წყვილები. ნატო ვაჩნაძე და ნიკოლოზ შენგელაია
მათი სიყვარული ადიდებული მდინარე იყო
ნატო ვაჩნაძე ქართული კინოს მშვენება იყო, ქალი-ლეგენდა, რომელმაც გამოჩენისთანავე აალაპარაკა მთელი საბჭოეთი. როცა მისი შესრულებული როლები იხილეს ჰოლივუდში, გაკვირვება ვერ დამალეს და თქვეს: "ეს საოცრებაა!"
საოცარი და ულამაზესი ნატო კი ასე აღმოაჩინეს: 1923 წლის ოქროსფერი შემოდგომაა თბილისში. რეჟისორი ამო ბეკ-ნაზაროვი ნება-ნება დასეირნობს და ფილმის, "მამის მკვლელის", მთავარ გმირს დაეძებს ყველგან - ქუჩებში, კაფეებში, საზოგადოების თავყრილობებზე. როცა ფოტოგრაფ შიხმანის ვიტრინას ჩაუარა, მისი ყურადღება ნატიფმა და ძალიან სათნო სახემ მიიზიდა, აღფრთოვანებული დარჩა ფოტოსურათით. გახარებული შევარდა ფოტოატელიეში და მომხიბვლელი გოგონას მისამართი გაიგო. იმ დღესვე გურჯაანში მიავლინა თავისი ასისტენტი...
ჩამოვიდა ნატო თბილისში და მაშინვე ხმა გავარდა - ქართულ კინოს ულამაზესი და ძალიან ნიჭიერი მსახიობი მოევლინაო. ჯერ "მამის მკვლელი" გამოვიდა, მერე ვლადიმერ ბარსკის "არსენა ყაჩაღი". მალე გამოვა მესამე ფილმიც - "სამი სიცოცხლე" და ნატო საკავშირო დიდებას მოიხვეჭს.
ნატო ვაჩნაძე 1904 წელს დაიბადა, ვარშავაში. მამა - გიორგი ანდრონიკაშვილი იყო, დედა კი - პოლონელი ეკატერინე სლივიცკაია, რომლის ბებიაც ოპერის ცნობილი მომღერალი, იტალიელი ვოზოლი გახლდათ.
მამა ადრე მოუკვდა ნატოს, პოლონელმა ქალმა ოთხი ობოლი ქმრის მიტოვებულ, განადგურებულ მამულში წაიყვანა კახეთში. შემდეგ ნატო და მისი უფროსი და, კირა, თბილისის ქალთა გიმნაზიაში სწავლობდნენ. ნატომ თავისი პირველი ქმარი კახეთში გაიცნო. მერაბ ვაჩნაძეს ისე შეუყვარდა გოგონა, სწავლის დამთავრებას აღარც დაუცადა, მოჰკიდა ხელი შვიდკლასდამთავრებულს და ცოლად მოიყვანა. ვაჩნაძესთან ნატოს ვაჟი შეეძინა, რომელსაც თენგიზი დაარქვეს.
ამასობაში კი ქართულ კინოსამყაროში დიდი ნაბიჯებით მოემართებოდა ქარიზმატული ნიკოლოზ შენგელაია. ამ ორ ადამიანს წინ ელოდა დიდი სიყვარული, სწორედ ისეთი, ყველაფერზე რომ უარს ათქმევინებს ადამიანს იმ ერთადერთი, ადიდებულ მდინარესავით წამოსული გრძნობის გარდა.
ნიკოლოზ შენგელაია 1903 წელს დაიბადა წალენჯიხის სოფელ ობუჯში. ნიკოლოზის მამა მებაჟე გახლდათ და ძალიან უნდოდა, ვაჟიც მის გზას დასდგომოდა. 9 წლის იყო ნიკოლოზი, ოჯახი საცხოვრებლად ქუთაისში რომ გადავიდა. ნიკოლოზი სათავადაზნაურო სკოლაში მიაბარეს. პატარაობიდანვე დაეტყო ლექსის ტრფიალი, თავადაც წერდა, მაგრამ მამა არ გააწბილა და სწავლა ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე განაგრძო. პირველ კურსზევე მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო... კვლავ მამის ხათრით აგრძელებდა სწავლას. მერე მუშაობაც დაიწყო მებაჟედ. ვერა და ვერ დაუდო გული ამ საქმეს. 21 წლისა ფუტურისტი გახდა. ჭადარზე ავიდოდა და იქიდან კითხულობდა თავის ლექსებს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის დროს ნახა კოტე მარჯანიშვილმა შენგელაია. მისი არტისტულობით მოიხიბლა და სამუშაოდ მიიწვია. მცირე ხნის შემდეგ კი უთხრა, უკვე შეგიძლია დამოუკიდებლად მუშაობაო... და შენგელაიამაც სცადა. "ელისო" მისი პირველი ნამუშევარი იყო, რომელმაც საყოველთაო აღიარება მოუტანა.
ნიკოლოზ შენგელაია კარგა ხანია, ნატოს ეტრფოდა, მაგრამ ვერ უბედავდა საოცნებო ქალს სიყვარულში გამოტყდომას. "ელისოში" რეჟისორმა ნატოს და, კირა, ათამაშა მთავარ როლში. ამ დროს ნატოს სხვა ფილმში იღებდნენ.
ერთმანეთს "გიულის" გადაღებისას დაუახლოვდნენ.
ცნობილია ერთი ეპიზოდი, რომელმაც დასაბამი მისცა ნატოსა და ნიკოლოზის ოჯახს:
ერთი თბილისური საღამოა, სადაც ზეიმობს ლექსი და სიმღერა. თბილისელებმა მაიაკოვსკის გაუმართეს შეხვედრა, დარბაზი ხალხითაა სავსე. ნატოსა და ნიკოლოზს დააგვიანდათ, სცენამდე ვერ მიაღწიეს და ბოლოში გაჩერდნენ. მაიაკოვსკიმ თვალი მოჰკრა მათ და დასჭექა: რას დაყუდებულხართ მანდ? ახლოს მოიწიეთ, ჯვარი უნდა დაგწეროთო... და როცა პოეტმა მასთან მისულ წყვილს პირჯვარი გარდასახა (მაშინ ეს დიდი სითამამე იყო), ორ დღეში ოფიციალურად ხელი მოაწერეს. მალე ქვეყანას მოევლინება ელდარ შენგელაია, რამდენიმე წლის შემდეგ კი - გიორგი. ამბობენ, ნატოს სტალინი სწყალობდა, სამაგიეროდ, ბერია უმზერდაო ავად. ერთ-ერთი ვერსიით, მან ნატოს საყვარლობა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ერთხანს ნატო მოსკოვშიც ცხოვრობდა და კინოდოკუმენტალისტ ესტერ შუბთან ერთად მუშაობდა. 1932 წელს საქართველოში დაბრუნებულმა ნატომ ხმოვან კინოშიც ითამაშა - ჯერ სიკო დოლიძის "უკანასკნელ ჯვაროსნებში", მერე მიხეილ ჭიაურელის "არსენაში" (ნენოს როლი ხელმეორედ შეასრულა მუნჯური "არსენა ყაჩაღის" შემდეგ), მოგვიანებით კი - "ქაჯანაში" ერგო დედის როლი. შემდეგ იყო "აკაკის აკვანი".
რაც შეეხება ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებით ცხოვრებას, პაუზა კარგა ხანს გაგრძელდა. სიკვდილამდე მაინც მოასწრო და გადაიღო "ნარინჯის ველი" და "შავ მთებში". ვეღარ დაასრულა ფილმი "ის კიდევ დაბრუნდება"... ვერც ის დაბრუნდა - კახეთიდან თბილისს მომავალი დაიღუპა. თავზარდამცემი იყო ნატოსთვის მეუღლის სიკვდილი. შვებას ერთ რამეში პოვებდა - მიუჯდებოდა თავის "პობედას" და კახეთისკენ მიქროდა. ყოველთვის ჩერდებოდა იმ ადგილას, სადაც ნიკოლოზი დაიღუპა. თითქოს შორს გადაკარგულ ქმარს ელოდებაო, საათობით იდგა გარინდებული.
1953 წლის ივნისის დასაწყისში მურმანსკში წავიდა საქმეზე, იქიდან მოსკოვში გამოიარა. თბილისისკენ არც ერთი ბილეთი არ დახვდა. მაშინ მორიდებით უთხრა მოლარეს, რომ სახალხო არტისტი ნატო ვაჩნაძე იყო და სასწრაფოდ უნდა დაბრუნებულიყო თბილისში. გახარებულმა მოლარემ, აქაოდა, ამისთანა ადამიანი მესტუმრაო, ჯავშანი მოხსნა... ასე ერგო ნატოს საბედისწერო ბილეთი.
მოსკოვიდან ნატო 1953 წლის 14 ივნისს, თავის დაბადების დღეს, გამოფრინდა. ავიაკატასტროფა თვითმფრინავმა ნიკოლოზ შენგელაიას სოფელთან ახლოს განიცადა. მიზეზად უამინდობას ასახელებდნენ, მაგრამ მაშინ ბევრი იყო დარწმუნებული, რომ ნატო ბერიას შურისძიების მსხვერპლი გახდა. ნატოს დამწვარი სხეული მისმა დამ, კირამ ამოიცნო საგვარეულო პატარა ბრილიანტის ბეჭდით. ნატოს ფერფლი და გადარჩენილი ხელი დიდუბის მიწას მიაბარეს.
კიდევ ერთმა ლამაზმა წყვილმა სამუდამოდ დატოვა სააქაო და ზეციურ სამფლობელოში გადასახლდა.
(სპეციალურად საიტისთვის)