„ვაგნერი“ - ეს არის შეთანხმება ეშმაკთან“ - კვირის პალიტრა

„ვაგნერი“ - ეს არის შეთანხმება ეშმაკთან“

"დიახ, ის მკვლელია და მას ომში 3-4 და შეიძლება მეტის, იმ ბაბუაწვერა ბიჭების ფასი აქვს, რომლებსაც ჯერ პირზე რძე არ შეშრობიათ, იმ ბაბუაწვერა ბიჭებში თქვენი ძმა, თქვენი მამა, თქვენი ქმარია. აწონ-დაწონეთ, ვინ გინდათ ომში წავიდეს - ყაჩაღი და მკვლელი თუ თქვენი ახლობლები, რომლებსაც, მკვლელებისგან განსხვავებით, თუნუქის კუბოებით ჩამოგიტანენ" დმიტრი პრიგოჟინი, "ვაგნერის" დამფინანსებელი, გაზ. "კომერსანტი", 25.01.2023

"ჩვენ შეიარაღებული ძალები კი არა, გასამხედროებული კრიმინალური საძმო ვართ. ჩემი ბიჭები შედიან აფრიკის ქვეყნებში და მეორე დღეს ცოცხალს არავის ტოვებენ. ასე ავლებენ მუსრს ჩვენს მტრებს უკრაინაშიც. თქვენი გადაწყვეტილება, გახდეთ კერძო სამხედრო კომპანიის წევრი, არის შეთანხმება ეშმაკთან. თუ თქვენ ჩემთან ერთად გამოხვალთ აქედან, შეიძლება თავისუფალ ადამიანად დაბრუნდეთ ან საერთოდ ვერ დაბრუნდეთ. თქვენ ვალდებული იქნებით დახოცოთ ჩვენი მტრები და შეასრულოთ ხელმძღვანელობის ბრძანება. ვინც უკან დაიხევს, ადგილზე დახვრეტა ელის".

დმიტრი პრიგოჟინის სიტყვიდან იაროსლავის კოლონიაში

სისხლიანი შავი კონტინგენტი

აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში "ვაგნერის" მებრძოლები პირველად 2018 წელს გამოჩნდნენ. როგორც თავად ამბობდნენ, ისინი ხელისუფლებამ მიიწვია. თავიდან "მუსიკოსები" ინსტრუქტორები, სამხედრო მრჩევლები იყვნენ. მოგვიანებით მათი რიცხვი 50 კაცამდე გაიზარდა. ქვეყნის იმჟამინდელ პრეზიდენტს ფორსტენ არკანჟ ტუადარას თუ დავუჯერებთ, "ვაგნერის" მებრძოლებმა "არა მარტო შეაჩერეს ან დააკონსერვეს კონფლიქტი, არამედ სამომავლო მშვიდობის იმედიც გააჩინეს", თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები აღშფოთებას ვერ მალავდნენ "ვაგნერის" განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებზე.

2018 წლის 30 ივლისს აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში უცნობმა პირებმა მოკლეს სამი რუსი ჟურნალისტი, რომლებიც "ვაგნერის" საქმიანობაზე ბიზნესმენ ხოდორკოვსკის საგამოძიებო მედიაცენტრისთვის ჟურნალისტურ გამოძიებას ატარებდნენ. მიუხედავად იმისა, ყველა სამხილი მიუთითებდა, რომ დანაშაული "ვაგნერის" მებრძოლების ჩადენილი იყო, აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში ამაზე არავინ საუბრობდა, მეტიც, 2019 წელს, როცა ხელისუფლებამ გამოძიება დაამთავრა, შედეგები რატომღაც აღარ გამოაქვეყნა. ოფიციალურად რუსი ჟურნალისტების მკვლელად ცნობილი "პროფესიული" მკვლელი, ტერორისტი დომინიკ კრისტოფ რანეტი აღიარეს (მას ასევე ბრალს სდებდნენ საფრანგეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში) და მისი ინტერპოლით ძებნაც გამოაცხადეს. თუმცა, ამ დროს თავად რანეტი თავისუფლად დასეირნობდა პარიზის ქუჩებში და გაოცებულ ჟურნალისტებს ინტერვიუებს აძლევდა (?!).

ამასობაში "ვაგნერის" მებრძოლები ადგილობრივი ხელისუფლებების "მიწვევით" მალიში, მოზამბიკში, ბურკინა-ფასოში. სუდანსა და ლიბიაში დათარეშობდნენ.

საფრანგეთი, რომელიც უკვე 9 წელია მალიში ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებს, ყველაფერს აკეთებდა, რომ "ვაგნერი" ქვეყანაში არ შეეშვა, მაგრამ რამდენიმეთვიანი ცდა იმით დამთავრდა, რომ "ვაგნერის" მებრძოლებმა, რომლებსაც ხელისუფლებასთან შეთანხმებით ტერორისტების წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, მალიში ფრანგი სამხედროების დევნა დაიწყეს.

შავ კონტინენტზე ჩადენილი სასტიკი დანაშაულების გამო "მუსიკოსები" კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ნუსხაში მოხვდნენ. თუმცა მათ დასჯაზე არავის უფიქრია, აფრიკა ხომ ასე შორს იყო ძლიერთა ამა ქვეყნისა თვალისგან, და "ვაგნერი" ისევ მიივიწყეს.

2022 წლის 24 თებერვალს კრემლმა სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა და რუსულმა სამხედრო ნაწილებმა უკრაინის საზღვარი გადაკვეთეს. ასე დაიწყო უკრაინის ოკუპაციის ცდა, რასაც თითქმის ერთი წელია უშედეგოდ ცდილობს ოკუპანტი ქვეყანა.

შემოდგომაზე, როცა უკრაინის შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმატებული სამხედრო მანევრის შემდეგ საოკუპაციო ძალებს უკან დახევამ მოუწიათ (პირველი მერცხალი ქალაქი იზიუმი იყო), მსოფლიომ შეიტყო, რომ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერიც" მონაწილეობდა, რომელმაც თავისი შემადგენლობის თითქმის ნახევარი აფრიკის ქვეყნებიდან გამოიწვია. "მუსიკოსების" დამფინანსებელი დმიტრი პრიგოჟინი უკვე საჯაროდ აკრიტიკებდა რუსეთის არმიის ხელმძღვანელობას. აშშ-ის დაზვერვის ცნობით, კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისი "მზარეული" პირდაპირ ცეცხლს ყრიდა - მისი თქმით, რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელობისთვის "ვაგნერი" დიდი ძალაა, თუმცა ფინანსურ დახმარებას არ უწევს. პრიგოჟინმა პუტინს ისიც შეახსენა, რომ მხოლოდ "ვაგნერის" დახმარებით გახდა შესაძლებელი ლუგანსკის აეროპორტისა და კიდევ ბევრი ობიექტის აღება. პრიგოჟინი პუტინს არწმუნებდა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყება საკადრო ცვლილებებს საჭიროებდა.

პრიგოჟინს მოკავშირედ რამზან კადიროვიც გამოუჩნდა, რომელიც უკმაყოფილო იყო რუსი სამხედროების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით. საბოლოოდ ამ უცნაურ ტანდემს რუსეთის ჯარების დაჯგუფება "ცენტრის" მეთაური, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ ლაპინი შეეწირა. ექსპერტების აზრით, კადიროვისა და პრიგოჟინის ახალი სამიზნე შეიძლება გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი გახდეს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად.

ამრიგად, "ვაგნერისა" და რუსეთის სამხედრო წრეების კონფლიქტი, რომელიც დიდი ხანია მწვავდებოდა, სწორედ შემოდგომაზე გახდა საჯარო. მალე რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ხელმძღვანელი სერგეი სუროვიკინი გახდა, რომელსაც პრიგოჟინთან კარგი ურთიერთობა ჯერ კიდევ სირიიდან აქვს. ექსპერტები ფიქრობენ, რომ სუროვიკინის დანიშვნაში "პუტინის მზარეულის" ხელი ურევია. თუმცა ვერც სასურველმა საკადრო ცვლილებამ შეამსუბუქა რუსი სამხედრო წრეების განწყობა "მუსიკოსების" მიმართ.

"ვაგნერი" დღემდე თვალში არ მოსდით, საამისოდ კი მიზეზი ბევრი აქვთ - "მუსიკოსები" უმაღლესი მეთაურების ბრძანებებს ხშირად არ ასრულებენ, ავტონომიურად მოქმედებენ. სამხედრო წრეებში კარგად იციან, თუ შეტევაზე გადავლენ და "ვაგნერი" მათ მხარს არ დაუჭერს, ვერაფერს გააწყობენ, ვერავის დასჯიან ბრძანების შეუსრულებლობის გამო. გარდა ამისა, მათ სამხედრო მომზადების დონეს უწუნებენ და ამის მაგალითად მოჰყავთ ქალაქი ბახმუტი, რომლის აღებასაც ნახევარი წელია ვერ ახერხებენ. ამ დროს "ვაგნერის" შეიარაღება და ფინანსური რესურსი ბევრ სამხედრო დანაყოფს შეშურდება. დღეს "მუსიკოსებს" შეიარაღებაში მძიმე ტექნიკა, არტილერია, ავიაცია ჰყავთ და ეს მხოლოდ პილოტები და თვითმფრინავები არ არის, არამედ ძალიან რთული ტექნიკური მომსახურებაც, რაშიც "ვაგნერი" რუსეთის თავდაცვის უწყების იმედით არის. დღესდღეობით უკრაინაში სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეების 10%-ს "მუსიკოსები" შეადგენენ.

vagneri2-1674990641.jpg

"ასეთია ქურდი კაცის ბედი..."

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების გამო "ვაგნერის" შემადგენლობის ნახევარი აფრიკის ქვეყნებიდან გამოიწვიეს. თუმცა ეს საკმარისი არ იქნებოდა ისეთი დავალებებისთვის, რომელთაც "ვაგნერი" უკრაინაში ასრულებს. რუსეთის შეიარაღებული ძალების ნაწილების შესავსებად უკვე იყო ნაწილობრივი მობილიზაცია გამოცხადებული, მოხალისეები კი ნაკლებად გამოთქვამდნენ სურვილს ემსახურათ "ვაგნერის" რიგებში. დმიტრი პრიგოჟინს მაშველ რგოლად სასჯელაღსრულების ადგილებში გამოკეტილი კრიმინალური სამყარო გამოუჩნდა და "ვაგნერის" დამფინანსებელმა, რომელსაც თავად აქვს რამდენიმე წელი ციხეში გატარებული, გადაწყვიტა "ვაგნერის" რიგები პატიმრებით შეევსო.

პრიგოჟინის ინიციატივამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია სამხედრო და არა მარტო სამხედრო წრეებში. კადრის ოფიცრები უარს ამბობდნენ კრიმინალების მხარდამხარ ბრძოლაზე. პოლიტიკოსები კი ერთხანს თავს იმშვიდებდნენ და პრიგოჟინის მორიგ ახირებას შეუსრულებელ მისიად თვლიდნენ. თუმცა ერთ დღეს პატიმრების უფლებადამცველმა ორგანიზაციამ "Gგულაგუ ნეტ" თვითმხილველების მონაყოლი გამოაქვეყნა, რითაც დასტურდებოდა, რომ რუსეთის 17 კოლონიაში მიმდინარეობდა პატიმრების რეკრუტირება, რასაც პირადად პრიგოჟინი ხელმძღვანელობდა.

"ყველანი მოედანზე გამოგვიძახეს, მთელი კოლონია, ხეიბრებისა და იმ ხალხის ჩათვლით, რომელიც, როგორც წესი, გარეთ არ გამოდიოდა - მოხუცები, ავადმყოფები, კარანტინში მყოფნი, ყველა, ვისაც მოედნამდე საკუთარი ფეხით მოსვლა შეეძლო. მათ შორის თანამშრომლებიც. 1500 კაციდან წარმოდგენა არავის გვქონდა, რა ხდებოდა.

კოლონიის ტერიტორიაზე თეთრი მიკროავტობუსი შემოვიდა, საიდანაც 8 სამოქალაქო პირი გადმოვიდა. ოთხი უკან ჩამორჩა, ოთხი კი ჩვენთან მოვიდა. სამი სპორტული აღნაგობის მამაკაცი იყო ავტომატებით ხელში(?!). მეოთხე იყო საშუალო ასაკის მელოტი მამაკაცი რუსეთის გმირის მედლით. სწორედ მედლით ვიცანი რომ დმიტრი პრიგოჟინი იყო.

გამოგვიცხადეს, მესამე მსოფლიო ომი დაიწყო და თქვენ შეგიძლიათ რუსეთის მხარეს იბრძოლოთო", - იხსენებდა იაროსლავის კოლონიის ერთ-ერთი პატიმარი.

ომში წასვლაზე სურვილის გამოთქმის შემთხვევაში პატიმრებს რამდენიმე ეტაპად ამოწმებდნენ, მათ შორის ნარკოტიკების მოხმარებასა და ფსიქოლოგიურ მდგრადობაზე. რეკრუტის შემოწმება პოლიგრაფით ხდება და მხოლოდ ამის შემდეგ ფორმდება მასთან კონტრაქტი, რომლის თანახმადაც, ის "ვაგნერის" რიგებში 6-თვიანი ბრძოლის შემდეგ პრეზიდენტის შეწყალებას მიიღებს, თუმცა ყველა რეკრუტს აფრთხილებდნენ, რომ ომში გადარჩენის შანსი მხოლოდ 10%-ია. ყოველთვიური ხელფასი 200.000 რუბლია პრემიალური დანამატებით. სამედიცინო დახმარებით გარდაცვალების შემთხვევაში, პატიმრის ოჯახი 5 მილიონ რუბლს მიიღებს.E ეს პირობები ეხება ყველა პატიმარს, ნარკომანებისა და მოძალადეების გარდა", "ვაგნერმა" უარი თქვა მათ რეკრუტირებაზე.მალე "მუსიკოსების" რიგებში 1800 პატიმარი ჩადგა, უმრავლესობა მძიმე დანაშაულში მხილებული პირები იყვნენ. მათ 15-20-წლიანი სასჯელის გამო დასაკარგავი არაფერი ჰქონდათ. სწორედ ამ შემადგენლობით იბრძოდა "ვაგნერი" სოლედარში, სწორედ კრიმინალების ხროვა უპირისპირდება უკრაინის მხარდამჭერ "ქართულ ლეგიონს" ბახმუტშიც. მართალია, ომში მონაწილე პატიმრების უმრავლესობას არ უმართლებს და შინ ცოცხალი ვერ ბრუნდება, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც 6-თვიანი სამსახურის შემდეგ შეწყალება მიიღეს და შინ ბრუნდებიან. მათ შორის იყო ალექსანდრ ტუტინი, რომელმაც 2005 წელს ლენინგრადის ოლქში ბიზნესმენი, მისი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დახოცა. ის მხოლოდ 2018 წელს დააკავეს, როდესაც კილერებს 600.000 რუბლად საკუთარი ძმისშვილი შეუკვეთა. 2021 წელს ტუტინს 23 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. "ვაგნერში" 6-თვიანი სამსახურის შემდეგ ის შეიწყალეს და თურქეთში დასასვენებლად გაემგზავრა.

ტუტინის საქმის გამო პრიგოჟინი კრიტიკის ობიექტი კიდევ ერთხელ გახდა. თუმცა "პუტინის მზარეული" დანებებას არ აპირებს და ახლა უკვე პატიმარი ქალების რეკრუტირებაზე ოცნებობს იმ იმედით, რომ მათგან კარგი სნაიპერები და დივერსანტები დადგებიან. თუმცა მანამდე ბახმუტია, სადაც გამარჯვება ჰაერივით სჭირდება "ვაგნერს". ქალაქის შენარჩუნება სჭირდება "ქართულ ლეგიონსაც", რომელიც "ვაგნერის" ღირსეული მოწინააღმდეგეა უკრაინისთვის ომში.