ჩუმი ტრაგედია გალში - კვირის პალიტრა

ჩუმი ტრაგედია გალში

"აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების გზა სწორედ სამურზაყანოელებზე, გალელებზე გადის და თუ ეს ძაფი გაწყდა, დიდი ალბათობით, აფხაზეთს სამუდამოდ დავკარგავთ. ამიტომ ამ ძაფს ხელი მაგრად უნდა ჩავჭიდოთ და გაწყვეტის საშუალება არ მივცეთ", - ამბობს ჟურნალისტი, ისტორიის დოქტორი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი კახა კვაშილავა და გვიამბობს, რა ხდება დღეს ისტორიულ სამურზაყანოში.

- გალის რაიონის, ისტორიული სამურზაყანოს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, ამ წუთებში... აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორია რუსეთს აქვს ოკუპირებული. მეტიც, საქმე მიდის აფხაზეთის სრული ანექსიისკენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა და აფხაზეთმა 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ორ სახელმწიფოს შორის არაერთი ხელშეკრულება გააფორმეს, ეს მაინც არ ნიშნავს, რომ რუსეთი ამ „სახელმწიფოს“ სერიოზულად აღიქვამს, ტერიტორიად უფრო მიიჩნევს, რომლის სრული ათვისებაც აქვს გადაწყვეტილი. რუსეთს შავიზღვისპირეთში ვრცელი საზღვაო ზონა სჭირდება. ის სანაპირო, რომელიც რუსეთს საერთაშორისო საზოგადოების აღიარებულ საზღვრებში აქვს, ძალიან ვიწროა, მოუხერხებელი მისი სამხედრო, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებისთვის. ამიტომაც მიიტაცა ჯერ აფხაზეთი, 2014 წელს კი ყირიმი. ახლა უკრაინის ნაწილს ეპოტინება.

გალის რაიონში ჯერ კიდევ არის ქართველი მოსახლეობა. საბჭოთა კავშირის პერიოდში აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში გალის რაიონი ყველაზე ქართულ რაიონად ითვლებოდა - 800 000 ქართველი ცხოვრობდა. აფხაზეთში საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ მოსახლეობა იქიდან აიყარა, მაგრამ შემდეგ ისევ დაბრუნდნენ. 21-ე საუკუნის 2000-იანი წლების დასაწყისისთვის 60 000 კაცი იყო დაბრუნებული, ანუ ისევ უმეტესი რაოდენობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ომამდე აფხაზების რაოდენობა 40 ათასს ძლივს აჭარბებდა, მათგან კიდევ ძალიან ბევრი რუსეთში წავიდა, დაბრუნებული ქართველები მკვეთრ უმრავლესობაში იყვნენ. ამიტომაც ქართველებს აფხაზეთის ეგრეთ წოდებული „მოქალაქეობის“ მიღება აუკრძალეს. ეს ქართველებს ისედაც დიდს არაფერს აძლევდა, მხოლოდ არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

- რატომ აუკრძალეს?

- რადგან უმრავლესობას წარმოადგენდნენ, ქართველებს თავისუფლად შეეძლოთ ხელისუფლებაში ისეთი კანდიდატი მოეყვანათ, რომელიც ქართველებთან დაახლოების მომხრე იქნებოდა. რეაქციულმა ძალებმა, სეპარატისტებმა, ოკუპანტებმა ქართველებს „აფხაზური პასპორტები“ ჩამოართვეს. თუმცა ახლანდელმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ ისევ დაიწყო გალის რაიონში დარჩენილი ქართველებისთვის „პასპორტების“ დარიგება. დღეს უკვე სხვა სიტუაციაა. ადმინისტრაციულ საზღვარზე, მდინარე ენგურზე, რუსი ოკუპანტები „სასაზღვრო ჯარების“ სახით დგანან. გალში ჩასახლებულია 20 000 კბილებამდე შეიარაღებული რუსი. რუსული სამხედრო ქალაქიც დააარსეს და ამ ჯარს მათი ოჯახის წევრებიც მოჰყვებიან. დაახლოებით, სულ მცირე, 60 000 რუსზეა საუბარი და დღეს გალის რაიონში მათი რაოდენობა ქართველებისას აჭარბებს. გალში ომამდე ასამდე ქართული სკოლა იყო, ომის შემდგომ კი მათი რაოდენობა ორმოცდაათამდე დავიდა. სამი წელია გალის რაიონში სწავლება მხოლოდ რუსულ ენაზეა, არადა, ამჟამადაც კი მოსახლეობამ, არც პედაგოგებმა და არც მოსწავლეებმა რუსული ენა არ იციან. ქართული უცხო ენას გაუთანაბრდა და კვირაში მხოლოდ ერთი საათი ისწავლება. სამაგიეროდ, ისწავლება რუსეთისა და აფხაზეთის „სახელმწიფოს“ ისტორია, რუსული, აფხაზური ენები. ზრდიან თაობას, რომელიც საქართველოს როგორც იურიდიულად, ასევე მენტალურად მოსწყდება. ეს ხდება ისტორიულ სამურზაყანოში, ჩვენგან სულ რაღაც 350 კილომეტრზე.

- როგორი სურათი იყო გასულ წლებში?

- 2007 წლამდე ქართველი პარტიზანები სეპარატისტებსა და ოკუპანტებს საშუალებას არ აძლევდნენ გალის რაიონის ტერიტორიაზე ღრმად შეჭრილიყვნენ. მოსახლეობის დაცვას მეტ-ნაკლებად ახერხებდნენ. შემდეგ თანდათან მინელდა ეს მოძრაობა. 2020 წლიდან, უკვე სამი წელია, რაც გალის რაიონის სკოლებში აკრძალული აქვთ ქართულად საუბარი.

30 სექტემბერს სეპარატისტები „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავენ, დაღუპული აფხაზი სეპარატისტების მემორიალთან მიჰყავთ ქართველი მოწაფეები. ქართველი ბავშვები პატივს მიაგებენ მათ, ვინც მათ ბებია-ბაბუებს, მშობლებს აწიოკებდნენ. ეს ჩვენი ეროვნული ღირსების დიდი შეურაცხყოფაა. შარშან რუსეთის განათლების სამინისტრომ აფხაზეთში კონკურსი ჩაატარა და გამარჯვებულ ბავშვებს შესაძლებლობას აძლევდა რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში რუსეთის სახელმწიფოს სრული დაფინანსებით ესწავლათ. ამ კონკურსში გალელმა ქართველმა გოგონამ გაიმარჯვა. ბუნებრივია, ეს რუსეთსაც ძალიან სურდა - ერთი მხრივ, აფხაზებისთვის ეჩვენებინათ, რომ რუსები არიან იქ მთავარი, მეორე მხრივ, იმ ქართველ გოგონას სრულიად გაარუსებენ, შემდეგ გალში დააბრუნებენ და გოგონა იქ რუსეთის ინტერესების გამტარებელი იქნება. ასე თანდათანობით ზრდიან კულტურულ-პოლიტიკურ აგენტებს.

- გამოსავალი რა არის?

-. ერთადერთი გამოსავალია ჟენევის მოლაპარაკებებზე ამ ინფორმაციის გახმაურება, რათა მსოფლიომ გაიგოს, რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. როგორ მიმდინარეობს დარჩენილ ქართველთა გენოციდი, მათი როგორც ფიზიკური, ისე მენტალური განადგურება, დეეთნიზაცია. გალის რაიონში სამენოვანი, რუსულ-აფხაზურ-მეგრული გაზეთი გამოდის, ასეთივე სამენოვანი ტელევიზია მაუწყებლობს. ერთიც და მეორეც უმეტესწილად უფრო რუსულენოვანია, ვიდრე აფხაზური თუ მეგრულენოვანი. ამაშიც ჩანს, რომ მიზანი სწორედ გარუსებაა.

- ჩვენ რას ვაკეთებთ?

- ოკუპირებული ზონიდან გადმოსულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე არჩეულ სასწავლებლებში ჩააბარონ და სწავლა საქართველოს სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაიწყონ. ძალიან ბევრი გალელი ქართველი და აფხაზიც სწავლობს ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში. ისინი ცდილობენ საჯაროდ არ გამოჩნდნენ, რადგან იქ მათ ოჯახის წევრები რჩებათ, რომლებსაც საფრთხე შეექმნებათ, თუ რომელიმეს ამბავი გამოაშკარავდება. ეს არის, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას შეუძლია გააკეთოს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქართული მუხტი შეინარჩუნოს.

აფხაზებმა 2014 წელს შექმნეს ეგრეთ წოდებული „"სამურზაყანოელთა იდენტობის აღდგენის საზოგადოება". როგორც ამბობენ, ისინი სამურზაყანოელები, აფხაზები არიან და ქართველებმა გააქართველეს. ეს მისცემთ საშუალებას, რომ სამურზაყანოელები, ანუ გალელები, ისევ გაააფხაზონ. 54 ათასი გვარი აქვთ ჩამოწერილი, მათ უნდა აიღონ პასპორტი, სადაც ეროვნების აღმნიშვნელ გრაფაში "აფხაზი" ჩაეწერება. სეპარატისტები ცდილობენ ქართველ ერში განხეთქილება შემოიტანონ - ამბობენ, რომ ქართველი სხვაა და მეგრელი სხვა, რომ სამეგრელო ქართველის დაპყრობილი ტერიტორიაა. საინტერესოა, რომ ათი წლის წინ შექმნილ საზოგადოებას, რომელსაც 54 ათასი ოჯახის სია აქვს ჩამოწერილი, რომლებსაც აფხაზური „ეროვნული იდენტობა“ უნდა აღუდგინონ, სულ ოთხასიოდე კაცმა მიმართა. დანარჩენები იმ პოლიტიკურ-მორალურ წნეხში მედგრად დგანან და თავს ქართველებად აღიარებენ. გალის მოსახლეობა გმირია! მათ გვერდით დგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით რამდენიმე თვეში მნიშვნელოვან სამეცნიერო პროექტს დავასრულებთ, რომლის ხელმძღვანელიც მე გახლავართ, და გამოვცემთ ორენოვან (ქართული და ინგლისური) წიგნს, რომელსაც ეწოდება „"სამურზაყანო - ქართული ისტორიულ-ეთნოგრაფიული პროვინცია. წარსული და თანამედროვეობა". ამ კვლევით ჩვენ ვაჩვენებთ, რომ ეს ტერიტორია ოდითგანვე იყო და არის ქართული! ქართველია სამურზაყანოს მოსახლეობა, ქართული ადათ-წესებით, კულტურით... წიგნში იქნება ბევრი სიახლე, რომელიც აქამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებისთვის და სხვადასხვა წყაროში მივაკვლიეთ. ოკუპანტები და სეპარატისტები ხვდებიან, რომ ამ რეგიონს საკვანძო მნიშვნელობა აქვს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში. სამურზაყანო ის ერთადერთი ხიდია, რომელიც ენგურგამოღმა საქართველოს ენგურგაღმა ქართველთაგან დაცლილ საქართველოსთან აკავშირებს.

2008 წელს აფხაზებმა ვინმე ქალბატონ ბასარიას (რომელიც განათლებით ინჟინერია, არც აფხაზოლოგი და არც ქართველოლოგი) დაუკვეთეს გალელთათვის მეგრული "დედაენის" შექმნა. ეს „სახელმძღვანელო“ გალის მაშინდელ ჯერ კიდევ მოქმედ ქართულ სკოლებში უნდა შეეტანათ, რათა ჩაენაცვლებინათ იაკობ გოგებაშვილის მეთოდოლოგიით შექმნილი "დედაენის" სახელმძღვანელოები. თქვენ წარმოიდგინეთ, ამ „"სახელმძღვანელოს" ხელი არავინ მოჰკიდა. გალელმა ქართველებმა იაკობ გოგებაშვილის „"დედაენა" არ დათმეს. ჩვენ დღეს ძალიან მშვიდად ვართ, ერთმანეთს დღესასწაულებს ვულოცავთ, გალში კი ვიღაცისთვის შეიძლება ფანჯარაში გახედვაც საშიში იყოს. იქაურები ყველანაირ გაჭირვებას უძლებენ, რათა ეს მხარე საქართველოს შეუნარჩუნონ. აფხაზეთის საქართველოში დაბრუნების გზა სწორედ სამურზაყანოელებზე, გალელებზე გადის. ქართველთა და აფხაზთა შერიგების გზაც სამურზაყანოელებზე გადის და თუ ეს ძაფი გაწყდა, დიდი ალბათობით, აფხაზეთი ჩვენთვის სამუდამოდ დაკარგული იქნება. ამიტომ ამ ძაფს ხელი მაგრად უნდა ჩავჭიდოთ და გაწყვეტის საშუალება არ მივცეთ!