"ეს პარტია უნდა დაიშალოს! "ნაციონალურ მოძრაობას" ცოდვებმა უწია" - კვირის პალიტრა

"ეს პარტია უნდა დაიშალოს! "ნაციონალურ მოძრაობას" ცოდვებმა უწია"

"თომას მანის "ბუდენბროკები" თუ გაქვთ წაკითხული, ერთი გვარის გადაშენების ისტორიაზე რომ არის, იგივე ხდება "ნაციონალურ მოძრაობაშიც"... წვალებ-წვალებით მივდივართ პოლიტიკური სპექტრის გათავისუფლებისკენ. იმისთვის, რომ გათავისუფლდეს, ერთ-ერთი მხარე უნდა გამოეცალოს ამ ბიპოლარულ გარემოს - ან "ნაცი", ან "ქოცი" და უფრო მარტივი ახლანდელ სიტუაციაში ის არის, რომ "ნაცები" გამოეცალონ. რა მოჰყვება ამას და რა ქარტეხილების გადავლა მოგვიწევს, არ ვიცი, მაგრამ იმაზე უარესი არ იქნება, რაც ახლა არის - ეს დაჭაობებული სპექტრი", - ასე აფასებს პარტია "გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩია "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესს. უფრო ვრცლად "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ და მოქმედ ლიდერებზე, ოპოზიციაში მორიგ ჯერზე დაანონსებულ საპროტესტო აქციებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იაგო ხვიჩია ვრცლად გვესაუბრება.

- უკვე 10 წელია "ნაციონალურ მოძრაობას" იდეა აღარ აქვს. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს აკავშირებთ, მიშა სააკაშვილია. როდესაც იდეა არა გაქვს და არის განსხვავებული ხალხი, რომელიც ერთმანეთს ჭამს და არაფერი აკავშირებს, გარდა მიშას ფაქტორისა, როდესაც მიშას ფაქტორი განზე გაიწია, იწყება ის კონფლიქტები, რომელთაც აქამდე ხელოვნურად მიშაც ქმნიდა, ახლა კი ეს მომრიგებელი ციხეშია, კონფლიქტები კი ისევ დარჩა.

- "ნაციონალების" მომრიგებლის ცოტა ხნის წინანდელი სკანდალური განცხადება როგორ გაიგეთ, ვის შეიძლება თვლიდეს უკრაინის უშიშროებაში ჩანერგილ აგენტებად, რომლებმაც 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში მისი დაბრუნება დაგეგმეს?

- სააკაშვილმა გადაჭრით კი არ თქვა, ივარაუდა, რომ ის ხალხი, რომელმაც მისი საქართველოში ჩამოყვანა ტექნიკურად უზრუნველყო, შესაძლოა რუსეთის ჩანერგილი აგენტები ყოფილიყვნენ.

- "ნაციონალების" ერთმა ნაწილმა რუსულ სპეცსამსახურებს ყოფილი თანამებრძოლი­, ვანო მერაბიშვილი დაუკავშირა. მერაბიშვილის მტკიცებით, რუსეთის აგენტობას სწორედ ის ხალხი აბრალებს, რომელსაც ბიოგრაფია სავსე აქვს ქვეყნის მტრებთან კოლაბორაციის მაგალითებით.

- ჩემთვის გასაგები იყო მისი მდგომარეობა, როდესაც თქვა, ყველაზე ცუდია, როდესაც იმას გაბრალებენ, რასაც მთელი ცხოვრება ებრძოდიო. ერთი პროცენტით რომ დავუშვათ, ამ კაცს ტყუილად აბრალებენ ქვეყნის ღალატს, დიდი უსამართლობაა, ამიტომ მე ამ ნარატივს ვერ შევუერთდები. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს პარტია უნდა დაიშალოს. "ნაციონალურ მოძრაობას" ცოდვებმა უწია.

- თქვენი აზრით, ამ პარტიაში დარჩა ვინმე, ვინც არ არის დისკრედიტირებული და ვისი ნდობაც შეიძლება?

- არის, ნონა მამულაშვილი. მის ჭეშმარიტ ოპოზიციონერობაში, "ნაციონალობაში" ეჭვის შეტანა შეუძლებელია, თანაც მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობას" არც ერთი მამაკაცი თავმჯდომარე არ გამოადგა. ქალბატონი ნონა იმ თვალსაზრისითაც საინტერესო იქნება, რომ "ქოცებს" აღარ გამოადგებათ იმის ძახილი, რასაც აქამდე აძახებდნენ "ნაცებს", ან თუ წამოაძახებენ, შესაბამის პასუხსაც მიიღებენ.

- თქვენ თქვით, რომ 24 თებერვლისთვის დაგეგმილ აქციას, რომელსაც ორგანიზატორებმა ეროვნული მოძრაობა უწოდეს, არ შეუერთდებით.

- არ ვაპირებ არც ერთ ოპოზიციურ აქციაზე სიარულს, სანამ არ მეცოდინება,­ რომელ პარტიას რა უნდა, რისთვის იბრძვის და რაში სჭირდებათ ჩემი დახმარება. ეს არანაირად არ არის ეროვნული მოძრაობა. საქართველოში იყო მხოლოდ ერთი, ნამდვილი ეროვნული მოძრაობა, რომელსაც ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა და ასეთი ადამიანები ხელმძღვანელობდნენ. მათ კონკრეტული მიზანი ჰქონდათ - საქართველოს დამოუკიდებლობა. მის მერე ბევრჯერ დაანონსდა ეროვნული მოძრაობა, მაგრამ ყველა ფეიკი იყო. ვფიქრობ, ამჯერადაც ასეა.

- ასეთი ფიქრის საბაბს რა გაძლევთ?

- ნახეთ, რას გვეუბნებიან, უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ 24 თებერვალსო. უკრაინისთვის სოლიდარობის გამოხატვა თუ უნდათ, 24 თებერვალს რას ელოდებიან, მანამდე გამოხატონ. პოლიტიკური პარტიები ყოველთვის ცდილობენ საკუთარ ამომრჩეველს რაღაც-რაღაცები შესთავაზონ, როგორიც, მაგალითად, ზაფხულში შეთავაზება იყო, შემოდგომაზე "ქოცებს" დავამხობთ, "ცხელი შემოდგომა" იქნებაო... ახლა ის ხალხი "ცხელ გაზაფხულს" აანონსებს. გასულ წელს 100 ათასი კაცი მივიდა მიტინგზე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხალხი გვაკლდა? მგონი, ამას ჭკუა უნდა ესწავლებინა, ხალხი გამოდის, შენ რას სთავაზობ, არაფერს. პროცესი თვითგამორკვევიდან უნდა დაიწყოს. ვინ ვარ მე, უნდა დაუსვას შეკითხვა საკუთარ თავს ქართველმა პოლიტიკოსმა, რომელიც ხალხს ქუჩაში ეძახის. როდესაც ამ კითხვაზე პასუხს იპოვის, მერე შეუძლია მშვიდად უთხრას ხალხს, მე გადავწყვიტე ამ მიზეზით გავიდე ქუჩაში, ვეძებ თანამოაზრეებს, თუ შემომიერთდებით და ბევრი ვიქნებით, მერე მოვიფიქრებთ გაგრძელებასო.

- ამ შემთხვევაში მხოლოდ უკრაინისთვის მხარდაჭერაზე არ არის საუბარი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ პრორუსული მთავრობისგან უნდა გაათავისუფლონ ქვეყანა.

- მე უნდა ვიცოდე, ვის რა ჰგონია პრორუსულ საქმედ. მე, მაგალითად, პრორუსული საქმე მგონია ნებისმიერი შეცდომა, რომლსაც უშვებს ხელისუფლება. "ქართული ოცნება" შეცდომების "ბუკეტია" და მართლაც რუსული სტილის სახელმწიფოს აშენებს, მაგრამ მე მგონია, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები რაღაც სხვას გულისხმობენ, როდესაც ამბობენ, "ქართული ოცნება"­ პრორუსიაო. რატომ ვფიქრობ ასე? იმიტომ, რომ ამ ლოგიკით სააკაშვილიც პრორუსია, მანაც რუსული სტილის სახელმწიფო ააშენა - სამართლიანი მართლმსაჯულება ჰქონდა, ობიექტური სასამართლო თუ დემოკრატია?! რით განსხვავდებოდა პუტინის რუსეთის პრინციპებისგან ის, რასაც სააკაშვილი აკეთებდა?! აქედან გამომდინარე, ან ყველას რუსეთუმე უნდა ვუძახოთ, ან უკეთესი საბაბი უნდა მოვიგონოთ ურთიერთბრალდებებისთვის.

- 24 თებერვლის აქციის ორგანიზატორების აზრით, მმართველი გუნდის პრორუსულობის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი ის არის, რომ საერთო მტრის წინააღმდეგ მებრძოლ უკრაინას შესაბამისად არ უჭერს მხარს.

- "ქართული ოცნების" ლოგიკას თუ გავყვებით, უკრაინის ხელისუფლებაში არიან "ნაცები", რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვიან. თუ ასეთ მოცემულობაში შენ "ნაცებს" ებრძვი, გამოდის, რუსეთის მხარეს ხარ. ცხადია, "ქართული ოცნება"­ ქართულ საქმეს აფუჭებს, მაგრამ ამას ფუჭი ლაპარაკით ვერ გამოვასწორებთ. სხვა სტრატეგიაა მოსაფიქრებელი. სტრატეგია რომ მოვიფიქროთ, ჯერ თითო­ეული ოპოზიციური პარტია უნდა ჩამოყალიბდეს, რა უნდა.

ხათუნა ბახტურიძე