ასთაკვი - ათფეხა მტაცებელი ზღვებში
ზღვის კიბო ანუ ასთაკვი ერთ-ერთი მოუხელთებელი ცხოველია: მისი შეპყრობა ძალზე რთულია, რადგან ოკეანის ფსკერის ყველაზე ღრმა და მიუვალ ადგილებში ბინადრობს. "ერთ დროს ზღვის კიბო ყველაზე იაფი საკვები იყო, რომლითაც მონები, პატიმრები და ღარიბ-ღატაკები იკვებებოდნენ, ახლა კი ძვირფას დელიკატესად არის მიჩნეული", - ამბობს თბილისის ზოოპარკის დირექტორის მოადგილე დავით თაქთაქიშვილი, რომელსაც ამ საინტერესო ცხოველზე ვესაუბრეთ.
- საუბარს ზღვის კიბოს სახელწოდებიდან დავიწყებ: "ასთაკვი" ამ ცხოველს მხოლოდ ქართულად ჰქვია. როგორ დაერქვა ეს სახელი, უცნობია, მსოფლიოში კი მას "ლობსტერის" სახელით იცნობენ. მართალია, ომარსაც ეძახიან, მაგრამ მე მაინც ლობსტერად მოვიხსენიებ. ამ ორ სახელს შორის განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ერთი ინგლისურია, ხოლო მეორე ფრანგულიდან მომდინარეობს. ერთ დროს ზღვის კიბო იმდენად ხელმისაწვდომი და იაფი საკვები იყო, რომ დაცინვით "ზღვის ტარაკანსაც" ეძახდნენ. ორიოდე საუკუნის წინ ლობსტერები იმდენად ბევრი იყო, რომ მათ პირდაპირ სანაპიროზე აგროვებდნენ. ღარიბები ზღვის კიბოებს ნათესების გასანოყიერებლადაც იყენებდნენ. ბოლო ათწლეულებში ვითარება ძირეულად შეიცვალა და დღეს ლობსტერის სარეწაო მნიშვნელობა ძალიან მაღალია. ვინაიდან ზღვის კიბოების რაოდენობა თანდათან მცირდება, მისგან დამზადებული დელიკატესების ფასიც მატულობს. ის ერთ-ერთ ძვირად ღირებულ საკვებად არის მიჩნეული. ლობსტერის ხორცი ძალიან სასარგებლოც არის, რადგან ცხიმოვან მჟავებს შეიცავს, მათ შორისაა ომეგა-3, რომლისგან დამზადებული პრეპარატი თითქმის ყველა აფთიაქში იყიდება.- ლობსტერის რამდენი სახეობა ბინადრობს მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში?
- მსოფლიო ოკეანეში ლობსტერების 49 სახეობა გვხვდება, აქედან 33 სარეწაო და კომერციული მიზნებისთვის გამოიყენება. ზღვის კიბო გავრცელებულია ხმელთაშუა და ჩრდილოეთის ზღვებში, ასევე ატლანტისა და წყნარ ოკეანეებში.
ლობსტერი უძველესი ცხოველია, რომელიც დედამიწაზე დაახლოებით 140 მილიონი წლის წინ გაჩნდა. შედარებით მარტივი აგებულება აქვს, მაგრამ მაინც ძალზე საინტერესო ცხოველია როგორც ანატომიურად, ასევე ქცევითაც.
- მაინც რით არის საინტერესო?
- ლობსტერი უხერხემლოა, ანუ ჩონჩხი არა აქვს. სამაგიეროდ, ამ კლასის ცხოველებს აქვთ ძალიან მაგარი ეგზოჩონჩხი ანუ გარეგანი ჩონჩხი. შინაგანი ჩონჩხი კუნთებითა და ხორცითაა დაფარული, ეგზოჩონჩხის დანიშნულება ორგანიზმის რბილი ნაწილების დაცვაა. ასეთები არიან, მაგალითად, ფეხსახსრიანები (აერთიანებს 1,5 მილიონამდე წყლის, ხმელეთისა და პარაზიტულ სახეობას). ლობსტერებმა სწორედ ეგზოჩონჩხისა და ძლიერი ყბა-ფეხების მეშვეობით შეძლეს მტაცებლურ წყალქვეშა გარემოში თავის გადარჩენა. კიდევ ერთი საინტერესო თვისება განასხვავებს სხვა ცხოველებისგან: ზღვის კიბოები საერთოდ არ ავლენენ სიბერის ნიშნებს, არ სუსტდებიან და არც გამრავლების უნარს კარგავენ, რადგან მთელი სიცოცხლის განმავლობაში იცვლიან ჩონჩხს - გველები თუ კანს იცვლიან, ლობსტერები - თავიანთ ეგზოჩონჩხს. ცხადია, ლობსტერები უკვდავი არ არიან. მათი ბუნებრივი სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს ენერგიის უკმარისობა, რომელიც გარეგანი ჩონჩხის მოძრობის შემდეგ ახალი ჩონჩხის წარმოქმნასა და ფორმირებას სჭირდება. ამის შედეგად ლობსტერს შეიძლება ძალიან სახიფათო დაავადებები შეეყაროს, რასაც სიკვდილი მოსდევს. ასე სრულდება ზღვის კიბოს სიცოცხლე, თუ ის მტაცებელმა არ მოკლა ან ადამიანმა არ დაიჭირა.
- რამდენ ხანს ცოცხლობს ლობსტერი?
- მამრის საშუალო ასაკი 25-30 წელია, ხოლო მდედრისა - 50-55. ამბობენ, რომ ზოგიერთი ლობსტერის სიცოცხლის ხანგრძლივობამ შეიძლება 100 წელიც იყოს, მაგრამ ეს დაუდასტურებელი ინფორმაციაა.
ლობსტერი ძალიან დაბალგანვითარებული ცხოველია: მისი თავის ტვინი ასანთის ღერის თავზე უფრო მცირე ზომისაა. ალბათ, ადვილი წარმოსადგენია, რა მარტივი აგებულების თავის ქალა აქვს. სამაგიეროდ, ათი ფეხი აქვს და თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია: პირველ წყვილ ფეხზე ძლიერი მარწუხები აქვს, რომლის საშუალებით ლობსტერი თავის მსხვერპლს იჭერს და ჭამს. ეს ორი კიდური ლობსტერისთვის როგორც თავდაცვის, ასევე, თავდასხმისა და საკვების მოპოვების საუკეთესო საშუალებაა. მეორე და მესამე წყვილი ფეხი გაცილებით მცირე ზომისაა. სულ კი, როგორც გითხარით, ათი ფეხი აქვს.
აქვს თვალებიც, თუმცა ძალიან ცუდად ხედავს. ასე რომ, ძალიან მარტივი, პრიმიტიული აღნაგობა აქვს, იმდენად პრიმიტიული, რომ ნერვული სისტემაც კი არა აქვს განვითარებული.
- როგორი მონადირეა ლობსტერი და რით იკვებება?
- საკმაოდ კარგი მონადირე და მტაცებელია, რითაც დიდ საფრთხეს უქმნის მცირე ზომის კიბოსნაირებსა და ზღვის ფსკერის ბინადრებს. ის არც სხვა ცხოველების ნარჩენებზე ამბობს უარს, ზოგჯერ კი, როცა მოშივდება, თავის პატარა თანამოძმეებსაც არ ინდობს. ლობსტერები ღამის ცხოველები არიან, ამიტომ ღამის საათებში არ სძინავთ. ლობსტერის კიდევ ერთი საინტერესო თვისებაა აუტოტომია - სხეულის ნაწილის რეფლექტორული ამპუტაცია, როდესაც ცხოველი თავად იშორებს სხეულის ნაწილს. აუტოტომიის კლასიკური მაგალითია ხვლიკი, რომელსაც საშიშროების შემთხვევაში კუდი სძვრება. ლობსტერებში ეს შეიძლება რომელიმე კიდური იყოს. აუტოტომიის დროს თავდამსხმელს სხეულის მოწყვეტილ ნაწილზე გადააქვს ყურადღება. ეს ნაწილი ერთხანს რეფლექსურად მოძრაობს, ამასობაში თვით ცხოველი თავს შველის და ხიფათს გაურბის. კიდურების დაკარგვა ლობსტერისთვის დიდი პრობლემა არ არის, რადგან რეგენერაციის ანუ აღდგენის ძალიან კარგი უნარი აქვს - როდესაც ჩონჩხს იცვლის, მაშინ დაკარგული კიდურის აღდგენასაც ახერხებს.
- სიცოცხლის ხანგრძლივობის გარდა, მდედრი და მამრი რით განსხვავდებიან?
- ლობსტერი ცალსქესიანი ორგანიზმია. არსებობენ მამრი და მდედრი ლობსტერები და მათ მკვეთრად გამოხატული სქესობრივი დიმორფიზმი ახასიათებთ - ანუ მდედრი და მამრი ერთმანეთისაგან მკვეთრად განსხვავდებიან. მამრი გაცილებით დიდია, ვიდრე მდედრი. ძალიან საინტერესოა მათი გამრავლების პროცესიც: შეჯვარების წინ მდედრი მიემართება დომინანტი ანუ ყველაზე ძლიერი მამრისკენ, სადაც მას გარეგანი ჩონჩხი სძვრება. მამრის თავშესაფარში მდედრი მანამდე რჩება, სანამ ახალი გარეგანი ჩონჩხი არ წარმოექმნება. ეს ათი დღიდან ორ კვირამდე გრძელდება. ამის შემდეგ დომინანტ მამრს უკვე სხვა მდედრი აკითხავს და ასე გრძელდება, სანამ მდედრების რაოდენობა არ ამოიწურება. შესაძლებელია შეჯვარების შემდეგ მდედრის ორგანიზმში ყველა კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდეს, რის შემდეგაც ის სხვა მამრს ეძებს შესაჯვარებლად. მდედრს შეუძლია სპერმა სხეულში ორი წლის განმავლობაში შეინახოს და გამრავლებისთვის ხელსაყრელ პირობებს დაელოდოს. კვერცხისგან იჩეკება ლარვა, რომელიც ერთი თვის ასაკში თავისუფლად დაცურავს წყალში. ცოტა ხნის შემდეგ ის ოკეანის ფსკერზე ეშვება, სადაც კლდოვან ნაპრალებსა და ხვრელებში მყუდრო თავშესაფარს პოულობს. ლარვების სიკვდილიანობა ძალიან მაღალია, მათგან მხოლოდ 1% აღწევს ფსკერს, სადაც დამალვა შეუძლია. სპეციალისტებმა გამოთვალეს, რომ 50 ათასი კვერცხიდან საშუალოდ მხოლოდ ორი ლარვა აღწევს ზრდასრულ ასაკს.
- თუ არის ცნობილი ყველაზე დიდი ლობსტერი, რომელიც დაუჭერიათ?
- რეკორდული ზომის ლობსტერი 1977 წელს კანადის სანაპიროებთან დაიჭირეს - ის დაახლოებით 20 კილოგრამს იწონიდა, ხოლო სიგრძით ერთ მეტრზე მეტი იყო. ამ ზომის ზღვის კიბო მანამდე არსად დაუჭერიათ, ამიტომ ამ შემთხვევამ მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია.
ხათუნა ჩიგოგიძე