ცუცხვათის სენსაცია
დმანისში აღმოჩენილმა პირველი ევროპელის 1,8 მლნ წლის ნაშთმა ქართველებს თავმოწონების მიზეზი კიდევ ერთხელ მოგვცა. თუმცა ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ აღმოჩენებს ქართველ მეცნიერთა მრავალი წლის მუხლჩაუხრელი შრომა უძღვის, რაც უმეტესად ენთუზიაზმზე იყო დაფუძნებული და უმთავრესად დღესაც ასეა. ჩვენი მეცნიერები მუშაობისათვის ამჯერადაც ბევრს არაფერს მოითხოვენ სახელმწიფოსაგან, რაც გასაკვირია. ამის მიუხედავად, ჩვენს ქვეყანაში სენსაციური აღმოჩენები, სავარაუდოდ, კვლავ დაფიქსირდება. რომელთა შორის ცუცხვათის 13-სართულოვან გამოქვაბულში მოპოვებულიც უნდა იყოს. სწორედE აქ, ცუცხვათშია ადამიანის აწ გამქრალი სახეობის, ნეანდერტალელთა უძველესი "ციხე-სავანე", სადაც უძველესი ადამიანები ცხოვრობდნენ, ნადირობდნენ, მრავლდებოდნენ, ცეცხლით თბებოდნენ და ბავშვებსაც ზრდიდნენ. ეს მანამდე გაგრძელდა, სანამ ნეანდერტალელებზე უფრო ძლიერი ადამიანთა ახალი ტალღა, ჰომო საპიენსი გამოჩნდებოდა და მალე ნეანდერტალელები მიწისაგან პირისა აღიგავენ. ეს დაახლოებით 40 000 წლის წინ მოხდა.
რამ გააქრო ნეანდერტალელები, რომლებიც მთელ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, შუა აზიასა თუ კავკასიაში ცხოვრობდნენ და დედამიწაზე მნიშვნელოვანი ინოვაციების შექმნა დაიწყეს, მეცნიერებს ზუსტი პასუხი არა აქვთ. ამ პასუხისათვის ისინი გამოქვაბულებში ნამარხებსა და მატერიალური კულტურის ნაშთებს სწავლობენ, მათ შორის ცუცხვათის 13-სართულიან გამოქვაბულებშიც, მღვიმურ სისტემაში, რომელიც ტყიბულის რაიონის სოფელ ცუცხვათში მდებარეობს. Aასე რომ, ამჟამად ცუცხვათიდანაც ელის მეცნიერება ამოუხსნელ კითხვებზე პასუხს. ამიტომაც არიან დაინტერესებული აქაურობით უცხოელი მეცნიერებიც, მათ შორის ამერიკის, საფრანგეთის, გერმანიის უნივერსიტეტებიდან. თუმცა არა მარტო ამიტომ: ცუცხვათის მღვიმე მსოფლიოს მნიშვნელოვან სიძველეებს არაფრით ჩამოუვარდება, ის უამრავ საიდუმლოებას ინახავს. სწორედ ცუცხვათის თემაზე ვესაუბრეთ არქეოლოგსა და პალეოანთროპოლოგს, ცუცხვათის მღვიმური სისტემის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელს ნიკოლოზ წიქარიძეს:
- ცუცხვათის მღვიმური სისტემის შესწავლას სათავეში ქართველ მეცნიერთა ჯგუფი უდგას, მაგრამ თემა იმდენად აქტუალურია, რომ კვლევაში არაერთი უცხოელი მეცნიერი ჩაერთო. ამის მიუხედავად, ცუცხვათის მასშტაბის სამეცნიერო კვლევას რამდენიმე ათეული წელი დასჭირდება, მით უფრო, რომ სისტემა 13-სართულიანია და 10 გამოქვაბულისაგან შედგება, რომლებშიც ადამიანის ევოლუციის 100 000 წელზე მეტხნოვანი ისტორიაა დალექილი. სამწუხაროდ, ასეთი მასშტაბური კომპლექსიდან, 10%-ც არ გვაქვს სრულად შესწავლილი. არადა, ცუცხვათის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ ჯერ კიდევ ქართველ მეცნიერთა უფროსმა თაობებმა მიიჩნიეს აუცილებლობად მისი შესწავლა. კვლევები გასულ საუკუნეში გეოგრაფმა ლევან მარუაშვილმა დაიწყო, რის შემდეგაც პროცესში არაერთი ინსტიტუტი ჩაერთო. არქეოლოგიურ გათხრებს არქეოლოგი დავით თუშაბრამიშვილი აწარმოებდა.
- ეს ხომ კლდოვანი გამოქვაბულებია, რა გათხრებზეა საუბარი?
- ჩვეულებრივ არქეოლოგიურ გათხრებზეა საუბარი, რომელიც გამოქვაბულში ისევე საჭიროა, როგორც ღია სივრცეში. გამოქვაბულები ათასობით წლების განმავლობაში გარედან შეტანილი მიწითა და ჭერიდან ჩამოცვენილი ქვებით ივსებოდა. ბატონმა დავითმა ცუცხვათში, სხვა არტეფაქტებთან ერთად, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნამარხიც აღმოაჩინა - დაახლოებით 50 000 წლის წინანდელი ნეანდერტალელი ბავშვის კბილი. მეორე კბილი 2018 წელს ჩვენმა ექსპედიციამაც აღმოაჩინა, რომელსაც თავად ვხელმძღვანელობ. Kკბილი ჩვენმა კოლეგამ თათა აღაპიშვილმა იპოვა.
- ნეანდერტალელები რატომ გაქრნენ?
- ეს ადამიანის ევოლუციის კვლევისთვის ერთ-ერთი უმთავრესი კითხვაა, რომელზეც ჯერ მეცნიერებს ზუსტი პასუხი არ გააჩნიათ. პასუხის გასაცემად გლობალური კვლევებია საჭირო. ამაში კი მნიშვნელოვანი წვლილი შესაძლოა ცუცხვათის მღვიმური სისტემის კვლევამაც შეიტანოს, მაგრამ, სამწუხაროდ, 2017 წელს ცუცხვათის მღვიმურ სისტემაში მიმდინარე კვლევები 2022 წელს კულტურის სამინისტრომ შეაფერხა. ათობით მეცნიერი გათავისუფლდა თანამდებობიდან, მათ შორის მეც.A არადა, ჩვენ სხვას არც არაფერს ვითხოვთ, გარდა ხელის შეუშლელობისა. ცუცხვათის არქეოლოგიური სამუშაოს დაფინანსება პირადად მოვიპოვე უცხოური სამეცნიერო ფონდისაგან, თანხის 80% ლაბორატორიულ კვლევაზეა გამოყოფილი, დანარჩენი კი სხვა სამუშაოებისთვის. ნეანდერტალელის გადაშენების პერიოდი ემთხვევა ჩვენი, თანამედროვე ადამიანის წინაპრების, ჰომო საპიენსის გამოჩენას, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ნეანდერტალელებმა ჩვენს წინაპრებთან კონკურენციას ვერ გაუძლეს და გადაშენდნენ.
- თუ, უბრალოდ, ჩვენმა წინაპრებმა ამოხოცეს.
- ამოხოცვის ფაქტიც არ დასტურდება, ვნახოთ, მომავალი კვლევები ამ კითხვაზე რა პასუხს გასცემს. ნეანდერტალელები თანამედროვე ადამიანთან შედარებით მასიური და დაბალი აგებულების იყვნენ. ჰქონდათ თავის ტვინის დიდი მოცულობა; ასევე მასიური და წინ წამოწეული სახე, დიდი ცხვირი, გამობერილი კეფის ძვალი, მოკლე და ძლიერი ზედა კიდურები, ნიკაპი კი განუვითარებელი. ჰქონდათ ასევე ძალიან დიდი საჭრელი კბილები, რომლებსაც გარდა საღეჭი ფუნქციისა, მესამე ხელის ფუნქციითაც ტვირთავდნენ. ისინი დახელოვნებული მონადირეები იყვნენ, მცირე ზომის ჯგუფებად ცხოვრობდნენ და მათი კვების რაციონში ძირითადად ხორცი შედიოდა, თუმცა კვლევების თანახმად, მცენარეულ საკვებსაც იღებდნენ.
- ზოგიერთი ინფორმაციით, ითვლება, რომ დღევანდელ შუბლწამოწეულ ადამიანებში სწორედ ნეანდერტალელთა დნმ დომინირებს.
- ვერ გეტყვით. თუმცა თანამედროვე ადამიანში ნამდვილად არის გადაშენებულ ნეანდერტალელთა დნმ.
- ზოგიერთი კვლევით, მღვიმის მკვიდრნი იელის ცეცხლით თბებოდნენ, ვინაიდან იელი ზეთოვანი მცენარეა, ის კიდეც ათბობდა და ზეთის წყალობით კიდეც ანათებდა - ანუ ამ ხალხმა ბუნება შესანიშნავად იცოდა და ცხოვრებას ახერხებდა.
- მეცნიერების მიზანია გავიგოთ, საიდან და როგორ მოვედით დღევანდელობამდე, რათა კაცობრიობას, რომელიც გარემოს და კლიმატური ცვლილებების ახალ ეტაპზე გადადის, ეს ცოდნა მომავალში გამოადგეს. ნეანდერტალელებთან ჩვენი სახეობის, ჰომო საპიენსის ურთიერთობა უაღრესად საინტერესო და საიდუმლოებით მოცული ისტორიაა და მეცნიერებს მოსვენებას არ აძლევს, კავკასიის ტერიტორია კი ამ საკითხის კვლევისთვის ახალ და მნიშვნელოვან აღმოჩენებს გვპირდება.