„ისე გამოდის, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან ქვეყნის პრობლემა და არა ივანიშვილი“
"სავსებით შესაძლებელია სააკაშვილი უკრაინის უშიშროებაში ჩანერგილი პუტინის აგენტების მსხვერპლია", - ამბობს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. მისი თქმით, ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში ძალიან ფართო აგენტურული ქსელი გამოაშკარავდა და ძალიან ბევრ ჩინოვნიკს მოუწია თანამდებობის დატოვებამ, მათ შორის, სპეცსამსახურებში. ყოფილ შს მინისტრ მერაბიშვილზე, რომელიც ახლა მოვლენების ეპიცენტრშია, ასევე მის შესახებ გავრცელებულ ვერსიებზე და 24 თებერვლისთვის დაგეგმილ აქციებზე გიორგი ვაშაძე გვესაუბრა:
- ბოლო დროს იმდენი განცხადება გავრცელდა და იმდენი ვერსია დასახელდა, რომ სწორი დასკვნების გაკეთება გართულდა. პოლიტიკა ორღობეში ჭორაობას დაემსგავსა. ეს შემთხვევითი არ არის, ბიძინა ივანიშვილი ყველაფერს მიზანმიმართულად აკეთებს. პირადად მე ნაკლებად მაინტერესებს, ვინ ვის რა დააბრალა. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული ამოცანა - რუსების მიერ მართულ ჯგუფს მიტაცებული ძალაუფლება ხელიდან უნდა გამოვგლიჯოთ. ეს შესაძლებელია, იმიტომ, რომ "ქართული ოცნება" უმცირესობაშია და სუსტია. მთავარია, გაერთიანება მოვახერხოთ, აუცილებლად გავარღვევთ ამ წრეს. მე მთლიანად კონცენტრირებული ვარ 24 თებერვალს დაგეგმილ აქციაზე. კარგი იქნება, თუ დანარჩენი ოპოზიცია თავს დაანებებს უაზრო ჭორაობას და საქმის კეთებაში შეგვეხიდება.
- თუმცა ოპოზიციის ნაწილი თქვენს პოზიციას არ იზიარებს და არ ფიქრობს, რომ 24 თებერვალს ეროვნული საკითხი უნდა გადაწყდეს.
- ვის გულისხმობთ ოპოზიციის ნაწილში?
- გიორგი გახარიას პარტიას, "გირჩს", "ევროპულ საქართველოს"...
- ჩვენ სამი კონკრეტული გზავნილი გვაქვს: მხარდაჭერა უკრაინას, მხარდაჭერა უკრაინაში მებრძოლ ქართველ გმირებს და მხარდაჭერა საქართველოს ევროინტეგრაციას. სხვები რას აკეთებენ? დგანან და გვაკრიტიკებენ. ჩასაფრებას არ სჯობს საქმე გააკეთონ? მარტო ლაქლაქი და ენის ტყლაპივით მხარზე გადაგდება არაა საქმე. თუ არ აკეთებ, სხვას მაინც ნუ უშლი ხელს. თუ სხვას საქმის კეთებაში უშლი ხელს, მაშინ შენ ვინ ხარ? - არაფრისმაქნისი. ესაა რეალობა. მე არ ვიცი, რას გადამეკიდა ჩერგოლეიშვილი, რა უნდა? გახარიას გუნდის წევრებს კი ვურჩევ, ჩემზე ჭორაობას თავი დაანებონ და საკუთარი ლიდერი მოძებნონ, სად არის გიორგი გახარია, იციან საერთოდ? ძალიან ბევრ შეურაცხყოფას ვტოვებ უყურადღებოდ, არ მინდა პატარა ადამიანებს ჩვენ შორის განხეთქილების შემოტანის შესაძლებლობა მივცე. იმედია, ამას სხვა ოპოზიციონერი ლიდერები გაითვალისწინებენ და 24 თებერვალს ყველა ჩვენ გვერდით დადგება. ვინც არ მოვა, ნუ მოვა, თავის თავს დააბრალოს. ეგენი შარშანაც არ იყვნენ 20 ივნისის აქციაზე და რამე დააკლდა? ხალხი ცოტა იყო?
- შეგიძლიათ თქვათ, რომ 24 თებერვლის აქცია ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისთვის მორიგი იმედგაცრუების მიზეზი არ გახდება?
- გთხოვთ, 24 თებერვლისთვის დაანონსებული აქცია გამიჯნეთ სხვა აქციებისგან. ამჯერად პოლიტიკური პარტიები საზოგადოებრივ ჯგუფებთან ერთად გამართავენ აქციას, რათა ეს იყოს ნამდვილად პოლიტიკური პროცესი. რაც შეეხება "ცხელ შემოდგომას", ზოგიერთი ისეთი გაჰყვირის, განსაკუთრებით, არაფრისმაქნისები, ოპოზიციის ოპოზიციონერებად რომ ჩამოყალიბდნენ და "ქართული ოცნების" საქმეს რომ აკეთებენ.
- კონკრეტული სამოქმედო გეგმა თუ გაქვთ?
- 120 თუ 130 ყველასთვის კარგად ნაცნობი პირი მუშაობს სამოქმედო გეგმაზე. ყველას თავისი გეგმა აქვს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ცრუმოლოდინი არ შევქმნათ. ერთ დღეში რუსული რეჟიმისგან ვერ გავთავისუფლდებით.
- "ნაციონალური მოძრაობის" რომელ ფრთასთან აპირებთ თანამშრომლობას, ან ამ შიდაპარტიულ არჩევნებში ვის უჭერთ მხარს?
- ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს, ვინ გაიმარჯვებს შიდაპარტიულ არჩევნებში. "ნაციონალური მოძრაობა" თავად გადაწყვეტს ამ საკითხს.
- ითანამშრომლებთ ხაბეიშვილთან, რომელიც ერთ დროს თქვენი თანამებრძოლი იყო, ან მერაბიშვილთან, რომელსაც თავად "ნაციონალების" ერთი ნაწილი პოლიტიკურ საფრთხობელად თვლის?
- მე არანაირი პრეტენზია არა მაქვს ხაბეიშვილთან, ყველას თავისი პოლიტიკური არჩევანი აქვს. საზოგადოება გადაწყვეტს, ვინ მოღალატეა, ვინ საფრთხობელა, ვინ მართული და ვინ მმართველი. დრო ყველაფერს დაალაგებს. მე ერთს ვიტყვი - ყველასთან ვითანამშრომლებ, ვინც რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაში დაგვეხმარება. ვისთან უშუალოდ ვითანამშრომლებ და ვისთან მექანიკურად, ამას საქმე გამოაჩენს.მე არ ვაპირებ ვიღაც-ვიღაცებისთვის კლიშეების ჩამოკიდებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი "ქართული ოცნების" დეზინფორმაციის გავლენაშია მოქცეული და ჰგონია, ჭორაობით მისთვის სასურველ შედეგს მიიღებს. ცოტა უნდა გავიზარდოთ, თვე-ნახევარი კეზერაშვილსა და მერაბიშვილზე საუბარი მავნებლობაა. ისე გამოდის, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი არიან ქვეყნის პრობლემა და არა ივანიშვილი.
ხათუნა ბახტურიძე