„როცა დრო ცოტა გაქვს... უნდა იჩქარო!“ - კვირის პალიტრა

„როცა დრო ცოტა გაქვს... უნდა იჩქარო!“

ორი მნიშვნელოვანი რამ გვასწავლაო, ამბობენ მანანა დოიჯაშვილზე კოლეგები და მუსიკალური წრის წარმომადგენლები: ერთი - ყველაზე დიდი პროტესტი არის მუშაობა და მეორე - შეუძლებელი არაფერია! ცნობილმა პიანისტმა და პედაგოგმა თავისი ცხოვრების 75 წლის განმავლობაში ბევრი შეუძლებელი რამ შეძლო... მანანა დოიჯაშვილს ყველაზე რთულ პერიოდში მოუწია კონსერვატორიის რექტორობამ, თუმცა თავისი ნიჭით, ცხოვრების წესით, პროფესიონალიზმით, მიზანდასახულობით, საქმის ერთგულებითა და შეუპოვრობით, როგორც პაატა ბურჭულაძე ამბობს, ფაქტობრივად, გადაარჩინა თბილისის კონსერვატორია და ბევრ ქართველ დღეს ცნობილ მუსიკოსს მსოფლიოში გზა გაუკაფა.

მე - მანანა დოიჯაშვილი

- დედაჩემი ორსულობიდანვე დარწმუნებული იყო, რომ გოგო გაუჩნდებოდა და თავიდანვე დამარქვა მანანა. ვცხოვრობდით ზემელზე, მოსკოვის ქუჩაზე, ერთ დიდ ოჯახად - ბებია, ბაბუა, დეიდასთან ერთად. ბევრი ტკბილი მოგონება მაკავშირებს ამ ქუჩასთან. 9 წლის ვიყავი, როდესაც მამამ ბინა მიიღო და ჭავჭავაძეზე გადავედით, იმ ადგილას, სადაც მაშინ თბილისი მთავრდებოდა. მახსოვს ბაბუაჩემის მოთქმა-ვიშვიში ამის გამო, სულ ამბობდა, შვილები გადავასახლე თბილისიდანო.

ჩვენს ოჯახს ყოველთვის უჭირდა. მატერიალური ღირებულებები არასოდეს ყოფილა ჩვენთვის მთავარი. აქცენტი ყოველთვის სულიერ ღირებულებებზე იყო.

მე არ მახსოვს ჩემი თავი თოჯინებთან მოთამაშე... მახსოვს ინსტრუმენტთან გატარებული საათები. თავიდან ეს იყო მოვალეობა, შემდეგ საკუთარი სურვილი, გატაცება, სასიცოცხლო აუცილებლობა, წლების განმავლობაში ამას დაერთო ჩვევა, რომლის გარეშეც ჩემი არსებობა შეუძლებელია.

კარგად მახსოვს, პირველ კლასში გამოცდაზე შოპენის მაზურკა დავუკარი. ჩვენი სკოლის დირექტორმა ხელჩაკიდებული გამომიყვანა დარბაზიდან და მშობლებს ჰკითხა, ვისია ეს ბავშვიო. დედას შეშინებია, ხომ არაფერი დააშავა ჩემმა შვილმაო, და ძლივს ამოუთქვამს, ჩემიო. მიხედეთ ამ ბავშვს, ძალიან დიდი მომავალი ელოდებაო, დაურიგებია ბატონ დირექტორს. ამის შემდეგ დედაჩემმა ყველაფერი გადადო, სამსახურსაც დაანება თავი და პრაქტიკულად მთელი სიცოცხლე მომიძღვნა.

დედა შესანიშნავად მღეროდა, ხატავდა, წერდა, იყო იუმორით, სიკეთით სავსე... ჩვენი ურთიერთობა უფრო მეტი იყო, ვიდრე დედა-შვილის ურთიერთობა. ჩემდა საუბედუროდ, ის 45 წლის ასაკში გარდაიცვალა. მამა წმინდა წყლის ევროპელი გახლდათ - მოწესრიგებული, შრომისმოყვარე, დისციპლინირებული, ორგანიზებული, თავისი ქვეყნის დიდი პატრიოტი. მას დედას გარდაცვალების შემდეგ აღარ უქორწინია.

"ვბრაზდები უსაფუძვლო ამბიციებზე"

- ჩემს პირველ წარმატებად მიმაჩნია მეხუთე კლასში შუმანის კონცერტის დაკვრა სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ამან საბოლოოდ გადაწყვიტა ჩემი პროფესიული არჩევანი... რაც რამ მიკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი შრომით და ოფლით. იღბალი არის კანონზომიერების ერთ-ერთი წახნაგი.

რაც შეეხება ჩემს საზოგადოებრივ მოღვაწეობას, ის განპირობებული იყო 80-90-იან წლებში მიმდინარე მოვლენებით, ვთვლი, რომ ეს იყო შინაგანი პროტესტი, რომელიც იმის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული, რაც ხდებოდა ქვეყანაში. ეს იყო ქაოსი, ტრადიციების უგულებელყოფა, მუსიკოსების ტოტალური მიგრაცია... იმ პერიოდში არაერთხელ მქონია შესაძლებლობა საზღვარგარეთ გადავსულიყავი, მაგრამ ვერ დავტოვე საქართველო. ეს არ იყო გმირობა, ეს იყო ჩემი სასიცოცხლო აუცილებლობა... ყველაფერი, რაც მიკეთებია, დაკავშირებულია რისკებთან, გარკვეულ არჩევანთან. ვბრაზდები ტყუილზე, უნამუსობაზე, უსაფუძვლო ამბიციებზე...

შინ

- ყველაზე კომფორტულად თავს ოჯახში, ჩემს ქმარ-შვილთან ვგრძნობ. ჩემს ყოფილ სტუდენტებთან.

... მე და გოგი (გოთუა) 24 აპრილს დავქორწინდით. 1 წლის თავზე გაჩნდა ლევანიკო და ოჯახი სრულფასოვანი გახდა. დედას შემდეგ 3 კაცის გარემოცვაში ვცხოვრობდი სულ... მარტო ხაჭაპურის გაკეთება კი არ ვიცი, ჩემს კაცებს ჩემი გაკეთებული ურჩევნიათ და ვცდილობ ვასიამოვნო, მაგრამ ისე, გულახდილად რომ ვთქვა, ქვაბებთან გატარებული დრო დაკარგულად მიმაჩნია. რომ არა ჩემი ქმარ-შვილი, ამდენს ნამდვილად ვერ შევძლებდი და აფერუმ ჩემი ქმრის მოთმინებას, რომ ამდენ ხანს გამიძლო.

ერგნეთი

დოიჯაშვილების გვარი ამ სოფლიდანაა. სახლი მე და მამამ დედას გარდაცვალების შემდეგ ავაშენეთ. დღეს რომ ვუყურებ ომის შემდეგ გაჩანაგებულ, გაპარტახებულ, დამწვარ სოფელს, წარმოუდგენელია ის ტკივილი, რასაც განვიცდი. ლევანი, ჩემი შვილი, იქ გაიზარდა და თითქმის ყველა საკონცერტო პროგრამა იქ მაქვს მომზადებული. მისაღებ ოთახში იდგა პიანინო, იქვე მაგიდა, იქით წიგნების კარადა.... უნდა ავაშენოთ აუცილებლად.... აუცილებლად უნდა დავბრუნდეთ!

"უკან ყურება არ მიყვარს"

...დროში მოვდივართ, დროში მივდივართ ამ ქვეყნიდან. თითოეული წამი, წუთი არის გაწერილი, მუსიკოსისათვის განსაკუთრებით, ჩემთვის. ყოველთვის სწრაფად მიდის ჩემთვის დრო და - არ ვიცი, რამდენად კარგია ეს თუ ცუდია, - უკან ყურება დიდად არ მიყვარს. თუ ამ ცხოვრებაში ადამიანი მოვიდა, რაღაც კვალი უნდა დატოვოს და ამავე დროს, სულ უნდა ფიქრობდეს, რომ დრო ძალიან ცოტა გაქვს და უნდა იჩქარო!

„არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდე!“

ნანა შარიქაძე, კონსერვატორიის რექტორი: - მთელ ქვეყანას მივუსამძიმრებ ამ დიდი ქალბატონის დაკარგვას, ის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი პატრიოტი და მისი ერთ-ერთი ჯარისკაცი იყო. მისთვის მუსიკა ყველაფერი იყო. ამბობდა, ჩემთვის მუსიკა ყველაფერია, ყველაზე პირადული და სანუკვარი სათქმელის თქმა სწორედ მუსიკით შემიძლია და თუკი სათქმელი არა გაქვს, აუდიტორიასთან ვერ დაამყარებ კონტაქტსო.

დავით ალადაშვილი, პიანისტი: - ეს იყო ადამიანი, პედაგოგი, მეგობარი, ყველაზე დიდი პატრიოტი, რომელთანაც გაკვეთილი არ იწყებოდა 12-ზე და არ მთავრდებოდა პირველზე. ეს იყო ბევრსაათიანი, ხანგრძლივი გაკვეთილი, რომელიც მთელი დღე გრძელდებოდა. იწყებოდა ტელეფონის ზარით, ხშირ შემთხვევაში, თვითონ გამომივლიდა მანქანით. მისი პირობა იყო, რომ თავად უნდა მჯდარიყო საჭესთან და გაკვეთილამდე იწყებოდა გაკვეთილი, რომელიც სრულდებოდა გაკვეთილით... იმდენად დიდი იყო ის და იმდენად მრავალფეროვანი, თანაც შენი თანატოლი, რომ მართლაც წარმოუდგენელია, ვინმემ ოდესმე ჩვენთვის, ჩვენი გარემოცვისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს სიცარიელე ამოავსოს... სულ ამას ამბობდა, შენს ბილიკზე ვერავინ გადმოვა და შენც ნუ გადახვალ სხვის ბილიკზე. შენ შენი გზა გაქვს და შენს ხელშია, როგორ წარმართავ. ჩვენი კურსის 2021 წლის გამოსაშვებ ცერემონიაზე მისი ბოლო სიტყვები ბევრჯერ გავიხსენეთ - à"არასოდეს, არასოდეს, არასოდეს არ დანებდე!" თითქოს ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა, თუმცა ის ახალგაზრდობაშიც ასე ფიქრობდა, ყოველთვის წინ იხედებოდა, მისთვის არასდროს არ იყო საკმარისი დრო, 24 საათი. ჩვენ რაც შეგვიძლია უნდა გავაკეთოთ, რომ მისი იმედები და ის პირობა, რომელიც უსიტყვოდ დავუდეთ ერთმანეთს, მეც, ჩემმა თანაკურსელებმაც, პედაგოგებმაც, მისმა კოლეგებმა, შევასრულოთ. მის ქცევებსა და ჩვევებში ჩანდა მისი ხასიათი, მისი აბსოლუტური უბრალოება და აბსოლუტური დიდება ერთდროულად. ის მართლაც უკვდავია. უკვდავია თუნდაც იმ ღვაწლით, რასაც ჰქვია თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, ის არაჩვეულებრივი ფესტივალები, კონკურსები და საიდუმლო კეთილი საქმეები, რომლებიც სამუდამოდ იქნება სამაგალითო.