როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სასურველი პროდუქტი
რომელი მარილი ჯობს, ან როგორ განვასხვავოთ ნამდვილი ყველი ფალსიფიცირებულისგან, რომელი სახეობის ზეთი ვიყიდოთ და როგორ ამოვიცნოთ ცხენის და ვირის ხორცი, ამ და სხვა საინტერესო თემებზე სურსათის უვნებლობის სპეციალისტ ირაკლი არაბულს ვესაუბრებით:
მარილი
- ბევრს აინტერესებს ჰიმალაის, იოდიზებულ და ჩვეულებრივ სუფრის მარილს შორის თუ არის განსხვავება. სინამდვილეში მარილის ეს სახეობები ერთი და იგივეა, იმ განსხვავებით, რომ დამატებით შეიცავენ სხვა ნივთიერებებს. ჰიმალაის მარილის კრისტალების ვარდისფრად შეფერილობას მინერალები (კალციუმი, თუთია, ქრომი, რკინა, მაგნიუმი, სულფატები და ა.შ.) განაპირობებს. მასში სუფრის მარილის კონცენტრაცია 96-99%-მდეა. იოდიზებული მარილიც ჩვეულებრივი მარილია, თუმცა იოდიანი, მათთვის, ვისაც იოდის დეფიციტი აქვს. ყველა მარილი მარილია და არც ერთი მათგანის მიღება არ არის რეკომენდებული დიდი რაოდენობით, ისევე როგორც მთლიანად შეზღუდვა. FDA-ს (ამერიკის სურსათის და წამლების ასოციაცია) რეკომენდაციით, ზრდასრული ადამიანის დოზა დღე-ღამეში ერთი ჩაის კოვზია.
ყველი
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ პროდუქტი რძის ფხვნილით არის დამზადებული, აკრძალულია ყველის სახელის გამოყენება (იმერული, ქარხნული და ა.შ). ამიტომ ბაზარზე ყველის მსგავს პროდუქტს შევხვდებით სახელებით ("საგაზაფხულე", "სახაჭაპურე", "შერეული", "ყველის მსგავსი" და ა.შ). მათი ფასიც შედარებით დაბალია და მომხმარებელს ხელი მიუწვდება. თუმცა ამის გარჩევა მხოლოდ იმ დახლებზეა შესაძლებელი, სადაც პროდუქტს ეტიკეტები აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხმარებელი შეიძლება მოტყუვდეს და ყველის მსგავსი პროდუქტი შეიძინოს. ყველის ფალსიფიკაციის ერთ-ერთი ხერხი მისი ყვითელი საღებავით შეღებვაა ვიზუალური ეფექტის მისაღებად, თითქოს ყველი ცხიმიანია. თუ გაჭრილ ყველში სიყვითლე კიდეებისკენ არის წასული, ესე იგი შეღებილია, ხოლო თუ გულშია ყვითელი, მართლაც ცხიმიანი ყველია. ყველის მასის გასაზრდელად იყენებენ სახამებელს, რაც კანონით აკრძალულია. რომ გავიგოთ, არის თუ არა სახამებელი ყველში, იოდის წვეთი უნდა წავუსვათ და თუ გალურჯდა, ესე იგი სახამებელია გამოყენებული.
კვერცხი
- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, კვერცხის ოთახის პირობებში შენახვის ვადა 21 დღეა, ხოლო სამაცივრე პირობებში - 30 დღე. აუცილებელია კვერცხს გამოშვების თარიღი ჰქონდეს ბეჭედდარტყმული. დაზიანებულნაჭუჭიანი კვერცხი ინფიცირების რისკს ქმნის. ყველაზე საშიში კვერცხში ბაქტერია სალმონელაა. ის კვერცხს დაავადებული ქათმისგან მოჰყვება და შესაძლოა გატეხის შემდეგ პროდუქტზე გადავიდეს. ამიტომ კვერცხი გამოყენების წინ უნდა გაირეცხოს სადეზინფექციო ხსნარით - 1000 მილილიტრი წყალი 100 გრამი მარილის კონცენტრატით.
არ შეიძლება უმი კვერცხის მიღება, ისეთი კერძისთვის კი, რომელშიც უმ კვერცხს იყენებენ, კვერცხს უნდა გაუკეთდეს პასტერიზება 60-65 გრადუსამდე წყალში.
კვერცხის გული ხან მუქია, ხანაც ბაცი, ეს დამოკიდებულია ქათმის კვებაზე და მიღებულ ვიტამინებზე, საცხოვრებელ პირობებზე. თუ ქათამი საკვებად იღებს ერთგვაროვან მარცვლეულს, არის დახურულ შენობაში, სადაც ჟანგბადის დონე არც ისე დიდია, მისი კვერცხის გული ღია ყვითელი გამოდის. თუ ქათამი იკვებება ყვითელი სიმინდით, ჯანსაღი საკვებით, არის მზეზე, სადაც ჟანგბადის დონე მაღალია, მისი კვერცხის გული მუქი ყვითელია.
ზეთი
- ყველაზე კარგი ჯანმრთელობისთვის ზეითუნის ზეთია, თუმცა მისი ფასი ბაზარზე შედარებით მაღალია. როდესაც ცივი კერძებისთვის გვჭირდება ზეთი, შეგვიძლია არარაფინირებული (გაუფილტრავი) გამოვიყენოთ, შესაწვავად კი რაფინირებული.
კვების ინდუსტრიაში პალმის ზეთსაც ფართოდ იყენებენ. მისი პოპულარობის ერთ-ერთი მიზეზი მაღალი ტემპერატურის მიმართ მდგრადობაა. მაგალითად, ფრიტიურის აპარატებში პროდუქტის შეწვის დროს უძლებს მაღალ ტემპერატურას და შეუძლია რამდენჯერმე გაცხელებისა და გაგრილების შემდეგ თვისებები შეინარჩუნოს.პალმის ზეთის უვნებლობაზე მსოფლიოში აზრი ორად იყოფა და ჯერაც ვერ დადგინდა, საზიანოა თუ არა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ გამოყენების შეზღუდვა მაინც საჭიროა, რადგან ნულოვანი რისკის მატარებელი სურსათი არ არსებობს.
რაც შეეხება სიმინდის ზეთს, მცენარეულ ზეთებს შორის ერთ-ერთი სასარგებლო პროდუქტია. მასში მრავლადაა B, K და E ვიტამინები, რომლებიც ზეითუნის ზეთზე რამდენჯერმე მეტია, მაგრამ როგორც ყველა ნებისმიერი ცხიმის ზედმეტად მიღება მაინც საზიანოა ორგანიზმისთვის. წარწერა "ქოლესტერინის გარეშე" სარეკლამო ხრიკია, მცენარეული ზეთები ქოლესტერინს არ შეიცავს.
ხორცი
- ცხენის ხორცი არ არის მომაკვდინებელი და ორგანიზმისთვის საშიში. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მიღებული პროდუქტია, მაგრამ საქართველოში არ არის დაშვებული მისი რეალიზაცია. როგორ გავარჩიოთ ვირისაა ხორცი, ცხენის თუ საქონლის? განმასხვავებელი რამდენიმე ნიშანია. მაგალითად, საქონლის ხორცისგან განსხვავებით ცხენისა უფრო მუქია, პრიალა ყვითელი ცხიმით, მსხვილი კუნთებით, ნეკნები, საქონლისგან განსხვავებით, ბრტყელია. ვირის ხორცი კი შედარებით მჭლეა, დამახასიათებელი ლურჯი ფერით. თუმცა ზუსტი სახეობრივი კვლევა მაინც ლაბორატორიული მეთოდითაა შესაძლებელი.
გაყინული ხილი და ბოსტნეული
- გაყინული სურსათი საკმაოდ პოპულარული პროდუქტია, განსაკუთრებით სეზონური ხილი და ბოსტნეული, რომელთაც იმიტომ ვყიდულობთ და ვყინავთ, რომ არასეზონზეც გვქონდეს მათი მოხმარების შესაძლებლობა. პროდუქტის სასარგებლო თვისებები სრულად ვერ შენარჩუნდება გაყინვის დროს, მაგრამ განსაზღვრული რაოდენობის ვიტამინები მაინც აქვს.
ძალიან მნიშვნელოვანია სწორი გაყინვის მეთოდი - კარგად დამწიფებულ ხილს ან ბოსტნეულს საფუძვლიანად გავრეცხავთ და გავამშრალებთ, რათა რაც შეიძლება ნაკლები ტენი გაჰყვეს გაყინვის მომენტში. სასურველია ჯერ ცალ-ცალკე გაიყინოს და შემდეგ შევინახოთ. თუ გაყინვის პროცესი არასწორია, პროდუქტზე წარმოიქმნება ყინულის კრისტალები, რაც პროდუქტის გემოსა და ხარისხს აფუჭებს. რეკომენდებულია დაკონსერვებულის შენახვა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მასში არსებული ვიტამინები ცვლილებას განიცდის, მაგრამ ვინარჩუნებთ პროდუქტის გემოს და ხარისხს.