, ახალგაზრდა მაქსიმალისტები და ბრძენი ილიაც და ძალიან ბევრი ვიცინეთ. პატრიარქი მოვიდას ნაცვლად "მოიდას" იძახის და ყველა "მოიდაზე" ექვსივე "მაქსიმალისტი" სიცილით "ვიხეოდით", რაზეც პატრიარქს ეღიმებოდა.

მერე ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობა ეროვნულ მოძრაობას შეურთდა.გიორგი, ლევანი და ირაკლი უნივერსიტეტში სწავლობდნენ და ერთ დღესაც პირველი კორპუსის წინ, დაანონსებულ აქციაზე, სტუდენტების, ლექტორების და კომკავშირელი აქტივისტების თვალწინ, საკუთარი კომკავშირის მანდატები ცეცხლს მისცეს და დაწვეს... მერე, ნოემბრის გაფიცვა და შიმშილობა, აპრილი - 9 აპრილით. რა ვიცოდით, რომ შედეგად ქართველებში კერპთაყვანიმცემლობის აღზევებას მივიღებდით.

გიორგი მარგველაშვილი არის "კერპის" ანტიპოდი. არც თავისთვის შეუქმნია კერპი და არც საკუთარი თავისგან შექმნის კერპს. გიორგი იქნება საქართველოს პირველი "არა კერპი", "არა მხსნელი", "არამესიანისტური" მსიით მოვლენილი პრეზიდენტი. ვიღაცეებს, გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევა, დღევანდელი საქართველოსთვის ფუფუნებად ეჩვენებათ - "ფილოსოფოსი პრეზიდენტი"... პირველად ხდება ჩემს ცხოვრებაში, როცა ხმას ვაძლევ იმ კანდიდატს, რომელიც გაიმარჯვებს და ხმამაღლა ვიძახი ამას არჩევნებამდე. რადგან არჩევნებს შევეხეთ უნდა ვთქვა, რომ ძალიან გავბრაზდი, სალომე ზურაბიშვილი რომ არ დაარეგისტრირეს ამის გამო. სალომეს კენჭი რომ ეყარა, მე, მაინც გიორგის ამომრჩეველი ვიქნებოდი. ქართველი პოლიტიკოსების 98 პროცენტი ჩემთვის ერთი ამაზრზენი კასტაა. სალომე ზურაბიშვილი იმ 2 პროცენტის ერთ-ერთი საუკეთესო პერსონაა, როგორც გიორგი. სალომე არჩევნებამდე რომ დაეშვათ, მაინც გიორგი მოიგებდა არჩევნებს, მაგრამ...

...იმ დროს, როცა ეს ფოტოა გადაღებული, გიორგი ფილოსოფია-ფსიქოლოგიით იყო გატაცებული, არც მაშინ და არც მერე საქართველოს პრეზიდენტობაზე არ ფიქრობდა. ლევანი პოეზიით იყო გატაცებული, მამა გრიგოლი (გიორგი ჭიჭინაძე) კინორეჟისორობას აპირებდა, როგორც მე. მეუფე შიო (ელიზბარ მუჯირი) ვირტუოზულად უკრავდა ჩელოზე და აპირებდა მუსიკაში დარჩენას. ირაკლი კაკაბაძეც ფილოსოფიით იყო გატაცებული, მაგრამ თუ არ ვცდები და მე მგონი, არ ვცდები, მას უნდოდა საქართველოს პრეზიდენტობა. ქმნიდა და ქმნიდა ორგანიზაციებს და ყველა ორგანიზაციის პრეზიდენტი თვითონ იყო.

ჩემს ოჯახზე არ ვისაუბრებ. დაანარჩენ ხუთ ჩემს მეგობარს, ჩემთვის და არა მარტო ჩემთვის ობიექტურად, საოცარი მშობლები, ბებიები და ბაბუები, წინაპრები ყავდათ. გამორჩეულები თავიანთი კეთილშობილებით, ტალანტებით, პროფესიონალიზმით... მეუფე, მამა გრიგოლი და მე ვერაზე ვცხოვრობდით, გიორგი და ლევანი მთაწმინდაზე, ირაკლი სოლოლაკში. სამივე ვერელი 53-ე სკოლაში ვსწავლობდით, ლევანი 47-ე სკოლაში, გიორგი და ირაკლი პირველ საშუალო სკოლაში. ექვსივეს გვქონდა ქუჩასთან ურთიერთობა. მაშინ პატარა ბიჭებს ქუჩა გვიხმობდა. მე "ქუჩის ბიჭი" ვიყავი და დღემდე ქუჩაში დავრჩი. გიორგი "ქუჩის ბიჭი" არ იყო, "ქუჩის ბიჭის" კლასიკური გაგებით. იყო ქუჩაში, ჩხუბობდა, მე არ მინახავს, რომ ქუჩაში "საქმის გარჩევის" დროს უკან დაეხიოს და საქმე თუ ჩხუბით მთავრდებოდა, ბოლომდე არ ეჩხუბოს. მთავარია, იმ "გარჩევების" დროს სიმართლე გიორგის მხარეს იყო, კი არა და გიორგი იყო სიმართლის მხარეს. იყო სახლში და ქუჩაშიც. მამამისი და დედამისი ჯადოსნური ადამიანები. დედამისი, ქალბატონი მზია ალბათ პირველი პრაქტიკოსი ფსიქოლოგია საქართველოში.

ჩემს ცხოვრებაში პირველად ვსაუბრობ პრეზიდენტობის კანდიდატზე, რომელსაც აირჩევს ხალხი სიხარულით... გიორგიმ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სწავლა ამერიკაში გააგრძელა, ერთ-ერთ "ტოპ" უნივერსიტეტში, დაბრუნდა და შექმნა GIPA. სხვათა შორის ირაკლი კაკაბაძე ძალიან საინტერესო კონფლიქტოლოგია და გიორგიმ ირაკლის ჯერ საათების მისცა ლექციების წასაკითხად, შემდეგ კონფლიქტოლოგიის ფაკულტეტი გახსნა და ირაკლის ჩააბარა.

გიორგის ყავს ფანტასტიური გოგო პირველ ცოლთან. ზუსტად არ მახსოვს, ძალიან პატარამ ითხოვა ცოლი. მეც 17 წლის ვიყავი, 15 წლის გოგოზე რომ დავიწერე ჯვარი ჩუმად. მამაო მოვატყუეთ, ვითომ სრულწლოვანები ვიყავით - მშობლებმა ყველაფერი იციან-თქო...

გიორგის ცოლი, მაკა ჩიჩუა ჩემი ბავშვობის მეგობარია. ჰქონდა და აქვს ულამაზესი გარეგნობა. "მთელ" თუ არა "ნახევარ" თბილისის ბიჭებს მაკა უყვარდათ. ლამაზი, მხატვარი, კინოებში იღებდნენ... მოკლედ "სტარ" იყო.

თქვენ მითხარით, რომ გიორგის უთქვამს, მაკას სილამაზეზე რომ ლაპარაკობს ყველა, გაცილებით ლამაზი და მდიდარი სულიერი სამყარო აქვსო. ამ სიტყვებში ჩანს გიორგის დამოკიდებულება მაკასადმი. ეს არ არის შეყვარებული კაცის სუბიექტური აზრი, იმიტომ რომ მართლა ასეა. მაკას აქვს ძალიან მდიდარი და საინტერესო სამყარო. მაკას ცხოველებთან, მცენარეებთან ურთიერთობა ცალკე ისტორიაა. ერთ-ერთი დიდებული თვისება, რაც აქვს - უყვარს და ერთგულია. გიორგისნაირი ერთგული ადამიანიც, სამწუხაროდ, ძალიან ცოტაა ჩემს ირგვლივ და საერთოდ. ერთგულია, საყვარელი ქალის, მეგობრების, საქმის, იდეის... მაქსიმალისტია აქაც, ბუნებრივაად. შეიძლება მეგობარი არ ყავდეს ნანახი წლები, მაგრამ უყვარს ბავშვობის სიყვარულით და ერთგულია ბოლომდე... მოდით აქ გავჩერდეთ, თორემ შეიძლება სტატია კი არა, გაზეთები არ გვეყოს...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)