შვილიშვილმა 72 წლის ბებიის მკვლელობა შეუკვეთა
უმძიმესია ბრალდება, რომელიც სამართალდამცავებმა 26 წლის ახალგაზრდას წაუყენეს. მას ანგარებით, შეკვეთით, განზრახ მკვლელობის მომზადებაში ედება ბრალი. როგორც ჩანს, ძალოვნები უთვალთვალებდნენ შემკვეთს და საქმეში დევს აუდიო-ვიდეომტკიცებულებებიც. ერთი ვერსიით, მამაკაცმა, რომელსაც მკვლელობა შეუკვეთეს, აცნობა სამართალდამცავებს გეგმა და შემდეგ ფარულ ვიდეოგადაღებაშიც მონაწილეობდა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა განიზრახა ბებიის, 1951 წელს დაბადებული ვ.ს.-ის მკვლელობა. მას დაქირავებული მკვლელისთვის 150.000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. ბრალდებულმა დანაშაულის მომზადებისთვის წინასწარ გადასცა თანხის ნაწილი, ხოლო შეკვეთის შესრულების შემდგომ დაჰპირდა დარჩენილის გადახდას.
ბებია სიკვდილს გადაურჩა, შვილიშვილს კი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
შს სამინისტრომ უკვე გაავრცელა ფარული ჩანაწერების ფრაგმენტები, რაც მოსასმენად უმძიმესია. ჩანაწერში სავარაუდო მკვლელისა და შემკვეთის დიალოგია...
ამონარიდი ფარული ჩანაწერიდან:
- ერთადერთი ჩვენი მოთხოვნაა, ეს იარაღის გარეშე მოხდეს. არის მაყუჩიანი იარაღი, მაგრამ მაინც დიდი ხმა ექნება, - ამბობს შემკვეთი.
- მოხრჩობა... ბლიად, შევხედავ.
ამის შემდეგ ახალგაზრდა ეუბნება ბებიის ასაკს და ასწავლის მარშრუტსაც: - ყველაფერი ვიცი ამ ობიექტზე საათობრივად, როდის მოდის, როდის მიდის, საღამოობით, მაქსიმუმ ძაღლი გამოიყვანოს უკანა ეზოში სასეირნოდ. კამერები არ აფიქსირებს, დაცვა არ არის, შენ თვითონ შეხედავ, - ამბობს დამკვეთი.
- ამას მე თუ არ გავაკეთებდი, შენ თვითონ მოკლავდი?
- მე თვითონ, ეს ძალიან ელემენტარულია, ადვილია, - პასუხობს დამკვეთი.
- მოვგუდო თოკით, ხელებით თუ როგორ? - აზუსტებს მამაკაცი.
- მთავარია, ჩუმად, ხმის გარეშე. თუ ამ საქმეს გააკეთებ, კარგი შეკვეთაა, ნახევარი მილიონის, იქ ჩემი ჰონორარიცაა...
გავრცელებული ინფორმაციით, ბებია, რომლის მკვლელობასაც შვილიშვილი ანგარებით გეგმავდა, თბილისის ერთ-ერთი უნივერსიტეტის რექტორია. ჩანაწერებში ჩანს, რომ შვილიშვილისთვის რაღაც დოკუმენტები იყო მნიშვნელოვანი და ბინიდან მათ გამოტანას აპირებდა. რატომ იყო აუცილებელი 72 წლის ქალის მოკვლა და ამ უმძიმესი დანაშაულით რა სარგებელს ნახავდა 26 წლის ბიჭი, ალბათ, მალე გაირკვევა. როგორც ამბობენ, სავარაუდოდ, მან ბებიას გამოართვა ის თანხა, რომელიც მკვლელობის შემსრულებლისთვის უნდა მიეცა. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბებიამ შვილიშვილს 70.000 ლარი მისცა. როგორც ამბობენ, დამნაშავე ყოფილი ძალოვანია, ადრე კრიმინალურ პოლიციაში მუშაობდა. ერთი ვერსიით, შვილიშვილი ბებიის მკვლელობას ფულის გამო გეგმავდა, რადგან ბებია შვილიშვილს ქონებას არ უტოვებდა. პოლიციიდან წამოსვლის შემდეგ ის ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით იყო დაკავებული და მისი თაღლითური სქემით ბევრი კლიენტი დაზარალდა. თუ ეს ფაქტიც დადასტურდა, სავარაუდოდ, მას თაღლითობისთვისაც წაუყენებენ ბრალს.