ხასიათი და სამოსი
"დღევანდელი კინომოდა თქვენი ხვალინდელი მოდაა". ლეგენდარული დიზაინერის ელზა სკიაპარელის ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში კინოდან მოწოდებული მოდის გავლენა გვარწმუნებს. კინოში ნანახი მსახიობების სამოსი, ვარცხნილობა, ფერები - ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც დიზაინს ეხება, წლების განმავლობაში მრავალი ადამიანის შთაგონების წყარო ხდება. ზოგჯერ ამისთვის დიზაინერების ჯგუფი ზრუნავს, ზოგჯერ კი თავად ფილმის რეჟისორია დიზაინერი და მხატვარიც. სწორედ ასეთი იყო სერგო ფარაჯანოვი - კაცი, რომელიც თავად ქმნიდა თავისი ფილმის დაუვიწყარ ფერებსა და დიზაინს. ამჯერად, რუბრიკაში "მოდა და სტილი" დიზაინერ მარინა ხორავასთან ერთად განვიხილავთ მოდას კინოში და იმ კინოსტილს, რომელიც ეკრანებიდან გვახსოვს.
- ფარაჯანოვი თავისი შემოქმედების დიზაინერი იყო. მის ფილმებში იყო ეკლექტიკა, განსაკუთრებული ფერები და სრულიად განსხვავებული დიზაინი, რაც მანამდე და არც მას შემდეგ კინოში არ გვინახავს. ფარაჯანოვისთანა თამამი დიზაინერი და ლუქის შექმნის ოსტატი არ მინახავს. ის მუშაობდა თავსაბურავზე, აქსესუარებზე, იმდენად ჭრელი და ერთმანეთში არეული ტექნიკით, რომ ამას მის გარდა, სხვა ვერ გაართმევდა თავს.
- არადა, ძალიან დიდ სიფრთხილეს იჩენენ დიზაინერები, როდესაც ფერებს ურევენ, თან კინოში.
- ფარაჯანოვი კი არ ფრთხილობდა. მას ძალზე თამამი მონასმები აქვს. არ ფიქრობდა, რას რა მოუხდებოდა. მისმა პირველმა მნიშვნელოვანმა ნამუშევარმა, "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებმა" საერთაშორისო აღიარება პოვა ფერადოვნებით, კოლორიტული კოსტიუმებითა და სოფლის ცხოვრების უცნაური აღწერით.
მე მას პირადად არ ვიცნობდი და ვერ ვიტყვი, წინასწარ ფიქრობდა თუ არა ფილმის კოსტიუმებზე, თუმცა მის კოსტიუმებში ჩანს, რომ თავად რეჟისორია ასეთი. ფილმში ყველა კოსტიუმი მისი პიროვნებიდან მოდის, მისი სამოსი პიროვნებას წარმოაჩენს, მის სულიერ მდგომარეობაზე მიგვითითებს. ეს ქვეცნობიერად ხდება, შინაგანი გამოგაქვს გარეთ. ფარაჯანოვი იყო ის, რასაც აკეთებდა, ეს მისი სულის ნაწილია. ერთ ადამიანში თავმოყრილი იყო დიზაინერიც, სცენარისტიც და რეჟისორიც. ყველა კოსტიუმს მისი ხასიათი ეტყობა.

- სოფიკო ჭიაურელი ფარაჯანოვის ფილმებში სრულიად განსხვავებულია, ალბათ, დამეთანხმები?
- სოფიკო თავისი ვიზუალით სწორად შერჩეული ტიპაჟი იყო, სრულიად უნიკალური. ვფიქრობ, რეჟისორმა სოფიკო როგორც ნიჭიერი მსახიობი კი არ შეარჩია, მან შეარჩია ტიპაჟი. ის ფარაჯანოვის ლუქის განუყოფელი ნაწილია. აქ მან შექმნა გმირი, რომელშიც ჩანს ხასიათისა და ვიზუალის ჰარმონია.
- 1966 წელს ეკრანებზე გამოვიდა მიქელანჯელო ანტონიონის ფილმი "Bლოწ Uპ", რომელიც სრულიად განსხვავებულია მისი სხვა ფილმებისგან. რეჟისორი არგენტინელი მწერლის, ხულიო კორტასარის ნაწარმოებმა შთააგონა. ფილმი არა მარტო შინაარსით არის საინტერესო, არამედ მხატვრული გადაწყვეტებითაც.
- როდესაც რაღაცის შექმნა ფიქრით იწყება. ფილმის მთავარი გმირიც, დევიდ ჰემინგსი, 1960-70-იანი წლების ჩაცმულობით გამოირჩევა, მასისგან გამორჩეული ტიპაჟია. ფილმში მხოლოდ 1960-70-იანი წლების სტილი არ არის ნაჩვენები, რომელიც ძალიან მიყვარს, არის პატარა გადასვლაც, როდესაც კადრში ჩნდება ქალი წარსულიდან.
- მძიმე ფილმია შინაარსით და რა დატვირთვა აქვს მასში კოსტიუმებს?
- რეჟისორი გვეუბნება, რომ კოსტიუმი არის ადამიანის სულიერებისა და მისი შინაარსის გარეთ გამოფენილი ვერსია. თუ ფარაჯანოვს მჭახე ფერები აქვს, ანტონიონისთან, პირიქით, პასტელის ფერებია. სწორედ ამით გამოირჩეოდა 1970-იანი წლები. რეჟისორს ფილმში შემოყვანილი ჰყავს მსოფლიო მოდის ფიგურა, გერმანელი მოდელი და მსახიობი ვერუშკა, რომელიც ყველაფერს იხდენს, ამ სვლით კი რეჟისორი ესთეტიკას უსვამს ხაზს. მიუხედავად ფილმის შინაარსისა, ულამაზესი კადრებია, პერსონაჟები, კოსტიუმები, ფერები. ფილმი დრამატულია, მაგრამ როცა მსუბუქად ჩაცმულ მსახიობებს ვხედავთ, დრამის მიღმა ვხედავთ სიმსუბუქეს, სითამამეს, სილაღეს. ფილმი მე პირადად არაერთხელ მაქვს ნანახი კოსტიუმებისა და ფერების გამო.

- 1981-1989 წლებში გადაიღეს ამერიკული სერიალი "დინასტია", 90-იან წლებში ჩვენთანაც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. სერიალში ყველა პერსონაჟი ინდივიდუალური ჩაცმის სტილით გამოირჩევა, თუმცა ყველასგან განსხვავებული იყო ამერიკელი მსახიობი ჯოან კოლინზი, რომელიც ამჟამად 89 წლისაა.
- ამ სერიალში ადამიანის ხასიათი ძალიან ოსტატურად არის გადმოცემული სამოსით. ყველა პერსონაჟს თავისი ხასიათის მიხედვით აქვს იდეალურად შერჩეული კოსტიუმი. ეს ფილმი იმ ეპოქის მოდას ასახავს. სამოსი ყოველთვის სცენარიდან და მსახიობიდან გამომდინარე იქმნება. ჯოან კოლინზი ცხოვრებაშიც ასეთი ლაქშერი-სტილის ჩამცმელია. მეორე მსახიობი, ლინდა ევანსი, რომელიც მისი მეტოქის როლს ასრულებს, სადად ჩაცმულია. ეპოქა ერთია, თუმცა სხვადასხვანაირად ჩამცმელ ქალებს გვაჩვენებს დიზაინერი. ჯოან კოლინზი ასეთია ცხოვრებაშიც, მონუმენტურობით გამოირჩევა, მისი სტილი დახუნძლულია: ბრილიანტის სამკაულებთან ერთად იხდენს ბეწვის ქურქს, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. ჩემთვის ის მძიმედ დატვირთულია. ეს ქალი ჩაცმისა და ეპატაჟურობის ფანია. მისთვის, ალბათ, ლუქი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. ჯოან კოლინზი სრულიად განსხვავებულია ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ფილმების გმირებისგან. ნებისმიერი გამორჩეულად ჩაცმული გმირი მაყურებლისთვის საგულისხმო და დასამახსოვრებელია.