„სააკაშვილს, რომელიც აანალიზებს, წერს და მიმართავს 5 ენაზე, ეტყობა რამე დემენციის?“
თითქმის ორი თვეა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვა მიმდინარეობს. საქმეზე უცხოელი და ქართველი ექსპერტები იკითხებიან.
27 იანვარს დისტანციურად დაჰკითხეს ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, რომელიც ცენტრ "ემპათიის" დასკვნის შედგენაში მონაწილეობდა. კატონამ 2022 წლის ნოემბერში სააკაშვილს კვლევები ჩაუტარა. "გასინჯვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, კოგნიტური დარღვევები, რისი შედეგიც არის დემენცია... დაახლოებით 3 საათი გავატარე ბატონ სააკაშვილთან და აღმოვაჩინე საკმაოდ მძიმე დარღვევები ყურადღების ნაწილში, მეხსიერებაში, ასევე ენის მხრივ და ვიზუალურ-სივრცობრივ აღქმაში. მე განვსაზღვრე რამდენიმე მიზეზი, რომელთაც შეიძლება მივეყვანეთ ნეიროკოგნიტურ აშლილობამდე. პირველი მიზეზი შეიძლება იყოს მისი შიმშილობა და კვების სწრაფი აღდგენა, ანუ რეფიდინგი, ნაწილობრივი ასფიქსია და ეპილეფსიური გულყრები, აუხსნელი ცხელება, ასევე ვერნიკეს ენცეფალოპათიის დაყოვნებული მკურნალობა და უამრავი მედიკამენტი, რომლებსაც იღებდა, ასევე მისი თმის ტოქსიკოლოგიური შემოწმებით აღმოჩენილი ნივთიერებები, მძიმე მეტალები". ექსპერტმა ასევე გაამახვილა ყურადღება პაციენტის არასათანადო მკურნალობაზე და აღნიშნა, რომ თუ არ შეიცვლება გარემო, რომელშიც სააკაშვილი იმყოფება, მას არ მოეხსნება პოსტტრავმული სტრესული აშლილობის სინდრომი.
"ის იღებდა ფსიქოთერაპიული პროფილის მედიკამენტებს, თუმცა რაც შეეხებოდა სტრესის მოხსნას, შიშებსა და განცდას იმისა, რომ ის არის საშიშროების ქვეშ, ამის საწინააღმდეგო მკურნალობა არ ჩატარებია, რის გამოც რჩებოდა პოსტტრავმული სტრესული აშლილობის დაავადება... სააკაშვილს აქვს დემენცია და დებულება არის სრულ თანხვედრაში ექიმ გოდსმიტის დასკვნებთან. ვიცი, რომ საქართველოს კანონმდებლობით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი აქტებით განსაზღვრულია, რომ პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში. მე ვეთანხმები დოქტორ ლახანსა და დოქტორ გოლდსმიტს, რომ სააკაშვილის მკურნალობა საჭიროა ისეთ სამედიცინო დაწესებულებაში ისეთ ქვეყანაში, სადაც ის თავს უსაფრთხოდ იგრძნობს. პატიმრობაში დარჩენის შემთხვევაში, ვფიქრობ, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესიული სიმპტომები დამძიმდება. მას აქვს მძიმე კოგნიტური დარღვევებიც, რომელთა მიზეზის დადგენა რთულია და თუ მიზეზი არ იქნა აღმოჩენილი და შესაბამისი მკურნალობა არ დაინიშნა, მისი კოგნიტური დარღვევების სიმძიმე პროგრესულად გაღრმავდება", - განაცხადა ფსიქიატრმა.
პენიტენციარული სამსახურის წარმომადგენელი, ნიკა აბრამიშვილი დაინტერესდა, გადაამოწმა თუ არა ექიმმა პაციენტის მიწოდებული ცნობები, სანამ მას დასკვნაში ფაქტებად ასახავდა. ამას მოწმემ ასე უპასუხა: "ჩემი მოვალეობა არ იყო ფაქტების გადამოწმება, მე შევკრიბე ინფორმაცია სხვადასხვა წყაროდან და ამის საფუძველზე გამოვიტანე დასკვნა დიაგნოზებსა და მკურნალობაზე". ნიკა აბრამიშვილის მორიგ კითხვას, "თქვენ ამბობთ, რომ ფიზიკურმა ძალადობამ, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და სიკვდილის მუქარამ გამოიწვია მსჯავრდადებულის ფიზიკური და მორალური ტანჯვა. მოგვახსენეთ, რა მტკიცებულებებს ეყრდნობით, როცა საუბრობთ ფიზიკურ ძალადობაზე?", მოწმე ასე პასუხობს: "მე არ მინახავს ფიზიკური ძალადობის კვალი, ამას არც მოველოდი, გამომდინარე მასზე ძალადობის ბუნებიდან და ხასიათიდან. მე აღვნიშნავ, რომ დაკავების დროს და პატიმრობაში ფიზიკურმა ძალადობამ, სიტყვიერმა შეურაცხყოფამ და სიკვდილის მუქარამ, რომელსაც ბატონი სააკაშვილი აღწერს, შეარყია მისი მდგრადობა ტრავმის მიმართ... ჩემი დასკვნები ემყარება იმ მონათხრობს, რაც მოვისმინე მიხეილ სააკაშვილისგან, ასევე დოკუმენტაციას და კვლევებს. ასევე, დავეყრდენი ვიდეომასალებს".
ნიკა აბრამიშვილმა ფსიქიატრს ასეთი შეკითხვაც დაუსვა, ეკონომიკის ზრდის შესახებ პაციენტმა განგიცხადათ, რომ მის დროს ეკონომიკა 4-ჯერ გაიზარდა და მას შემდეგ არ გაზრდილა. ეს ინფორმაცია გადაამოწმეთ თუ არაო. ამ კითხვას ადვოკატების პროტესტი მოჰყვა და მოსამართლემ კითხვა მოხსნა.
მალხაზ ურთმელიძემ ექსპერტს ჰკითხა: "დასკვნაში აღნიშნავთ, რომ პაციენტს დროდადრო ჰქონდა გახშირებული ნერწყვდენა, თუმცა ეტყობოდა, რომ ვერ გრძნობდა ამას. გადაამოწმეთ თუ არა, იქნებ ადრეც ჰქონდა პაციენტს ჰიპერსალივაცია? ხომ არაა აღნიშნული გამოწვეული რაიმე მედიკამენტის მიღებით? რატომ განიხილავთ აღნიშნულს, ანუ ჭარბ ნერწყვდენას, კოგნიტური დარღვევებისთვის დამახასიათებელ ნიშნად?", რაზეც ექსპერტის პასუხი ასეთია: "მე არ განმიხილავს, რომ ჰიპერსალივაცია არის კოგნიტური დარღვევის ნიშანი. ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რომელიმე მედიკამენტის მიღების შედეგი. შევამჩნიე, რომ მისი თმა არ იყო მოვლილი, მუცლის წინა ნაწილი მოუჩანდა, რაც სოციალურად იყო მიუღებელი, მათ შორის ჰიპერსალივაცია გარკვეულად შეუმჩნეველი იყო მისთვის, ამიტომ ჩავთვალე, რომ იყო კოგნიტური დარღვევა". მალხაზ ურთმელიძემ ასევე ჰკითხა, შეიძლებოდა თუ არა ეს ყოფილიყო სიმულაცია? "რასაკვირველია, განვიხილავდი იმ საკითხს, რომ პაციენტი შეიძლება მაწვდიდა ცრუინფორმაციას, ცდილობდა დაემძიმებინა მდგომარეობა... რასაც მე დავაკვირდი, გაცილებით იოლია ამ სიტუაციაში სიმპტომის სიმულირება, ვიდრე მდგომარეობის, ან დაავადების სიმულირება... პროფესიონალი მსახიობებისთვისაც კი ექსტრემალურად რთულია სიმულირებით დაარწმუნოს ექიმი, რომ აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა", - ამბობს ექსპერტი.
მოწმის გამოკითხვის შემდგომ პენიტენციარულმა სამსახურმა შუამდგომლობა დააყენა სასამართლოში, რომ საქმის მასალებს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა და თითო კვლევაზე მოწმის სახით თუნდაც ერთი ექსპერტი დაიკითხოს. საქმე ეხება ექსპერტიზის იმ დასკვნას, რომლითაც შეამოწმეს ცენტრ "ემპათიის" მომზადებული შეფასება, თუ რამდენად შესაბამისი იყო წარმოდგენილი დიაგნოზები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებასთან, რომელიც განსაზღვრავს მსჯავრდადებულის გათავისუფლების საფუძვლებს. ამის თაობაზე მომდევნო სხდომაზე ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ილაპარაკებს. A
როგორც ცნობილია, სამხარაულის ბიუროს დასკვნის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ისაუბრა: "მინდა ვისაუბრო ცენტრ "ემპათიის" დასკვნაზე, კერძოდ, მსჯავრდადებულის ადვოკატებმა მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლება ან გადავადება. ამასთან დაკავშირებით სპეციალურმა პენიტენციარულმა სამსახურმა საქმეზე სრულყოფილი ჭეშმარიტების დადგენის მიზნით 2022 წლის 8 დეკემბერს ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართა. სამსახურის ინტერესს წარმოადგენდა, რამდენად მეცნიერულად სარწმუნო და უტყუარი იყო ცენტრ "ემპათიის" დასკვნა და დიაგნოზები რამდენად იყო შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნა 2023 წლის 26 იანვარს მივიღეთ, რაც მოიცავს სამ მიმართულებას: ფსიქიატრიულ, გასტროენტეროლოგიურ და ნევროლოგიურ დიაგნოზებს. თამამად უნდა ითქვას, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად ცენტრ "ემპათიის" დიაგნოზები, როგორიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის სარწმუნო და უტყუარი. ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში არის ბევრი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება იყოს პერსონალური ხასიათის, რაც შეიძლება განხილულ იქნეს სასამართლო პროცესზე. ცენტრმა "ემპათიამ" 1-ლ დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. რაც შეეხება პატიმრის სამკურნალოდ გადაყვანას საზღვარგარეთ, მსგავს პრეცედენტს საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს და, ბუნებრივია, ჩვენ პატიმარს ვერ გავიყვანთ ქვეყნის ფარგლებს გარეთ... ჩვენ მოწოდებებით ვერ ვიმოქმედებთ, ვიმოქმედებთ მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფარგლებში. მოგეხსენებათ, ეს საკითხი საზოგადოების ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. სრულიად უსაფუძვლოდ, ამორალურად გვაბრალებენ, რომ ადამიანი ვაწამეთ და ამის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდა გარკვეული დაავადებები. ეს არ შეესაბამება სიმართლეს, არის ძალიან დიდი ტყუილი და თან ვინ გვაბრალებს? - ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა... ამ საკითხზე არის ათეულობით განაჩენი გამოტანილი და ამის გამო დღეს სასჯელს იხდიან ისინი, ვინც აწამებდნენ. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია და ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ არავის მივცემთ ამის უფლებას და შესაძლებლობას, სახელმწიფოს დააბრალონ მსგავსი ტიპის დანაშაული", - განაცხადა რატი ბრეგაძემ. მოსამართლე მიიღებს თუ არა ამ დასკვნას, ეს მომდევნო სხდომაზე გამოჩნდება.

"უცხოელი ექსპერტების კატეგორიული განცხადებები ეყრდნობა მხოლოდ სააკაშვილის მონათხრობს"
გელა ნიკოლაიშვილი, სპეციალური პენიტენციარული დეპარტამენტის ადვოკატი: - ისევე როგორც სხვა მოწმეებმა, ამ ექსპერტმაც ილაპარაკა იმაზე, რომ ესაუბრა სააკაშვილს, გამოჰკითხა დედამისი და გამოიტანა დასკვნა, რომ მას შიშები აქვს, რომ სცემეს, ცუდად მოექცნენ და ექსპერტმაც დაიჯერა, გამორიცხა რომ შეიძლება სიმულაცია ყოფილიყო. როდესაც ის ამბობს რამეზე, არ მახსოვსო, ეს როგორ უნდა გადაამოწმოს? ამ ყველაფრის შედეგად გააკეთა დასკვნა, რომ ამ ადამიანს დემენცია აქვს. მე დავაზუსტებინე, რა ხარისხი აქვს-მეთქი, და მითხრა, საშუალო ხარისხისო, თუმცა ის, რომ ინტერვიუებს იძლევა, წერილებს წერს, მშვენივრად აფასებს მოვლენებს და არაფერი ავიწყდება, ეს რას ნიშნავს? ამაზე ექსპერტმა თქვა, ეტყობა, მაღალი ინტელექტი რომ აქვს, მაღლიდან საშუალომდე ჩამოვიდა, არა დაბლამდე და ამიტომ ახსოვს ეს ყველაფერიო. ვერ თქვა, დემენცია რისგან აქვს, ასაკობრივია, ნევროლოგიური, წამლების მიღების შედეგი თუ რა მიზეზით. ამბობდა, პოსტტრავმულ წამლებს არ იღებდა და შეიძლება ამის ბრალი იყოსო. ვინ დაუშალა წამლების მიღება? ჯერ "ემპათიის" კონსილიუმი და მერე სახალხო დამცველის კონსილიუმი შედგა. ვინმემ თქვა, არ მისცეს წამლები "ვივამედშიო"? ეს ექსპერტიც, ისევე როგორც სხვები, სრულიად სხვა სტანდარტებით მოქმედებენ, განსხვავებულით ქართული კანონმდებლობისგან. ჩვენთან ექსპერტს არა აქვს უფლება შეაფასოს მიზეზი და თქვას, ის მოწამლეს თუ არ მოწამლეს, აწამეს თუ არ აწამეს. მან შეიძლება დადოს ფაქტი, რომ მიყენებულია ტრავმა, მაგალითად, ბლაგვი საგნით, მაგრამ ექსპერტი კონკრეტულად არაფერს ამბობს. მართლაც სცემეს თუ არა, არ ამბობს. მხოლოდ მისი ლაპარაკიდან გამომდინარე არა აქვს უფლება ექსპერტს დასკვნები გააკეთოს. ნებისმიერ პატიმარს შეუძლია მოჰყვეს ასეთი რამეები. თმა გაჩეჩილი ჰქონდა და მუცელი უჩანდა, საკუთარ ჰიგიენურ ნორმებს ვერ აცნობიერებდაო. ადამიანმა რომ იცის, ექიმი ამას მიაქცევს ყურადღებას, საგანგებოდ წარუდგება ამგვარად. სააკაშვილი საზოგადოებასაც ასე გამოგვეცხადა 5 წუთით. როდესაც ექიმებს ვეკითხები, ის უვლის თუ არა თავს, წვერს იპარსავს? თმას ივარცხნის? კბილებს იხეხავს? ამბობენ, რომ თავს ჩვეულებრივად უვლის, მაგრამ საზოგადოების წინაშე უნდა წარდგენილიყო გასაცოდავებულად. ასევე მოქცეულა იმ ექიმის წინაშეც, რომელმაც ის ნახა. ამიტომ ჩვენთვის ეს არ არის დამაჯერებელი. დამაჯერებელია, როცა გაზეთ "შპიგელს" მისცა ინტერვიუ, სადაც ის საღად მსჯელობს ყველა საკითხზე. დემენციით დაავადებული ადამიანი ამას ვერ იზამს.
- სამხარაულის დასკვნაზე მეორე მხარე ამბობს, დასკვნის დასკვნა წარმოუდგენელიაო.
- სააკაშვილის დაცვის მხარე იმასაც აცხადებდა, ეს კანონით დაუშვებელიაო... სამი მიმართულების დასკვნაა, სამივე ექსპერტი მოვა პროცესზე და იტყვის, რატომ მიაჩნიათ, რომ არ არის შესაბამისობაში საქართველოს კანონმდებლობასთან "ემპათიის" დასკვნა. კიდევ ერთი ექსპერტიზაა დანიშნული, რომელსაც სამხარაულის ბიურო ამზადებს. თუმცა არ ვიცი, მოესწრება თუ არა პროცესის დასრულებამდე.
- თქვენ საეჭვო გახადეთ ამერიკაში ჩატარებული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაც, რატომ?
- ალბათ, გახსოვთ, სააკაშვილი ჯერ ამბობდა, არავითარი მოწამვლა არ ყოფილაო, მერე თქვა, თუ იყო, ხელისუფლების ბრალიაო და კიდევ უამრავჯერ შეიცვალა აზრი. სრული აბსურდია, რომ ვინმეს მისი მოწამვლა სურს... ნიმუშების შესახებ კითხვებია - აქედან რომ მიიღეს, დალუქული იყო თუ არა. როგორც წესი, იწერება, "მივიღე დალუქული", მაგრამ იქ წერია, "გახსნილი მდგომარეობა". არის ეჭვი, რომ კონვერტი გახსნილი მიიღეს. როდესაც დალუქული არ არის ნიმუშები, ჩნდება კითხვა, ვის ეკუთვნის ესა თუ ის თმა თუ ფრჩხილი, ეკუთვნის თუ არა სააკაშვილს. ამის დასადგენად ალტერნატიული ექსპერტიზა უნდა ჩატარდეს.
- ამ დღეებში მასთან მხოლოდ გიული ალასანია შედის და კახექსიაზე დაიწყეს საუბარი. როგორია ამწუთას მისი მდგომარეობა?
- რამდენი ხანია გვესმის, ხვალ თუ არა, ზეგ მოკვდებაო. ამას პოლიტიკური მიზანი აქვს. ბევრი ტყუილი ითქვა, ნაწილი სიმართლეც, მაგრამ, როცა სიმართლე ტყუილშია შერეული, განსაკუთრებით საშიშია. ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მოწამლეს, რომ ამის შედეგად ისე მძიმე მდგომარეობაა, ვერ მკურნალობენ და უნდა გაიყვანონ საზღვარგარეთ. თუმცა როდესაც ჩვენ საკითხს ვუღრმავდებით, უცხოელ ექსპერტებს ვესაუბრებით, ისინი სულ სხვა კრიტერიუმებითა და სტანდარტებით მსჯელობენ, ვიდრე ქართველი ექსპერტები. ჩანს, რომ მათი კატეგორიული განცხადებები ეყრდნობა მხოლოდ სააკაშვილის მონათხრობს. მე არ უარვყოფ, რომ სააკაშვილი დაავადებულია, თუნდაც იმ სტრესებიდან გამომდინარე. ავად რომ არ იყოს, საავადმყოფოშიც არ იქნებოდა ამდენ ხანს, მაგრამ ლაპარაკია დაავადების ხარისხზე. სავსებით შესაძლებელია მას უმკურნალონ პენიტენციარული დაწესებულების პირობებში ან სამოქალაქო საავადმყოფოში. სააკაშვილს, რომელიც აანალიზებს, წერს და მიმართავს 5 ენაზე, ეტყობა რამე დემენციის? ამას ვამტკიცებთ. კიბოც მძიმე დაავადებაა, მაგრამ თუ არ არის მე-4 სტადიაზე, პატიმარი არ ექვემდებარება გათავისუფლებას...
"რატი ბრეგაძე მოგვევლინა მოსამართლის რანგში"
შალვა ხაჭაპურიძე, სააკაშვილის ადვოკატი: - გასაკვირია, რაც ვნახეთ, ჩატარებულია ფსიქიატრიული და ნევროლოგიური ექსპერტიზა ისე, რომ პაციენტი ნანახი არ არის. მსგავსი რამ დედამიწის ზურგზე შეუძლებელია. როგორ უნდა გაიზიაროს მოსამართლემ ეს დასკვნა, თუ ბიუროს არ უნახავს პაციენტი? რაც მთავარია, რატი ბრეგაძემ იმპერატიულად განაცხადა, "ემპათიის" დასკვნა არაკვალიფიციურიაო, ანუ მან მოსამართლის მაგივრად მიიღო გადაწყვეტილება. მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა, მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა და მოგვევლინა მოსამართლის რანგში. სასამართლო პროცესზე დავამტკიცებთ, რომ დასკვნის დასკვნა აბსურდია. ჩვენთვის ძალიან მარტივია დასკვნის დასკვნის გაბათილება. წარმოუდგენელია ნევროლოგიური დასკვნის ჩატარება ისე, რომ პაციენტი არ ნახო. ისინი "ემპათიის" ექსპერტიზის ალტერნატივას ითხოვდნენ, ეს არ გამოუვიდათ და ეს დასკვნა დაწერეს. ახალი ფორმატია მსოფლიო სამართლის ისტორიაში.
- სააკაშვილს აქვს "კოვიდი", როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა?
- მე ვერ შევდივარ მასთან, დედამისისგან ვიცი, რომ უფრო ცუდად არის, "კოვიდის" გარდა, აქვს უკვე აშკარად გამოკვეთილი კახექსიაც, წონის დიდი კლება.
- ნინო ნადირაძე ამბობს, რომ თქვენ, ადვოკატებს, ექიმები მორალურ ტერორში გყავთ, ართმევთ მათ პირად მონაცემებს და ეუბნებით, რომ ისინი დასაკითხთა სიაში შეგყავთ.
- ეს ტყუილია, არავინ ეკონტაქტება ექიმებს და ექთანებს. სასამართლოზე დაიკითხა ის მოწმე, რომელსაც გულისხმობდა ნადირაძე. მან უარყო ასეთი ფაქტი.
- თქვენ ამბობთ, რომ სააკაშვილი დროდადრო გონებას კარგავს, თუმცა კლინიკის წარმომადგენელი ზურაბ ჩხაიძე, ამბობს, რომ ეს არ არის სიმართლე. ამაზე რას იტყვით?
- ამიტომ გამოითხოვა მოსამართლემ ვიდეო კლინიკიდან და ველოდებით მასალას. ეს პროცესი არ დამთავრდება, სანამ იმ ვიდეოს არ ვნახავთ.
- რაც შეეხება კვებას, კლინიკა ითხოვს კონკრეტულ კალორაჟიან საკვებს, რაც არ მიაქვს ოჯახს, რატომ?
- პატიმრის კვებას უნდა უზრუნველყოფდეს პენიტენციარული სამსახური. დედა რა შუაშია? ოჯახს საკვები მიაქვს, მაგრამ ექიმებმა უნდა განსაზღვრონ, რით იკვებოს.
- გერმანული გამოცემისთვის მიცემულმა სააკაშვილის ინტერვიუმ დიდი ხმაური გამოიწვია, ისრები ვანო მერაბიშვილისკენ წავიდა, რასაც თავად მერაბიშვილი გამოეხმაურა. ამას რა შეფასებას აძლევს სააკაშვილი?
- არ ვიცი, "ნაცმოძრაობის" პარტიისგან შორს ვარ ჩემი არსით და რწმენით, ასეთ თემებზე სააკაშვილთან არ ვსაუბრობ.
- ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ექსპერტების სტანდარტები არ ესადაგება ჩვენს კანონმდებლობას.
- ნებისმიერი ფსიქიატრიული ექსპერტიზა ვისაც ჩაუტარებია, იცის, რომ ამ ფორმით ხდება გამოკვლევა. ანამნეზს უყვება ექიმს პაციენტი, გამოიკითხებიან ოჯახის წევრები. არის სპეციალური ტესტი, რითაც ირკვევა, როგორ აფასებს პაციენტი მოვლენებს, და მერე ისმება დიაგნოზი. ისეთი კითხვები დასვეს პროცესზე, მსოფლიო სამართლის ისტორიაში შევა, ალბათ - თქვენ სააკაშვილმა გითხრათ ჩემს პერიოდში 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა საქართველოში და ეს ინფორმაცია სად გადაამოწმეთო... რამდენიმე სხდომა დასჭირდება საბოლოო გადაწყვეტილებას. დაახლოებით 15 პირია გამოსაკითხი. სააკაშვილის მდგომარეობა მძიმდება და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს პროცესი. სააკაშვილი ერთადერთი პატიმარია, რომელსაც ტელეფონის გამოყენების უფლება არა აქვს და ამ დღეებში ინფორმაციას მხოლოდ დედისგან ვიღებთ.

„სააკაშვილმა უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაცია!“
კლინიკა "ვივამედის" დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, სააკაშვილმა შეამცირა იმ საკვების მიღებაც კი, რასაც იღებდა: "კოვიდინფექცია, რომელიც ახლა აქვს, შედარებით მსუბუქი ფორმით იყო გამოხატული ლაბორატორიული და სუბიექტური მონაცემებითაც. ყოველ შემთხვევაში, დღემდე სტაბილურია ჰემოდინამიკური და რესპირატორული მაჩვენებლები. სატურაცია ნორმის ფარგლებშია და ამ ეტაპზე დამატებითი ჟანგბადის მიწოდებასაც არ საჭიროებს. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, რომ ბატონი სააკაშვილი უკმაყოფილებას გამოთქვამს მიმდინარე სასამართლო პროცესებზე თუნდაც კოვიდშეფასების შესახებ... ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ საკვებს იღებს არა იმ კალორაჟით და რაოდენობით, რაც არის რეკომენდებული. მან ბოლო დღეებში, განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, საერთოდ შეამცირა ამ კალორაჟის საკვების მიღება. საკვები დანამატების მიღებაზეც უარი განაცხადა. კლინიკა ყველაფერს აკეთებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, სასიცოცხლო ფუნქციების შესანარჩუნებლად. შეთავაზებული იყო ინფუზიური თერაპია, რომელიც მისი ორგანიზმისთვის, ორგანოების ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, რათა არ მოხდეს რაიმე გართულება, რაზეც მან კატეგორიული უარი განაცხადა. თუ ასე გაგრძელდა, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა უფრო დამძიმდება. მინდა მოვუწოდო ოჯახის წევრებს, ქალბატონ გიულის, რომ იქნებ დაარწმუნონ, რომ დაექვემდებაროს ექიმის მკურნალობას, ექიმების რეკომენდაციას. სხვა შემთხვევაში ამან შეიძლება მართლაც მიიყვანოს ფატალურ შედეგამდე. კლინიკა ყველა შესაძლებლობას იყენებს მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ყლაპვის ფუნქციის გაძნელება, რაიმე პრობლემა და დაბრკოლება არ არსებობს. თვითონ აცხადებს, რომ მიმდინარე პროცესებით უკმაყოფილოა და თავის პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს, რათა უფრო დაუმძიმდეს მდგომარეობა, რომ მართლა გახდეს რეანიმაციულ განყოფილებაში გადასაყვანი. ყველას საყურადღებოდ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს - პაციენტი სადაც ახლა იმყოფება, ყველა აპარატურით არის აღჭურვილი. ფაქტობრივად, ეს არის ინტენსიური პალატა. ერთადერთი პრობლემაა, მან უნდა შეასრულოს ექიმის რეკომენდაცია, საშუალება მოგვცეს შევასრულოთ ჩვენი სამედიცინო დანიშნულება, მხოლოდ და მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, რათა შენარჩუნდეს სასიცოცხლო ფუნქციები და მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოჯახის წევრებს, მის თანაპარტიელებს, ახლობლებს, დაარწმუნონ, რომ ასე ნუ იქცევა და ნუ მიდის იქამდე, რომ მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდეს. დღეს დილით პაციენტი 69 კილოგრამსა და 700 გრამს იწონიდა, თუ ასე გაგრძელდება, ხვალ იქნება 68, ზეგ - 65."