ქუთაისური საუცხოო ბაღი და მისი ბინადარი ზღვის გოჭები - კვირის პალიტრა

ქუთაისური საუცხოო ბაღი და მისი ბინადარი ზღვის გოჭები

"რამდენჯერაც ვთქვი, ბაღის გაშენებას ერთ წელიწადში დავამთავრებ-მეთქი, შევცდი. უკვე ხუთი წელია ამ საქმეს ვაკეთებ და იცით, რატომ? - აზარტი, რომელიც არასოდეს განელდება, უკვე ჩემი ცხოვრების თანამდევია. აქ სიმწვანე, ფერები შეხამებულია ეზოს ინტერიერთან და სიმშვიდისა და სიყვარულის ერთობლიობას ქმნის", - ამბობს ბუბა ჩივაძე, რომლის ულამაზეს სახლს ქუთაისში რეზიდენცია უწოდეს, მაგრამ ამჯერად თავის საოცარ ეზოს გვაცნობს.

307676833-6278802632149204-7972895609531556389-n-1674909090.jpg

- ეზო, სადაც ყველაფერი ჩემი ხელით არის გაკეთებული, მიქმნის სამყაროს, რომელიც ბევრი დამთვალიერებლისთვის დაფარულია. მცენარეები უკვე გაიზარდნენ. წლეულს პირველად დავიწყე კვიპაროსის, ჯუჯა ტუიის, ღვია ნაძვისა და ულამაზესი ვერცხლისფერი უნიკალური ნაძვების ფორმირება. ტუიას სიცოცხლის ხესაც უწოდებენ. ბოლო დროს პოპულარულია იმის გამოც, რომ ადვილად ეგუება ნებისმიერ გარემოს, მათ შორის ქალაქსაც. სხვა წიწვოვანთა მსგავსად, ტუიაც გამოყოფს ფიტონციდებს, რაც, გარდა იმისა, რომ ოთახს სასიამოვნო არომატით ავსებს, ჰაერსაც წმენდს და დამამშვიდებლად მოქმედებს. მაქვს რკინის დეკორაციები, რომელთაც მოძიებული სხვადასხვა ესკიზით ვქმნი. ზუგდიდელი ახალგაზრდა გიორგი ქირია, ზუსტად ისეთივე ესკიზებით მიმზადებს და მიგზავნის მისამართზე, როგორიც გვაქვს ნახაზებში.

დაგეგმილი მაქვს შადრევნის ჩადგმაც, სადაც რამდენიმე სახეობის კუ დაბინავდება. ირგვლივ დარგული მაქვს ჩინური მცენარეების კომპოზიციები. ეზოს შუაგული დაეთმობა ჩინური ნეკერჩხლის ულამაზეს ფერთა და სიმწვანის ნაზავს, ასევე კუნინგამს, მარადმწვანე, ყინვაგამძლე, გინკგოსავით დინოზავრების დროინდელ მცენარეს.

მაქვს ლეგენდარული მცენარე გინკგო ბილობა, გინკგოფიტას გვარის ერთადერთი შემორჩენილი სახეობა. გინკგოს უძველესი ნამარხი 270 მილიონ წელს ითვლის. მისი სამშობლო ჩინეთია, თუმცა მისი სახელწოდება უკავშირდება იაპონიას, რაც ნიშნავს "ვერცხლისფერ ხილს", ხოლო ლათინური Bილობა - "ორნაკვთიანს", ფოთლის ფორმის გამო. გინკგო ამტანი მცენარეა, ეგუება დაბინძურებულ ჰაერსა და ნიადაგს. მისი გამძლეობის საუკეთესო მაგალითია ჰიროსიმაში 1945 წლის ატომური აფეთქება. მაშინ 2 კილომეტრის რადიუსში თითქმის ყველა ცოცხალი ორგანიზმი განადგურდა, ექვსი ხის გარდა - გადარჩენილი მცენარეები გინკგოს ხეები იყო, რომლებიც დაზიანდნენ, თუმცა მალევე გამოჯანმრთელდნენ. მათ მოგვიანებით "აფეთქებას გადარჩენილი ხეები" უწოდეს. გინკგო ბილობა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოს ოფიციალური ხეა, მისი ფოთოლი კი ტოკიოს სიმბოლოა. შემოდგომაზე მისი ფოთლები კაშკაშა ყვითელი ხდება და ფერს დაახლოებით 2 კვირას ინარჩუნებს. მედიცინაში გინკგოს ექსტრაქტი ცნობილია როგორც ტვინის ნატურალური სტიმულატორი, აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას. იყენებენ სისხლძარღვების, შაკიკის, მხედველობისა და სმენის სამკურნალოდ. იაპონური ბაღის დედოფალი საკურა კი წლეულს იაპონიიდან ჩემმა მეგობარმა გამომიგზავნა. ჯერ პატარაა და ქუთაისის კლიმატს ვაჩვევ, შიგადაშიგ ულტრაიისფერი ნათურებით ვკვებავ და მალე გადავრგავ.

- თქვენი ეზოს სხვა იშვიათ მცენარეებზეც გვიამბეთ.

- ორი წლის წინ ჰიმალაის კედრის თესლი წამოვიღე ულამაზესი წყალტუბოს პარკიდან, სადაც კედარი დეკორატიულად არის ფორმირებული. 30-მდე მცენარე გავახარე მისი თესლიდან.

ბაღის მრავალფეროვნება რომ გამეზარდა, ასიმეტრიული მცენარეების დარგვაც დავიწყე. ნაძვი "ინვერსა" საუკეთესოა ასიმეტრიულ მცენარეთა შორის. მისი მტირალა ტოტები და მოვარდისფრო ფერი კომპოზიციას ქმნის. ამ სახეობის ნაძვი ძვირად ღირებულია, უკვე ორი ნერგი მაქვს.

314050699-804764004142803-7962191329408040344-n-1674909090.jpg

ჩემი შთაგონება იყო ლოტოსის 7 სახეობა, რომელთაც მაშინ გავაღვივებ, როდესაც შადრევანი გამზადდება. უიშვიათესი სახეობაა კორეული სოჭი, საოცრად ლამაზი, ჯუჯა ვერცხლისფერი ნაძვი, სიმაღლით 2 მეტრამდე. აქვს უჩვეულო ფორმის მწვანე-მოვერცხლისფრო წიწვი და იასამნისფერი გირჩები. უყვარს შუქი და კარგად დრენირებული ნიადაგი. დროებით დიდ ქოთანშია, სანამ ჩინურ ბაღს დეკორაციებით არ შევავსებ.

ეზოს ინტერიერში გამოვიყენე დეკორატიული ქვებიც, წითელი კაჟისა და ფერადი დიდი რიყის, რომლებიც სივრცესა და ფერთა შეხამებას ქმნიან.

- ჩინური კომში როგორ გაახარეთ?

- ჩინური კომში მრავალი საუკუნეა ხარობს ჩინეთსა და იაპონიაში. მას "სიცოცხლის ხანგრძლივობას" უწოდებენ და განსაკუთრებული შემადგენლობითა და სამკურნალო თვისებებით აფასებენ. ერთ წელიწადში სამი ძირი აყვავილდა და ამ ტემპერატურის ვარდნის დროსაც ყვავილობს. ერთმა კარგმა ქალბატონმა კი უიშვიათესი სახეობის ხვიარა ტოსკანური ჟასმინის ნერგი მისახსოვრა.

ეზოს ერთი ნაწილი ეთმობა ტოქსიკურ მცენარეებს, იმდენად ალერგიულსა და ტოქსიკურს, რომ ორჯერ თავად მოვიშხამე. ახლა მცენარეს შიშველი ხელებით ვეხები და აღარ მწამლავს. ამ მცენარეს თუ მოეწონე, უკვე მისიანი ხარ...

- ცხოველებიც გყავთ?

- დიახ, გვინეური წითელთვალება ზღვის გოჭები ჩემი ოჯახის წევრები არიან: პეპა, ვაკაჭი, კუჭკუჭი და მარგო. მყავს მშვიდობის მტრედების რამდენიმე სახეობა. სავარაუდოდ, ზაფხულისთვის შემოგვემატება სამი ეგზოტიკური ცხოველი. ვოლიერს თავად ვამზადებ. ქუთაისში ცნობილმა ვეტერინარმა თოლია მაჩუქა. მოძღვარმა მიუყვანა დაშავებული, უმკურნალეს, მაგრამ ვერ დაფრინავდა. საჭირო იყო ადაპტაცია, ამიტომ მე გამომატანეს და მალე დაუბრუნდა დედაბუნებას. ჩემს ბაღში ცხოვრობს ულამაზესი კუ ,,კუკური", მალე მას მეწყვილეც ეყოლება. დროებით მობარებული მყავს უცხოეთში წასული ნათელმირონების ორი ფუმფულა ფისო.

- ეზოს ინტერიერში უამრავი ძველი ნივთია. როგორ პოულობთ?

- ეზოში ჩემი წინაპრების ნაქონი ბევრი ნივთია, რომელთაც ახალი სიცოცხლე შევძინე, უამრავსაც მჩუქნიან, რომლებსაც ეზოს დეკორაციებად ვიყენებ.