ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა... - კვირის პალიტრა

ირანის დაბომბვა და მიწისძვრა ერთმანეთს დროში საოცრად დაემთხვა...

28-29 იანვრის ღამეს, ირანის 81 მლნ-იანი მოსახლეობის ნაწილს ძილი გაუტყდა... ძლიერი მიწისძვრისა და საჰაერო დარტყმების გამო...

ირანის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ჰოის (რომელიც ირანის დასავლეთ აზერბაიჯანის პროვინციას განეკუთვნება და საქართველოს საზღვრიდან პირდაპირი ხაზით 300 კმ-ით არის დაშორებული) სიახლოვეს 5,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ორ ქალაქში და 70 სოფელში ნახევარზე მეტი შენობები დააზიანა, რასაც სამი ადამიანის დაღუპვა და 816-ის დაშავება მოჰყვა...

და სწორედ იმ დროს, როდესაც მიწისძვრისგან შეშინებული ირანელები სახლებს ტოვებდნენ, ირანის მთელ ტერიტორიაზე არანაკლებ 14 საჰაერო დარტყმა განხორციელდა კამიკაძე-დრონების გამოყენებით...

ძნელია იმის მტკიცება, რომ ეს ორი მოვლენა დროში ასე საოცრად, შემთხვევით არ დაემთხვა (მიწისძვრის ეპიცენტრი 43 კმ-ის სიღრმეში იყო და არა მგონია, არსებობდეს ისეთი ზუსტი ტექნოგენური იარაღი, რომ ეს გამოეწვია), მაგრამ ფაქტია, რომ ირანის სახელმწიფოებრივ იმიჯსა და მის საჰაერო თავდაცვას დიდი რეპუტაციული დარტყმა მიაყენა იმან, ვინც იმ ღამეს ეს 14 უზუსტესი საჰაერო შეტევა განახორციელა ირანის სტრატეგიულ ობიექტებზე...

2-irani-1675008846.png
ირანის ისპაანში დრონების ქარხანაზე ზუსტი საჰაერო დარტყმის შედეგი, რომლის ვიდოკადრები თვითმხილველებმა გაავრცელეს...

ირანის ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და ოფიციალურად აცხადებს, რომ მხოლოდ სამი საჰაერო თავდასხმა განხორციელდა და იქიდანაც ერთი დრონი ჩამოვაგდეთ და ორიც ანტიდრონულ მახეებში გაებაო (ირანელმა სამხედროებმა იარაღის მწარმოებელი რიგი ქარხნების შენობების სახურავებზე რკინის ბადეები გააბეს დრონების დასაჭერად), მაგრამ თავად ირანის მოქალაქეების მიერ გადაღებული და ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოკადრები საპირისპიროზე მეტყველებენ - უცნობმა კამიკაძე-დრონებმა იმ ირანული „შაჰიდების“ ქარხანაც დააზიანეს, რომლებსაც რუსი ოკუპანტები უკრაინის წინააღმდეგ იყენებენ...

უკრაინელებს მართლაც დაუგროვდათ შურისძიების საფუძველი ირანის ხელისუფლების მიმართ, ჯერ ერთი, უკრაინული სამგზავრო „ბოინგის“ თეირანის აეროპორტიდან აფრენისთანავე რუსული წარმოების საზენიტო „ტორით“ ჩამოგდების გამო, რაც 2020 წლის 8 იანვრის გამთენიისას მოხდა და 176 უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა ირანელი მეზენიტეების საბედისწერო შეცდომამ, რისთვისაც ოფიციალურ თეირანს დაღუპულების ოჯახებისთვის, ისევე, როგორც უკრაინის მხარისთვის შესაბამისი კომპენსაცია არ გადაუხდია...

მეორე და მთავარი - გასული წლის სექტემბრიდან მოყოლებული, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ათასზე მეტი ირანული წარმოების „შაჰიდ-131“ და „შაჰიდ-136“ ტიპის კამიკაძე-დრონი გამოიყენა, რომელთა აფეთქებებს უკრაინის ქალაქებში ძირითადად მშვიდობიანი მოსახლეობა ეწირება...

მაგრამ უკრაინას დღეს არ გააჩნია იმის ტექნიკური საშუალება, რომ თავისი ტერიტორიიდან 2 300 კმ-ით დაშორებულ ირანის ისპაანში „შაჰიდების“ მწარმოებელი ქარხანა დაბომბოს, სამაგიეროდ, ამის ტექნიკური შესაძლებლობები და მით უმეტეს, უდიდესი სურვილი ყოველთვის ჰქონდა და აქვს... ისრაელს!

3-irani-1675009101.png
ამ თანამგზავრულ ფოტოზე ჩანს ირანული საიარაღო ქარხნის სახურავი სპეციალური ანტიდრონული ლითონის ბადის დაყენებამდე და დაყენების შემდეგ

მართალია, არც ისრაელი ესაზღვრება ირანს და მათ ერთმანეთს ათასი კმ მაინც აშორებს, მაგრამ ისრაელის „ჰაროპის“ კამიკაძე-დრონებისთვის ამ მანძილის გადალახვა დიდ სირთულეს არ წარმოადგენს...

ისრაელს ჰქონდა ყველა საფუძველი, ეს საჰაერო რეიდი განეხორციელებინა ირანის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც ბოლო დღეებში ისრაელის ქალაქების ქუჩებში არაბმა ექსტრემალებმა, რომლებსაც ირანული სპეცსამსახურები უჭერენ მხარს, რამდენჯერმე ცეცხლი გახსნეს და ისრაელის მოქალაქეები მოკლეს და დაჭრეს - ისრაელი კი ასეთ რამეს არავის პატიობს...

მაგრამ გარდა ისრაელისა, კიდევ ერთ ქვეყანას ჰქონდა სრული საფუძველი შურისძიება განეხორციელებინა ირანზე და ეს... ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანია, რომლის საელჩოში თეირანში,"კალაშნიკოვიანი“ ირანელი შეიჭრა და საელჩოს ერთი აზერბაიჯანელი თანამშრომელი მოკლა, ორი კი დაჭრა...

კამიკაძე „ჰაროპები“ აზერბაიჯანის არმიასაც საკმაოდ მოეპოვება და ყარაბაღის ბოლო ომში სომხურ ტანკებზე კარგად „წაივარჯიშეს“, მათი მიზანში ზუსტად მორტყმის სახით...

ირანის ამჟამინდელ ხელისუფლებას მისივე გატარებული პოლიტიკის გამო, გარეშე მტრების გარდა, შინაურებიც საკმაოდ დაუგროვდა იმ ოპოზიციის სახით, რომლებიც ღიად ესხმიან თავს საპოლიციო უბნებს და ჯარის ყაზარმებს.

გამორიცხული არ არის და შეიძლება სწორედ ოპოზიციის წარმომადგენლებმაც მონიშნეს (ლაზერული და რადიოლოკაციური დამიზნების სისტემებისთვის) იარაღის მწარმოებელი ქარხნების შენობები, რომლებსაც „უცნობი“ კამიკაძე-დრონები ზუსტად „ესტუმრნენ“...

უახლოეს დღეებში მოსალოდნელია, რომ ირანი შურისძიების მიზნით ან ისევ „ჰესბოლას“ შეუკვეთს მორიგ ტერორისტულ აქტებს ისრაელის ქალაქებში ან ბალისტიკურ და ფრთოსან რაკეტებს ესვრის მეზობელ ერაყში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებს...