ვინ მოაგვარებს თბილისში 3000 ავარიული ლიფტის პრობლემას
რამდენიმე ხნის წინ ლიფტის გაუმართაობის გამო ვაზისუბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა. ასე გვახასიათებს, ცუდი რომ მოხდება, ერთხანს ბევრს ვსაუბრობთ ამ თემაზე, მერე კი თითქოს გვავიწყდება... როგორც ქალაქის მერმა ბრძანა, ლიფტი და სადარბაზო საცხოვრებელ კორპუსში მობინადრეთა საკუთრებაა და მის მოწესრიგებაზეც პასუხისმგებელი ისინი არიან. როგორ უნდა მოვუაროთ ჩვენი კორპუსის ინფრასტრუქტურას, ამ საკითხზე ვესაუბრეთ კომპანია `არსის~ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ირაკლი როსტომაშვილს:
- მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნია, რომ ამ საკითხის მოგვარებაში მასმედიამ უნდა ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ცხადია, რაღაც საკითხები მნიშვნელოვანია, რაღაც პრიორიტეტული, მაგრამ განა მოსახლეობის უსაფრთხოება ნაკლებად მნიშვნელოვანია? იმხანად, როდესაც სამსახურებრივად მეხებოდა ამ საკითხზე მუშაობა, თბილისში დაახლოებით 9 000 ლიფტი იყო, აქედან 3 000 ავარიული. ეჭვი მეპარება, მას შემდეგ მდგომარეობა შეცვლილიყო. თუ ავტომანქანას, რომელსაც მუხრუჭები არ უვარგა, სახელმწიფო უკრძალავს მოძრაობის უფლებას, იმ 3 000 ლიფტის გამოყენებაც უნდა აიკრძალოს. ბევრით სარგებლობა ძალიან საშიშია, ზოგს მე-3 სართულზე კარები არა აქვს და ფიცრებია მიმაგრებული, იქვე კი მიწერილია, თუ მე-5 სართულზე მიდიხართ, მე-7 სართულის ღილაკს უნდა დააჭიროთ თითიო, მე-9-ზე კარი არ იღება და მე-10-დან ჩადითო... ხომ გინახავთ ასეთი ლიფტები? ასეთ ლიფტებში შესვლა არ შეიძლება!
- ეს ვინ უნდა უთხრას მოსახლეობას?
- მერმა. სახელმწიფომ უნდა დაიცვას მოსახლეობის უსაფრთხოება... მაგრამ როგორ უნდა დაიცვას, ფული უნდა დახარჯოს ამაში თუ ადმინისტრირება გაუწიოს? ეს საკითხი გასარკვევია. ავარიული მანქანით სიარულიც მოსახლეობის უსაფრთხოებას ეხება და მაშინ მერიამ ისიც უნდა გაურემონტოს მფლობელს? თუ მხოლოდ ლიფტი უნდა გაარემონტოს ბიუჯეტმა და ავტომანქანა არა? ბიუჯეტი ხომ ყველას თანაბრად გვეკუთვნის. მე ლიფტი არ მჭირდება, მანქანას მოვიხმარ. ვიღაცის უსაფრთხოების დაცვისთვის თუ იხარჯება 1000 დოლარი, ჩემმა ოჯახმა რა დააშავა, მე მანქანა მაქვს გასარემონტებელი. თითო ლიფტი 15.000 დოლარამდე ღირს. საფასურს სართულების მიხედვით ლიფტის კარების ფასი ემატება, ისევე როგორც ტროსის სიგრძე და ა.შ. ჩვენთან უმეტესად პატარა ლიფტებია, ახლა კი მოთხოვნაა ისეთ ლიფტზე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ვთქვათ, სასწრაფომ საკაცე შეიტანოს (ლიფტის წინა ბაქანზეც უნდა მოტრიალდეს საკაცე), მაგრამ დიდი ლიფტი უფრო ძვირი ღირს... დაახლოებით 15.000-დოლარიანი ლიფტი რომ გავამრავლოთ 3000 ავარიულ ლიფტზე, მივიღებთ 45 მილიონ დოლარს. ეს რომ გავამრავლოთ 2,7-ზე (კურსი დოლარისა ლართან მიმართებაში) მივიღებთ 121,5 მილიონ ლარს - ესე იგი 3000 ლიფტის გაკეთებას მთელი თბილისის ბიუჯეტის მეათედი დასჭირდება. წარმოუდგენელია, თბილისმა თავისი ბიუჯეტის 10% 3000 კორპუსის ლიფტის გაკეთებაზე გამოყოს მაშინ, როცა სხვა ბევრი რამ გასაკეთებელია, მაგალითად, გზები, საინჟინრო ინფრასტრუქტურა, გამწვანება...
- მერია ნაწილობრივი დაფინანსებითაც არ უნდა დაეხმაროს მობინადრეებს ლიფტის გამოცვლაში?
- რატომ უნდა გადაიხადოს მერიამ?! მე ვარ მოქალაქე, რომელიც წელიწადში 200-210 დღე ვმუშაობ იმისთვის, რომ შემოსავალი ავიღო და ოჯახს მოვახმარო, 50 დღის ნამუშევარი კი მიდის ბიუჯეტში (20%) - ანუ 50 დღეს, ფაქტობრივად, უფასოდ ვმუშაობ, რომ ბიუჯეტს მოხმარდეს ფული. ახლა მე მკითხეთ და ჩემნაირებს, 50 დღე წელიწადში უფასოდ რომ ვმუშაობთ, იმიტომ, რომ ვიღაცას ლიფტი გაურემონტონ, სწორია?! მე ბიუჯეტში ფულს რომ ვიხდი, მინდა ის მოხმარდეს შეიარაღებულ ძალებს, განათლებას, ჯანდაცვას... ვიღაცის ლიფტი რატომ უნდა გავაკეთო?! ეს კომუნისტური შეხედულებაა, მაშინ გვიკეთებდნენ ლიფტებს, მაგრამ კომუნისტების დროს ის ბინები ჩვენი არ იყო, სახელმწიფოს ეკუთვნოდა, ვერ გაყიდდი. ახლა კი თქვენი საკუთრებაა, მითUუმეტეს, ახლა კორპუსებში ისეთებიც ცხოვრობენ, რომლებიც 1 თეთრს არ იხდიან ბიუჯეტში. მაგალითად, ტაქსის მძღოლები. ბევრჯერ უთქვამთ, დღეში 100 ლარი რომ არ გავაკეთო, არც გამოვალ გარეთო. ეს ნიშნავს, რომ თვეში მინიმუმ 3.000 ლარი აქვთ. 3.000 ლარიდან ბიუჯეტში 600 ლარი უნდა გადაიხადო, წელიწადში 7.200 ლარი გამოდის. თუ მასწავლებელი, მეშახტე და მუშა იხდიან ბიუჯეტში თანხას, ტაქსის მძღოლმა რატომ არ უნდა გადაიხადოს?
ახლა ის გაიხსენეთ, რამდენ ლიფტში ხართ ნამყოფი, ღილაკები რომ სიგარეტითაა ამომწვარი და საღეჭი რეზინებია მიკრული. მაგას ვინ აკეთებს, მერიის თანამშრომლები? ისევ ისინი, ვინც ლიფტით სარგებლობენ ხომ, და მე გავურემონტო?! ვიღაცა რომ თავის ლიფტს აფუჭებს, შიგნით შარდავს და ბლოკებს ეზიდება, ის ლიფტი რომ გაფუჭდება მე გავურემონტო?... ვიცი, ამ სტატიის წაკითხვისას ჩემი ნაუბარი არავის მოეწონება, მაგრამ გულში ყველა იტყვის, რომ მართალს ვამბობ.
- როგორი სისტემა უნდა შეიქმნას ამ პრობლემის მოსაგვარებლად?
- მე შევისწავლე ეს საკითხი. დავუკავშირდი რამდენიმე ლიფტის მწარმოებელ კომპანიას. 5 და 14-სართულიანი კორპუსების ლიფტების საშუალო ფასი, როგორც მითხრეს, 12.000 დოლარია. მაგალითად, თუ კორპუსში ცხოვრობს 20 ოჯახი, 12 ათასი დოლარი რომ გავყოთ 20-ზე, თითო ოჯახზე 600 დოლარი გამოდის. რაც მთავარია, 5-წლიან გადახდის სისტემას სთავაზობენ (ბანკის ჩართვის შემთხვევაში). ეს ნიშნავს, რომ თვეში თითო ოჯახს 10 დოლარი (27 ლარი) ექნება გადასახდელი 5 წლის განმავლობაში, რათა კორპუსს ახალი ლიფტი ჰქონდეს. ერთი ლიფტის შეცვლას (ძველის დემონტაჟი და ახლის დამონტაჟება), მინიმუმ, 20 დღე სჭირდება. ერთი ბრიგადა წელიწადში 18 ლიფტს დაამონტაჟებს. 3000 ლიფტის დამონტაჟებას 60 000 სამუშაო დღე ესაჭიროება. თუ დაკომპლექტდა 100 ბრიგადა, წელიწადში 1800 ლიფტი შეიცვლება. წელიწად-ნახევარში შესაძლებელი იქნება დაზიანებული 3000 ლიფტის გამოცვლა... თუ იმ პრინციპით წავალთ, რომ ლიფტი მერიამ უნდა გააკეთოს, იცით, მერიას თანადაფინანსებით რამდენი ლიფტი გაუკეთებია? მაქსიმუმ 50. 3000 დაზიანებული ლიფტი რომ გავყოთ 50-ზე, 60 წელი უნდა ამ ლიფტების გამოცვლას. საღად უნდა შევხედოთ საკითხს.
- კორპუსის ინფრასტრუქტურა არ არის მხოლოდ ლიფტი.
- ყველაფერი, რაც კორპუსის შემადგენლობაშია, მობინადრეთა საკუთრებაა და ვალდებული არიან სადარბაზოს, სარდაფს, სახურავს, კიბის უჯრედებს, ელგაყვანილობას, სანტექნიკურ მილებს, სარდაფსა და ტერიტორიას მოუარონ. არის კორპუსები, სადაც ლიფტი გამართულია, იქაურ მობინადრეებს რომ უთხრა, შენ გვერდით კორპუსს ლიფტი გაუფუჭდა და ფული შეაგროვეთ, გავუკეთოთო, შეაგროვებენ?
- არა...
- აბა, მე რატომ უნდა დავდო ფული! ეს კეთდება არჩევნებისთვის, ხმების გამო თორემ კანონი არ ავალდებულებს. ამას რომ კანონი ჩაეძიოს, ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვისთვის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. როგორ შეიძლება სხვა სამუშაოს გაკეთება ბიუჯეტით?! არ ვგულისხმობ სოციალურად დაუცველებს, რომელთაც შემწეობა უნდა გაეწიოს...
- დასავლეთის ქვეყნებში როგორ არის ეს საკითხი მოგვარებული?
- ხალხი თვითონ უვლის. მობინადრეები ხელშეკრულებას აფორმებენ კომუნალური პროფილის კომპანიასთან და გადასახადს იხდიან კვადრატული მეტრების მიხედვით. ვთქვათ, წელიწადში გროვდება 30.000 ევრო, კომპანია ვალდებულია წლის დამდეგს მოსახლეობას ამცნოს, რომ ეს ფული ეყოფა, მაგალითად, სანტექნიკის მილების, წყლის ფილტრების გამოცვლას, ელგაყვანილობის შეკეთებას, გაზონის მოვლას, ხეების გაკაფვას. მერე მოსახლეობამ კომპანიას წლის ბიუჯეტი უნდა დაუმტკიცოს და ამით იხელმძღვანელებენ. ჩვენთან კი როგორაა - ამხანაგობის თავმჯდომარე ბევრ კორპუსში პენსიონერია. მათი ამხანაგობის თავმჯდომარეობა იმით ამოიწურება, რომ არჩევნებზე მიიყვანოს თანაკორპუსელები და მმართველი პარტიისთვის მიაცემინოს ხმა. ზოგ კორპუსში ამხანაგობის თავმჯდომარე უფრო ორგანიზებულია, ფულის შეგროვება შეუძლია, მაგრამ საინჟინრო საკითხებში ვერ ერკვევა, რა და როგორ გაკეთდეს, არ იცის. თუნდაც გარე გამწვანებას კორპუსებთან მოვლა ხომ უნდა. ვინ აკეთებს ამას?
- ვიღაც მეზობელი თავისი ინიციატივით.
- ჰოდა, ჩვენი ინიციატივით რაც გამოგვდის, ის გვაქვს. ბრიტანეთში, ესპანეთში, ფინეთში, მინახავს კორპუსები, რომელთაც ერთი მესაკუთრე ჰყავს და ბინებს აქირავებს. გამქირავებელი თვითონ ზრუნავს ინფრასტრუქტურაზე. მაგრამ ფინეთის მაგალითი კარგია ფინელისთვის, რომელიც ლიფტში არ შარდავს. ჩვენ კი ამ საკითხებისთვის გვყავს საკრებულო და ვფიქრობ, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ამგვარი პრობლემების მოგვარება უნდა იყოს. მაგალითად, ესტონეთში ნაგვის გადაყრის სისტემა საინტერესოდაა დაგეგმილი. იქ ყველა დასახლებაში დგას ბუნკერები, აუცილებლად იმ დასახლებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომისა და ფასის ნაგვის პარკებით. პარკის საფასურში შედის ტარიფიც. დაყენებულია კამერები და ვინც სატარიფო ცელოფანით არ გადაყრის ნაგავს, ჯარიმა ეკისრება. ჩვენმა საკრებულომ ჩვენი რეალობის შესაბამისად უნდა მოიფიქროს რაღაც.