რას მიანიშნებს სააკაშვილი „შპიგელთან“ სკანდალურ ინტერვიუში და ვის ადანაშაულებს რუსეთთან კავშირებში... - კვირის პალიტრა

რას მიანიშნებს სააკაშვილი „შპიგელთან“ სკანდალურ ინტერვიუში და ვის ადანაშაულებს რუსეთთან კავშირებში...

სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლის დამგეგმავები რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა "შპიგელთან" ინტერვიუში ისაუბრა და თქვა, რომ პუტინმა, მედვედევმა და ლავროვმა არა მარტო მისი ფიზიკურად განადგურების, არამედ საქართველოში დაკავებისა და გასამართლების ბრძანება გასცეს. სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნება სურდა, მაგრამ ამისთვის ცუდი დრო იყო. მისი თქმით, პირები, რომლებმაც მისი ჩამოსვლა დაგეგმეს, შესაძლოა რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ.

"საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მაგრამ დრო იყო ცუდი - ასე ახლოს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებამდე. გამორიცხული არ არის, რომ ხალხი, რომელმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ჩემი დაბრუნება დაგეგმა, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ... სიმართლე გითხრათ, ჩემი დაბადების ქვეყანა დიდი ხანია, რაც პუტინის ფარული მოკავშირე გახდა", - ამბობს სააკაშვილი ინტერვიუში და აცხადებს, რომ თუ გადა­რჩება, ის საკუთარ მომავალს მხოლოდ უკრაინაში ხედავს.

სააკაშვილი 2021 წლის 1-ლ ოქტომბერს დააკავეს. მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი პატიმრობა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო. მას სხვა საქმეებზეც აქვს ბრალდება წარდგენილი, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა.

იმის გამო, რომ მისჯილი ჰქონდა პატიმრობა, ცხადია, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში დააკავებდნენ. თუმცა, რა როლი აქვს რუსეთს მის დარწმუნებაში,­ რომ ამაზე წასულიყო, ძნელი სათქმელია, რადგან მას კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია, თავად კი მაშინ ჩამოსვლას საქართველოს ხსნის სურვილით ხსნიდა. საინტერესოა, რომ მაშინ მისი ჩამოსვლის წინააღმდეგი იყო "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, რაც შემდეგ მის წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს. სააკაშვილის ჩამოსვლას უმეტესობა ამართლებდა და გმირობად უთვლიდა. ამიტომ ძნელია ცალკეულ მათგანზე რაიმე ვარაუდის დაშვება, თუ ვის მიიჩნევს სააკაშვილი რუსეთის აგენტად.

სააკაშვილის დაბრუნების საქმეზე ოფიციალურად ბრალი წარდგენილი აქვს "ნაცმოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს შს მინისტრის მოადგილე გია ლორთქიფანიძეს. პროკურატურის ვერსიით, ლორთქიფანიძისთვის ცნობილი იყო, რომ სააკაშვილი საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გეგმავდა და მისი დახმარების მიზნით შეიმუშავა გეგმა, თუ რა დროს, რა საშუალებით, რა მარშრუტით და რა ხერხით უნდა გადმოეკვეთა სააკაშვილს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. თუმცა მაშინ, როდესაც ლორთქიფანიძეს ბრალი წაუყენეს, სააკაშვილი აცხადებდა,­ რომ ლორთქიფანიძის პასუხისგებაში მიცემა რუსეთის დაკვეთა ეგონა. "შპიგელთან" ინტერვიუში მას ლორთქიფანიძე არ უხსენებია, მაგრამ ახსენა მერაბიშვილი, თუმცა არა ამ კონტექსტში. მან საკუთარი მმართველობის შეფასებისას თქვა, რომ ნანობს, გირგვლიანის საქმის­ გამო მერაბიშვილი თანამდებობიდან რომ არ გაათავისუფლა. თუმცა თავად მერაბიშვილსაც ნათქვამი აქვს, რომ მაშინ თანამდებობიდან რომ არ გადადგა, თავადაც­ ნანობს. ამის შესახებ მან პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ ნიკა გვარამიასთან ინტერვიუში განაცხადა. ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ რატომ ახსენა­ სააკაშვილმა მის ჩამოსვლაში რუსეთის აგენტების მონაწილეობასთან ერთად მერაბიშვილი, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც მერაბიშვილთან არსებობს კითხვები "ნაცმოძრაობის" არაფორმალურად ხელში ჩაგდების შესახებ და თან ამ პარტიის თავმჯდომარის არჩევის წინ, სადაც ის ხაბეიშვილის მხარდამჭერია. შესაძლებელია თუ არა ეს ორი საკითხი ერთმანეთს უკავშირდებოდეს და რა გავლენა ექნება სააკაშვილის განცხადებებს მიმდინარე პროცესებზე, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" პოლიტიკის ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

sayvarelidze.png

- რუსეთის ჩანერგილ აგენტებში სააკაშვილი ვის შეიძლება გულისხმობდეს, არ ვიცი. ჩვენ ხომ მისი ჩამოყვანის სრული სურათი არა გვაქვს, არ ვიცით, ვისთან მიდიოდა მოლაპარაკება, ვინ იყო ჩართული მომზადების პროცესში.

- მართალია, თქვა, რომ ნანობს, გირგვლიანის­ საქმის გამო მერაბიშვილი თანამდებობიდან რომ არ გადააყენა, მაგრამ ეს რუსეთის აგენტების კონტექსტს შეიძლება უკავშირდებოდეს? ან ხომ არ ნიშნავს, რომ არაპირდაპირ მელიას უჭერს მხარს?

- ფაქტია, გირგვლიანის ხსენებას აქვს ლოგიკა. გარკვეულწილად დაემთხვა მისი გარდაცვალების დღესაც და რაც მთავარია, მერაბიშვილი მან პირველად არ ახსენა ამ კონტექსტში. ამ შემთხვევაში, ფაქტობრივად, ადრე ნათქვამი გაიმეორა, დანარჩენი კი, თუ ვისკენ იხედება, მიჭირს გადაწყვეტით თქმა, რადგან პრობლემებია ხაბეიშვილის უკან მყოფ პირებში, თავად ხაბეიშვილში. არც მელიას მხარეს უნდა იყოს სააკაშვილი, იმიტომ, რომ თავის დროზე მელიას თავმჯდომარედ არჩევა არ ყოფილა სააკაშვილის სურვილი. მას სხვა კანდიდატურა ჰყავდა და წესით, არ უნდა ჰქონდეს დიდი სიმპათია იმ ადამიანისა და იმ ჯგუფის მიმართ, ვინც მის სურვილს ანგარიში არ გაუწია. ამ შემთხვევაში ორივე მხარეს დგას დაუმორჩილებელი მასა, დაპირისპირებული და მებრძოლი ჯგუფები. ამიტომ შესაძლოა ხაბეიშვილის ჯგუფის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება ასევე ნიშნავდეს მელიას ჯგუფის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებასაც.

- ამის გამოც შეიძლება იყოს, რომ არც ერთს არ უჭერს მხარს, თუ მართლაც საკუთარ თავზეა გადართული და არ აინტერესებს,­ მის პარტიაში რა ხდება?

- არც ეს არის გამორიცხული, თუმცა­ იმ ფრაგმენტების გაელვება, რომლებიც ინტერვიუში ახსენა, მაინც ნიშნავს, რომ ყურადღების რაღაც ნაწილს მაინც უთმობს მიმდინარე პროცესებს, და სავარაუდოდ ხდის იმას, რომ მიმდინარე პროცესებში არ არის ჩართული უფრო იმიტომ, რომ ჯერ ვერ გაურკვევია, როგორ და რა დოზით ჩაერთოს. ცხადია, სააკაშვილი რომელ მხარესაც ჩაერთვება, იქ წავა მისი ხმების უდიდესი წილი. ახლა სწორედ მასზეა დამოკიდებული ამ პარტიის ბედი და მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გახდება თავმჯდომარე. არ გამოვრიცხავ არც იმას, რომ ვიღაც­ მესამე დაასახელოს. არის ხოლმე ასეთი გამოსავალი, როდესაც არც ერთი არ მოგწონს.

- "ნაცმოძრაობის" წესდებაში წერია, რომ თავმჯდომარეს ირჩევს ყრილობა - ანუ "ფეისბუკით" არჩევნებს სამართლებრივი ძალა არა აქვს. რამდენად არის შესაძლებელი, რომ სააკაშვილმა სწორედ ეს მექანიზმი გამოიყენოს­ და გადაწყვეტილება ყრილობამ მიიღოს?

- არ ვიცი, რას აპირებენ, მაგრამ ფაქტია,­ აქამდე არ წავიდნენ ამ მიმართულებით, თორემ რა უშლიდათ, მოეწვიათ ყრილობა, რომელიც ამ ამომრჩევლებისგან იქნებოდა შედგენილი? ამიტომ სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მთლად გასაგები არ არის, რატომ გადაწყვიტეს ეს ვარიანტი. მაშინ ჯერ წესდებაში ცვლილება­ უნდა შეიტანონ ან გვერდი უნდა აუარონ, რაც შესაძლოა ასევე პრობლემური გახდეს. თუკი ერთიც იქნება და მეორეც, მაშინ ეს როგორ უნდა მოხდეს, ესეც გასარკვევია ისევ წესდების დონეზე. რატომ აიტკივეს აუტკივარი თავი. სავარაუდოა, რომ ასეთი დაპირისპირების შემდეგ, რაც ფაქტია, ძალიან მძაფრი იყო, არც ერთი მხარე ადვილად არ შეეგუება მარცხს. ამ პროცესში ბევრ ხარვეზს იპოვის ის მხარე, რომელიც შედეგით უკმაყოფილო იქნება. ხარვეზებს კი სწორედ ამ საარჩევნო სისტემაში გამოქექავენ. თუმცა, რაც უფრო მალე დასრულდება ეს დავა, თუ ვინ იქნება "ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე, მით უფრო უკეთესი იქნება პარტიისთვისაც და საერთოდ მთელი პოლიტიკური პროცესისთვისაც.

- ამის პარალელურად გაცხადდა ახალი ეროვნული მოძრაობის შექმნა. რა შანსი აქვთ მათ და ის, რომ პირველ აქციას ამთხვევენ უკრაინის მხარდამჭერ აქციას, სადაც მართლა შეიძლება ბევრი ხალხი მივიდეს, შემატებს მათ მხარდაჭერას?

- უნდა ვნახოთ, ვინ აპირებს ამ მოძრაობის წამოწყებას. ჩვენთან ხომ ძალიან ხშირად პიროვნებები წყვეტენ პარტიის ბედს. ცხადია, მათ არ ჰყავთ მხარდამჭერების ის რაოდენობა, რომელიც უზრუნველყოფს ახალი ეროვნული მოძრაობის მხარდაჭერას მთელ საქართველოში. თუმცა, რა თქმა უნდა, მოსახლეობის რაღაც ნაწილი მხარს დაუჭერს. თუმცა ასეთი ლოკალური ჯგუფების მხარდაჭერილი პარტიები ისედაც არიან და მეეჭვება, ასეთმა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფებისთვის მისაღებმა კიდევ ერთმა პარტიამ არსებითი ცვლილება შეიტანოს პოლიტიკურ პროცესში. არსებითი ცვლილებებისთვის სასურველია გამოჩნდეს პარტია, რომელსაც მთელ საქართველოში დაუჭერენ მხარს.

- რა უნდა შესთავაზონ საზოგადოებას, რომ დიდი მხარდაჭერა მოიპოვონ თუნდაც ახალმა და არსებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა?

- ეს თავსატეხი, ალბათ, თავად ამ პარტიებმა უნდა გადაჭრან. პოლიტიკაში ყოფნის ამბიცია თუ გაქვს, შიგნით უკვე უნდა გქონდეს ამოხსნილი თავსატეხიც. პარტიებს სწორედ ეს საქმე და ეს ფუნქცია აქვთ, რომ იპოვონ ამომრჩევლებთან, ხალხის გულთან მისასვლელი გზები. შესასწავლია, რა უნდა ხალხს მოცემულ მომენტში, მაგრამ ის, რომ ხალხს არ იზიდავს, დავუშვათ, უკრაინის ომში ჩართვა, რაზეც პარტიების ერთი ჯგუფი პედალირებს, ცხადია. ის, რომ ხალხისთვის ამავე დროს მიმზიდველი არ არის საერთაშორისო პროცესებში პასიურობა და სურთ სახელმწიფოს მეტი აქტიურობის დანახვა, ცხადია. ამიტომ, ერთი მხრივ, იაქტიურო და მეორე მხრივ, საფრთხე აიცილო თავიდან, ანუ არც მწვადი დაწვა და არც შამფური, დღეს დილემაა და ძალიან რთულია. ეს დილემა კი რა გზით უნდა გადაწყდეს, პარტიების მოსაძებნია. გარდა ამისა, უამრავი შიდაპოლიტიკური საკითხია. რა თქმა უნდა, დიქტატურა არავის უნდა, მაგრამ არც დაუსჯელობა, პასიურობა, კანონის მიმართ უდიერი დამოკიდებულება აძლევთ ხელს. ამდენად, აქაც დილემაა და საპოვნელია ოქროს კვეთის ხაზი. ვნახოთ, რა იქნება.

- დღევანდელი მოცემულობით, თითოეულ ოპოზიციურ პარტიას რა შანსი აქვს, რომ ეს შეძლონ?

- ყველას ძალიან ძნელი ამოცანა აქვს გადასაწყვეტი, რადგან პოლიტიკაში მარცხი ცუდ სამსახურს უწევს პოლიტიკოსსაც და მთელ პარტიასაც. პოლიტიკოსიც და პარტიაც თუ რამდენჯერმე დამარცხდა, მერე მას ექცევიან როგორც მარცხიანს და მისი გამარჯვება სულ უფრო რთული ხდება. ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვევაზე. ხალხი მიჩვეული უნდა იყოს პარტიის თუ პოლიტიკოსის გამარჯვებას და არა დამარცხებას. თუ დამარცხებას არის მიჩვეული, მაშინ ასევე გააგრძელებს და არ მისცემს ხმას მარცხიან პარტიას. საზოგადოების დიდ ნაწილს ურჩევნია, სახლში დარჩეს, ვიდრე მარცხიანს მისცეს ხმა. ამიტომ ვამბობ, რომ მათ მათივე ბიოგრაფია უწევს ცუდ სამსახურს და სიახლეა საჭირო.

„ნაციონალების“ შიდა არჩევნები უკანონოა?!

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"“ წესდების თანახმად, რომელიც მათ ვებგვერდზეა განთავსებული, „ყრილობის განსაკუთრებული პრეროგატივაა გაერთიანების წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, გაერთიანების თავმჯდომარისა და პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, პოლიტიკური საბჭოსა და სარევიზიო კომისიის არჩევა. გაერთიანების რეორგანიზაციისა და თვითლიკვიდაციის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადაწყვეტა (5.1.4). გაერთიანების ყრილობის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმის სახით და მას ხელს აწერს ყრილობის თავმჯდომარე და ყრილობის მდივანი (5.1.5).

ნიშნავს ეს თუ არა, რომ თავმჯდომარის "ფეისბუკით" არჩევა უკანონოა და ამის გამო გახდეს სადავო, სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი განმარტავს. - პოლიტიკური გაერთიანებების, ისევე როგორც საზოგადოებრივი გაერთიანებების სამართლებრივი საფუძველია კანონი და გამონაკლისს არავინ არ წარმოადგენს. "პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონი კი ადგენს პოლიტიკური გაერთიანებების ორგანიზაციული მოწყობის, გნებავთ, სტრუქტურის ზოგად ჩარჩოებს და იქვეა აღნიშნული, რომ ეს პროცედურები შესაძლებელია მოწესრიგდეს წევრთა გადაწყვეტილებით - ანუ ლეგიტიმაცია, გარდა კანონისა, ასევე უნდა ჰქონდეს თვითონ პოლიტიკური გაერთიანების წევრთა გადაწყვეტილებას. სხვადასხვა კვორუმია, სხვადასხვა გადაწყვეტილება და რაც მთავარია, სხვადასხვაგვარად წყდება სხვადასხვა ორგანოს არჩევის წესი და პროცედურები. შესაბამისად, გამონაკლისი ვერც "ნაციონალური მოძრაობა" იქნება. გულწრფელად გითხრათ, მე არ მსმენია, რომ ყრილობის მოწვევის შესახებ რაიმე საჯაროდ ეთქვათ, მაშინ, როდესაც წესდების იმ რედაქციაში, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია, მითითებულია, რომ ეს არის ყრილობის გადასაწყვეტი საკითხი. შესაძლებელია დელეგირება გააკეთეს და ყრილობად ჩათვალეს, ვთქვათ, ის, რომელსაც ესწრებიან ის წევრები, რომლებიც რეგისტრაციას გაივლიან კენჭისყრაში მონაწილეობისთვის. არ ვიცი, ვერ გეტყვით, რადგან ამ საარჩევნო პროცედურების შესახებ დოკუმენტაცია და გადაწყვეტილება არ არის საჯარო. ამიტომ ეს კითხვა უპასუხოდ რჩება. ეს თავად უნდა გაასაჯაროონ, რადგან, თუკი კითხვები დარჩა, შესაძლოა თვითონ პროცესი იყოს კანონშეუსაბამო და შექმნას პრობლემები ამ პარტიაში მომავალში დავების თუ გადაწყვეტილებების მიღების დროს.

რუსა მაჩაიძე