რამ განაპირობა ციტრუსის მაღალი ფასი - კვირის პალიტრა

რამ განაპირობა ციტრუსის მაღალი ფასი

დასასრულს მიუახლოვდა ზამთრის მოსავლის აღება, ყვითელი რთველი, რომელიც საქართველოს ზღვისპირეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოსავალია. წლების წინ ქართული პროდუქციიდან სწორედ მანდარინის ექსპორტი აღმოჩნდა ჩვენი არასტაბილური მეზობლის, რუსეთის პირველი მსხვერპლი. ამის გამო ქართული მანდარინის მოყვანა წლების განმავლობაში ძალიან შემცირდა. შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში მანდარინის გატანას ვერ მივაღწიეთ, ქართული მანდარინის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანა შეეშველა, სადაც ექსპორტიორებმა გზა დამოუკიდებლად გაიკაფეს.

მორიგი სირთულე ციტრუსს რუსეთ-უკრაინის ომმა შეუქმნა - წლების განმავლობაში ქართული მანდარინის მთავარი ექსპორტიორი სწორედ უკრაინა იყო. ციტრუსი გადიოდა რუსეთშიც, ომის გამო კი ექსპორტი ძალიან შეფერხდა. თუმცა ქართული ციტრუსის წილის მატება შუა აზიასა და მეზობელ კავკასიაში შეიმჩნევა. სწორედ ეს განაპირობებს შიდა ბაზარზე ციტრუსის მაღალ ფასს. ამის შესახებ გვესაუბრება ლევან ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული სექტორის ხელმძღვანელი:

- ქართული ციტრუსის რთველი მიიწურა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ჩვენი ციტრუსის ექსპორტის შემაფერხებლად იქცა, აღმოჩნდა, რომ ის გაუსაღებელი არ დარჩენილა. ქართულ ბაზარზეც ციტრუსი ფასი მაღალია, რა განაპირობებს ამას?

- უპირველესად ის, რომ ექსპორტიორებში ქართული ციტრუსის შეფასების სტანდარტი გაიზარდა. ჩვენი ფერმერული მეურნეობებიც ცდილობენ ბაზრის შეფასებას და ამის მიხედვით განვითარებას. ამ საქმეში არაერთი უცხოური ორგანიზაცია გვეხმარება. აჭარაშიც, სადაც ყველაზე დიდი რაოდენობით მოდის ციტრუსი, მსოფლიო სოფლის მეურნეობის მიღწევების გასაზიარებლად უამრავი ტრენინგი და კონსულტაცია გვაქვს ჩატარებული. ჩვენს ფერმერებსაც ამ ცოდნის გასაზიარებლად შრომის უნარიც ჰყოფნით და გონიერებაც. შესაძლოა ჯერ ყველაფერი საჭირო დონემდე ვერ მივიყვანეთ, მაგრამ მალე ამასაც მივაღწევთ. ამ შემთხვევაში, მაგალითად, ციტრუსის მეწლეობას ვგულისხმობ, რაც მოსავალს ყოველ მეორე წელიწადს ბუნებრივად ამცირებს. ეს რომ არ მოხდეს, ციტრუსის მაქსიმალურად მოვლა-გასხვლაა საჭირო, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ სათანადოდ ვერ დავნერგეთ.

მეწლეობის გარდა, ახლა ვიმკით 2020 წლის მძიმე ყინვიანობის შედეგსაც, რის გამოც ხალხმა ციტრუსის მოსავლის ნაწილი დაკარგა, ბაღებში გაყინული ხეებიც კი მოჭრეს. ამიტომ ციტრუსის მოსავალი წლეულს ნაკლები გვაქვს. ამას დაერთო ციტრუსის ნაკვეთების შემცირება, რაც უკვე ურბანულმა პროცესებმა, მშენებლობებმა განაპირობა. ეს ყველაფერი ინფორმაციისთვის ჩამოვთვალე, რათა უკეთ იყოს ცნობილი, რატომ მოდის ნაკლები ციტრუსი - მაგალითად, აჭარაში 60 000 ტონა, არადა, იყო დრო, 120 000 ტონაც მოგვიყვანია. სამაგიეროდ, თანამედროვე სოფლის მეურნეობის გამოცდილებით ციტრუსის ხარისხი ავამაღლეთ, რის გარეშეც ბაზარი ვერ იარსებებს. ექსპორტიორი კომპანიების მოთხოვნით წლეულს საზღვრებს გარეთ მხოლოდ მაღალი სტანდარტის 15 000 ტონა მანდარინი გავიდა. კიდევ 10 000 ტონა, რომელშიც არასტანდარტული ციტრუსიც შედის, მეზობელ ქვეყნებშიც გადის, მაგალითად, აზერბაიჯანსა და სომხეთში. ეს უკვე მცირე გადამზიდავებსაც გადააქვთ, რომლებიც სოფლებში თავიანთი ტრანსპორტით დადიან და ციტრუსს მოსახლეობაში აგროვებენ. იმავდროულად, აჭარის ხოფის ბაზრობაზეც ტრადიციულად დიდი რაოდენობის ციტრუსი იყიდება. ჩემი ინფორმაციით, იგივე ხდება გურიისა და სამეგრელოს სოფლებშიც, სადაც ციტრუსი მოჰყავთ. წლევანდელი ციტრუსის ექსპორტის სრულ რაოდენობას, ჯერჯერობით, მხოლოდ აჭარის მაგალითზეც ვერ გეტყვით, რადგან გატანა მარტამდე გაგრძელდება.

ფერმერები ციტრუსს მაცივრებში ინახავენ, რათა უფრო ხელსაყრელად გაყიდონ. გარდა ამისა, არასტანდარტული ციტრუსი ბაღებშიც არის დარჩენილი. პირველ ჯერზე სტანდარტული დაიკრიფა და გაიყიდა, არასტანდარტული კი დაუკრეფავი დარჩა. როცა მოსახლეობამ ნახა, რომ ფასი არასტანდარტულ მანდარინზეც მაღლა იწევს, უკვე ხეებზე დარჩენილ ციტრუსსაც კრეფს. ამჟამად ამ მანდარინის ფასი 1,30 ლარამდეა, სტანდარტული მანდარინი კი მოსახლეობამ 2,40 თეთრად ჩააბარა. ვნახოთ, ექსპორტი სადამდე გაიზრდება. შარშან ექსპორტით 38 000 ტონაზე მეტი მანდარინი გავიდა, რამაც 18,5 მილიონი დოლარი შემოსავალი შემოიტანა.

- ფასი მაღალია, ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობა ციტრუსის ბაღების გაშენების ინტერესს არ დაკარგავს.

- რა თქმა უნდა. ბოლო წლებში აჭარაში უკვე 300 ჰექტრამდე ციტრუსის ბაღი გაშენდა. ამაში შედის ფორთოხალიც და ლიმონიც, რომელიც ასევე ძვირად ღირებულია. თუმცა ყინვას, სამწუხაროდ, ნაკლებად უძლებს. ამიტომაც ყინვამ ბევრად მეტი ფორთოხლის ხე დაგვიზიანა, ვიდრე მანდარინის, რომელიც ყინვას სხვა ციტრუსზე მეტად უძლებს. სხვათა შორის, უკვე ნოემბრის დამდეგს გავიტანეთ ბაზარზე მანდარინის საადრეო ჯიშების ნაყოფი, რომელთა ბაღები გასულ წლებში გაშენდა. ჩაბარების ფასი აქაც მაღალი იყო - 1,80 ლარი. ასე რომ, ახალი ციტრუსის ბაღების გაშენება გაგრძელდება, მით უფრო, თუ კარგად მოუვლი, ციტრუსი უკვე შემოსავლის კარგი წყაროა. მოიმატა ჩვენი მანდარინის ექსპორტმა შუა აზიასა და ჩვენს მეზობელ სომხეთ-აზერბაიჯანში. მანდარინის განსაზღვრული რაოდენობა ევროპის ცალკეულ ქვეყნებშიც გადის. სამწუხაროდ, დღეს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი საზღვარგარეთ არის წასული. ამიტომ სწორედ იმ დარგების განვითარებას უნდა შევეცადოთ, რაც ამ ნაკადს შეაჩერებს და შემოსავალსაც მოგვცემს, ასეთი კი ციტრუსი ნამდვილად არის.

- მუშახელის პრობლემა ციტრუსის რთველშიც არის?

- სამწუხაროდ, არის, როგორც ყველგან. ჩვენი ფერმერები სამუშაო დღის განმავლობაში მუშახელში 70 ლარს იხდიან და ხშირად ესეც დეფიციტია. თუმცა არიან ფერმერები, რომლებსაც ეს საკითხი მეტ-ნაკლებად კარგად აქვთ დარეგულირებული. მოგეხსენებათ, ამ შემთხვევაშიც რამხელა როლს თამაშობს ნდობის ფაქტორი.