"მე და ჩემი და-ძმა აფხაზეთში, ილორის ტაძარში მოვინათლეთ. დღემდე თვალწინ მიდგას ტაძრის ეზო..." - როგორი ნათლიები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები - კვირის პალიტრა

"მე და ჩემი და-ძმა აფხაზეთში, ილორის ტაძარში მოვინათლეთ. დღემდე თვალწინ მიდგას ტაძრის ეზო..." - როგორი ნათლიები არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები

19 იანვარს მართლმადიდებლურმა სამყარომ ნათლისღების დღესასწაული აღნიშნა.

სახარების თანახმად, ამ დღეს იოანე ნათლისმცემელმა იესო ქრისტე მდინარე იორდანეში მონათლა. ნათლისღების შემდეგ ადამიანი ქრისტიანად ითვლება.

როგორ აღნიშნავენ ამ დღეს საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, როგორი ნათლიები არიან, რამდენად ახერხებენ თავი გაართვან ნათლიისთვის დაკისრებულ მოვალეობას? - ამას მათი ინტერვიუებიდან შეიტყობთ.

"მინდოდა ამ ადამიანებს მოენათლათ ჩემი შვილები და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა"

ელენე ფოჩხუა:

- 19 იანვარს, როგორც ყველა ქრისტიანი, მეც ვცდილობ, ტაძარში წავიდე, წირვას დავესწრო და ნაკურთხი წყალი წამოვიღო. წირვაზე დასწრებას თუ ვერ ვახერხებ, სანთელს მაინც ყოველთვის ვანთებ.

- რამდენი წლის მოინათლე?

- მე და ჩემი და-ძმა აფხაზეთში, ილორის ტაძარში მოვინათლეთ. ნათლობის დღიდან ყველაფერი კარგად მახსოვს. დღემდე თვალწინ მიდგას ტაძრის ეზო, ტაძარი, კარი რომელ მახარეს ჰქონდა... შემდეგ სახლში დიდი სუფრა იყო გაშლილი.

- რამდენი ნათლული გყავს?

- 14.

- შენი შვილების ნათლიები ცნობილი ადამიანები არიან, არა?

- დიახ: მაიკო კაჭკაჭიშვილი, გიორგი ნადიბაიძე, გიორგი მეფისაშვილი, უფროსი გოგონას ნათლია ნოდიკო ტატიშვილია.

- მიამბე, ეს ადამიანები როგორი ნათლიები არიან?

- ძალიან კარგი ნათლიები არიან. ნათლობის დროს მოძღვარი გვეუბნება, რომ ნათლული ტაძარში უნდა ვატაროთ, წირვებს დავასწროთ, ვაზიაროთ. სამწუხაროდ, ყველა ჩემს ნათლულს ისე რომ მივაქციო ყურადღება, როგორც სურვილი მაქვს, ხშირად ვერ ხერხდება.

- ნათლიები შვილებისთვის რა ნიშნით შეარჩიე?

- მე და მაიკო სტუდენტობიდან ერთად მოვდივართ, მე და ნოდიკო - "ნუცას სკოლიდან", გიორგი ნადიბაიძე და მე ერთად ვმუშაობდით, 5 წელი ყოველ საღამოს ერთად ვმღეროდით; მე და გიორგი მეფისაშვილი "ჯეოსტარიდან" ვმეგობრობთ. მინდოდა ამ ადამიანებს მოენათლათ ჩემი შვილები და ბედნიერი ვარ, რომ ასე მოხდა.

"ბებია გარდამეცვალა და სასწრაფოდ მომნათლეს"

სალომე გოგიაშვილი:

- ნათლისღების დღესასწაულს ჩემს ნათლიებს ყოველთვის ვულოცავ, ჩემი ნათლულებიც მილოცავენ.

- რა ასაკში მოინათლე?

- პატარა ვიყავი. როგორც ჩემი მშობლებისგან ვიცი, ბებია გარდამეცვალა და სასწრაფოდ მომნათლეს.

- შენი ნათლიებიდან რომელიმე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეა?

- დიახ, დათო გომართელი.

- როგორი ნათლიაა?

- ჩემს მშობლებს ძალიან შეკრული სამეგობრო წრე ჰყავდათ, მართლა ერთ ოჯახად ვცხოვრობდით. პატარა რომ ვიყავი, დათო საჩუქრებით სულ მანებივრებდა და ძალიან მიყვარდა. სხვათა შორის, ისეთი ნათლიებიც მყავს, რომლებიც თვალით არ მინახავს.

- თავად რამდენი ნათლული გყავს?

- 8 ბავშვი მყავს მონათლული, მაგრამ რომ ვთქვა, ძალიან კარგი ნათლია ვარ-მეთქი, ტყუილი იქნება.

- რას გულისხმობ?

- ნათლულები ვერ დამყავს ტაძარში, მაგრამ ყველა მათგანი გულში მყავს. როცა ტაძარში შევდივარ და სანთლებს ვანთებ, როგორც ჩემი შვილების კარგად ყოფნას შევთხოვ უფალს, ნათლულებსაც ასევე ვავედრებ. ამით თითქოს იმ განცდას ვაკომპენსირებ, რომ კარგი ნათლია ვერ ვარ.

- ცნობილია, რომ შენი ერთი ნათლული ნინი ბადურაშვილის შვილია.

- დიახ, ელენე მე მოვნათლე; ასევე ვარ თათა ქართველიშვილის ბავშვის ნათლია. თათა კალიფორნიაში ცხოვრობს და ქართულ ბრენდებს უწევს პოპულარიზაციას. ის ძალიან ცნობილ ვარსკვლავებთან მუშაობს, ქართულ ბრენდებს აცმევს. ვერავის დარეკვასა და მოკითხვაზე პრეტენზია ვერ მექნება, რადგან ამას ხშირად თავადაც ვერ ვახერხებ.

"7 ბავშვის ნათლია ვარ"

ბაჩო ქაჯაია:

- 19 იანვარს ჩვენს ოჯახში ნაკურთხი წყალი ყოველ წელს შემოდის; მე თუ ვერ ვახერხებ, ტაძარში წასვლას, დედაჩემი მიდის და მას მოაქვს.

- რა ასაკში მოინათლე, გახსოვს ეს დღე?

- პატარა ვიყავი, არ მახსოვს.

- თავად რამდენი ნათლული გყავს?

- 7 ბავშვის ნათლია ვარ. ნათლისღებას თავად ყოველთვის ვურეკავ ჩემს ნათლიას, ნათლულებიც მირეკავენ, მილოცავენ და მას შემდეგ, რაც მამა ცოცხალი აღარ არის, მის ნათლულებსაც მე ვუკავშირდები.

- 3 შვილი გყავს, მესამე შვილი პატრიარქის ნათლულია?

- დიახ. მესამე პატრიარქს მოვანათვლინეთ.

"ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს, შვილის ნათლიად რომ აირჩიო"

სოფო ბედია:

- ყოველ 19 იანვარს შეძლებისდაგვარად ვცდილობ, ნათლულებთან ერთად ვიყო, ისინი ტაძარში წავიყვანო.

- ყოველთვის ახერხებ ამას?

- 14 ნათლული მყავს და ყველას საზიარებლად მიყვანას ყოველთვის ვერ ვახერხებ, მაგრამ ამას ყოველთვის ვცდილობ: შემდეგ ხან ერთთან მივდივარ, ხან - მეორესთან...

- კარგი ნათლია ყოფილხარ.

- ვისურვებ, უკეთესი ვიყო. სამწუხაროდ, თავად ორი ნათლია მყავდა და დღეს ცოცხლები აღარ არიან.

- შვილებისთვის ნათლიები რა ნიშნით შეარჩიე?

- ადამიანი ძალიან უნდა გიყვარდეს, შვილის ნათლიად რომ აირჩიო. ეს ურთიერთობა ხომ შემდეგ თაობებზე გადადის. ჩემი შვილები იმ ადამიანებს მოვანათვლინე, რომლებსაც ძალიან კარგად ვიცნობ და ვიცი, როგორი ადამიანები არიან.

- გვეტყვი, ვინ არიან?

- ანდრიას ნათლიებს ყველა იცნობს: ზურა ხაჩიძე, ბექა ოდიშარია, თიკა შერაზადაშვილი (შერი), ირაკლი ქუთათელაძე, დათო ფაცაცია.

- როგორი ნათლიები არიან?

- ძალიან თბილი და კარგი ნათლიები არიან. მათი გადატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ანდრიას ტაძარში წაყვანას ვერ ახერხებენ, მაგრამ ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა სულ გვაქვს და ჩვენ შორის დიდი სიყვარულია.

- ოდესმე ვინმეს მონათვლაზე უარი გითქვამს?

- კი, ასეთი რამდენიმე შემთხვევა მქონდა. ადამიანს სულ რომ არ იცნობ და სუფრასთან რამდენიმეწუთიანი ურთიერთობის შემდეგ გეუბნება, ჩემი შვილი უნდა მოგანათვლინოო, ამ შემთხვევებში უარს ვამბობ. ჩემი 14 ნათლულისთვისაც ვერ ვარ ისეთი კარგი, როგორიც მინდა ვიყო და დამატებით სხვა პასუხისმგებლობის აღება, ასეთ შემთხვევებში, ზედმეტი მგონია.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"